ხელოვნება უპირველეს ყოვლისა!
ცოტა ნიჭი ყველა გენიოსს ჭირდება. შრომის მოყვარეობაც არ ავნებს ხოლმე. თუმცა გენიოსსა და ვარსკვლავს შორის დიდი მანძილია. ამ მანძილის გადალახვა კი მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ.
ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, მართალია, ჯერ მხოლოდ 26 წლისაა, მაგრამ ის ვარსკვლავებს ბავშვობიდან ეთამაშება. მისმა ბოლო კონცერტმა პარიზში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ფრანგ ჟურნალისტებს ლექსიკონებში მოუწიათ ხატიას შესატყვისი ეპითეტების პოვნა. ქართველ პიანისტს თავისი წარმატების რეცეპტის ჩვენთვის გაზიარება ვთხოვეთ. თვითნაბადი ნიჭის გარდა, მიზანსწრაფვა, უსაზღვრო შრომისმოყვარეობა და ენერგია. ეს სამი თვისება ყველა წარმატებულ ადამიანს ახასიათებს. თუმცა ხატიას შემთხვევაში, ამ ჩამონათვალს კიდევ ერთ რამეს დავუმატებდი – ეს არის ქართველობა. უნდა აღინიშნოს რომ, კლასიკური მუსიკის აკადემიურუბის და თავშეკავებულობის ფონზე ხატიას, სცენაზე გამოსვლისთანავე, თავისი ქართული ხასიათით და არტისტულობით – ერთგვარი დისონანსი შემოაქვს. კავკასიონს მოწყვეტილი ენერგიის ბურთი ნებისმიერ სივრცეს წამში ავსებს. მისი მტევნების დახვეწილ მოძრაობას, მხოლოდ მისივე შავი თმის კორიანტელი თუ აუბამს მხარს. როცა ევროპელი პიანისტები მოკძალებული თაყვანისცემით ასრულებენ შოპენის ნაწარმოებებს, ხატია მთელი თავისი ქალური მომხიბვლელობით და ახალგაზრდული ენთუზიაზმით იწვევს ფრედერიკ შოპენს დუელზე. როცა აღიარებული რუსული თუ ევროპული სკოლის მუსიკოსები მთელ მსოფლიოს თავიანთი უმაღლესი ტექნიკით აოცებენ, ხატია მსმენელს ჯერ გაუკვალავ ემოციურ ბილიკებზე ეპატიჟება. მუსიკას, ისევე როგორც კულინარიას, მრავალფეროვნება შვენის. ხატიას მიაჩნია, რომ საქართველოს ყველაზე დიდ საგანძურს ფოლკლორი და სუფრის ტრადიცია წარმოადგენს. როგორც ვუდი ალენი იტყოდა, ტრადიცია ხშირად სტაბილურობის ილუზიას გვიქმნის. ამიტომაც, პარადოქსის მიუხედავად, იმისათვის რომ შევინარჩუნოთ ჩვენი უნიკალურობა, აუცილებელია ტრადიციის მუდმივი განვითარება „ოღონდ როგორც ყველა სახის ხელოვნებას შეშვენის, ეს განვითარება უმაღლეს დონეზე უნდა იყოს შესრულებული“, ხაზს უსვამს ხატია და აგრძელებს „ყველანაირი ხელოვნება, გარკვეული ადამიანის ფანტაზიის უნარზე მეტყველებს. როცა დასაკვრელად ვემზადები, მარტო ნოტები არ არის საკმარისი. მთავარია, რისი თქმა მინდა ამ ნაწარმოებით, რა ემოციის გაზიარება მსურს მსმენელთან.
ზუსტად ეს მიდგომა განასხვავებს ხატიას გამოსვლებს სხვებისგან. როგორც რამოდენიმე ათეული წლით ადრე, ჯორჯ ბალანჩინმა მსოფლიო ბალეტის ანბანი შეცვალა, ასევე ხატია კლასიკური მუსიკის ახალ გამებს გვთავაზობს. ყოველი ნაწარმოები მისთვის მიზეზია, რომ ახალი ისტორიები გვიამბოს. არ აქვს მნიშვნელობა, რაზე ესაუბრები ხატიას – მუსიკაზე, პეკინურ და შანჰაიურ სამზარეულოსა, თუ პარიზული ცხოვრების სტილზე, ის საოცრად დეტალურ, ამომწურავ და მხატვრულ პასუხებს იძლევა. ვარსკვლავის რეალისტური მიდგომა ცხოვრებისადმი მისი ყოველი მოძრაობის სიზუსტეშიც გამოსჭვივის. ვუსმენ, ვუყურებ და მაგონდება ნიუ იორკის ბომონდის წარმომადგენელი პიანისტის, არტურ გოლდის ნათქვამი: `ჯორჯ ბალანჩინი ისეთივე გულმოდგინებით და დაკვირვებით თლიდა სტაფილოს ან ჭრიდა კარტოფილს, როგორც ქმნიდა ახალ ქორეგრაფიას. ყველა მისი ქმედება თავდაჯერებული, ღრმად კონცენტრირებული და უწყვეტ აზრთა ნაკადის შედეგი იყო. ეს კონცენტარციის უნარი მის გენიალურობაზე მეტყველებს და ბალანჩინი სტრავინსკის და პიკასოს სიმაღლეზე აჰყავს.~ ხატიას სწამს თავისი ვარსკვლავის და თავდაჯერებულად მიიწევს მისკენ. ასეთი განწყობა უდაოდ მოხიბლავდა ჯორჯ ბალანჩინს და კლასიკური მუსიკის უკვე ამოსულ ქართველ ვარსკვლავს ალბათ სიამოვნებით მიიპატიჟებდა თავისი განთქმული ქინძის სოუსის დასაგემოვნებლად.
ქინძის სოუსი ქართულად
* 2 ჭიქა დაჭრილი ქინძი
* ½ ჭიქა დაჭრილი ახალი მწვანილი
(ოხრახუში,კამა, მწვანე რეჰანი ან ტარხუნა)
* ½ ჭიქა დაჭრილი მწვანე ხახვი
* 2 -3 წვრილად დაჭრილი ნიორის კბილი
* 6 ც. კურკა გამოცლილი და დაჭრილი შავი ქლიავის ჩირი
* ¼ ჭიქა ნიგოზის ზეთი
* მარილი, პილპილი და კაიანის წიწაკა გემოვნებით
ხის ჯამში ავურიოთ მწვანილები, ზეთი და ნიორი, დავუმატოთ შავი ქლიავის ჩირი. შემდეგ შევურიოთ ლიმონის წვეთი ,ზეთი და სუნელები.