მარადიული სილამაზის გასაღები

ესთეტიკის ცენტრი "MM" 2010 წელს დაარსდა. ამ დროიდან იქცა აქაურობა იმ ადამიანების ფავორიტ სივრცედ, ვისთვისაც გარეგნობაზე ზრუნვა კანის სიჯანსაღესა და სილამაზეზე ზრუნვით იწყება. პროფესიონალიზმი, ხარისხი და სანდოობა ‒ ამ კრიტერიუმებით აფასებს კომპანიას ასობით ერთგული მომხმარებელი.

ცენტრის დამფუძნებელი, ექიმი დერმატოლოგი მაია მამალაძე იმ სტანდარტებზე გვიყვება, რამაც "MM"-ს კონკურენტულ გარემოში ადგილი მარტივად დაუმკვიდრა.

ქალბატონო მაია, როგორ შეაჯამებდით თქვენი ესთეტიკური ცენტრის უკვე რვაწლიან ისტორიას?

თუ განვლილ წლებს შევაჯამებთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სტაბილურად სწრაფი ტემპით ვვითარდებით. ეს იმის გათვალისწინებით, რომ ამ სფეროში საქართველოში დიდი კონკურენციაა და ბაზარზე თავის დამკვიდრება არაა იოლი ამოცანა. ესთეტიკური სილამაზის სფეროში სამი ტიპის კომპანიები გვხვდება ‒ კლინიკები, რომელთა პროფილი მსგავსი პროცედურებია; კომპანიები, რომლებიც ესთეტიკური პროცედურებისთვის საჭირო პროდუქციის დისტრიბუციას ახორციელებენ და მესამე – ისეთი კლინიკები, რომლებიც ხარისხიანი ესთეტიკური მანიპულაციებითაც გახდნენ ცნობილები და დისტრიბუციასაც ეწევიან. ამ ტიპის კომპანიას წარმოადგენს "MM". ამრიგად, ჩვენ სინთეზური პროფილი გვაქვს.

ჩვენს უპირატესობებს შორისაა სხვადასხვა ბრენდი, რომელსაც ექსკლუზიურად წარმოვადგენთ. ყველა პროცედურა ადგილზე ტარდება. დამატებით, მომხმარებელს ვთავაზობთ საცალო პროდუქციას, რომელიც სახლში მოხმარებისთვისაა განკუთვნილი. გარკვეული მანიპულაციების შემდეგ პაციენტს შეუძლია შეიძინოს ეს პროდუქცია და სახლში გაიუმჯობესოს პროცედურის შედეგი.

რა არის თქვენი ესთეტიკური ცენტრის მთავარი მიმართულებები?

ჩვენი ცენტრის მთავარი მიმართულება ‒ კოსმეტიკური ინექციებია. ამ მანიპულაციით ხდება კანის გაჯანსაღება, ნაოჭების გასწორება და პრაქტიკულად ყველაფერი, ქირურგიის გარდა: კანის დიაგნოსტირება, ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, ასევე აპარატურით ბლეფალო- პლასტიკა, ულთერაპია, თერმაჟი; ნებისმიერი ესთეტიკური დისკომფორტისგან გათავისუფლება მარტივადაა შესაძლებელი. დამატებით, მომხმარებელს ვთავაზობთ პილინგის ხაზს, რომელიც ოთხი ძირითადი პრობლემის: აკნეს, ქრონიკული სიწითლის, ჰიპერპიგმენტაციისა და ანტიასაკობრივი პრობლემების გადაჭრისკენაა მიმართული. კანის განახლების სისტემა ‒ ასე შეიძლება მოკლედ შეფასდეს ეფექტი. საამისოდ უმაღლესი ხარისხის, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების პრეპარატებთან ერთად ვიყენებთ აპარატურას, რომელიც ექსკლუზიურად ჩვენს კლინიკაშია წარმოდგენილი. ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ევროპულ პროდუქციაზე. იტალია, ესპანეთი, საფრანგეთია ჩვენი ძირითადი მომწოდებლები.

რაში მდგომარეობს თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა მაღალი ხარისხი და ხარისხთან შესაბამისი ფასები. ამაში იგულისხმება როგორც გასაყიდი პროდუქციის, ასევე პროცედურების ღირებულება. კომპანიის მომავალს გრძელვადიან პერსპექტივაში მოვიაზრებთ, ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ ლოიალური მომხმარებლები გვყავდეს და მათთან ხანგრძლივი, სტაბილურობასა და ნდობაზე აგებული ურთიერთობა დავამყაროთ. ჩვენს კომპანიაში პროფესიონალი ექიმები არიან დაკავებულები, თითოეულ მათგანს გავლილი აქვს ტრენინგები პარტნიორი ბრენდების წარმომადგენლობებში და არა მარტო პროცედურების ჩატარების, არამედ სწავლების უფლებაც აქვთ. ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა,რომ შეგვიძლია ადგილზევე გადავამზადოთ სხვა ექიმები და კოსმეტოლოგებიც. გარდა ამისა, ჩვენთან ყოველწლიურად იმართება სულ მცირე ოთხი მასტერკლასი, რომელიც რომელიმე კონკრეტული ბრენდის პროდუქციის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ემსახურება ‒ ამ დროს ხდება ახალი პრეპარატების პრეზენტაცია და უკვე არსებული პროდუქციის გამოყენების მეთოდების გაცნობა. ვეპატიჟებით ყველა იმ კოსმეტოლოგს, ვინც ამ სფეროში მუშაობს. ეს უკვე ჩვენს ტრადიციად იქცა. ადგილზე გამართული მასტერკლასების გარდა, ჩვენ ვუზრუნველყოფთ კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებში ქართველი ექიმი-კოსმეტოლოგების ჩართულობას და მათ ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წამყვან კლინი- კებში ვუშვებთ თანამედროვე კოსმეტოლოგიის სიახლეების გასაცნობად და პრაქტიკის გასავლელად.

რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია და პროცედურები?

ბიორევიტალიზაცია, ფილერები ანუ კანის შემავსებლები და მეზოთერაპიაა ყველაზე მოთხოვნადი. ასევე ულთერაპია ‒ კანის გაახალგაზრდავების თანამედროვე, ძალიან ეფექტური პროცედურა. დიდ როლს თამაშობს ფასის ადეკვატურობა. როგორც აღვნიშნე, ჩვენ არ ვართ ორიენტირებულები ორდღიან შედეგზე და გაცილებით გრძელვადიან ჭრილში ვუყურებთ ამ ყველაფერს. ეს განსაზღვრავს ფასის პოლიტიკასაც კლინიკაში. ინტერესი და მოთხოვნა ესთეტიკურ პროცედურებზე დღითი დღე იზრდება, სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება კანზე ზრუნვით. ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობა ქალია, მაგრამ მამაკაცებმაც აქტიურად დაიწყეს სხვადასხვა მანიპულაციისთვის მომართვა. უახლოეს მომავალში ცენტრის ფილიალს ვხსნით საბურთალოზე, ბურძგლას ქუჩაზე. ეს გადაწყვეტილება განსაზღვრა იმან, რომ რესურსი გვაქვს კიდევ მეტი ადამიანის სილამაზეზე ვიზრუნოთ.

რამდენად მნიშვნელოვანია კონფიდენციალურობის დაცვა და თუ არის ამის მოთხოვნა თქვენი მომხმარებ­ლებისგან?

კონფიდენციალურობის დაცვა მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. ჩვენთან ბევრი ცნობილი სახე დადის და თუ ამის შესახებ თავად საუბრობენ, ეს მათი საქმეა, ‒ არასდროს არავის ვთხოვთ ჩვენ შესახებ ან ინტერვიუში ისაუბროს, ან ფოტოები ატვირთოს სადმე. ვფიქრობ, საუკეთესო რეკლამა ის შედეგია, რომელიც ადამიანების გარეგნობასა და განწყობას რადიკალურად ცვლის!

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com