შეხვედრები ჰუმუსთან

შეხვედრები მოყვითალომოოქროსფრო კერძთან
(ზეითუნის ზეთის ბზინვარე ხვლიკისფერი რკალით)

1_culinart_issue6

ჩვენი შეხვედრები 2007 წლის აპრილიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. პირველი შეხვედრის დროს სახელი არ ვიცოდი, ვერც გარეგნობით ვცნობდი. იორდანიაში, ამანში ვიყავი რეპორტაჟზე, პირველად ვდგამდი ნაბიჯებს ნამდვილ არაბულ სამყაროში და ვერ გამოვაცალკევე მთელისგან – ჭრელი, მასშტაბური ფერწერული ტილოსგან, რომელზეც უამრავი ფერი, გემო, ფაქტურა, მზერა, სუნელი, გამომეტყველება, მელოდია და აქცენტი მახვევდა თავბრუს.
მხოლოდ წლების შემდეგ, როცა მთელი გულით შევიყვარე, დამენანა, რომ მისი სამშობლოდან მის შესახებ ყველაზე ნაკლები მოგონება გამომყვა.
და გაგულისებულმა დავძაბე მეხსიერება, რათა „ლეგოს“ ნაწილებივით ხელახლა ამეწყო ჩვენი პირველი შეხვედრის ავანსცენა, და აი, ისიც: უბრალოზე უბრალო, კედლებზე თეთრ კაფელაკრული სასაუზმე „ალ უსრა“ ამანში (რაღაც სასწაულით google-შიც კი ვიპოვე) და მუშამბაგადაფარებულ მაგიდაზე ფრიალა, იაფფასიანი თეფშით ჩადგმული ქვიშისფერი, არაერთგვაროვანი მასა. ამ ხვლიკისფერქვიშისფერ მასას შუაგულში ჩაღრმავება აქვს და ამ ჩაღრმავებაში ოქროსფრად იღვრება ზეითუნის ზეთი. გვერდით თბილი-თბილი ფალაფელები აწყვია. ვაწობ ფალაფელის ნატეხს და ვჭამ, ვაწობ და ვჭამ… აღვიდგინე ეს მექანიკური მოძრაობა, აღვიდგინე მიმტანებიც – სილუეტებად, რადიოდან წამოსული მუსიკაც კი ჩამესმა თითქოს – უცხოდ და აზიურად, სხაპა-სხუპით არაბულიც გავიგე, მაგრამ იქაური ჰუმუსის გემო – ხელახლა, ბოლომდე, ვერაფრით განვიცადე.
ისიც მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ გამახსენდა, რომ თურმე, შეყვარებამდე, ჰუმუსს კიდევ ერთხელ შევხვედრივარ – უკვე თბილისში, ჩემს ნაქირავებ ერთოთახიანში, სადაც სწორედ ამანიდან დაბრუნებული, ვიჯექი აგვისტოს ხვატში და ვთარგმნიდი ეტგარ კერეტის მოთხრობების კრებულს. „ნებროთმა გარეკა“ – ასე ჰქვია მოთხრობას, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი გმირი საავადმყოფოში მოხვედრის შემდეგ, ჰუმუსი მომიტანეთო, სთხოვს მეგობრებს.

„…სამი კვირაა უკვე აქ ვარ, მიუმატე ამას აღმოსავლეთში გატარებული ოთხი თვე და გამოვა, რომ ექვსი თვეა, ჰუმუსი არ მიჭამია. გეფიცები, ასეთ რამეს მტერსაც არ ვუსურვებ“. ჩვენც ავდექით და მირონისთვის ჰუმუსის საშოვნელად წავედით. კუზიანმა გვითხრა, ჰუმუსის წაღება არ შეიძლებაო. „კეთილი ინებეთ, დასხედით აგერ და ჭამეთ“, – ცოტა ბრაზიანად ჩაიბურტყუნა… მოკლედ, ერთი თეფში ჰუმუსი შევუკვეთეთ და პიტაში ჩვენით ჩავტენეთ… სამი დღის შემდეგ მირონი გამოუშვეს. ექიმებმა ხაზგასმით აღნიშნეს, მედიკამენტებმა იმოქმედა დადებითადო, არადა, მირონი ამტკიცებს, ჰუმუსმა მიშველაო“.
ახლა რომ ვფიქრობ, მირონი იქნებოდა მართალი – ნამდვილად ჰუმუსი უშველიდა. მართლა ბევრი რამე ხდება შენს ტვინსა და გულში, ვიდრე ერთ ლუკმას გადაყლაპავ. პროგრესირებადი გემო (რაც ასე ძალიან მიყვარს) ბევრ სხვა კერძსაც აქვს – ვგულისხმობ გემოს, რომელიც სუნამოსავით, ზედაპირული ტონიდან ბირთვამდე
იშლება და იცვლება; მაგრამ ჰუმუსს თან რაღაც სხვაც მოჰყვება: უდაბნოს სიცხე – დაფქვილი ძირასა და ნივრისგან, გამოქვაბულის სიგრილე – ლიმონისა და ზეითუნის ზეთისგან, ოქროსფერი ქვიშის უხეში ფაქტურა – დაჭლეტილი ბარდისგან, რომელიც მაშინვე ფაფუკი და ნაზი ხდება, როგორც კი სეზამის მარცვლების პასტას გადაურევ.
ჰუმუსის ასე დეტალური გაშიფვრა მხოლოდ ახლა ვიცი, მაგრამ არანაკლებ ვნებიანი იყო მისი გაუცნობიერებლად შეყვარებაც, როცა ერთ-ერთ წვეულებაზე, ვერაფრით ვშორდებოდი მაგიდის იმ ნაწილს, სადაც ჰუმუსის ჯამი იდო და ყველას, ვისაც გამოვიჭერდი, ეს როგორ კეთდება-მეთქი, ვეკითხებოდი, თან გაუჩერებლად ვილუკმებოდი.
იმ წვეულებიდან ხელსაწმენდზე დაწერილი სახელი წამოვიღე მხოლოდ hummus მერე უკვე ინტერნეტი, რეცეპტების ნახვა, სტატიების კითხვა, ინგრედიენტებისა და პროპროციების შედარება, იორდანიული მოგონებებისა და კერეტის მოთხრობის მეხსიერებიდან ამოტივტივება და… საბოლოოდ, დასანანი დაგვიანების შემდეგ, როგორც იქნა, შედგა დიდი ექსპერიმენტი ჩემს პატარა სამზარეულოში.
…ყოველი მორიგი ინგრედიენტის დამატების მერე ანერვიულებული ვუსინჯავდი გემოს, თითქოს მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ამ ყველაფრის შეზავებით მართლა ჰუმუსს მივიღებდი. ტაჰინის პასტას + მოხარშული ბარდა – გასინჯვა; მარილს + წითელი წიწაკა – გასინჯვა; ძირას + ნიორი – გასინჯვა; ზეითუნის ზეთს + ლიმონის წვენი და ცოტა წყალი – გასინჯვა. თვალსა და ხელს შუა, სულ ნაბიჯნაბიჯ გამოიძერწა გემო, რომელიც ერთდროულად ცხელიც არის და ცივიც; ცხარეც არის და გრილიც; მსუბუქიც არის და მსუყეც და ყველა შემთხვევაში – ეგზოტიკური და მდიდრული.
მას მერე სულ ვაკეთებ ხოლმე. ჰუმუსი ყველაფერს უხდება  როცა გინდა შენთვის იჯდე და იფიქრო _ მერწმუნე, ჰუმუსი ამ დროს გონებასაც კი გიხსნის; და უხდება მყუდრო, ოჯახურ სადილებსაც _ როცა სუფრას საყვარელი ადამიანები უსხედან და ლუკმასა და ლუკმას შორის სალაპარაკო, გასაზიარებელიც ბევრი აქვთ. მე ტრიუკი მაქვს ასეთი: დავდებ სუფრაზე ჰუმუსით პირთამდე სავსე ჯამს, ფალაფელების ნაცვლად მოვუდებ გვერდზე ოთხკუთხედებად დაჭრილ და ტაფაზე გახუხულ სომხურ ლავაშს და გავდივარ  მიყვარს შორიდან რომ მესმის ხოლმე ნასიამოვნები მეგობრების კრუტუნი. მე იქ არ ვარ, ესე იგი ჩემს გასაგონად არ კრუტუნებენ, ესე იგი მათაც შევაყვარე  მიხარია ჩემთვის, მერე სახეს ვალაგებ, გამოვდივარ და ქათინაურებს უკვე ღირსეულად ვღებულობ.
ისე გავკადნიერდი, მეგობრების დაბადების დღეებზეც დამაქვს ხოლმე როგორც საჩუქრის ნაწილი. ლამაზ ქილაში გადავიტან, თავზე ზედმეტ პორცია ზეითუნსა და ლიმონს მოვასხამ და გავუდგები ხოლმე გზას. ერთ ერთ ასეთ ღონისძიებაზე კი ცოტა ვინერვიულე. არა, ნასიამოვნები კრუტუნები არ დამკლებია თან იქ არც იცოდნენ, ჩემი გაკეთებული რომ იყო, ამიტომ არც დამალვა დამჭირვებია და ყველას ბედნიერი ვუქნევდი თავს – კი, კი, ძალიან გემრიელიამეთქი… მაგრამ ცოტა ხანში მოვიდა ჩემთვის ერთი ძალიან პატივსაცემი კაცი, რომელიც გადასარევი მზარეულია, დიდხანს ცხოვრობდა ისრაელში და ჰუმუსს იქიდან იცნობს, საიდანაც მე მის შესახებ ხელშესახები მოგონება ვერ წამოვიღე.
ნუ… ჩემს ჰუმუსზე არ გადარეულა, სამაგიეროდ მინი მასტერ-კლასი ჩამიტარა. მითხრა, ვერც კი წარმოიდგენ, რამხელა ეფექტს მოგცემს, მოხარშულ ბარდას თუ კანს გააცლიო  ტაჰინის პასტას მზას ყიდულობო? აბა, როგორ-მეთქი, შევეკითხე. როგორ და სეზამის მარცვლებს დაჭყლეტ, აურევ ზეითუნის ან სეზამის ზეთს და ეგაა შენი ტაჰინის პასტაო  თუ ამასაც შენით მოამზადებ, ძალიან გააგემრიელებს ჰუმუსსო.
მესამე, რაც მითხრა, მეც ვიცოდი  ჰარმონიული ბალანსია მთავარი. ყველაზე მეტად ძირას უნდა უფრთხილდე, ძალიან მკვეთრი გემო აქვს და უცებ ისე გაქაჩავს თავისკენ მთელ კერძს, ვეღარც იცნობო. ნიორთანაც სიფრთხილეა საჭირო  ზედმეტი სიმკვეთრე არ სჭირდება ჰუმუსს, თავისიც ჰყოფნის. ბარდას და ტაჰინის პასტის გადამეტება კი გემოსთან ერთად, ფაქტურასაც ცვლის. ზედმეტი ბარდა – ცუდად ახეშეშებს ჰუმუსს, ზედმეტი ტაჰინი კი  აფაფუკებს და გემოსაც აქრობს, აფერმკრთალებს.
არა, მეოთხე რჩევაც მომცა  როცა მოიცლი, წითელი წიწაკები ცეცხლზე გამოაშრე, კანი გააცალე და წიწაკის ჰუმუსი გააკეთეო მერე ამ გემოს გახსენებაზე თვალები დახუჭა, ხელი კუჭთან მიიდო და აკრუტუნდა ისიც.
მეხუთეც იყო  ბაბაგანუშიც უნდა სცადოო – რადგან თურმე მასაც მოაქვს არაბული ცხელი ქვიშის ჩურჩული, და მოაქვს სიცხესიგრილის უცნაური ნაზავიც, რაც სხვა კერძში ასე მკაფიოდ არასდროს მიგრძვნია. მას მერე სულ ვოცნებობ თავისუფალ დროზე, როცა წიწაკიან ჰუმუსსაც ვცდი და ბაბაგანუშსაც, თორემ დააკლდა ჩემს პატარა სამზარეულოს დიადი ექსპერიმენტები.
P.S. ჰუმუსს თბილისში მთელი კულტურული კონტექსტიც შემოაქვს. ის ჩემთვის კულტურული ინტერნაციონალიზაციის ისეთივე ინდიკატორია, როგორც ამ ბოლო დროს ჩემგან ამოჩემებული აღმაშენებლის გამზირი. დააკვირდით, როგორ სხვანაირად ჩქეფს ამ ქუჩაზე სიცოცხლე თურქული სასადილოები, სუპერმარკეტები, სხვადასხვა ეროვნების გამვლელები, კაფეებიდან და მაღაზიებიდან გამოსული ეკლექტური მუსიკის ნაზავი და ზემოთნახსენებ სუპერმარკეტებში მოკრძალებულად შეყუჟული თურქული ბარდა და ტაჰინის პასტის ქილები.
თუ არ გიცდიათ, სცადეთ!

 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com