19 ივნისი მამის დღეა. რესპონდენტსაც ამავე ასოციაციით ვირჩევთ — ზურა ხიზანიშვილი — კარგი მამა. თვლის, რომ იდეალური ოჯახი არ არსებობს, მაგრამ არსებობს ოჯახური ბედნიერება, რომელიც ურთიერთობაზე ზრუნვას, საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებულ წუთებსა და წამებს მოაქვს. ამბობს, რომ წლების წინ, როცა საფეხბურთო კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამდა, წარმატება, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობის გრძნობამ მოუტანა, რომელსაც ბავშვობიდან მიაჩვიეს. დღესაც უპირობოდ მიიჩნევს, რომ ამაზე დგას საქმიანი თუ პირადი ურთიერთობების წარმატება.
ზურა, დატვირთული პროფესიული ცხოვრების ფონზე რამდენად ახერხებთ ოჯახშიც აქტიური იყოთ? რამდენად დაცულია ბალანსი საქმიან და ოჯახურ ცხოვრებას შორის?
სოციალურ ქსელში თავს ვარიდებ ხოლმე ბევრი ფოტოს დადებას, სადაც ბავშვებთან ერთად ვარ. რეალურ ცხოვრებაში ჩართულობის ხარისხი გაცილებით მაღალია, თუმცა უდროობა დღემდე პრობლემად რჩება. მეგონა ფეხბურთს რომ თავს დავანებებდი, ბევრად მეტი დრო მექნებოდა ბავშვებისთვის, სალომესთვის, ოჯახისთვის, მაგრამ მთლად ასეც არ მოხდა, სწორად ვერ გამითვლია, იმიტომ, რომ მწვრთნელობა დავიწყე, რაც ასევე დიდ დროს ითხოვს ჩემგან. რაც შეეხება თავისუფალ დროს, თითქმის სულ ბავშვებთან ვარ. უკვე გაიზარდნენ, პატარები აღარ არიან, ერთი-ორი დღით რომ მივდივარ, წუწუნს იწყებენ, ფეხბურთს ხომ მორჩი და ისევ მიდიხარო? ისეთ ასაკში არიან, ყოველდღიურად უნდათ ჩემთან ურთიერთობა.
როგორ გახსენდებათ ის პერიოდი, როცა პირველად აღმოჩნდით უცხოეთში და საკუთარ თავზე ზრუნვა თვითონ მოგიწიათ, იგივე კვების კუთხით?
საქართველოში კვების კუთხით იმდენად ჭირვეული ვიყავი, წვნიანებს მიწურავდნენ, „ამას არ შევჭამ, იმას არ შევჭამ“- ჩვეულებრივი ამბავი იყო სახლში. 18 წლის ვიყავი, ბრიტანეთში რომ წავედი. წარმოიდგინეთ განსხვავება: გუნდთან ერთად საჭმელად რომ დავჯექი, მოგვიტანეს წვნიანი, ბოსტნეულის სალათი ‒ ისეთი საჭმელი, რაც მანამდე წარმოუდგენლად მიმაჩნდა. არჩევანიც არ გქონდა – არ შეჭამდი და მშიერი დარჩებოდი. დედაჩემი რომ ჩამოვიდა და დაინახა რას ვჭამდი, შეიცხადა, მოგიკვდეს დედაო, არადა, უკვე ისე მომწონდა ის საჭმელი, ძალიან გემრიელად მივირთმევდი.
წლების განმავლობაში მეუღლესა და შვილებთან ერთად საზღვარგარეთ ცხოვრობდით. ეს გამოცდილება როგორ აისახა თქვენს ოჯახზე?
როცა წყვილი მარტო ცხოვრობს, პასუხისმგებლობის განაწილება ორს შორის ხდება, რაც საბოლოოდ ყოველთვის დადებითად მოქმედებს ურთიერთობაზე. როცა უცხოეთში ვიყავით, მე პრაქტიკულად არასდროს მეცალა, ყოველდღიური ვარჯიშები და შეკრებები მქონდა. ისეც ყოფილა, რომ ბავშვებს, სალომეს მთელი თვის განმავლობაში ვერ ვნახულობდი, რაც ძალიან რთული იყო ჩემთვისაც და მათთვისაც.
აქტიურად ხართ ჩართული შვილების ცხოვრებაში? მათ მოვლაში?
ვფიქრობ, რომ კი. ამ მხრივ ჩემი შესაძლებლობები შვილებამდე გამოვცადე. ჩემი ძმა ადრე დაქორწინდა და ბავშვებიც მალევე გაუჩნდათ. ბავშვები ყველას უყვარს, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარდა ჩემი ძმიშვილები. უფროსი, ანი, უკვე დიდი გოგოა, ჩემს ხელში გაიზარდა. მოვლის მხრივ არა მგონია რამე ისეთი იყოს, რასაც ვერ შევძლებ, იმიტომ, რომ ბევრი რამე გამიკეთებია ბავშვებისთვის
არის თქვენს ოჯახში „ქალის“ და „კაცის“ საქმეები, რომლებიც ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნულია?
არა, ეგეთი საქმე არ არსებობს. უბრალოდ, გამიჯნულია დრო – ვის უფრო სცალია. დიდხანს ძალიან დაკავებული ვიყავი და, შეიძლება ითქვას, რომ საქმის 90 პროცენტს სალომე აკეთებდა ოჯახში. ახლა, რაც თბილისში დავბრუნდით, ხან მე ვაკეთებ მეტს, ხან ‒ სალომე. აქედან გამომდინარე, მხოლოდ დროის საკითხია, თორემ „ქალური“ და „კაცური“ საქმიანობა გამიჯნული არაა ჩვენთან. დამიუთოვებია კიდეც და სალომეს ავეჯიც გადაუტანია, მოუგვარებია ყველაფერი, რაც საჭირო იყო.
რაზე დგას, თქვენი აზრით, ოჯახური სტაბილურობა?
ვფიქრობ, რომ მყარ ოჯახზე ყველას თავისი შეხედულება აქვს. 13-14 წლის განმავლობაში არ გვქონია ის მომენტი, რომ მხოლოდ შვილების გამო ვყოფილიყავით ერთად. იდეალური წყვილი, ალბათ, არ ვართ და არც არავინაა. კამათი და ჩხუბი ყველგანაა, რა თქმა უნდა, გარკვეულ ფარგლებში. ჩვენ გააზრებული გვაქვს ერთმანეთის საქმიანობა; ის, რომ ისევ ჩვენი ოჯახისთვის, ჩვენი შვილებისთვის ვაკეთებთ ბევრ რამეს ‒ იმისთვის, რომ სამომავლოდ ისინი უფრო უზრუნველყოფილები იყვნენ. ჩემთვის ყველაზე დიდი ინვესტიცია ბავშვების განათლებაა. ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია.
რა არის ის, რასაც პირველ რიგში ასწავლით და აჩვევთ შვილებს?
რაც უცებ გამახსენდა და რაც ჩემთვის პირველია, ესაა პასუხისმგებლობა. ჩემმა ოჯახმა ‒ დედაჩემმა, მამამაჩემმა, ჩემმა პროფესიამ ‒ ფეხბურთმა რაც მომცა, ისაა, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა მაქსიმალურად ჩამომიყალიბა. სიტყვაზე, თუ გეტყვით, რომ 11 საათზე უნდა შევხვდეთ, აუცილებლად 11 საათზე შეგხვდებით. ხუთი წუთი ხომ არაფერს წყვეტს, მაგრამ არა, ეს მოვალეობის გრძნობა უკიდურესად მაქვს გამძაფრებული. საქმეში ძალიან მობილიზებული ვარ, მაქვს პუნქტუალურობის ჩვევა. ბავშვებსაც ამას ვასწავლი, რომ არა აქვს მნიშვნელობა სკოლა იქნება, დაბადების დღე თუ სხვა რამ, ერთნაირად უნდა მიუდგე. მინდა ესენიც ანალოგიურად იყვნენ და პრინციპში მგონი არიან კიდეც.
რა არის თქვენთვის ბედნიერება, თავს ბედნიერად თვლით?
რა თქმა უნდა, თუ შევაჯამებთ, ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს! ადამიანმა ყოველდღე უნდა ეძებოს ბედნიერება, შეიძლება ბევრი პრობლემა გქონდეს, მაგრამ ყოველთვისაა შანსი ამ პრობლემების პარალელურად სიხარული დაინახო. ვფიქრობ, რომ დღე ამინდით კი არ იწყება, არამედ იმით, თუ როგორ შევხედავთ იმ დღის ბედნიერად გატარების შანსს. ბევრი კუთხე აქვს, ზოგადად, ცხოვრებას. ადამიანზეა დამოკიდებული, რას როგორ უყურებს და აღიქვამს.