ოლგა ბაბლუანი
„უნდა ჭამო იმისთვის, რომ იცხოვრო და არა – იცხოვრო იმისთვის, რომ ჭამო“- სტუდენტობისას ამ ფრაზამ ჩამაფიქრა და ძალიან დროულადაც.
საჭმელი – საერთოდ გემო, ასოცირდება მოგონებებთან და გრძნობებს აღვიძებს. ადამიანის კულტურული ცხოვრების საუკეთესო ნაწილია ჯანსაღი სამზარეულო – ცოცხალი, ყველანაირ ქიმიკატებს მოკლებული პროდუქტით შექმნილი…
რაც უფრო განსხვავებულია სამზარეულო, მით უფრო საინტერესო მოგზაურობას, ან, როგორ გითხრათ, საინტერესო წიგნს ჰგავს… კარგად ასახავს ქვეყნის კულტურას, მის მენტალიტეტს.
საინტერესოდ მეჩვენება თქვენი წინადადება, გირჩიოთ რამდენიმე რესტორანი – დიეტას არ ვიცავ არასოდეს, დიეტურ პასუხებსაც მოვერიდები.
პარიზის საუკეთესო რესტორანი, ჩემი გემოვნებით, არა ფრანგული, არამედ ჩინურია. ძველ უბანში, პატარა ქვაფენილიან ქუჩაზე მდებარეობს „Chez Wong“- ჩინური სამზარეულო. გარემო თითქოს არარეალურია: ხმაურიანი ქუჩიდან მოულოდნელად ხვდებით ეგზოტიკურ სამყაროში… ბუდას მონუმენტური ქანდაკების გვერდით ბამბუკის პატარა ხეები ერწყმის გარემოს… წყნარი აზიური მუსიკა სულიერი მასაჟის ეფექტს ახდენს.
მზარეული ოჯახური მეთოდით ამზადებს არაჩვეულებივ კერძებს, ნამდვილად არაჩვეულებრივს: ქათმის სალათი სეზამით, შანჰაური ხორცის თუ ბოსტნეულის პილმენები… მაგრამ საუკეთესო კერძი, რაც იქ იქმნება, არის „Canard Laque“ – შებოლილი იხვი, მოტკბო, დაბრაწული კანით… საკუთარი იმპროვიზაცია შეუძლებელია.
ეს ადგილი ჩემთვის პატარა კუნძულივით არის, ხშირად „საიდუმლო“ შეხვედრა გვქონია მე და ჩემს მეგობარს, მერე კი აქ სიარული რიტუალად გვექცა.
ყოველთვის ვცდილობ, ხშირად ვამზადო: ჩემს ძველ ბინაში ბუხარი მქონდა. თევზს ვწვავდი შამფურზე შებრაწულ კარტოფილთან ერთად – ეს იყო ნამდვილი სიამოვნება. მომზადებას გატაცების მომენტი უნდა – სასიამოვნოა გაზიარება, შეთხზვა საყვარელი ადამიანებისთვის.
ოჯახური სამზარეულოს მსგავსი ხარისხის რესტორანი აღმოვაჩინე მაროკოში, ქალაქ ესაუირაში, ძველ ქალაქში – „მედინაში“, სახელად “Elizir”. აქ მანქანები არ მოძრაობენ: ქვის გალავანი არტყამს 1001 ღამის ქალაქს. განათება ჰაერთანაა შერწყმული… ძველი არაბული ლამპიონებით… ზღვის სანაპიროზე „მირაჟი“ დაუსრულებელია. აქლემით ვმოძრაობდი, „ზიდანი“ ერქვა. სწორედ „ზიდანით“ მივადექით რესტორან „ელიზირ“-ს. 70 წლების დეკორაციაში შერწყმულია ლოკალური, მაროკოული დეკორაცია. კერძები ტრადიციული, ჭარბობს თევზი, რადგან საზღვაო ქალაქია -აუცილებლად დასაგემოვნებელია კეცზე შემწვარი კალმახი, არაჟნის სოუსით. ბრინჯი ყოვლდღიური სუფრის ტრადიციული ატრიბუტია: დაბრაწული ბოსტნეულით. ნამდვილად გირჩევთ არაბულ ეგზოტიკას შინაგანი ღონის და ჯანსაღი კვების მოსაპოვებლად.
ახლახანს, მე და ჩემი შვილი სკოლიდან ფეხით სასეირნოდ წავედით. დიდი მანძილი გამოგვივიდა. მოვხვდით პარიზის მე-10 უბანში დიდ „ინტერნაციონალურ“ სადგურთან: Gare du Nord და შევაბიჯეთ ინდოეთში: ინდური პროდუქცია კილომეტრებზე იყო გაფენილი. არასოდეს მიმიქცევია ყურადღება ადრე: მაღაზიები სავსეა ინდური ფერადი სუნელებით, სხვადასხვა დასახელების ხილით… ამ დღიდან, ძალიან ხშირად ვსტუმრობ ამ ადგილს, ვარჩევ ახალ სუნელებს ჩემი გამოგონილი სალათების შესაკმაზად. ნამდვილად სიცოცხლის ხალისს გიქმნის,ზღაპრულ ატმოსფეროს.
არგენტინა – უცხო პლანეტა დედამიწაზე. ბუენოს-აირესში პოეტური ჰავაა, ლუი ბორგესის სულიც ტრიალებს… ამიტომ, პირველი შთაბეჭდილებით გასაკვირი იყო ჩემთვის, რომ ხორცი არგენტინული სუფრის მთავარი ნაწილი ყოფილა. „La carbonada“ კლასიკური, პოპულარული კერძია (ხბოს ხორცი, სიმინდი, ბრინჯი, ვაშლი და მსხალი) – თითქმის ყველა რესტორანში შეიძლება მისი დაგემოვნება. მაგრამ რაც შეეხება ხორცს (ხბოს, ხარის…), რესტორან „El Bistro“-ში მიირთმევთ საუკეთესოს, თქვენივე გემოვნებით შემწვარს.
არ იდარდო თბილისი
“გაბრიაძის რესტორანი რამდენიმე წლის წინ ვნახე პირველად. ერთ-ერთი მაგიდის შუაგულიდან,ნამდვილი ხე ამოდიოდა- არ მოუჭრიათ და ეგრევე დაუტოვებიათ,მაგიდის შუაგულში,ძველებურ,ტიპიურ სახლში, შინაურულად გაკეთებულ რესტორანში.
ემოციური-შემოქმედებითი შოკი მივიღე მაშინ, მახსოვს-ერთი ადამიანის ადამიანური,უნიკალური კრეატიული სამყარო, მაგიდაზე ხელით ნაწერი პოეზია და მენიუ: კარგად დამზადებული ქართული სამზარეულო.
მენიუში ჩამოთვლილი იყო ისე, თითქოს რეზო გაბრიაძის სპექტაკლის გმირებმავე შეადგინესო: -”კოლმეურნეობის კარტოფილი,დაბრაწული..”:) -კარგად დანაყრებული ადამიანიც,მარტო აზარტისთვის მოისურვებდა დაგემოვნებას- ამბავს გიყვება და გიმასპინძლდება ადამიანი- საუკეთესოა.ორი წელია ისევ დავუბრუნდი ჩემს შვილთან ერთად ამ რესტორანს..მოდერნიზება დასტყობია,ხეც აღარ დამხვდა მაგრამ აურა იგივეა-თბილი,კრეატიული გემრიელი ქართული სამზარეულო და რაც მთავარია,თავსუფალი,უნივერსალური გარემო – სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ხალხი- ამ ადგილას ნამდვილი სამზარეულოს, გარემოს …ნამდვილი სიამოვნებისთვის მოსულნი და თეატრი – უნიკალური რეზო გაბრიაძის თეატრი. ბედნიერება იქნება ,რომ სკოლებიდანვე განათლების ფორმატში დაჰყავდეთ ბავშვები სპექტაკლების სანახავად…მაგრამ ეს უკვე,სხვა სამზარეულოს თემაა…”