შეჭამანდი
როგორი სიტყვაა, არა? ქართული ენის უმდიდრესი წიაღიდან ამოტანილი, შენახული, ათას ამბავ, ათას შიმშილგამოვლილი. რამდენი რამე მახსენდება, რამდენი ვინმე…
პირველი, რასაც ვიხსენებ, ცულის თუ ქვის შეჭამანდია ძველი ზღაპრიდან. გახსოვთ ეს ამბავი? – ძუნწ მასპინძელს რომ დიდებული წვნიანი
მოამზადებინა მოხერხებულმა სტუმარმა. მეორე – ჩემი სოფელი მახსენდება, დმანისის რაიონში, აწ უკვე ბერძნებისგან მიტოვებული, გავერანებული, დაცლილი, ჩემი სოფელი და მაწვნის შეჭამანდი.
მესამე და მთავარი, კერიასთან ჩაფერფლილი, ბუხართან ჩანაცრული, შუაცეცხლთან ჩამლღვალ – ჩამდნარი ქალები მახსენდებიან, ისინი, ვინც საკუთარი ცხოვრების, სიყვარულის, ბედნიერების, იმედგაცრუების გულში ჩახვეული ამბები მთელი ცხოვრების განმავლობაში ხარშეს, თუთქეს, ადუღეს…
სიტყვა ასეთი იდუმალი და გამოუცნობი რამაა, რას არ ამოატივტივებს მეხსიერების ზედაპირზე, რას არ გაგიცოცხლებს.
ჰოდა, დღეს სიტყვებზე, ქალებზე და კერძებზე, ზეპირ ისტორიებზე და სიყვარულზე მინდა გიამბოთ. მანამდე კი აუცილებლად უნდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა ქართული დიალექტური კორპუსის შესახებ.
იცით, რა არის დიალექტური კორპუსი?
დიალექტური კორპუსი არის ელექტრონული რესურსი, რომელიც ინახავს სხვადასხვა დროს ჩაწერილ ტექსტებს, ისტორიებს, ზეპირ მთქმელებს, ფოლკლორს, მითოსს და, რასაკვირველია, კერძების რეცეპტებს.
ძალიან ხშირად ზეპირი მთქმელი ქალია, რადგან ქალები ყველაზე უკეთ ინახავენ ენობრივ ნიუანსებს, ლექსიკას თუ სინტაქსს, სემანტიკას თუ ფრაზეოლოგიას, ინახავენ და უვლიან საზამთროდ გადანახული მურაბებივით, ან იქნებ მწარ-მჟავე მწნილივით. სასაუბროდაც უფრო მოწადინებულები არიან, სიტყვები არ ენანებათ…
როდესაც ზეპირი მთქმელი ქალია, ის აუცილებლად ყვება თავისი ოჯახის კულინარიული ტრადიციის, კერძების, სანელებლების, დოზებისა და შემადგენლობის შესახებ, ოღონდ ისე, რომ კერძის რეცეპტს საკუთარ ისტორიასაც მოაყოლებს, ბედნიერების თუ უბედურების, სიხარულისა თუ ტკივილის ლუკმებს, ხან რომ გემრიელად გადაყლაპავ, ხანაც გულზე დაგადგება და ცრემლს გაღვრევინებს. მე მათ სახელებს არ ვიტყვი, ამბებს და კერძებს გაგანდობთ…
1. „წინათ შეჭამანდს ვეტყოდით, ახლა კერძეფს ვეძახით. ვიცოდით ღოლოს შეჭამანდი, შვინდის, ლობიოს, კარტოფილის, ფქვილის, რძის, დოს, მაწვნის, დომხლის, ჩუმის, სისირის შეჭამანდი. ღოლოს შეჭამანდი. ღოლო უნდა მაიხარშოს, უნდა ამოვწუროთ წყლიდან, მერე უნდა დავკეპოთ წმინდათ, მერე ჩავყაროთ ისევ თავის წყალში, უზამთ ნიორს, ხახვს, წიწაკას, ნიგოზს და მარილს, მერე მოუკიდამთ ფვილს ცოტას და ვადუღებთ კარგათ. ღოლოს უთქვია: იმდენი ხანი მადუღეთო, მინამ მაზლის ცოლები ჩხუბით გაძღებოდნენო. ღოლო რამთენიც მეტს იდუღებს, იმთენი გემრიელია.“
რა თქმა უნდა, რეცეპტში არ ჩანს, რომ მისი მთქმელი თორმეტი წლისა გაათხოვეს სრულიად უცხო კაცზე, ოცი წლისა დაქვრივდა და არც არავის გაჰყოლია, ორ შვილს უვლიდა ქმრის დანატოვარ ერთთვალიან სახლში….
2. „მხალს დავკრეფამთ, ძირებს დავაწყვეტამთ, დავარჩევთ ლამაზათა და სპილენძის ქვაბში მოვხარშამთ.
მემრე კოვზით უნდა ამოვიღოთ მხალი და ღეროზე ხელი მოუჭიროთ. თუ გაიჭყუნა, ის მოხარშულია. მემრე
ამოვიღებთ იმას და ჯერ ქვაბზე დავწკრეტამთ, კოვზით გვიჭირამ ზედ ქვაბზე და იწკრიტება. მემრე დავდებთ
იმას ტაბაკზე ან ხონჩაზე და გავშლით კოვზის პირით, რომ გაცივდეს და ხელი არ დეგვეწოს. გაცივდება ის და
მემრე ავიღებთ, რაც ხელში მოგვითავსდება და გავწურამთ. იქვე სხვა ტაბაკი გვიდგა და იმ მხლის გუნდას
იმაზე დავდებთ. ასტმიანი გვაქვს, ვარცლის ასაფხეკი ასტმიანი და იმით დავკეპამთ კარგათ, წმინდათ იმ
მხლის გუნდას. მემრე დავჭრით ხახვსა, ჩავდებთ ტაფაში ქონსა და ჩავაყრით იმ ხახვს. მოვხრაკამდით იმ
ხახვს ქონში, კვერცხსაც გავტეხამთ, გავთქვეფამთ და მოვწომთ იმ ქონში და ხახვში. მემრე ჩავდებთ დაკეპულ
მხალსა და მოვახალინჯებთ, მშვენიერი კერძია.
გულს აგიჩუყებთ ობოლი გოგოს ისტორია, რომელიც ჯერ დედინაცვალმა აითვალწუნა, არც სკოლაში
სიარულის, არც თავის ნანდაურზე გათხოვების უფლება არ მისცა, მერე დედამთილმაც არ დააკლო, ქმარი
კი ჰყავდა აჯამი… მთელი ცხოვრება უსიყვარულოდ გალია…“ „ქა, საამისო მე რა მქონდა, ქა. დედაჩემ მაგრე
უნდოდა ჩემი თავი გაზრდა? ჰოდა, აგრე დამნიშნა ჩემმა ქმარმა. ქმარმა როგო დამნიშნა? ჯერა ქმარს არ
დაუნახივარ, არც მე მიყვარდა, არც იმაჲ, რაც ხან დანიშნულები ვიყავით – ათი თვე, ჩვენ ერთიმეორეჲ
უმძრახებივით ვიყავით, არ დავლაპარიკებივართ. მაშინ მეშვიდმეტეში ვიყავი. ჩვენები დამინახავენ, ნუ
მელაპარაკებიო. გვერძე არ გამყვებოდა და გვერძე არ გავყვებოდი. ეგრე ვიყავით, როგორც სხვები. მე კიდე
ვიჯექ და სუ ვტიროდი…
3. „ფშავლის ჭამა-სმა რა ასახსენოა! სველი ლუკმა გვენატრება. ღმერთს ჩვენთვის ქერის პურაი და ხაჭოსკვერაიც ედიაღება (ენანება, არ ემეტება)! რა უნდა დავიკვეხნოთ, ჩვენ რა გვაქვის ისითა საჭმელი, რო ვისმე დავამეტოთ. სუყველას კი ისი ჰგონავ, ფშაველები ქონებიანი ხალხნია, ჩვენზე ბეჩავ ხალხ კი არ იქნება. არცა-რა დიასახლისობისა ვიცით, არც იმისი მომზადებისა (საჭმლის მომზადება). ბეჩავს ხმელა პურიც არა აქვს, ასახვრეტს ხო რაით გაიჩენს. ჯერის თავად (პირველ საჭმელად) ფშაველს თაობითავ ხინკალი ჰქონია, მდიდარსაცა და უქონელსაცა. მდიდარი ხინკალს ხორცისას გააკეთებს ან კიდევ ცხვრის ყველისას და ნიადაგ გემრიელიც უფრო იქნება: ხორცი და ყველი ისრეც გემრივლებია! მაგრამ უხინკლოთ კი არც ღარიბი დადგება, თუ ცეცხთ აბოლებს (თუ ცეცხლი უნთია, ოჯახი აქვს). ხინკალს გააკეთებს ქერისასაც. გულსაც, თუნდა ნივრისასაც ჩაუდებს. გაკეთება კი ყველამ ერთნაირი ვიცით. ბედენა კი არი კეთებაცა. ღარიბი კაცი ბევრს კეთებას არას დასდევს, რაისაც უნდა იყოს, მალე გააგოზგვერავებს (მოახვევს), უღომც კი მუცელი ამოყოროს…“
ფშაველი ხვარამზეს ამბავი გახსოვთ? ქართული პოეზიის უსახელო დედოფლისა, სატრფო რომ ჰყავდა, ვაჟიკა? ერთხელ, ყასიდად, გოგოურად თავი დაიფასა, უარი უთხრა და ეს უარი საბედისწერო აღმოჩნდა. მშობლებმა სხვას, მდიდარს გააყოლეს, ვაჟიკამაც ცოლი შეირთო… ასეთი გადმოცემაც არსებობს: “ერთ წვიმიან დღეს ვაჟიკამ ცხენით გაიარა თურმე ხვარამზეს სოფელზე, იმათი სახლის ახლოს. ხვარამზეს მისი ცხენის ნაფეხურისთვის ღობე შემოუვლია, რომ არ წაიშალოსო”.
4.„სოკოსაც მოვიტანთ მთიდან, ხეზე ასხია სოკო: მაიტანენ კაცები, ჩემო ბატონო, და ჩვენ კიდე დავსხდებით ოჯახში, ძირებს დავაჭრით, დავხევთ იმას წვრილათ, – თითის სიწროთ. ან თუ ჭია უზის, ან ღუა, იმას გავარჩევთ. მემრე თაბახში ჩავასხამთ ცივ წყალსა და ჩავყრით იმ სოკოს. გავრეცხამთ და თუ რამე უზის, მოჰშორდება. მემრე, თუ მაღლიდან რამეს მაიგდებს, მოვხდით იმ ღარდღურდსა, თუ არადა, ამოვწურავთ გუნდა-გუნდა, როგორც მხალს. იმას დავყრით ან ტაბაკზე, ან თაბახზე. გავშლით იმ გუნდებსა და დავკეპამთ ან ხანჯლით, ან ასტმიანით. მემრე მოვუხრაკამთ ხახვს ზეთში ან ერბოში, ან ქონში, ჩავყრით იმ დაკეპულ სოკოს შიგა და მოვახალინჯებთ. იმას არც წყალი უნდა არაფერი, თითონ გაუშვებს წყალსა. მოხალინჯდება, შიგ მაიხრაკება და შანელების დროს უზამთ იმას კვერცხსა და მარილს. გადმოღების დროს კიდე ქინძსა, პიტნასა და წიწმატს დააჭრი. საუკეთესო კერძია!“
ამბავი გაინტერესებთ? ამ რეცეპტის ავტორის ერთ წინადადებას გეტყვით და დანარჩენს თქვენით მიხვდებით:
„არც სიყვარული ვიცოდი, არაფერი! ვიყავი თოთხმეტი წლისა. არც სიყვარული ვიცოდი, არც არაფერიც, არა, როგორც აე სტოლბამ არაფერი იცის, ისე – მე!“
ამ წინასაახალწლოდ ცოტა ნაღვლიანი და არასადღესასწაულო ბლოგი გამომივიდა, მაპატიეთ, უბრალოდ,
მინდოდა თქვენთვის გამეხსენებინა ადამიანები, რომლებიც ყველა „შეჭამანდის“ მიღმა ფარულად, ჩუმად,
უსახელოდ დგანან, როგორც ბრჭყვიალასათამაშოებჩამოხსნილი, ახალწელგადატანილი ნაძვის ხეები.