ინგა წულაია – შეფ მზარეული

„ამბასადორი კაჭრეთი“ რეგიონში ყველაზე დიდი სასტუმრო კომპლექსია, რომელიც სტუმრებს გამორჩეულ კომფორტსა და ერთ სივრცეში მრავალფეროვანი  სერვისების ერთობლიობას სთავაზობს.

50 მეტრიანი ოლიმპიური აუზი, სპა, პროფესიონალური გოლფის მოედანი, საცხენოსნო კლუბი, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, ტენისი, ბილიარდი, 1000 კაციანი საბანკეტო დარბაზი, 12-ადგილიანი ვილა და ჩოგბურთის კორტები უკვე ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თანამედროვეობის და ისტორიული კონტექსტის შერწყმასთან ერთად პროფესიონალიზმი ნამდვილად არის ამ ბრენდის პრიორიტეტი. თუმცა, როდესაც საქმე ნებისმიერი ადგილის მიმართ გამორჩეულ სიყვარულს ეხება, აქ ყველასთვის დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი ერთი დეტალია – სამზარეულო და შეფ-მზარეულების დაუღალავი შრომა, კრეატივისა და გემოს საუკეთესო კომბინაცია, რომელიც არ დაბრუნების შანსს ნამვილად არ გაძლევს.

ინგა წულაია უკვე 17 წელია, რაც სასტუმრო „ამბასადორის“ შეფ-მზარეულია. შექმნის დღიდან ამბასადორი თბილისს ახმარდა მთელ თავის ენერგიასა და პროფესიონალიზმს, ხოლო ბოლო 2 წელია, რაც „ამბასადორი კაჭრეთის“ სტუმრებს გამორჩეული და დაუვიწყარი გემოს კერძებს სთავაზობს.

რატომ აირჩიეთ ეს პროფესია? საიდან მოდის თქვენი ამ საქმის მიმართ სიყვარული?

რაც უფრო დიდხანს ხარ ამ საქმეში, მით უფრო იზრდება სიყვარულიც. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მასტერკლასი მაქვს გავლილი და მუდმივად ვცდილობ, გავაუმჯობესო საკუთარი უნარები, რომ არა ჩემი ოჯახი, ალბათ არაფერი გამოვიდოდა. ჩემი პროფესიის არჩევაც და ამ საქმისადმი ასეთი სიყვარულიც სწორედ ოჯახის დამსახურებაა.

როგორია თქვენი სამუშაო გარემო?

რაც ამბასადორი არსებობს, მას შემდეგ აქ ვარ მეც. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ყოველდღიურობა სწორედ ასეთი თბილი და სიყვარულით სავსე ოჯახური სივრცეა. რუტინა ძალიან დატვირთული მაქვს, მაგრამ როდესაც ერთ ადგილას არ ჩერდები და სულ რაღაცას ქმნი, ეს უკვე არა დამღლელი, არამედ საინტერესო თავგადასავალია.

რასთან ასოცირდება თქვენთვის “ამბასადორი კაჭრეთი”?

ოჯახთან, რადგან ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ დროს სწორედ აქ ვატარებ.

რამდენად რთულია იყო კარგი შეფ-მზარეული?

ეს ის შემთხვევაა, როდესაც სირთულე მეტად საინტერესოს ხდის საქმეს. აი ასე, უცბად, ფორსმაჟორულ სიტუაციაში უნდა მიიღო გადაწყვეტილება, უნდა მოიფიქრო გამოსავალი, ისე, რომ ხარისხზეც იზრუნო, დროშიც ჩაეტიო და არც სიყვარული დააკლო სამუშაო პროცესს. როცა საგიჟეთი გაქვს, მერე უკვე შენც ცოტა გიჟი ხდები, შენს თავში სასწაულები ხდება, ახალი იდეები იბადება, შემდეგ კი ეს ყველაფერი დაუვიწყარ გამოცდილებად რჩება.

რა გაძლევთ შთაგონებას? მოტივაციას?

იცით, შთაგონების წყარო ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს, მაგრამ ჩემი მოტივაცია თავად “ამბასადორი კაჭრეთის” გუნდი და გარემოა.

რა ტიპის ურთიერთობა გაქვთ თქვენს სტუმრებთან და რამდენად მნიშნვნელოვანია ეს?

სტუმრებთან ურთიერთობა და მათი აზრის გაგება ჩემი საქმის განუყოფელი ნაწილია. აუცილებელია იცოდე, რა მოსწონს შენს მომხმარებელს, რომ მუდმივად ორიეტირებული იყო ამაზე. და თუ არის შენიშვნები, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ მათ გამოსწორებაზე.

გიყვართ ექსპერიმენტები?

ამის გარეშე ჩემი საქმე წარმოუდგენელია.

რამდენად დიდი მნიშნველობა აქვს კერძის შეხედულებას?

როდესაც კერძი მოდის, პირველ რიგში, სწორედ მის ვიზუალურ ნაწილს ვუყურებთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, კულინარმა ამაზე იფიქროს. შემდეგ მოდის გემო, ბოლოს კი ორივე მათგანის ერთმანეთთან შერწყმა, რაც ყველაზე რთული გამოწვევაა.

რომელი კერძის მომზადება განიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას?

ჩემთვის ნებისმიერი კერძის მომზადება სიამოვნებასთან არის ასოცირებული, თუმცა “ამბასადორ კაჭრეთში”, ძირითადად, ქართულ კერძებზე ვართ ორიენტირებული.

გიყვართ საკუთარი კერძების დაგემოვნება?

სანამ კერძი სტუმრებთან გავა, აუცილებლად ვსინჯავ მას, რომ დავრწმუნდე, რამე ხომ არ აკლია, ხომ არაა ცვლილების შეტანა საჭირო.

განსაკუთრებული ემოციაა, როდესაც ატყობ, რომ სტუმარი შენი მომზადებული კერძით კმაყოფილია.

რა არის “ამბასადორი კაჭრეთის” სტუმრების საყვარელი კერძი?

ჩვენთან ყველაზე ხშირად ხორცის „ოჯახურს“ უკვეთავენ, თუმცა ასევე ძალიან უყვართ სუპ-ხარჩო, ჩანახი, მაწვნის კერძი, ანუ, ძირითადად, წვნიანები.

გაგვიმხელთ ახალი კერძის შექმნის იდეები როგორ მოგდით ხოლმე? თქვენს რომელიმე ახალ კერძს ხომ არ შესთავაზებდით “კულინArt”-ის მკითხველს?

ახალი იდეები… ეს ჩემებური პროცესია, ხან როგორ, ხან როგორ. თუ ბევრს ფიქრობ შენს საქმეზე, იდეებიც არ გაკლდება…

რაც შეეხება ახალ კერძს, “კულინარტის” მკითხველს სალათს მოვუმზადებდი, ხორბლით, გოგრით და გუდის ყველით. ასევე რამდენიმე საიდუმლო ინგრედიენტ რომელთა გამორჩეული გემოც ძალიან დიდ ხანს გემახსოვრებათ.

საქონლის სტეიკი ღვინის სოუსით

  • საქონლის სუკი – 300 გ 
  • ზეითუნის ზეთი – 20 გ 
  • მარილი – 3 გ 
  • ბოსტნეული – 200 გ
  • ლორი – 30 გ 
  • თეთრი ღვინო – 40 გ 
  • პილპილი – 2 გ 

მომზადების წესი : ავიღოთ საქონლის სუკი და შევწვათ გრილზე , მოვაყაროთ მარილი და პილპილი , ნელ-ნელა წავუსვათ ზეითუნის ზეთი , ცალკე გავაკეთოთ ღვინისა და ზეითუნის ზეთის სოუსი. ზეითუნის ზეთთან და მარილთან ერთად შევწვათ ბოსტნეული გრილზე. ბოლოს ვაკეთებთ სერვირებას .

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com