დათუნას კოქტეილები

აღმოვაჩინე, რომ დათუნა ალადაშვილს განსაკუთრებით უყვარს კოქტეილები. ამ საკითხში საკმაოდ სერიოზული გემოვნება ჰქონია. დათუნამ რამდენიმე კოქტეილი სპეციალურად ჩვენთვის მოამზადა და მათ შესახებ ინფორმაცია და საინტერესო რჩევები მოგვაწოდა.

რომელია დათუნას საყვარელი კოქტეილი?

ბევრი სხვადასხვა კოქტეილი მიყვარს, სეზონის მიხედვით. თუმცა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კოქტეილია ‒ “Whiskey Horse With White”, რომელიც უფრო ზამთარში მიყვარს, მაგრამ ზაფხულშიც შეიძლება მივირთვათ. ზაფხულში გადავდივარ ხოლმე “Negroni“-ზე, რომელიც საკმაოდ ძლიერია, ჩემთვის ის ასოცირდება ზაფხულთან, მას აქვს ტროპიკული გემო, რადგანაც მასში გარეულია კამპარი. ზოგადად, კამპარი მიყვარს ნებისმიერ კომბინაციაში. ასევე კამპარით მზადდება “Campari Spritz”, ან აპეროლით – “Aperol Spritz”, რომელიც ასევე ძალიან უხდება ზაფხულს. ზალსბურგში, მოცარტეუმში, ფესტივალის მიმდინარეობის პირველივე საათიდან, ყველას ხელში უჭირავს საზაფხულო კოქტეილის ჭიქა, პატარა ფორთოხლით, სტაფილოსფერ, ვარდისფერ ან ყვითელ ფერებში, ყველა სვამს “Aperol Spritz”-ს. მერწმუნეთ, ის ძალიან კარგია ზაფხულის ცხელი დღეებისთვის…

როგორც გატყობ, საკმაოდ გარკვეული ხარ ამ თემაში. როდის გაგიჩნდა ინტერესი კოქტეილების მიმართ?

საერთოდ, მე მიყვარს ყველაფერი, რაც ასოცირდება სამზარეულოსთან, კერძებთან; ყოველთვის მაინტერესებს რა მოუხდება, რა სასმელი უნდა ავურჩიოთ ამა თუ იმ კერძს. ნიუ-იორკში ცხოვრების დროს, ძალიან სერიოზუ- ლად შევისწავლიდი ამ ხელოვნებას, მინდოდა კარგად გავრკვეულიყავი ამ საკმაოდ რთულ საქმეში. მიხარია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოშიც დაიწყეს კერ- ძებთან სასმელის სწორად შერჩევა. ძალიან ბევრ ადგი- ლას შეგვიძლია დავაგემოვნოთ გემრიელი სასმელი. განსაკუთრებით „სტრადაში“, სადაც ჩემი დაჟინებული მოთხოვნით „ნეგრონი“ დაემატა მენიუს; ჩვენ რამდენიმე წლის წინ „ნეგრონის“ რამდენიმე ვარიაცია გავაკეთეთ, ექს- კლუზიურად „კულინArt“-ისთვის და მას „ოპუს 13“ დაერქვა; ეს კოქტეილი ძალიან ხშირად მზადდება ხოლმე, ოღონდ მხოლოდ ვიპ სტუმრებისთვის.

მეგობრებს თუ უყვართ შენი მომზადებული კოქტეილი?

როგორც წესი, მეგობრები ცდილობენ მხოლოდ ერთი სა- ხეობის კოქტეილი დალიონ, იმიტომ რომ მე ძალიან უხვად ვიყენებ ალკოჰოლს, ამიტომ ერთი ჭიქით კმაყოფილდებიან.

რას ურჩევ „კულინArt-ის“ მკითხველს, ზაფხულისთვის რომელი ალკოჰოლური სასმელით გაგრილდნენ ცხელ დღეებში?

ყოველთვის ძალიან კარგია სამხრეთ საფრანგეთის „როზე“, ან თუ სამხრეთ აფრიკაში მოხვდებით, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ მათივე თეთრი ღვინო, ცოტა ყინულით. რა თქმა უნდა, საქართველოში ღვინის არჩევანი დიდია. ძალიან მიყვარს მე „ხიხვი“, ასევე კარგია ჩაცივებული „ლამბრუსკო“; რაც შეეხება სადილზე მისართმევ სასმელს, სასურველია, რაიმე ძლიერი კოქტეილი, იმისთვის, რომ მადა გაიხსნას.

რამდენიმე წლის წინ, ექსკლუზიურად „კულინArt”- ისთვის შექმნილი კოქტეილი Garibaldi Sbagliato: 50 მლ. ფორთოხლის წვენი, 25 მლ. კამპარი და 25 მლ. ჰეინდრიქსის ჯინი, ზემოდან შამპანური, ფორთოხლით გაფორმებული.

Hendrick’s Tonic

ინგრედიენტები:

  • ·  50 მლ. ჰენდრიქსის ჯინი

  • ·  150 მლ. ტონიკი

  • ·  3 კიტრის ნაჭერი

    რეცეპტი:

  • ·  ჩაყარეთ ყველა ინგრედიენტი ყინულით სავსე Highball-ში

  • ·  ნელა მოურიეთ

  • ·  დაამატეთ მრგვალად დაჭრილი

    3 კიტრის ნაჭერი

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com