შავი პასტა კრევეტებით ქეთის იტალიური რესტორნიდან

ბოლო პერიოდში მთლიანად ახალი წამოწყებით ვარ მოცული ‒ ივლისში ვერაზე ახალ რესტორანს ვხსნი; ახლა რემონტის პროცესია და, პარალელურად, უამრავ დეტალზე მიწევს ფიქრი. ეს იქნება ნამდვილი იტალიური რესტორანი თავისი ეზოთი, იტალიური სულით…

საჭირო ინგრედიენტები:

  • შავი პასტა – 1 შეკვრა

  • კრევეტი – 500 გრ.

  • იტალიური ტომატის

    პიურე – 1 ქილა

  • თეთრი ღვინო –

    ნახევარი ჭიქა

  • ნიორი – 2-3 კბილი

  • ზეითუნის ზეთი

  • ლიმონი

  • ოხრახუში                                                                                                                                                                      

 მომზადების წესი 

კრევეტებს ცოტა ხნით ჩავალბობთ ზეითუნის ზეთში, ნივრისა და ლიმონის წვენში, შემდეგ შევწვავთ, ტაფაშივე დავასხამთ პომიდვრის სოუსს, ღვინოს და წამოვადუღებთ; მოხარშულ პასტას და ოხრახუშს დავამატებთ და ყველაფერს ერთმანეთში ავურევთ.

„მამა მია“ ‒ ასე ერქმევა ახალ სივრცეს. რესტორნის სახელწოდება ერთმა ძველმა იტალიურმა პოსტერმა მიკარნახა, რომელზეც იტალიელი დიასახლისი და ზუსტად ის ესთეტიკაა გამოსახული, რაც მე ჩემი რესტორნისთვის წარმომიდგენია.

ახალი სივრცისთვის ვყიდულობ პასტის მანქანას, რომლითაც ყველა სახეობის პასტას მოვამზადებთ. ასევე სიახლეა ყველის მინიწარმოება, სადაც თავად დავამზადებთ მოცარელას, ბურატას, ნაღებს, კარაქს თუ ნადუღს. ვფიქრობ, ამით ერთგვარად ახალ ეტაპზე გადავდივარ. მგონია, რომ უკვე ძალიან დიდია კონკურენცია და რაღაც განსაკუთრებული უნდა შესთავაზო შენს მომხმარებელს, მარტო კარგი და გემრიელი საჭმელი, მგონი, აღარ არის საკმარისი. კიდევ მეტია საჭირო.

რესტორანთან ინტეგრირებული იქნება მინი მაღაზია. ვთქვათ, მიდიხარ სახლში, არ გაქვს დრო შემოხვიდე და დაჯდე. ამ შემთხვევაში იყიდი, იგივე, პასტას, მისთვის საჭირო სუნელებს, წაიღებ და სახლში მოამზადებ. ინგრედიენტების ნაწილს, მაგალითად, პროშუტოს ან ზოგიერთი სახეობის ყველს იტალიაში შევუკვეთავ, შემდეგ აქ დაფასოვდება და „მამა მიას“ ბრენდით გაერთიანდება. იტალიური იქნება ღვინო. 

იტალიური სამზარეულო ჩემი ერთ – ერთი ფავორიტია. ზოგადად, ქართველებს ძალიან მოსწონთ და უყვართ იტალიური კერძები. ვფიქრობ, რომ თბილისში კარგი იტალიური რესტორნებით განებივრებულები არ ვართ.

ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ თავად ფართი გკარნახობს კონცეფციას და იმას, რა უნდა გააკეთო იმ სივრცეში. ვფიქრობ, ეს ადგილი ზუსტად ზედგამოჭრილია იტალიური რესტორნისთვის. თავისი ეზოთი, ღია და გადახურული სივრცით. ზოგადად, ბევრი რამ ქმნის იმ იტალიურ სულს, რაც ასე მოგვწონს მოგზაურობისას: ინტერიერი, თეფში, ჭიქა, ყავის გემო, მენიუ… ყველანაირი პასტა ჩემი მომზადებული იქნება, მათ შორის იქნება შავი პასტა კრევეტებით. მარტივი მოსამზადებელია და, ამავე დროს, უგემრიელესი, ცოცხალი გემოთი! პიცა გექნება თუ არაო, ‒ ყველა მეკითხება. ჩემი პასუხია: არა. ასეთი კლასის რესტორანში, როგორც წესი, არ არის ხოლმე პიცა, შაბათ-კვირას შეიძლება მქონდეს მენიუში.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com