საუზმე ეკა სამხარაძესთან

საუზმის რუბრიკა ჩვენს ჟურნალში სიახლეა, ამიტომ როდესაც პირველ რესპონდეტზე დავიწყეთ ფიქრი, პირველი ეკა სამხარაძე გაგვახსენდა. ეკა წლებია დილის გადაცემის ტელეწამყვანია, და შეიძლება ითქვას, რომ მაშინ როცა ქალაქში თითქმის ყველას სძინავს, ეკა სამსახურისკენ მიიჩქარის, რათა დილიდან მაყურებლის კარგ განწყობაზე იზრუნოს. საინტერესოა, ასწრებს თუ არა ის დილით საუზმეს და რა კერძი გამოსდის მას ყველაზე კარგად?! ამ ყველაფერის შესახებ ჩვენს ინტერვიუში:

როგორი დიასხალისია ეკა?

ჩემი დიასახლისობა ეტაპებად არის დაყოფილი. აქვს როგორც მიძინების, ისე გაღვიძების პერიოდი. თავიდან ვიყავი ძალიან პასიური, შემდეგ შემოტევა მქონდა და აქტიურად ვამზადებდი. იყო დრო, როცა საცივიც გამიკეთებია და გოზინაყიც. ახლა მიძინების პერიოდი მაქვს. ეტყობა ასაკზეც არის დამოკიდებული, სიტუაციაზეც და განწყობაზეც. ხანდახან დიდი სურვილი მიჩნდება, რომ შემოქმედებითი ვიყო ამ სფეროშიც. რაღაცებს ვიგონებ, რაც ყველაზე მარტივია; თუ ვიცი კერძის კონკრეტული რეცეპტი, მაშინ კარგად გამომდის, და ვინც მიირთმევს ისიც ამას აღნიშნავს; ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება, თავს არ ვიქებ. ამიტომ მშვიდად ვარ, ვიცი, როცა დამჭირდება გავაკეთებ და გემრიელიც გამოვა.

როგორ იწყება დილა?

ჩემი დილა მინიმუმამდეა დაყვანილი. მხოლოდ აბაზანის პროცედურები, მერე ვიღებ საეთეროდ განკუთვნილ ტანსაცმელს, ძალიან სწრაფად მივდივარ მანქანამდე და კიდევ უფრო სწრაფად მივდივარ სამსახურში. გზაში სულ მაქვს 10 წუთი. ძალიან მაღალ ხმაზე ვრთავ მუსიკას და ეს მეხმარება სწრაფად გამოღვიძებაში.

ჩაი თუ ყავა?

ყავა. დღე იწყება ყავით. ყავა არის მთელი დღის თანმდევი, მე არ მაქვს დათვლილი დღეში რამდენ ფინჯანს მივირთმევ. ვიცი, ეს არ არის კარგი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ სხვანაირად არ გამომდის.

ყველაზე ხშირად რას ამზადებ?

ყველაზე მარტივი არის ერბოკვერცხი, და ბევრს უყვარს. ბავშვსაც უყვარს, მეც ძალიან, თან კვერცხთან ბევრი შეთამაშება შეიძლება: ყველი, რძე, ხორცი, პომიდორი ‒ ყველაზე მარტივი თემაა ჩემთვის.

ჯანსაღ კვებასთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

რაც ასაკი გვემატება ადამიანებს, მით უფრო მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ჩვენი ორგანიზმი არის ჩვენი საცხოვრებელი ადგილი, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ, იმისთვის, რომ დიდხანს გვემსახუროს და იყოს ჯანსაღი. შესაბამისად, რაც 30 წელს გადავაბიჯე, ამის მერე დადგა ჩემს ცხოვრებაში მომენტი, რომ გავუფრთხილდე ორგანიზმს და მივიღო მხოლოდ ჯანსაღი საკვები. შესაბამისად, ნელ- ნელა ქრება ჩემი რაციონიდან ცხიმიანი საკვები, ცომეული და უფრო ხილს და ბოტნეულს ვანიჭებ უპირატესობას. მინდა რომ ბავშვიც ამ რეჟიმზე გადავიყვანო, მის რაციონში არაჯანმრთელი საკვები ნაკლები რომ იყოს.

შენი აზრით განწყობას აქვს მნიშვნელობა სამზარეულოში?

განწყობით იქმნება ყველა კერძი. განწყობით მიხვდები, რა გინდა იმ დღეს მოამზადო და არ გამოგივა გემრიელი კერძი, თუ განწყობა არ გაქვს. ეს არის შემოქმედებითი პროცესი და თუ გამოგდის კარგად და კმაყოფილი ხარ შედეგით, ეს ყოველთვის განწყობის დამსახურებაა.

კულინარიას თუ სჭირდება ნიჭი?

კი, ბევრი უნარი სჭირდება კულინარიას და მიხარია, რომ ბოლო პერიოდში, საქართველოში, ძალიან დაფასდა ეს მიმართულება. დღეს კულინარს აღვიქვამთ, როგორც პროფესიას და არა როგორც მეორეხარისხოვან საქმეს. კარგი კულინარი ნიჭიერიც უნდა იყო, მოხერხებულიც, მარჯვეც, მიხვედრილიც და სწრაფიც. ბევრი უნარია საჭირო იმისთვის, რომ კერძი სწორად გააფორმო და მიიტანო სუფრამდე.

როგორი დეგუსტატორი ხარ?

ალბათ კარგი, არ ვიცი, ესე დეგუსტატორად არასდროს მომისინჯავს ძალები, მაგრამ კარგს ვაფასებ, შესაბამისად ალბათ ‒ ნორმალური.

ვისგან ისწავლე მზადება?

ჩემი ბებო ამზადებდა ძალიან კარგად. დედაც ამზადებს ძალიან გემრიელად. გაზრდილი ვარ ძალიან გემრიელ და გემოვნებიან კერძებზე. შესაბამისად ეს გენეტიკურად მოდის ალბათ, მათი დამსახურებაა ის, რომ მე დღეს მზადება შემიძლია.

რომელია შენი ფავორიტი სამზარეულო?

იაპონური. თავიდან სუში რომ გავსინჯე, ვერ მივიღე. დრო დამჭირდა, რომ მომწონებოდა. დღეს კი ვიტყოდი, რომ ყველაზე მეტად მიყვარს, თან მსუბუქია და თან ნოყიერი.

რომელი ინგრედიენტი არ გიყვარს და არ გამოიყენებ საჭმლის კეთების დროს?

ინგრედიენტი არ ვიცი, მაგრამ ცხიმს გამოვრიცხავდი.

დესეტრები?

ოოო… დესერტები არის ჩემი სუსტი წერტილი. შეიძლება მე მთელი დღის მანძილზე არ გამიჩნდეს სურვილი ვისადილო, მაგრამ აუცილებლად მომინდება ერთი ნაჭერი ნამცხვარი. მიყვარს შოკოლადის მიმართულება. შოკოლადის ტორტი, ნაყინის ტორტი, ფავორიტებია. სადაც შოკოლადი ფიგურირებს, მე იმას ვანიჭებ უპირატესობას. ალუბლისა და შოკოლადის კომბინაცია ერთად კიდევ უფრო მიმზიდველია. 

ქართული სამზარეულოდან რომელ კერძს გამოყოფდი?

საცივი ‒ ნომერ პირველია. იყო დრო როდესაც დედაჩემს უწევდა წელიწადში 4-ჯერ ან 5-ჯერ საცივის კეთება. ძალიან მიყვარს. ახალი წელი რომ მოდის და მახსენდება, რამდენიმე დღე სახლში საცივი იქნება, ძალიან ბედნიერი ვარ.

ლიზას რა უყვარს შენი მომზადებული?

ლიზას უცნაური გემოვნება აქვს. უყვარს კატლეტი, ქათმის ხარჩო ‒ ქათამი ნიგვზის სოუსში.

როგორია ზურა სამზარეულოში?

ზურა კარგი მზარეულია. ჯანმრთელი მიმართულება აქვს. ზურასგან მაქვს ის მომენტი, რომ მეც დავიწყე ჯანსაღი საკვების მიღება. ზურას ხორცზე უარი აქვს ნათქვამი და მისი საკვები ძირითადად ბოსტნეულია ‒ ისიც მოხარშული და არა ცხიმში დამუშავებული.

მამაკაცებს, როგორ ფიქრობ გამოსდით კეთება?

კი გამოსდით. მე მგონია, რომ უფრო კარგად გამოსდით, ვიდრე ქალებს. ძალიან დასაფასებელია, როცა ადამიანი სხვა პროფესიისაა და სამზარეულოსთანაც კარგი დამოკიდებულება აქვს.

თუ გაქვს საყვარელი ადგილი სადაც სადილობთ ხოლმე?

რამდენიმე რესტორანია, მაგალითად, სტრადა.

შენს მაცივარში ყოველთვის ვიპოვით…

იოგურტს.

რა მოგვიმზადე დღეს?

რადგან თემა გვაქვს საუზმე, ვფიქრობ, საუზმეზე კარგი შემოთავაზება არის ომლეტი, თანაც როცა რთული დღე და გრაფიკი გაქვს; შეზღუდული ხარ დროში და სახლიდან მალე უნდა გახვიდე, შეიძლება უცბად მოიმზადო ომლეტი, მაგალითად, ცოცხალ ბოსტნეულთან ერთად. ხშირად ვაკეთებ ასე: რძესთან ერთად, ბოსტნეული, ჩერი და ყველი. ასევე, ჩემთვის საუზმე არის ყველი, თაფლთან ან რაიმე თეთრ მურაბასთან ერთად. მურაბებიც ძალიან მიყვარს, ოღონდ კარგი უნდა იყოს. ქართული ყველიც ბოლო დროს განსაკუთრებულად შემიყვარდა, თან დიდი არჩევანი გვაქვს; ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე ქვევრის საოცარი ყველი სოფელი ხანიდან, კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და ყველას ვურჩევ დააგემოვნოს. შემიძლია ჩემი საუზმე, სადილი და ვახშამი მხოლოდ ყველისგან შედგებოდეს. ძალიან მიყვარს ყველის და ტკბილის კომბინაციაც, მაგალითად, თაფლი და ყველი ერთად.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com