ბრიუსელი – საქმიანი ქალაქი, ნატოსა და ევროკავშირის ოფისებით. ხალხი აქ დატვირთული გრაფიკით მუშაობს, გართობაც მოზომილი და წინასწარ გაწერილია. უხვად არის ბელგიურ-ფრანგული კაფეები, „ბრასერიები“, სხვადასხვა რანგის, მათ შორის Michelin-ის ვარსკვლავიანი რესტორნები – ისეთი ცნობილნი, როგორიცა არიან „chalet de la foret“, „Bon Bon“, „Sea Grill“. მაგრამ ბრიუსელის და, მთლიანად, ბელგიის, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რესტორნად რჩება „comme ches soi“, რომელსაც წლების მანძილზე უძღვებოდა ლეგენდარული მზარეული პიერ ვინანტი. მისი შეფ-მზარეულობის 27-წლიანი ისტორიის მანძილზე რესტორანი Mიცჰელინ-ის სამ ვარსკვლავს ფლობდა. მას შემდეგ, რაც 2006 წელს მან ადგილი დაუთმო თავის სიძეს, ლიონელ რიგოლეს, რომელიც თავის მხრივაც აღიარებული მზარეულია, მსოფლიოს ყველაზე სახელოვანმა სახელმძღვანელომ „comme chez soi“-ს რეიტინგი ორ ვარსკვლავამდე დასწია.
ბელგიელები გურმანები არიან, მაგრამ მათი კვების რეჟიმი განსხვავებულია. საუზმობენ 6-დან 8 საათამდე. დილის რაციონს ყავა, ჩაი და სხვადასხვა სახის „კრუასანები“ და „ბუტერბროდები“ შეადგენს. პოპულარულია თხელ ნაჭრებად დაჭრილი პური – „მიში“ და ბისკვიტი – „ქუქი“ კარაქთან ან შოკოლადთან ერთად. ბელგიელები შუადღეს სადილობენ, მიირთმევენ მსუბუქად და აგემოვნებენ ლუდს (Le pain quotidien) ვახშმად კი გვიან, 7-9 საათზე სხდებიან და საფუძვლიანად ნაყრდებიან. თავ კერძად მიირთმევენ კრემ-სუპს. ბელგიელთათვის ცხოვრება თევზის წვნიანის გარეშე წარმოუდგენელია, ნახარში მიდიებითა და ნიახურით ან სქელი ბოსტნეულის სუპი გამხმარი სოკოთი. აღსანიშნავია waterzooi, რაც ქათმის ან თევზის ნახარშს ნიშნავს, ემატება კარტოფილი, პრასი, სტაფილო, ნიახური, კვერცხის გული, ნაღები და სუნელები.
მოწოდების სიმაღლეზეა ფრანგული მენიუ ფლომანური „აქცენტებით“. ბელგიური სამზარეულოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ლუდია, 300-ზე მეტი სამარკო სახეობა (სხვადასხვა მონაცემებით, ქვეყანაში არსებულ მცირე ლუდსახარშებში 700-მდე დასახელების ლუდი მზადდება), არომატების მრავალფეროვნებას იძლევა. ლუდში ჩაშუშული ხორცი რბილობთან ერთად, სპეციფიურ კეთილსურნელებასაც იძენს, მაგ.: ხბო „გიოზეს“ ლუდში, კურდღელი „კრიკში“ (ბლის არომატიანი ლუდით), „კარბონადი“ ფლომანურად, „ფრიკასე“ „შიმეის“ საწებლით.
უჩვეულო და ძალიან გემრიელია „ტარტარის სტეიკი“ – დაბეგვილი უმი ხორცის ფარში. მისი წარმოშობის ისტორია ფრანგ ოფიცერს უკავშირდება, რომელიც უკრაინაში თათართა ბანაკში მსახურობდა და ხშირად მიირთმევდა ცხენის ხორცისგან დამზადებულ ამგვარ უცნაურობას. თუმცა, მოგვიანებით, როდესაც ეს კერძი ევროპაში შემოვიდა, მას ძირითადად საქონლის ხორცისგან ამზადებდნენ, რომელსაც კეპავდნენ ან ფარშად აქცევდნენ, ხოლო გემოს გასაუმჯობესებლად მასში სხვადასხვა სუნელების შეზავება და კვერცხის გულის დამატება დაიწყეს.
ბელგიაში სეზონური პროდუქტია „თეთრ ოქროდ“ წოდებული სატაცური, რომელიც რესტორნების მენიუში განსაკუთრებულად აქტუალურია მაის-ივნისის თვეებში. თეთრი სატაცური უგემრიელესია კვერცხის სოუსითა და შებოლილი ორაგულით.
სავარაუდოდ, ჩრდილოეთ ზღვის სანაპიროზე მდებარეობის გამო, ბელგიაში უზომოდ პოპულარულია თევზი და ზღვის პროდუქტები. ბელგიური სამზარეულოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია მიდიები შემწვარ კარტოფილთან ერთად (moules frities). რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც მისი დედაქალაქია. საუცხოო მენიუს შემოგთავაზებენ ცენტრალურ მოედანთან (grande place) მდებარე 120 წლიანი ისტორიის მქონე რესტორანში ჩჰეზ Lეონ. ასევე გამორჩეული ადგილებია: Belga quenn, la zinneke, La maree, რომელთა მენიუშიც შესულია, არც მეტი არც ნაკლები, 70 სხვადსხვა რეცეპტით მომზადებული მიდიები.
თუ გნებავთ, ბრიუსელში ზღვის პროდუქტების და თევზის გამორჩეული ასორტიმენტი დააგემოვნოთ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ სანტა კატარინას მოედანს. ერთ დროს თევზის ბაზარზე გაშენებული რესტორნები, მათ შორის ცნობილი Francois, rugby man და სხვ., თქვენს თვალწინ, აკვარიუმში ცოცხლად მომარაგებული კიბორჩხალების, ლობსტერების და კრევეტების უგემრიელეს არჩევანს შემოგთავაზებთ.
თუმცა, ქალაქის მკვიდრთა ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილი იქვე განლაგებული თევზის და ზღვის პროდუქტების ფარდული Mer du nord-ია. ეს მარტივი, უპრეტენზიო და ამავე დროს უზომოდ პოპულარული მცირე ზომის სასადილოა, სადაც შეზღუდული რაოდენობის კერძებს ფეხზე დგომით, ჭიქა შამპანურის ან თეთრი ღვინოს თანხლებით მიირთმევენ. ყველაფერი ისეა, როგორც ერთ დროს თბილისის დუქნებში და სახინკლეებში – დახლთან შეკვეთის მიღების შემდეგ, მზა კერძის წასაღებად, იქვე მომლოდინე შემკვეთს სახელით იძახებენ.
ზოგადად ბრიუსელი, ისევე როგორც ევროპის ყველა წამყვანი ქალაქი მდიდარ კულინარულ არჩევანს სხვადასხვა ფასის ფარგლებში შემოგთავაზებთ. თუ რაღაც მიზეზთა გამო დაგეზარებათ სახლში კერძის მომზადება და გსურთ „გარეთ“ იკვებოთ, ოღონდ შედარებით ეკონომიურად და სწრაფად, ამისთვის არსებობს მცირე ზომის სასადილოები. ალბათ ევროპის ვერცერთ სხვა დედაქალაქში ვერ შეხვდებით პიტასა და დურუმის მომზადების ამდენ ადგილს, რაც გამოწვეულია ქალაქის ეთნიკური მრავალფეროვნებით და ძალიან დიდი ემიგრაციული სეგმენტით. ამავე დროს, სპეციალურ ფარდულებში, ე.წ. „ფრიტერიებში“, რომლებიც განლაგებულია ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ ადგილებში, მათ შორის, ფლაჟის, საბლონის და სტოკელის მოედნებზე, დიდი მოთხოვნით სარგებლობს ბელგიის ყველაზე ცნობილი „ფასტ ფუდი“ – შემწვარი კარტოფილი, „კროკ მესიე“ (croque monsieur), ყველის, კრევეტების და ორაგულის კროკეტები, „მიტღაიეტი“ (Mitraillete) – ნახევარ-ბაგეტში ჩაწყობილი შემწვარი ხორცი (ფრიკანდელი, სოსისი, მცირე ზომის ბურგერი) კარტოფილთან და სხვადასხვა საწებლებთან ერთად.
ბელგიურ სამზარეულოში ძირითად კერძს კარტოფილის „ფრიტებთან“ ერთად მიირთმევენ. ზოგადად, როგორც ჩვევიათ მეზობელ ქვეყნებს – ბელგიასა და საფრანგეთს, დიდი დავა აქვთ გაჩაღებული, თუ სადარის წვრილად დაჭრილი, შემწვარი კარტოფილის სამშობლო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო ამას „ფრანგულ კარტოფილს“ უწოდებს, ანუ french fries, ბევრი სარწმუნო წყარო ამტკიცებს, რომ სწორედ ბელგია ითვლება შემწვარი კარტოფილის სამშობლოდ. ფაქტი ერთია – არსად მსოფლიოში ცალკე აღებული შემწვარი კარტოფილი არ არის ისეთი გემრიელი და პოპულარული, როგორც ბელგიაში. თუ გინდათ ამაში დარწმუნდეთ, უნდა ეწვიოთ ძალიან დიდი ისტორიისა და რეპუტაციის მქონე „ფრიტერიას“ – Maison antoine, რომელიც ჟურდანის მოედანზეა განლაგებული.
სულ სხვა ჰარმონიაა დესერტი. აქაც ლუდის კეთილსურნელება იგრძნობა. ბელგიური ვაფლი და კრეპები ხშირად ლუდზე მზადდება, რაც მათ უფრო ჰაეროვანს ხდის. ორი სახის ვაფლია: ლიეჟის – მრგვალი, კარამელიზირებული, შაქრის ბურთულებით და ბრიუსელის – ოთხკუთხედი, ხილით, ნაყინით ან ნაღებით მორთული.
ტკბილეულის მოყვარულმა უნდა იცოდეს, რომ პირველი შოკოლადის კანფეტი მე-20 საუკუნის დასაწყისში ბელგიელებმა დაამზადეს. მას შემდეგ ბელგიური შოკოლადი აუცილებლად უნდა იყოს „დამზადებული ბელგიაში“, რათა მას გაყალბებისგან იცავდეს ე.წ. „შოკოლადის კანონი“. შოკოლადი ბელგიის ეროვნულ ღირსებას წარმოადგენს და იგი უნდა შეესაბამებოდეს სათანადო სტანდარტს. კანონის თანახმად, შოკოლადი უნდა შეიცავდეს არანაკლებ 35% კაკაოს ფხვნილს და 18%-25% კაკაოს ცხიმს. დამწიფებული კაკაოს მარცვლები მაღალი ხარისხის უნდა იყოს და უნდა მოიკრიფოს მკაცრად განსაზღვრულ დროს. ბელგიურ შოკოლადში დაუშვებელია საღებავების, ხელოვნური დანამატების და გემოს არომატიზატორების გამოყენება. იგი არ უნდა შეიცავდეს კონსერვატებს, რის გამოც მას მოხმარების მცირე პერიოდი აქვს.