დიანა ანფიმიადის ბლოგი

კულინარიული წიგნების მიმართ ჩემი განსაკუთრებული ტრფობის შესახებ კარგად იციან მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა. ამიტომ ყოველთვის, როდესაც ვინმეს რამე საინტერესო ეგულება საკუთარი ბიბლიოთეკისა თუ სამზარეულოს თაროზე, ანდაც თუკი მსგავს მტვერწაყრილ წიგნს – ბუკინისტებში, ხოლო მაღაზიაში – პრიალაყდიანსა და ახალგამოცემულს გადააწყდებიან, მე მომაწვდიან ხოლმე, ვინაიდან ყველაზე მეტად კულინარიული წიგნები მიყვარს – ზოგი მათგანი კი, განსაკუთრებით.
განა რა არის განსაკუთრებული ფოტოების გვერდით ჩამომწკრივებულ რეცეპტებში? – იკითხავს ზოგიერთი. იკითხავს და აუცილებლად მიიღებს ჩემგან სიტყვამრავალ და ალაგ-ალაგ ემოციურ პასუხს: აი, დაახლოებით დედა შვილს რომ აქებს ხოლმე, ისეთს.
კულინარიული წიგნი მხოლოდ საკვების მომზადების წესთა კრებული როდია, ის შეიძლება ერთნაირი წარმატებით მხატვრული ლიტერატურაც იყოს, ისტორიის სახელმძღვანელოც, გეოგრაფიული ატლასიც, ბიოგრაფიული ცნობარიცა და სასიყვარულო პოეზიაც კი.
მოკლედ, არც კი ვიცი, რა დავარქვა იმ ფაქტს, თუ არა კულინარიული პარადოქსი, ანდაც ბედისწერა, როდესაც ცოტა ხნის წინ, ორი დღის ინტერვალით, ჩემმა ორმა მეგობარმა ორი კულინარიული წიგნი მაჩუქა.
ერთი 1973 წელს, ამერიკაშია გამოცემული, ფერადი ყდა აქვს და 30 წუთში მოსამზადებელი კერძების რეცეპტებს მოიცავს. კერძების თემატიკა მრავალფეროვანია, ფოტოები – არცთუ საუკეთესო ხარისხის, მაგრამ ჭრელ-ჭრელი. კერძები ძირითადად მომზადების სიმარტივის მიხედვითაა დალაგებული, უხვადაა მოცემული სხვადასხვა სახის მზა სოუსი თუ გამაფხვიერებელი, განსაკუთრებით მდიდარი კი – ე.წ. „ბრანჩის“, ანუ „გვიანი საუზმის“ განყოფილებაა.

3_issue_culinart4       3_issue_culinart5

3_issue_culinart1111_Page_045
წიგნს საკმაოდ ომახიანი წინასიტყვაობა უძღვის, დაახლოებით ასეთი – „გვიან ბრუნდებით სამსახურიდან? ოჯახის წევრები მშივრები გხვდებიან? ხსნა ამ წიგნშია!“
ჩემმა მეგობარმა ეს წიგნი მეორადი ნივთების ბაზრობაზე იყიდა, არ მახსოვს ზუსტად, რა ჰქვია ამ წესს, როდესაც მობეზრებული, გამოუსადეგი თუ უბრალოდ, თაროზე „ვერდატეული“ ნივთები გამოაქვთ და ძალიან იაფად ყიდიან. ამიტომაც ჩემს წიგნს ნამდვილი ამერიკელი დიასახლისის კვალი ამჩნევია.
მეორე წიგნიც ასევე 1973 წელს არის გამოცემული, ოღონდ საბჭოთა კავშირში. ძალიან სქელი და მძიმეა, ყავისფერი, შეუხედავი ყდა აქვს, გაფორმებულია შავ- თეთრი ფოტოებით. წიგნის შესავალში დაწვრილებით არის განხილული მუშათა კლასის საყვარელი ადგილების – საბჭოთა რესტორნების აღჭურვილობა, საკმაოდ გულახდილი მინიშნებით, რომ საბჭოთა ნაწარმი სხვა ყველას ჯობია.
ვზივარ, ვათვალიერებ და ფურცლებს აშკარად საბჭოთა სანატორიუმების სუნი ასდის. საიდან იციო, იკითხავთ. მე ხომ საბჭოთა კავშირს ვერ მოვესწარი, თუმცა მისი ანარეკლი მეც მდევს თან, რუსული „ზაპეკანკისა“ და კეფირის სახით.
ვათვალიერებ ორივე, ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ წიგნს და მათი გამოშვების თარიღზე, 1973 წელზე ვფიქრობ…
1973 წელს ვიეტნამი უკანასკნელმა ამერიკელმა სამხედრომ დატოვა.
საბჭოთა კავშირის ტელეეკრანებზე, ცნობილი სერიალის, „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვების“ ჩვენება დაიწყეს.
საბჭოთა კინო ახალი შედევრით – ვასილი შუკშინის „წითელი ძახველით“ გამდიდრდა; იტალიაში გენიალურმა ფედერიკო ფელინიმ გენიალური „ამარკორდის“ გადაღება დაამთავრა. ამერიკაში ერთდროულად გამოვიდა რამდენიმე საკულტო მუსიკალური ჯგუფის ალბომი და რამდენიმე მნიშვნელოვანი ჰიტიც დაიწერა.

საბჭოთა კავშირი საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო კონვენციას შეუერთდა.
თბილისის „დინამომ“ ბერლინის „ჰერტა“ 2:0 დაამარცხა. ქერჩს გმირი ქალაქის წოდება მიენიჭა. ნიქსონი მეორე ვადით აირჩიეს ამერიკის პრეზიდენტად… და ა.შ. და ა.შ.
ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და დაპირისპირებული სამყარო თავის ცხოვრებას აგრძელებდა – ორივე სამყარო არსებობდა პროპაგანდით, განსაკუთრებული თუ ჩვეულებრივი, ღირსეული თუ უღირსი ადამიანების ცხოვრებით, აწყობდა კოსმოსურ ექსპედიციებს, როგორც წარმატებულს, ასევე წარუმატებელს. ჰყავდა ძალიან კარგი და ძალიან ცუდი მწერლები, ქმნიდა ძალიან კარგ და ძალიან ცუდ მუსიკას, არ უყვარდა განსხვავებული აზრი, განსხვავებული კანის ფერი, განსახვევებული გემოვნება და ცხოვრობდა ასე…
წინ მიდევს ჩემი ორი წიგნი და ვფიქრობ, რომ კულინარიულ წიგნებში ყველაფერი პირიქითაა. აქ, პროპაგანდისტული რომანებისგან განსხვავებით, იმპორტული ჯინსების ყიდვა სამშობლოს ღალატად არ ითვლება, არც ქვეყნის დატოვების სურვილის გამო სჯიან ვინმეს სიკვდილით, არც პროპაგანდისტი პოეტების რჩეული კრებულებივით შეხვდებით რომელიმე ბელადის ხოტბის შესხმას.

3_issue_culinart113_issue_culinart123_issue_culinart1111_Page_046

3_issue_culinart18
აქ ყველაფერი მშვიდი, ლამაზი და გემრიელია, განსაკუთრებით კი – დესერტების განყოფილებაში, სადაც ერთმანეთისგან რკინის ფარდით გაყოფილ ორ მტრულ და დაპირისპირებულ სამყაროში მზარეულები ერთნაირ კერძებს ამზადებენ. და რა მნიშვნელობა აქვს ფორთოხლის ნამცხვარს „მაფინის“ ფორმაში გამოაცხობ თუ „ტარტალეტის“, მთავარია, კრემს თქვეფა არ დააკლო, ადამიანებს კი – სიყვარული.

3_issue_culinart24

3_issue_culinart1111_Page_047

3_issue_culinart25

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com