ნინი ბადურაშვილი
დიდი ოჯახის პატარა დიასახლისი
ეს ელენეა, წლისა და ორი თვის. ნინი ბადურაშვილის შვილი, ეკა კახიანის შვილიშვილი და იმედო კახიანის შვილთაშვილი. ამ დიდ ოჯახში პატარა ელენე ყველაზე უმცროსი დიასახლისია. მართალია, თავად ჯერ ვერ ხვდება, თუმცა ირგვლივ ყველამ იცის, რომ ელენე ამ ოჯახში ნამდვილი პრინცესაა. `ახლა ელენეს ჭამის დროა, ელენეს ეძინება, ელენეს მიაქციეთ ყურადღება, ელენე გაგვიცინე~ – ნახევარი საათით მისულს მხოლოდ ასეთი შეძახილები მესმოდა.
მისვლისთანავე მივხვდი, ოჯახში შვილთაშვილის მთავარი ქომაგი ნინის ბებია, ქალბატონი ფლორა ყოფილა. დიდი ბებია პატარა ელენეს განებივრებას ცდილობს: `ამ ოჯახში რამდენი ბავშვი გაიზარდა, მაგრამ ელენეზე რაღაც განსაკუთრებული მზრუნველობაა. ლადოზეც, მაგრამ ელენე გოგოა და ამიტომ მეტად ანებივრებენ~. ლადო ნინის დისშვილია. დეიდაშვილები ზაფხულს მცხეთაში ერთად, თამაშთამაშში ატარებენ.
ელენე აქტიური ბავშვია. ნინი ამბობს, რომ ბევრს არ ტირის და არც ძალიან პრეტენზიულია.. ხასიათით დედას ჰგავს: `ჩემნაირი ცივია, დიდად არ უყვარს ჩახუტება და კოცნა. მეც ასეთი ბავშვი ვიყავი. მახსოვს, ბავშვობაში, ბებიაჩემი მეხვეწებოდა, სახლში რომ მოვალ, დამხვდი და ჩამეხუტეო. ამ ყველაფერს ისეთი სახით ვაკეთებდი, ბოლოს თავი დამანებეს“. თუმცა, დღეს სხვა რეალობაა. ელენეს დაბადების შემდეგ ნინი ბევრად მზრუნველი გახდა: `არ ვიცოდი ასეთი სიყვარული თუ შემეძლო. ელენემ ჩემს ხასიათში ბევრი თვისება შეცვალა. ადრე ვერ ვიგებდი, დედები სუფრიდან რომ დგებოდნენ და სახლში გარბოდნენ. დღეს მეც ასე ვარ. მინდა ხშირად ვიყო ელენესთან“.
დედა და დედობრივი ინსტინქტი – ეს წამზომი ელენეს დაბადებისთანავე ჩაირთო. ორი თვე ბუნებრივად იკვებებოდა, შემდეგ ხელოვნურ კვებაზე გადაიყვანეს. სანამ ძალიან პატარა იყო, დედას ემორჩილებოდა, თუმცა როდესაც საკვებს გემო კარგად გაუგო, კერძების დაწუნება დაიწყო. `ვერ ვიტყვი, რომ კარგად ჭამს, განსაკუთრებით უყვარს ვაშლი, ატამი და – ჩემსავით ყველი. ვცდილობ, რაც აუცილებელია, ის მიიღოს: ფაფა, წვნიანი, ხორცი, მაგრამ არ ჭამს. ძალიან ცოტას~.
ელენეს ჭამაში მთელი ოჯახია ჩართული. ართობენ, აცინებენ – მიზანი ერთია _ მთავარია, აუცილებელი და სასარგებლო ცოტა მაინც მიიღოს.
ბებია, დიდი ბებია – ელენეს აღზრდაში ყველას თავისი წვლილი შეაქვს. ნინი კი ცდილობს შვილს დამოუკიდებლობის შეგრძნება ადრეული ასაკიდან ჩამოუყალიბოს. ზედმეტად არაფერზე ქმნის პრობლემას. ელენეს სიმშვიდეში ზრდის. მისი მთავარი საზრუნავი ხომ – უკვე წელიწადი და ორი თვეა, დიდი ოჯახის პატარა დიასახლისია.
ფოტო: ანა ბოკო