სალომე დადუნაშვილის ბლოგი

5_issue_culinart57

მკვეთრი მწვანე ფერის კაბაში გამოწყობილ შავნაწნავიან ქალს ხელში ლანგარი უჭირავს. ლანგარზე შემწვარი გოჭი დევს. კარგად ჩანს მისი გაფატრული მუცელი, თეთრი კბილები, რომლებიც ალბათ საგულდაგულოდ გაუხეხეს, კუდის ყავისფერი ზამბარა და მობრაწული ყურები. ფეხები ლანგარზე არ დატეულა და უკვე მოუჭრიათ, პირში წითლად ბოლოკი უელავს. ეს ეთერ ჭკადუას ნახატია, შესანიშნავი მხატვრის, რომელიც ხორცს არ ჭამს. ალბათ, შემწვარი გოჭის დაბრაწული, კარამელისფერი კანის ესთეტიკურ მიმზიდველობას ვერ გაუმკლავდა. ან უნდოდა ეთქვა, რომ ადამიანები ცხოველები არიან, რადგან ასეთ სანდომიან არსებებს მიირთმევენ. არ ვიცი.
პატარა შემწვარი გოჭი, კრაწუნა კანით, რაღაც საშუალოა კულინარიულ ზეიმსა და ადამიანის ყოვლისშემთვისებლობის მხილებას შორის. დიახ, ჩვენ, ადამიანები, ვჭამთ ყველაფერს, პაწია საყვარელი ვარდისფერი გოჭებით დაწყებული და ზღვის კიტრით დასრულებული, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე არაესთეტიკური არსებაა ამ პლანეტაზე. მეტიც, ხანდახან ჩვენ, ადამიანები, ერთმანეთსაც ვჭამთ – პირდაპირი მნიშვნელობით და, მიუხედავად იმისა, რომ უძველესმა ტაბუმ კანიბალიზმი თითქმის დაამარცხა, სიამოვნება, მოყვასის ცოცხლად შეჭმისა, მაინც დიდი ცდუნებაა ბევრისთვის.
ჩვენ მოვიხმართ, გადავამუშავებთ და ისევ მოვიხმართ საკვებს და უნდა ვაღიარო, რომ ზღვის კიტრს მე პაწია, ვარდისფერი გოჭი მირჩევნია.
ადამიანი მართლაც უცნაური არსებაა. მას შეუძლია თან ეთაყვანოს და თან მიირთვას თაყვანისცემის საგანი. თუ არსებობს ამქვეყნად ქალაქი, სადაც უყვართ გოჭები, ფიქრობენ გოჭებზე, პირდაპირი და კულინარიული მნიშვნელობით, ეს სეგოვიაა, ესპანეთის ძველი დედაქალაქი.
სეგოვია მართლაც მშვენიერია. მთაზე გაშენებულს, ზეთისხილის ხეებითა და ფიჭვებით დაფარული პეიზაჟი აკრავს გარს. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც აკვედუკია. რომაული აკვედუკები ჩემზე მომნუსხველად მოქმედებს. ცოდნა და შრომა, რომლებიც განვითარების პიკზე მყოფმა ცივილიზაციამ ჩადო იმაში, რომ აბანოებში მუდმივად ახალი წყალი მოედინებოდეს, შიდა ეზოებს აუზების ჩხრიალი არ მოაკლდეს, ბაღები ყვაოდეს, ყველაფერი ის, რაც ევროპამ აღორძინების ხანამდე დაივიწყა – ჩემთვის აკვედუკია.

5_issue_culinart58

სეგოვიაში აკვედუკი მთელ ქალაქს კვეთს. მისი ძველი სხეული ხან მულტიპლირებული ცისარტყელასავით გადგას თავზე, ხანაც უჩუმრად მიუყვება ძველ ქუჩებს. ჰოდა, სწორედ ადამიანის გენიის ამ გრანდიოზული ქმნილების გარშემო ფუტფუტებენ ასევე ადამიანები, რომლებსაც შემწვარი გოჭის სურნელი თავგზას უბნევს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პატარა ვარდისფერმა შემწვარმა გოჭმა რომაული აკვედუკი, კლდეზე აღმართული ალკასარი, განუმეორებელი ტაძარი და სხვა ღირსშესანიშნაობები დაჩრდილა შემწვარი კუდით. „კოჩინილიო ასადო სეგოვიანო“ მკაცრ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. უპირველესად ის განსაკუთრებული ღორის ჯიშისა უნდა იყოს, წონა 4-5 კილოგრამს არ აღემატებოდეს, მაქსიმუმ სამი კვირის ასაკის იყოს და მხოლოდ დედის რძით ნაკვები. მიუხედავად იმისა, რომ სეგოვიაში გოჭის გამოსახულება მენიუებში, ბარელიეფებსა თუ სკულპტურაში ყველაგანაა, ნამდვილი „კოჩინილიო ასადოს“ ხელში ან, უფრო სწორად, პირში ჩაგდება შრომას და ცოდნას მოითხოვს. უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ძალები უნდა განსაზღვროთ. ნამდვილი კოჩინილიო მთლიანად უნდა შეუკვეთოთ. ამიტომ თუ მეგობრებთან ერთად არ ხართ, თქვენი საქციელი გურმანობისა და ღორმუცელობის მყიფე საზღვარზე გავლას გაიძულებთ.
თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებული გურმანების კომპანიაში იმყოფებით, თამამად შეუკვეთეთ გოჭი. მას რამდენიმე საათი აცხობენ განსაკუთრებულ ღუმელში, თიხის განსაკუთრებულ ლანგარზე, ამიტომ რესტორანში მაგიდის დაჯავშნა და გოჭის შეკვეთა წინა დღეს ჯობს. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველა კარგი რესტორანი, სადაც ნამდვილ კოჩინილიოს მოგართმევენ, ყველაზე ადრე 8 საათზე იხსნება და გოჭამდე რამდენიმე ტაპასის გასინჯვაც მოგიწევთ. ასე რომ, თუ საღამოს ათი საათისთვის პატივცემული გოჭი თქვენს მაგიდაზე აღმოჩნდა, ფეხზე შებმული ქაღალდის საბუთით, სადაც მისი ზუსტი ასაკია აღნიშნული (მაგალითად, 8 დღე), უკვე კარგია.

5_issue_culinart59
მას შემდეგ, რაც სენიორ კანდიდომ, რესტორან „მეზონ დი კანდიდოს“ მფლობელმა, იმისთვის, რომ შემწვარი ხორცის სინაზისთვის ხაზი გაესვა, გოჭი თეფშის კიდით ჩამოჭრა – სეგოვიაში ეს კარგ ტრადიციად იქცა. თეფშით იჭრება? მაშინ, კარგია. ჰო, ნამდვილად კარგია, უგემრიელესი, უნაზესი ხორცი პირში დნება, კანი კი კაწუნებს. ამიტომ მოგიწოდებთ, თუ მაინცდამაინც ვინმეს შეჭმა გსურთ, დაე, ეს გოჭი იყოს და იქნებ ერთმანეთისთვის თავი გაგვენებებინა, საახალწლოდ მაინც. ისე, საინტერესოა, ეთერი თუა ნამყოფი სეგოვიაში? არ დამავიწყდეს, უნდა ვკითხო.

5_issue_culinart60

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com