გზა პოდიუმისკენ სამზარეულოზე რომ არ გადის, ამაში ყველა მოდელი დაგეთანხმებათ. თუმცა რამდენიმე წლის წინ გამოსულმა რეცეპტების წიგნმა „მოდელების სამზარეულო“ ეს სტერეოტიპი ნაწილობრივ დაამსხვრია. მაღალი მოდის გურმანები სიამოვნებით დაინტერესდნენ, როგორია კომბოსტოს სალათის რეცეპტი კარლი კლოსისგან, თუ ღუმელში გამომცხვარი ორაგული მილა იოვოვიჩისგან… საბოლოოდ, პროფესიონალი მოდელების შექმნილი „კულინ-Art“ ბესტსელერად იქცა.
გემრიელ კერძებსა და სამზარეულოზე სასაუბროდ ჩვენც მსგავსი რესპოდენტები ავირჩიეთ – მოდელები სალომე ღვინიაშვილი და რუსა ჩაჩუა, მსახიობ იულია ქავთარაძესთან ერთად რესტორან „მანდარიში“ მარი ნაკანის ობიექტივში აღმოჩნდნენ. გაირკვა, რომ პროფესიების მიუხედავად, არცერთი მათგანი არ ამბობს უარს გემრიელ კერძებზე და არც სამზარეულოშიც გრძნობენ თავს უცხოდ…
რ.ჩ.: ძალიან მიყვარს მზადება. ალბათ ეს ჩემი პოლონელი ბებიის დამსახურებაა, რომელიც არაჩვეულებრივი კულინარი იყო. დედას აქვს შენახული რვეული, სადაც ყველა კერძის რეცეპტი დეტალურად არის აღწერილი. ხშირად ვიყენებ ამ რვეულს. ერთადერთი, რაც არასდროს გამომიცხვია – ტორტია, სხვა დანარჩენი: სადილები, მურაბები – ყველაფერი მეხერხება.
ს.ღ.: რუსასგან განსხვავებით, მურაბები არასდროს მომიხარშავს, თუმცა სადილი ხშირად მომიმზადებია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მეხერხება. ინგლისში ჩემს ოჯახთან ერთად დიდხანს ვცხოვრობდი. სადილის მზადებისას, ხშირად ვურეკავდი ბებიას და რჩევას ვეკითხებოდი. ახლაც ვამზადებ, ოღონდ არა ვალდებულების, არამედ სიამოვნების გამო. კულინარიაში ყველაზე საინტერესო – სიახლის ძიებაა. ხშირად ინტერნეტს ვიშველიებ და ახალ რეცეპტებს ვპოულობ. თუკი რესტორანში რომელიმე კერძი მომეწონება, ყოველთვის ვარკვევ თუ რა ინგრედიენტებს შეიცავს და როგორ არის დამზადებული.
შენ მოდელი ხარ, მეუღლე კი – სპორტსმენი. რამდენად განსხვავებულია თქვენი რაციონი?
ს.ღ.: ოჯახში ყოველთვის გვაქვს პასტა და სალათი. ზურამ თამაშის წინ აუცილებლად უნდა მიირთვას პასტა, თან – ჩემი მომზადებული. ძალიან უყვარს იტალიური სამზარეულო, მე კი სალათებს ვანიჭებ უპირატესობას.
იულია, სპორტსმენების მსგავსად, მსახიობის რეჟიმი ძალიან დაძაბულია. რა სახის საკვებს მოიცავს შენი საგასტროლო მენიუ?
სამწუხაროდ, გასტროლებზე ვერ ვახერხებთ ჯანსაღად კვებას და ჩვენს ძირითად რაციონს ბუტერბროდები შეადგენს, თუმცა ასეთ დროს ყოველთვის თან მაქვს შვრია და ეს ძალიან მშველის. უკვე მრავალი წელია ჩემი ყოველი დილა ჰერკულესით იწყება. ზოგადად, მიყვარს სასარგებლო საკვები. არ მიყვარს შემწვარი, ზედმეტად ცხიმიანი…
პასტა სალომე ღვინიაშვილისაგან
ინგრედიენტები:
* ხახვი _1 თავი
* ნიორი _ 4-5 კბილი
* პომიდვრის პიურე (ცოცხალი ან ქილის), 800 გრ.
* ხმელი ორეგანო _ 1 ჩ.კ.
* ხმელი ბაზილიკი _1 ჩ.კ.
* პასტა `პენნე~ _ 250-300 გრ.
* წითელი წიწაკა, დაღერღილი
* გახეხილი ყველი პარმეზანი _1/4 ჭიქა
* მარილი და პილპილი გემოვნებით
* ოხრახუში
მომზადების წესი:
მოვხარშოთ „პენე“ ( გაითვალისწინეთ, რომ ყველა მაკარონის შეფუთვას მომზადების შესაბამისი დრო აწერია)
სოუსი: პომიდვრის პიურეს ვთუშავთ ხახვთან, ნიორთან და ორეგანოსთან ერთად.
ვხარშავთ კრევეტებს და ოდნავ ვთუშავთ ტაფაზე. გადაგვაქვს კრევეტები ჩვენს სოუსში და 2 წუთი ვადუღებთ. ვამატებთ მარილს, პილპილსა და წითელ წიწაკას. „პენნეს“ზემოდან სოუსს ვასხამთ და ვაყრით გახეხილ პარმეზანს.
მიირთვით გემრიელად!
კულინარია საკმაოდ რთული სფეროა და ალბათ ცხოვრებაში ყველას ჰქონია კულინარიული კრახი…
რ.ჩ.: პირველი, რაც მახსენდება, ხაჭაპურია… თავიდან ძალიან გამიჭირდა. საკმაოდ რთული გასაკეთებელია, სანამ ხელი შეეჩვევა. მახსოვს, დიდხანს ვაკეთებდი და ძალიან უშნო გამომივიდა. ასევე, გოზინაყის პირველად მომზადებისას იმდენად ბევრი შაქარი გამოვიყენე, რომ ჩაქუჩით ვერ დაამტვრევდი, ისეთი მაგარი გამოვიდა.
ს.ღ.: ბევრი შემთხვევა მქონდა ასეთი, მაგრამ ყველაზე მძიმედ ბაჟე მახსოვს. პირველად ინგლისში მოვამზადე. ძალიან სქელი გამოვიდა და გადავაქციე. მერე აღმოვაჩინე, რომ ნახევარი ბლენდერიც გადამიყოლებია. მეორედ ზურას `ტოლმა~ მოვუმზადე და მარილი დამავიწყდა. ზურამ არ შეიმჩნია, ჩუმად აყრიდა მარილს. ნარჩენი ფარშით, კატლეტების შეწვა მოვინდომე. არ გამხსენებია, რომ ფარში ბრინჯით იყო… რა თქმა უნდა, ის კატლეტიც ნაგვის ყუთში აღმოჩნდა.
პროფესიებიდან გამომდინარე, ალბათ ტკბილეულზე უარის თქმა გიწევთ…
რ.ჩ.: ტკბილეული მიყვარს, მაგრამ ძირითადი კერძები მირჩევნია. კარგად შემწვარი სტეიკი ნებისმიერ ნამცხვარს მირჩევნია.
იულია: ვერ ვიტყვი, რომ უარს ვამბობ, უბრალოდ ყველაფერს არ მივირთმევ. მაგალითად, არასდროს გავეკარები მაღაზიაში ნაყიდ ტორტს. მიყვარს ბებიაჩემის რეცეპტით შინ გამომცხვარი „პეროგები“. განსაკუთრებით – ვაშლის ბისკვიტი. მიყვარს შოკოლადი, ნაყინი, ჩირი და ჩურჩხელა.
დიეტა მოდელის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აღიქმება. თქვენ თუ დაგჭირვებიათ დიეტის დაცვა?
ს.ღ.: რაც მესამე შვილი გავაჩინე, წონის კონტროლი მუდმივად მიწევს. ჩემს თავს წონის მომატების უფლებას არ ვაძლევ. ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო, მივირთვა უცხიმო, გრილზე შემწვარი საკვები, ბოსტნეული, ხაჭო, დილით – შვრიის ფაფა. ჩვენთან ახლა ინერგება ჯანსაღი კვების კულტურა. ერთ დღეს რომ კარგად მიირთმევ და მეორე დღეს შიმშილობ, ორჯერ მეტს იმატებ. ამიტომ ყველამ, განსაკუთრებით მოზარდებმა უნდა გამოიმუშავონ, რომ ყველა პროდუქტი ზომიერად მიიღონ.
იულია: ერთხელ მე და დედამ გადავწყვიტეთ, ერთად დაგვეცვა დიეტა. 11-დღიანი ძალიან ეფექტური რეჟიმია. 11 დღე მივირთმევდით ნიახურის წვნიანს, დიეტის ყოველ მომდევნო დღეს ვამატებდით ახალ პროდუქტს: ბოსტნეულს, ხილს, მოხარშულ ხორცს. თუმცა ეს დიეტა იმდენად ძლიერია, რომ 11 დღეზე მეტხანს მის გაგრძელებას არ გირჩევთ.
ვაშლის ბისკვიტი იულია ქავთარაძისგან
ინგრედიენტები:
* 0,5 კგ. ვაშლი
* 1 ჭიქა შაქარი
* 1 ჭიქა ფქვილი
* 4 კვერცხი
კვერცხის ცილასა და გულს ვაცალკევებთ, ვათავსებთ სხვადასხვა ჭურჭელში და სათითაოდ ვთქვეფთ შაქართან ერთად. შემდეგ თანდათანობით ვამატებთ ფქვილს და ფრთხილად ვურევთ. ცომის მომზადების შემდეგ, ვამატებთ გათლილ, წვრილად დაჭრილ ვაშლს და კარგად ვურევთ. 10-12 თხლად დაჭრილ ვაშლის ნაჭერს მოსართავად ვინახავთ.
საცხობ ფორმას (მაყალს) ვუსვამთ ცოტაოდენ ცხიმს და ცომი გადაგვაქვს ფორმაში. ნამცხვრის ზედაპირს ვრთავთ გამზადებული ვაშლის ნაჭრებით, ვდგამთ ღუმელში და ვაცხობთ 25-30 წუთის მანძილზე 180 გრადუსზე. ბისკვიტი ოდნავ რომ გაცივდება, მოვაყაროთ შაქრის „პუდრა“.
ბიფსტროგანოვი რუსა ჩაჩუასაგან
საქონლის მჭლე ხორცს ვჭრით წვრილ და გრძელ ნაჭრებად. ვრეცხავთ, ვფარავთ წყლით და ვადგამთ ცეცხლზე. პირველსავე წამოდუღების შემდეგ, ხორცს ხელმეორედ ვრეცხავთ, ვუცვლით წყალს და ვაბრუნებთ ცეცხლზე.
წვრილად ვჭრით ხახვს და უკვე მოხარშულ ხორცთან ერთად ვშუშავთ კარაქში. ქვაბში ვამატებთ ერთ დიდ ქილა არაჟანსა და პილპილს.
ყოველივე ეს, კიდევ ერთხელ უნდა წამოდუღდეს.
მასა უნდა გამოვიდეს სქელი. ბოლოს ვამატებთ მარილს გემოვნებით.
„ბიფსტროგანოვის“ გარნირად ყველაზე ხშირად შემწვარ კარტოფილს იყენებენ. სუფრაზე მიტანის წინ, დიდ თეფშზე ჯერ შემწვარი კარტოფილი თავსდება, ზემოდან კი ხორცი თავისი წვენით. შეგიძლიათ კერძს წვრილად დაჭრილი ოხრახუშიც მოაყაროთ.
მოგზაურობის დროს თუ მიირთმევთ ადგილობრივ კერძებს?
რ.ჩ.: მოგზაურობისას ყველაფრის უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს. ყველაფერს ვსინჯავ. ახალ გარემოში ახალი კერძები განსაკუთრებით საინტერესოა.
ს.ღ.: მეც მიყვარს ახალი კერძების გასინჯვა. ნებისმიერ ახალ ქვეყანაში მეჩვენება, რომ კერძები განსაკუთრებით საინტერესო და გემრიელია.
იულია: კერძს გააჩნია… ვერასდროს შევჭამ რაღაც გაუგებარ მწერებს…
იულია, საქართველოდან თუ მიგაქვს ხოლმე კიევში პროდუქტი?
იულია: აუცილებლად მიმაქვს ღვინო, სულგუნი, აჯიკა, ტყემალი და ჩურჩხელა. რამდენიმე წლის წინ, ბათუმიდან მივემგზავრებოდი კიევში. ჩემოდანი ძლივს მივიტანე აეროპორტამდე. ჩემი ნივთების გარდა, 12 ლიტრი ღვინო, ოთხი სულგუნი და ჩურჩხელების უზარმაზარი შეკვრა მედო. ჩემოდნის სასწორზე დადებაში დაცვის თანამშრომელი დამეხმარა. მისი გაკვირვებული გამომეტყველება დღემდე მახსოვს.
რაიმე განსაკუთრებული, საკუთარი რეცეპტი თუ გაქვთ?
რ.ჩ.: გარკვეული მომენტის შემდეგ, რეცეპტი აღარც გჭირდება – საკუთარი გემოვნებით აკეთებ ყველაფერს. სალათის სხვადასხვა ვარიანტი მომიფიქრებია და ძალიან გემრიელი გამოსულა.
იულია: ზამთარში ჩემით ვიმზადებ გლინტვეინს. საერთოდ, ალკოჰოლი დიდად არ მიყვარს, თუმცა ღვინო გამონაკლისია, განსაკუთრებით – „ქინძმარაული“. სადაც არ უნდა ვიყო, მათ შორის საფრანგეთშიც, ყველა რესტორანსა თუ კაფეში ქართულ ღვინოს ვითხოვ.
კულინარიულ ფოტოსესიას პროფესიონალი მზარეულიც ესწრებოდა, „კულინ არტი“ მასთან ბლიც-ინტერვიუს და სასარგებლო რჩევებსაც გთავაზობთ.
სახელი, გვარი: ედუარდ მანუკიანი;
ასაკი: 23 წლის;
რამდენი ხანია რაც ამ საქმით ხარ დაკავებული? – 9 წელია;
საიდან გაგიჩნდა კულინარიის მიმართ ინტერესი? – ბავშვობიდან მიყვარდა და კარგად გამომდიოდა, მერე თეკუნა გაჩეჩილაძესთან ვისწავლე.
შინ თვითონ ამზადებ? შინ – არა;
გურმანი ხარ? – დიახ. აზიური სამზარეულო მიყვარს განსაკუთრებით.
საზღვარგარეთ თუ გიმუშავია? – ლონდონის ოლიმპიადაზე ქართული კვირეული გაიმართა და იქ ვიმუშავე.
რჩევა: ზამთარში უფრო ცხელი, წვნიანი საჭმელია აქტუალური. გაზაფხულსა და ზაფხულში – სალათები და ცივი დესერტი. გაზაფხულისთვის რეკომენდაციას ვუწევთ მსუბუქ კერძებს. მაგალითად, შამპინიონის სალათს: სალათის მიქსს, (ანუ შერეულ ფოთლებს) უმატებთ შემწვარ ქამა სოკოს და ბალზამიკოს. გაფორმება შეიძლება პომიდვრითაც. ზოგადად, გირჩევთ თქვენს მენიუში რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული ფიგურირებდეს.
ფოტო: ნაკანიმამასახლისი