ზვიად კვარაცხელიას საოჯახო ხელოვნება

თვლის, რომ ოჯახური ცხოვრება, ისევე როგორც შემოქმედება, შრომას, საკუთარ თავზე პერმანენტულ მუშაობას მოითხოვს. საზოგადოებისთვის მწერალი ზვიად კვარაცხელიაა, სახლის კარს მიღმა კი – უბრალოდ, მეუღლე და სამი შვილის მამა.ამ როლს მიიჩნევს ყველაზე რთულ და აზარტულ ამოცანად. 

კულინარიას, გასტრონომიას რამდენად მნიშვნელო­ვანი ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში?

ამ მხრივ, სიმართლე რომ ვთქვა, პასიური როლი მერგო. უფრო სწორად, ეს მე თვითონ ავირჩიე – გასტრონომიული ქმნილებების მხოლოდ დაგემოვნებაში ვიღებ მონაწილეობას და მათი შექმნის პროცესს თითქოს გავურბივარ. შემოქმედება ‒ პასუხისმგებლობაა, ამიტომ ისეთ რამეში მონაწილეობა, სადაც წინასწარ გგონია, რომ განსაკუთრებული ვერაფერი გამოგივა, მგონი, არ ღირს. თუმცა იმედს მაინც არ ვკარგავ.

რამდენად თამამი დეგუსტატორი ხართ?

ეგ კი ნამდვილად უკეთ გამომდის. ცხადია, აქაც მოყვარულის ამპლუაში ვარ, მაგრამ რაღაც-რაღაცების ავკარგიანობაზე ჩემი აზრის გამოთქმა არ მერიდება.

რომელია თქვენი ბავშვობის მთავარი გემო?

ბებიაჩემის მიერ მომზადებული, მისი ეზოს პიტნით შეზავებული გებჟალიაა, რომელიც ახლა ისევე მენატრება, როგორც ბებიაჩემი და მასთან გატარებული შაბათ-კვირა თუ ზაფხულის ცხელი დღეები.

ოჯახური სადილების ტრადიცია თუ გაქვთ?

ადრე უფრო გვქონდა, როცა ბაბუაჩემი ყველას ერთად დაგვსხამდა და ცხელი კერძების ჰაერით დამძიმებულ ოთახში საოცარ ამბებს გვიყვებოდა, თავისებური სვენებ – სვენებით. ის იოლად ახერხებდა თავისთან, სოფელში, ცაიშში ჩავეტყუებინეთ გაქალაქელებული შვილიშვილები. თუმცა მაშინ იმ ასაკში ვიყავით, მისი დაძახება არც დაგვჭირვებია; ახლა რამდენჯერმე თავი გამოვიდე ამ ტრადიციის აღდგენისთვის როგორც თბილისში, ისე ზუგდიდში, თითქოს რაღაც გამოვიდა კიდეც, მაგრამ დროისა (უდროობის) და დისტანციის პრობლემა მაინც თავისას შვრება.

ჯანსაღ კვებას რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ?

ვიცი, მსმენია და ჩემი ხანმოკლე დაკვირვებითაც დავრწმუნებულვარ, რომ ჯანსაღი კვება აუცილებელია. ხშირად მიცდია, ჩემი ყოველდღიური კვება რაღაც კალაპოტში მომექცია, საქმეში ჩახედული ადამიანების რჩევებს დავყო- ლოდი. ერთი-ორჯერ გამომივიდა და შედეგით კმაყოფილი ვიყავი, თუმცა სავალდებულო წესად დღემდე ვერ ვაქციე.

გახდა თუ არა დაბალანსებული კვების საკითხი უფრო აქტუალური მას შემდეგ, რაც შვილები გყავთ?

შვილების შემდეგ საერთოდ ბევრი რამ შეიცვალა. ჯერ ერთის, მეორის, მესამის… ყველამ თავისი სიახლე შემოიტანა და თავისი წილი მოითხოვა ჩემგან. ცოტა ფხიზლად და ჯანსაღად ყოფნა უნდა ამ ყველაფერს. კვებაც ამ ჯანმრთელი რაციონის აუცილებელი ნაწილია. ხანდახან ვამბობ, რა მაგარია, რომ ფეხბურთს ვთამაშობდი, თუნდაც სკოლის ასაკში: ამის გამო ბევრ რამეზე უარის თქმა მომიწია თავიდანვე და ბევრი რამ, რამაც შემდეგ გაძლების ძალა მომცა, თავისით დაგროვდა.

ჩვენი ოჯახის უფროსი თაობის მთელი ძალისხმევა იმისკენაა მიმართული, რომ პატარებმა კარგად იკვებონ. მე მგონი, ასე თუ ისე, გამოგვდის კიდეც.

შეგიძლიათ თუ არა და გეხერხებათ თუ არა რამის მომზადება?

რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, ყველა სტუდენტური საჭმელი კ-ზე იწყებაო: კვერცხი, კარტოფილი, „კალბასი“, კიტრი-პომიდორი… ამათ ვახერხებ. კიდევ შეიძლება ერთი-ორი დასახელების მიმატება. თან სტუდენ- ტობა მშობლიურ ქალაქში გავატარე და სამზარეულოში იძულებითი ფუსფუსის ვალდებულება არ მქონია. რა თქმა უნდა, ამანაც გამაზარმაცა.

როგორ ახერხებთ დროის ეფექტურად გადანაწილე­ბას საქმესა და ოჯახს შორის? რა არის საჭირო ამ ბალანსის შენარჩუნებისთვის?

ჯერჯერობით იმას ვახერხებ, რომ ვცდილობ საქმეს დროის რაღაც ნაწილი წავგლიჯო ოჯახის სასარგებლოდ. ხან გამომდის, ხან – არა. ჩემი ასაკისთვის თანაბარი ბალანსის შენარჩუნება რთულია – ზედმეტად გაქვს შენი თავის იმედი, გინდა ყველაფერს გაწვდე და იმას აკლებ, რასაც გგონია, რომ იოლად აუნაზღაურებ.

ფუნქციებს როგორ ინაწილებთ ოჯახში? თუ არის ვალდებულებები, რომლებიც ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნულია როგორც ქალის და კაცის; როგორც დედის და მამის?

მქონდა ასეთი ვალდებულება თუ ახირება, რომელსაც ოჯახში არავის ვუთმობდი – ბავშვების დაბანა, მათი გამშრალება და ყურების გაწმენდა. ახლა ცოტა გართულდა ეს პროცესი – ბიჭები წამოიზარდნენ და მათი ერთიანად დამორჩილება ადვილი არ არის; მიყვარს იმის ყურება, თუ როგორ დადებით გავლენას ახდენს წყალი ბავშვზე. ჩემებს განსაკუთრებით უყვართ წყალი. შხაპქვეშ წოლა, აუზი, მდინარე, ზღვა – უარს არაფერზე ამბობენ.

ისე, რა ფუნქციების გამიჯვნაზეა საუბარი – ხანდახან ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდები, რაც იცი და რაც არ იცი, ყველაფრის გაკეთება გიწევს. იღლები და ძალა გეცლება, მაგრამ ოფლში გახვითქული შვებას გრძნობ, რომ კარგ საქმეში დაიხარჯე.

ჩემს მეუღლესთან, მიუხედავად ხშირი კამათისა, ერთ რამეზე უთქმელად ვარ შეთანხმებული: წიგნებზე, სამსახურზე, პრობლემებზე, გადასახადებზე მხოლოდ მას შემდეგ უნდა დავიწყოთ საუბარი, როცა ეს ბიჭები დაიძინებენ.

რას ნიშნავს თავისუფალი დრო თქვენთვის? რას მოიცავს ის? როგორია იდეალურად გატარებული თავისუფალი დრო?

თავისუფალი დრო, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, დღემდე ძნელი მოსაპოვებელია ჩემთვის. ეს არაა მხოლოდ ფიზიკური აქტივობისგან თავის შეკავება, ჭარბი ფიქრებისა და ზედმეტი სურვილებისგან დაცლასაც ნიშნავს.

ბავშვებთან ერთად ეზოში სეირნობა, ბურთის თამაში, ტრენაჟორებზე გახურება, ე. წ. „სასრიალოები“, ღვთისგან დალოცვილი კუს ტბა, ვაკის პარკი თავისი ატრაქციონებით, ზოოპარკი თავისი აღმოჩენებით, და, რა თქმა უნდა, პრემიერლიგის მატჩები შაბათ-კვირას – ალბათ, ესაა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის იდეალურად გატარებული თავისუფალი დრო.

ლიტერატურული პერსონაჟი, რომელიც გურმანი იყო?

ლუარსაბ თათქარიძე. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პერსონაჟი, რომელიც ოცდაექვსი წლის კაცმა შექმნა და მას შემდეგ უფრო და უფრო ცოცხალი და ნამდვილი ხდება.

მიიჩნევთ თუ არა კულინარიას ხელოვნების ფორმად? შეიძლება თუ არა როგორც ხელოვანი რეალიზდე ამ სფეროში?

იმის გათვალისწინებით, რომ ხელოვანად, საკუთარი საქმის პროფესიონალად ჩამოყალიბებას ნიჭი, ხანგრძლივი შრომა, სხვადასხვა უნარისა და დეტალის დახვეწა და დაოსტატება სჭირდება, მგონია, რომ კულინარიაც ხელოვნების ერთგვარი დარგია

როგორ ფიქრობთ, აისახება თუ არა მშობლების ოჯა­ხური ურთიერთობის მოდელი შვილზე და განსაზღვ­ რავს თუ არა ეს მომავალში უკვე შვილის ოჯახურ ურთიერთობებს?

ყველაფერი აისახება, არც ერთი სიტყვა თუ საქციელი არ იკარგება უკვალოდ. მშობლების ურთიერთობა, მით უმეტეს. ერთი ძალიან კარგი მსახიობის ავტობიოგრაფიულ წიგნში ვკითხულობდი, – ახლა, როცა 50 წლისა ვხდები, უფრო ვაფასებ ოჯახს, შვილებს. სახლობანას თამაში არასდროს მიყვარდა, შეიძლება პირადმა გამოცდილებამ იმოქმედა ამაზე – დედა და მამა ერთ ოთახში არასდროს მინახავსო.

რა არის ოჯახური ცხოვრების ყველაზე დიდი სირთულე, ბარიერი, გამოწვევა – რაც გნებავთ დავარქვათ.

ის, რაც სიყვარულით იქმნება, ყოველდღიური რუტინით რომ არ გაცვდეს და გაუბრალოვდეს. პირიქით, უფრო გამძლე და სასურველი გახდეს. ძნელი ამოცანაა, მაგრამ მონდომებად ღირს.

რას დაასახელებდით ყველაზე დიდ მოულოდნელო­ბად, რომელსაც ოჯახის შექმნის შემდეგ წააწყდით? 

ერთ დღეს აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ნიკოლოზი გაუცხოებული, სხვანაირი იყო. უფრო სწორად, ჯერ ბებია- ბაბუებმა შეამჩნიეს და ჩვენ მერე მივაქციეთ ყურადღება. დიაგნოზი – აუტისტური სპექტრის აშლილობა – ორი წლისას დაუდგინდა და მას შემდეგ ჩვენი ცხოვრებაც შეიცვალა.

რა შეცვალა ამ ფაქტმა, რა გასწავლათ?

უცებ მოგვიწია, ჩვენი უფროსი შვილის ინტერესებს, შეხედულებებს, არაორდინარულ ქცევებს შევჩვეოდით და ამასთან ერთად, გვეცადა მის სამყაროში, მის სიმარტოვეში შეღწევა. სხვა გზა არ არსებობს: უნდა მიიღო ის, როგორიც არის და თან არც ის უნდა დაანებო, რომ ყველასგან განმარტოებული, გარიყული იყოს; აჩვენო ადამიანური ურთიერთობების აუცილებლობა ყოველდღიურობაში. ინტენსიური ABA და სენსორული თერაპია, ცურვა, სპეციალური მასწავლებელი ბაღში და მუდმივი ინტეგრაცია თანატოლებთან, საზოგადოებასთან – რა თქმა უნდა, ნიკოსთვის ეს რეჟიმი რთული და დამღლელია, მაგრამ ჩვენც და მასაც გაჩერების, მოდუნების ფუფუნება არ გვაქვს. გარდა მშობლებისა და ბებია-ბაბუების დიდი მონდომებისა, უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ მის გვერდით უმცროსი ძმები არიან. გვიხარია, რომ ამ ძალისხმევას ნაბიჯ-ნაბიჯ შედეგებიც მოაქვს.

რომელია უფრო რთული – მამობის ფიზიკური თუ ემოციური მხარე?

რთულს არ დავარქმევდი, საპასუხისმგებლო უფროა.ეს ორივე წახნაგი – ფიზიკური და ემოციური ერთმანეთს მოიცავს და აწონასწორებს. არც მოდუნების საშუალებას გაძლევს და იქამდეც არ მიყავხარ, რომ გადაიწვე. ერთმანეთშია გაზავებული.

რა არის თქვენთვის ის მთავარი პრინციპები და ღირე­ბულებები, რაც გინდათ, რომ შვილებს გადასცეთ?

მინდა, სამართლიანები იყვნენ და შრომის ფასი იცოდნენ. ადამიანის სიყვარული…

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com