1.გოზინაყი
კარგი იქნება, რომ ახალ წელს არ ველოდებოდეთ და გოზინაყს ყოველდღიურად ვჭამდეთ. ნიგოზი და თაფლი
ორივე ძალიან სასარგებლოა, საჭმელებს უპირატესობას იმის მიხედვით ვანიჭებ, თუ რამდენად მაძლევენ ისინი
ენერგიას და ჯანმრთელობას არ მიზიანებენ. გოზინაყი ჩემს სიაში ყველაზე ჯანმრთელია (თუ შაქრის გარეშეა
დამზადებული. შაქარს ამერიკაში, „თეთრ სიკვდილს’’ უწოდებენ.)
2.შემწვარი გოჭი.
ყველაზე ცხიმიანი მკვდარი ხორცი ადამიანის ორგანიზმში-ქოლესტერინით გაძეძგილი გულის არტერიები,
ჩასუქებული ღაბაბებიანი „კარგის მჭამელი“ ქართველები გულის დაავადებებით- ეს წარმომიდგება თვალწინ
სამწუხაროდ როცა ვუყურებ როგორ გემრიელად შეექცევიან შემწვარ გოჭს. საოცრად გემრიელი სუნი და
ხორცი ჰქონდა-ასე მახსოვს-დიდიხანია ხორცს არ ვჭამ და ამიტომ, ჩემი ასაკის მეგობრებთან შედარებით ბევრი
ფიზიკური ენერგია მაქვს.
3.შამპანური.
ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი გალერეის ღონისძიებაზე, ვარდისფერ შიფონის კაბაში ძალიან გამოპრანჭული მივედი. იქ მოხვედრა „ნაცნობობით’’ იყო. იქ იყვნენ ბევრი მნიშვნელოვანი არტისტები და დილერები, რომლებიც მე მხოლოდ შორიდან მყავდა ნანახი და ჩემი საქმისთვის კარგი იქნებოდა მათზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა. მოიტანეს საოცარად გემრიელი კოქტეილები-შამპანური-შერეული. მე არ მიყვარს საერთოდ ალკოჰოლი, ერთ ბაკალს დავიჭერ ხოლმე „კულტურისთვის“ და ვწრუპავ ნელნელა. ამის მერე იყო საუზმე ერთერთი ცნობილი ფოტოგრაფის პენტჰაუზში, NY-ის ულამაზესი ხედით. მე როგორც კი შევედი, მივხვდი, რომ თვალებში ყველაფერი „მიტრიალებს“.ვერ მივასწარი ტუალეტს-ყველას დასანახად ვარწყიე.
4.ხაჭაპური.
მაპატიეთ არაქართული კომენტარებისთვის: უგემრიელესია, მაგრამ ძალიან არაჯანსაღია. ჯანმრთელობისთვის მასში შემავალ ყველს და კარაქს ძალიან ბევრი ცხოველური ცხიმი აქვს, ცომი კი პლასტელინივით ხდება ორგანიზმში შეღწევისას. ცხოველური ცხიმი ყველაზე ძნელი გადასამუშავებელია ორგანიზმისთვის, ასუქებს და იწვევს გულის დაავადებებს, კვებავს კიბოს უჯრედებს. ხაჭაპურზე ორი რამე მახსენდება: როგორ მოეწონათ ჩემს იტალიელ ამხანაგებს საქართველოში ვიზიტის დროს და ქართული ახალი ამბების კადრები, სადაც მოსახლეობა ძირითადად მსუქანია, ჩასიებული კისრებით და ფეხებით, უფორმო ტანებით.
5.ჩურჩხელა.
თუ შაქრის გარეშეა დამზადებული- სასარგებლოა. ძალიან მიყვარს. ამის თავი რომ მქონდეს, ჩურჩხელის კონტრაბანდით დავკავდებოდი. ერთხელ NY-ში გამოფენის გახსნაზე, სურპრიზად მივართვი ჩემს ერთ ცნობილ აფრო-ამერიკელ ძმაკაცს დიდი ფორმის მოყავისფრო ჩურჩხელა, სახელდახელოდ თბილისიდან წამოღებული, ის ორ უცნობს სერიოზულად ელაპარაკებოდა საქმეზე ამ მომენტში და მეგონა გავახალისებდი სიტუაციას. ჩურჩხელამ თავისი გარეგნობით დიდი უხერხულობა გამოიწვია. მე შემცბარი ვუხსნიდი რომ ეს ტრადიციული საჭმელია და ჯანმრთელობისთვის კარგი, ჩავიდე პირში და ვუკბიჩე ამის დასამტკიცებლად. ცოტა მაგარი აღმოჩნდა და დიდხანს ვებრძოდი კბილებით. არავის არ გაეცინა.