„სასწორების“ თვე…
ოქტომბერი… სუსხი და ყვითლი ფოთლებით დაფარული დედამიწა… ჰაეროვნებისკენ, სილამაზისკენ, სიმსუბუქისა და ჰარმონიისკენ მიდრეკილი ადამიანების პერიოდი… შემოდგომის გრილი, ოჯახური საღამოები, განსაკუთრებული ესთეტურობით გაწყობილი სუფრები … დიახ, ეს სასწორების თვეა.
ჰაერის სტიქიის ამ წარმომადგენლების ცხოვრებისეული კრედო – ბალანსია. ეს, საკვებთან მიმართებაშიც შეიმჩნევა. „სასწორები“ საკმაოდ თავშკავებულად მიირთმევენ. მათთვის კერძებისა და პროდუქტის სილამაზეს, დახვეწილ ფორმებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საჭმელში პიკანტურ, საინტერესო და უჩვეულო გემოს აფასებენ. ისინი უფრო ტკბილეულის მოყვარულნი არიან, ვიდრე ძირითადი კერძის. ჰოროსკოპის ამ ნიშნის წარმომადგენლების მადა მათ განწყობაზეა დამოკიდებული.
ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სასწორის კულინარიულ მიდრეკილებებზე საუბრობს და ამბობს, რომ „მათი ძირითადი საკვები – ვეგეტარიანულია. სასარგებლოა თევზეული, ზღვის პროდუქტები, მჭლე ხორცი, კვერცხი, ფაფეული, მაკარონი სხვადასხვა სოუსით. ამგვარად, მათთვის უფრო მისაღები იტალიური სამზარეულოა“.
იგი „სასწორებს“ სისხლის შემადგენლობის გასაუმჯობესებლად ურჩევს, მიიღონ სპილენძით მდიდარი პროდუქტი: მოლუსკები, კიტრი, შავი მოცხარი, მარწყვი.
ასტროლოგი რეკომენდრებულ ნივთიერებებზე საუბრისას, ნატრიუმის ფოსფატს ასახელებს. ეს ელემენტი ორგანიზმში მჟავე-ტუტოვან ბალანსზეა პასუხისმგებელი. იგი უხვად არის მარწყვში, ხენდროში, ვაშლში, ქიშმიშში, ნუშში, სატაცურში, ბარდაში, სტაფილოში, ჭარხალში, პომიდორსა და მარცვლეულში.
ზოდიაქროს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ცხარე საკვები ვნებს. თავი უნდა შეიკავონ ასევე, შებოლილი პროდუქტისგან, მჟავეულობისა და ციტრუსებისგან. მათთვის სასარგებლოა რძის პროდუქტი, თუმცა ცხიმიანი რძე – არ არის სასურველი. სასწორებმა ბევრი ცილა, თუმცა ნაკლები შაქარი და ცხიმი უნდა მიიღონ.
ასტროლოგი ასევე აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების სუსტი წერტილი თირკმელია. მისი გამართულად მუშაობისთვის აუცილებელია დიდი ოდენობის წყლის მიღება, ხოლო ალკოჰოლისა და გაზიანი სასმელებისგან კი – თავის შკავება.
„თუ „სასწორი“ ცუდ ხასიათზეა, საკმარისია მის ირგვლივ შექმნათ მშვიდი, ჰარმონიული გარემო და უმალ გუნება-განწყობა გამოუკეთდება. ლამაზად გაწყობილ სუფრასთან მიიპატიჟეთ და მისი საყვარელი კერძი ან ნუგბარი შესთავაზეთ… მთავარია, ეს ყველაფერი ელეგანტურად იყოს გაკეთებული.“
„სასწორებს“ მსოფლიოში არაერთი გამოჩენილი წარმომადგენელი ყავთ. მათ შორის, კულინარიაში ყველაზე მეტად ჰოლივუდის მსახიობმა და მომღერალმა გვინეტ პელტროუმ გამოიჩინა თავი. ოსკაროსანი სასწორის კერძები ბოლო წლებში ისეთივე პოპულარული გახდა, როგორც – მისი ფილმები. 2008 წელს იგი ჩაერთო ერთ-ერთ ცნობილ სატელევიზიო პროექტში, რომელიც ესპანეთის კულინარიული ტრადიციებისა და ისტორიის აღმოჩენას ეძღვნებოდა. ამის შემდეგ, პელტროუმ საკუთარი რეცეპტების წიგნები გამოსცა.
მსახიობის შთაგონების წყარო და მასწავლებელი კულინარიაში საკუთარი მამა იყო. ისინი ერთად აკეთებდნენ საჭმელს და ახალ რეცეპტებს ერთმანეთს უზიარებდნენ.
ჩვენთან საუბრისას ასტროლოგმა ახსენა, რომ „სასწორებისთვის“ შესაფერისი – იტალიური სამზარეულოა… და მართლაც, გვინეტ პელტროუს ყველაზე მეტად იტალიური კერძები ხიბლავს.
ერთ-ერთ ინტერვიუში იგი ამბობს, რომ კვირაში თითქმის შვიდივე დღეს ამზადებს სადილს. განსაკუთრებით უყვარს ლონგ აილენდზე მდებარე სახლის სამზარეულოში ფუსფუსი. აქ მას დიდი ბოსტანი და ქათმების ფერმა აქვს. მსახიობის ყველაზე ცნობილი კერძია – მოხარშული თევზის წვნიანი და „ბრუსკეტა“. იგი აღნიშნავს, რომ ტკბილეულის მოყვარული არ არის და ამიტომ, სადილების მომზადება უფრო წარმატებით გამოსდის, ვიდრე – ცხობა.