ფრიდას ფიესტები…

3_issue_culinart50

მექსიკა, კოიოაკანი. ლონდრეს 127 ნომერში დგას სახლი, რომლის ჭიშკარიც ინდიგო ლურჯია, უღრმესი ლურჯი – ეს იმისთვის, რომ სახლის ბინადრებს ავი სულები და დემონები დაუფრთხოს. ჭიშკარს იქით პატარა ოაზისია: ეგზოტიკური ყვავილებით გადავსებული პატიო, ჭრელ-ჭრელი პარაკეტები, პალმის ხეები და მაიმუნები… „ლურჯი სახლის“ სამზარეულოც ასეთივე ლურჯია, ყვითელი ფერით გაწყობილი და ორნამენტებიანი. ის აქ დგას: წითლად მოქარგული შავი ჰუიპილი და ქვედაბოლო აცვია, რომელიც კოჭამდე დასთრევს. კაბა მოხატულია ყვავილებით, რომლებიც მის მოძრაობასთან ერთად თითქოს ცოცხლდებიან. აქ ყველაფერს მისი სული უგდას, კედლებზე ჩამოკიდულ მინიატურულ ფინჯნებს სათითაოდ აწერია: „ფრიდა“.
მათთვის, ვინც ფრიდა კალოს შემოქმედებას იცნობს, ეს გარემო რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს და, სავარაუდოდ, იმასაც მიხვდება, მისი ტილოების ფერადოვნება მხოლოდ გონებით ნაკარნახები კი არა, უდავო რეალობაა: ფრიდას ფერწერა – ეს მექსიკის პაპანაქებაა, საზამთროებს რომ ხლეჩს და მარაკუიას ამწიფებს. ხანდახან ვფიქრობ, პალიტრაზე ფერებს იმის მიხედვით ასხამდა, დილას ბაზარში ხილით მოვაჭრენი ბროწეულებს შესთავაზებდნენ თუ გუანაბანას ნაყოფებს.
იმ წუთიდან, როდესაც ფრიდა დიეგო რივერას ცოლობას დასთანხმდა, შესანიშნავად იცოდა, დიდი ოსტატის მეუღლე გამორჩეული მზარეულიც უნდა ყოფილიყო. ფრიდას დიდად არაფერი გაეგებოდა კულინარიულ სამყაროში. როგორც დიეგოს ქალიშვილი, გვადალუპე რივერა იხსენებს, ფრიდას მასწავლებელი მისი დედა და მაესტროს ყოფილი ცოლი – ლუპე მარინი ყოფილა. აბა, მსგავსი ამბავი სად დატრიალდებოდა, თუ არა მექსიკაში. ფრიდასა და დიეგოს ქორწილის დღესაც სწორედ ლუპე ყოფილა „შეფი“, რასაც დიდი ვნებათაღელვისა და სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ლუპე მათ მარადიული თანამგზავრივით ჰყავდათ სიცოცხლის მანძილზე და ცხოვრობდნენ ისინი ასე ბედნიერად, როგორც ერთი დიდი მექსიკური ოჯახი.
ფრიდას, ბედად, ტალანტიც წყალობდა და მალე მისი გასტრონომიული ექსპერიმენტები ხალხმრავალ ფიესტებად გადაიქცა. ფრიდა და დიეგო, რომლებიც კომუნისტურ იდეოლოგიას სრულად იზიარებდნენ, საყოველთაოდ ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეებს, ინტელიგენციას, ხშირად მასპინძლობდნენ საკუთარ სახლში. ამასთანავე, სწორედ ფრიდა ამზადებდა კერძებს სტუმრებისათვის. ყველაფერს ემატებოდა კალოს ზედმიწევნითი „მექსიკანობაც“: იგი სკურპულოზურად იცავდა ტრადიციებს, აღნიშნავდა დაბადების დღეებს, გარდაცვლილთა პატივსაცემად მართავდა ზეიმებს და არც ნაციონალურ დღესასწაულებს ტოვებდა. მაგიდასაც მუდამ შემოქმედებითად, შესაბამისი თემატიკით შლიდა. ის, რაც ფრიდას განსაკუთრებულ მზარეულად აქცევდა, გარდა ნიჭისა, იყო სიყვარული. ის ისეთივე გრძნობით ამზადებდა სადილს, რა გრძნობითაც დილაობით მოჩითულ კაბებს იცვამდა და თმაში ყვავილებს იბნევდა. ყოველი საზეიმო მაგიდა რიტუალს ჰგავდა მისთვის და კალოც გრძნეულივით აღასრულებდა წესს. „ფრიდას ფიესტები“ _ გვადალუპე რივერას მოგონებების წიგნით იქცა ისტორიად. მის მიერ აღწერილი ღირსშესანიშნავი მოვლენები სავსეა გემოთი, არომატით, ფერებით და ტკივილითაც. ეს შესანიშნავი მემუარული ნაწარმოები მთლიანად ეძღვნება ფრიდას და სულ სხვაგვარს წარმოაჩენს მას.

3_issue_culinart51
კალოს მენიუც მასავით მრავალფეროვანი და განსხვავებული იყო. ყოველდღიურობაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა დიეგოსათვის „სასაუზმე კალათის“ მომზადებას. ლურჯი ფერის (რა გასაკვირია?!) ბადიას ფრიდა რამდენიმე ნაწილად ჰყოფდა და თითოეულ განყოფილებაში „დიეგიტოს“ საყვარელ კერძს ათავსებდა. ამ ნაკრებს ერთვოდა ახალგამომცხვარი მექსიკური პური – ტორტილია, ჯერ კიდევ სითბოშემორჩენილი. კალათს ყოველთვის ხილითა და ყვავილებით აფორმებდა,ზემოდან კი მოქარგულ ხელსახოცს აფარებდა. საუზმეს ზოგჯერ თან ერთვოდა ბარათი: „წარმატებები, ჩემო სიყვარულო…“ მეუღლეს ძირითადად თავად მიჰქონდა კალათი სახელოსნოში.
გვადალუპე იხსენებს მის ერთ-ერთ დაბადების დღეს, როდესაც სტუმრებს ფრიდამ უმასპინძლა. დღეობაზე გოგონას შეყვარებულიც (მომავალში მექსიკის პრეზიდენტი) იყო მიპატიჟებული. გვადალუპეს რჩეულსა და დიეგოს შორის წარმართულმა საუბარმა, რომელსაც პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა, სტუმრებს უხერხულობა შეუქმნა. მხსნელად ისევ ფრიდა მოევლინა ყველას: თავისი ხალასი ხუმრობებითა და ჯადოსნური კერძებით.

3_issue_culinart52

ასე გამოიყურებოდა გვადალუპეს სადღესასწაულო მენიუ:

1. მაკარონი ისპანახის სოუსში
2. შემწვარი ქათამი მიწის თხილის საწებლით
3. პულქეში (სასმელი აგავას წვენისგან დაყენებული) მოშუშული ძროხის ხორცი
4. ხოქუეს (გაწურული იოგურტი) სუფი
5. გუავა სიროპში
6. ნუშის ორცხობილები
თითოეული კერძი განსაკუთრებული მეჩვენება, ალბათ იმიტომაც, რომ ფრიდას ნახელავია. თავადაც ვცადე ერთ-ერთის მომზადება და ვინაიდან უმეტესობა ეგზოტიკურ და ჩვენთვის მეტად იშვიათ „ინგრედიენტებს“ შეიცავს, არჩევანი მაკარონზე შევაჩერე და ასე მოვიწყვე ჩემი „არდაბადების დღე“ ფრიდასთან ერთად.

3_issue_culinart53
ზემოდან კი მოქარგულ ხელსახოცს აფარებდა. საუზმეს ზოგჯერ თან ერთვოდა ბარათი: „წარმატებები, ჩემო სიყვარულო…“ მეუღლეს ძირითადად თავად მიჰქონდა კალათი სახელოსნოში.
გვადალუპე იხსენებს მის ერთ-ერთ დაბადების დღეს, როდესაც სტუმრებს ფრიდამ უმასპინძლა. დღეობაზე გოგონას შეყვარებულიც (მომავალში მექსიკის პრეზიდენტი) იყო მიპატიჟებული. გვადალუპეს რჩეულსა და დიეგოს შორის წარმართულმა საუბარმა, რომელსაც პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა, სტუმრებს უხერხულობა შეუქმნა. მხსნელად ისევ ფრიდა მოევლინა ყველას: თავისი ხალასი ხუმრობებითა და ჯადოსნური კერძებით.

3_issue_culinart55

მაკარონი ისპანახის სოუსში

დაგჭირდებათ:

* 1,5 კგ ახალი ისპანახი
* მარილი
* პილპილი
* 3 სუფრის კოვზი კარაქი
* 3 სუფრის კოვზი ფქვილი
* 2 ჭიქა ცხელი რძე
* 1 ჭიქა ნაღები (ან არაჟანი)
* 1 კგ მაკარონი
* 1 ჭიქა დაფხვნილი პარმეზანი

გარეცხეთ ისპანახი და მოაშორეთ ღეროები. მოთუშეთ წყალში, შეაზავეთ მარილით, პილპილითა და წიწაკით. გააგრილეთ, გადაწურეთ და მოამზადეთ პიურე.
გაადნეთ კარაქი, მასში ჩაყარეთ ფქვილი და მოშუშეთ, დაუმატეთ რძე, ნაღები, მარილი, პილპილი და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დააყოვნეთ სოუსი გასაგრილებლად და გადაურიეთ ისპანახის პიურეს. მოხარშეთ მაკარონი, კარგად გადაწურეთ. საცხობ ფორმას მოუსვით ცოტაოდენი ცხიმი, საასხით ნახევარი სოუსი, შემდეგ ზემოდან დააყარეთ მაკარონი, მოასხით დარჩენილი სოუსი, მოაყარეთ პარმეზანი და გამოაცხვეთ ღუმელში სანამ ყველი არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com