ნანუკა ჟორჟოლიანის ახალი ცხოვრება

განახლებულია მენიუც, გარდერობიც, ცხოვრების სტილიც და თვითშეფასებაც, თუმცა მთავარი არც უგლუტენო დიეტაა და არც ინდივი­დუალურად შერჩეული ინგრედიენტები… უფრო ზუსტად, მთავარია ყველაფერი ერთად და კიდევ გადაწყვეტილება ‒ მინდა ვიყო ბედნიერი!

სამზარეულო, მზადება გაინტერესებთ?

არა, ამ კუთხით ინტერესი არასდროს მქონია. ჩემი ასტროლოგიური მონაცემების მიუხედავად, ეს არაა ის, რაც სიამოვნებას მანიჭებს, თუმცა არც იმ ადამიანებს შორის ვარ, ვისაც არაფრის მომზადება არ შეუძლია და არასდროს არაფერი გაუკეთებია. პირიქით, შემიძლია გემრიელად მომზადება. დიასახლისიც ვყოფილვარ და სადილებზე ზრუნვის აუცილებლობაც მქონია. განსაკუთრებით, მაშინ, როცა ემიგრაციაში მიწევდა ჩემს ქმართან სიარული. თუმცა, ჩემი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, ამას არ აქვს სისტემატური ხასიათი. მე მყავს დედა, რომელიც არაჩვეულებრივ საჭმელებს ამზადებს, ტრადიციულ ქართულს, მაგრამ თავის შტრიხებსაც უმატებს და ძალიან საინტერესო გამოდის. ამიტომ ჩვენს ოჯახში ტრადიციული სადილის კულტურა ყოველთვის იყო; ყოველთვის სახლში ვიკვებებოდით, თუმცა ეს ტრადიცია არ გამიგრძელებია, როცა დამოუკიდებელი ოჯახი შევქმენი.

ხშირად პოსტავთ იმის შესახებ, რომ ვარჯიშობთ და კვების რეჟიმიც შეცვალეთ. რა გახდა რადიკალური ცვლილების მიზეზი?

სამწუხაროდ, საამისოდ დადებითი ინსპირაცია არ მქონია ‒ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მომიწია ცხოვრების სტილის შეცვლა. ივლისი-აგვისტო ყველაზე რთული თვეები იყო ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე დიდი კრიზისი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ნევროზი გამიმწვავდა, პანიკური შეტევები დამეწყო. სახლიდან ვერ გავდიოდი, ვერავის ვეკონტაქტებოდი… ამ დროს ორი გზაა: ეს ყველაფერი ან დაგჩაგრავს და გაიმარჯვებს შენზე, ან ბრძოლა უნდა დაიწყო. მე ბრძოლა ავირჩიე და პირველი, რაც გავაკეთე, სიგარეტს თავი დავანებე. პარალელურად, მეგობარმა, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს, მირჩია კვების რეჟიმიც შემეცვალა, გლუტენზე უარი მეთქვა. მის ექიმთან ჩავედი უკრაინაში. მან დამინიშნა დეტოქსი, ორგანიზმის გაწმენდა, კვების ინდივიდუალური რეჟიმი შემიდგინა. არ ვიღებ არანაირ რძის პროდუქტს, ხაჭოს გარდა, არანაირ ხილს და ტკბილეულს. ბურღულეულიდან ბრინჯი, წიწიბურა, უგლუტენო შვრიაა ნებადართული,ასევე მჭადი და ღომი. ყველი შემიძლია მივირთვა, ავოკადო, ყველანაირი ბოსტნეული. სადილზე ‒ ხორცი ბოსტნეულთან, ბრინჯთან ან წიწიბურასთან ერთად, ან რამე წვნიანი. შემწვარი საჭმელი საერთოდ დავივიწყე. პარალელურად, ვსვამ დანამატებს, რაც ვიტამინებით ამარაგებს ორგანიზმს.

რთული აღმოჩნდა კვების რეჟიმის შეცვლა?

არა, საერთოდ არ მიჭირს, არც მშიერი ვარ და ეს იმის ფონზე, რომ ორი აჭარული ხაჭაპური მიჭამია ერთად. კვების ეს რეჟიმი დღეს უკვე ნორმა გახდა ჩემთვის, სხვანაირად ვეღარც წარმომიდგენია. პლუს, ვვარჯიშობ, 11 საათზე ვიძინებ და 8-ზე ვიღვიძებ. თუ სადმე ვარ და 11 საათი იწყება,მეგობრები ამბობენ, ნანუკას ძილის დრო მოვიდაო და იციან, რომ ავდგები და წამოვალ.

ყავას სვამთ?

მხოლოდ დილით და ძალიან ცოტას, სულ რამდენიმე ყლუპს. შემდეგ, დღის განმავლობაში, 6-7 ჭიქა გვირილის ან პიტნის ჩაის ვსვამ. რაც არ უნდა მივირთვა, ყველაფერს ამ ჩაის ვაყოლებ. პიტნა მადუნებს და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. დღეში ორ ლიტრ წყალს ვიღებ, ოღონდ მხოლოდ 4 საათამდე.

როგორი გამოხმაურება აქვს თქვენი ცხოვრების შეცვლილ წესს და, მის პარალელურად, თქვენს გარეგნულ ცვლილებებს?

ჩემი ცხოვრების წესის ცვლილება ბევრისთვის მოტივაცია გახდა. პირადად ჩემთვის მოტივაცია არასდროს არ არის მოდელის გარეგნობა ან ის, თუ რა კარგად ვარჯიშობს სპორტსმენი, მოდელი თვითმყოფადია, ბუნებამ გააჩინა ასეთი და ა. შ. და სპორტსმენები, ცხადია, კარგად ვარჯიშობენ, იმიტომ, რომ ეს მათი ცხოვრების სტილია. ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, ნანუკასნაირი ტიპი უფრო იქნებოდა მაგალითი და ინსპირაცია ‒ ანუ ადამიანი, რომელიც დილის 6 საათამდე ვერ იძინებდა, რომელიც ძალიან ბევრ სიგარეტს ეწეოდა, კლუბებში ერთობოდა, მიირთმევდა იმას, რაც უნდოდა, იღებდა მავნე ნახშირწყლებს, ცხიმში შემწვარ საკვებს, ყველაფერს, რაც გემრიელია.ასეთი ადამიანი გაცილებით კარგი მოტივატორი აღმოჩნდებოდა ჩემთვის, ‒ ვიფიქრებდი, რომ მეც შევძლებ, თუ მან შეძლო!

როგორ ფიქრობთ, თვითშეფასების გამყარებისთვის მნიშვნელოვანია სოციალური აქტიურობა?

რა თქმა უნდა, თვითშეფასების გამყარებისთვის გვჭირდება ეს ყველაფერი. მაგალითად, იმ დღეს დავდე ჩემი ახალი ფოტო. მიუხედავად იმისა, რომ უკვე თავდაჯერებული ვარ, შეფასებები: ვაუ! რა მაგარი ხარ და ა. შ., კიდევ მეტი მოტივატორი ხდება. თუმცა ბოლო დროს სოციალურ ქსელში ბევრად პასიური გავხდი. მივხვდი, არაფერი არ მინდა, რაც მვნებს. არ მინდა იქ, სადაც ნეგატიური ემოცია, აგრესიაა. რა თქმა უნდა, ჩემი პროფესია მოითხოვს იმას, რომ მეტ-ნაკლებად ინფორმირებული ვიყო, მაგრამ ამ ეტაპზე ინფორმაციის გამცემი უფრო ვარ, ვიდრე მიმღები. ნელ-ნელა იმის გააზრებაც დავიწყე, რომ ძალიან ცოტა ადამიანს უხარია შენი კარგი. თუმცა ჩემს ცხოვრებაში ისეთი პერიოდიც იყო, როცა თავს მარტო ვგრძნობდი და მაყურებლის შეფასებები, წერილები მასაზრდოებდა, ყოფილა შემთხვევა ‒ ერთ საღამოს 3000 კომენტარზე გამიცია პასუხი, მაგრამ მერე სხვა ეტაპი დამეწყო. ჯანმრთელობის პრობლემებთან ერთად, ჩაკეტვის სურვილი გამიჩნდა, არავისთან არ მინდოდა კომუნიკაცია. ახლა სურვილი მაქვს ყველას გავუზიარო ჩემი გამოცდილება,ვურჩიო აღარ მოწიონ სიგარეტი, ახლობლებს სულ ვუკონტროლებ რას ჭამენ, რას სვამენ. ჩემი ცხოვრება ამ ეტაპზე ამითაა მოცული და ეს ძალიან მომწონს. ყოველთვის მაქვს ხოლმე გარკვეული მიზნები, ‒ შეიძლება ვიღაცისთვის სასაცილო, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ინტერესის სფერო შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, მთავარია, ეს შენზე კარგად მოქმედებდეს.

რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გინდათ?

ძალიან მინდა შეყვარებული ვიყო, თუნდაც ცალმხრივად! საერთოდ, მგონია, რომ ცალმხრივი სიყვარული უფრო მომხიბლველია. ჩემს შვილს, მარიამს ვეუბნები, უნდა იცხოვრო ისე, რომ მერე შენს შვილს მოუყვე რამდენი თავგადასავალი გქონდა-მეთქი. მე ვგიჟდები თავგადასავლებზე! ესაა ცხოვრება ‒ ხან უნდა მეტკინოს, ხან ‒ გამი- ხარდეს და, საბოლოოდ, ბევრი მქონდეს გასახსენებელი. აბა, სულ სტაბილურად ვიყო, არაფერზე ვინერვიულო, ასეთი ცხოვრება არ მინდა!

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com