ქართული ქვევრი ევროპაში

15 წლის წინ ავსტრიაში რეფერენტად მოხვდა, თუმცა ვენაში ცხოვრებისა და მუშაობის მთავარი ინტერესი და აზარტი საკუთარ თავში მოგვიანებით აღმოაჩინა, როცა ჯერ სომელიეს კურსები გაიარა და ღვინის ექსპერტი გახდა, შემდეგ კი ევროპაში ქართული ქვევრები წაიღო და ღვინის მაღალი კულტურის მქონე პრეტენზიულ ავსტრიელებს ქართული ტანინიანი ქვევრის ღვინო გაასინჯა.

ბუთა დოლიძე ამბობს, რომ მის წამოწყებას გზა ევროპისკენ დიდწილად იუნესკომ გაუხსნა, რომელმაც ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ამ ფაქტმა კლასიკურ, გაფილტრულ ღვინოს შეჩვეული ევროპელებისთვის ნატურალური ქართული ქვევრის ღვინის შეთავაზება უფრო იოლი გახადა.

ავსტრიამდე და ავსტრიის შემდეგ

„ავსტრიამდე რა იყო და, ბევრი რამ. 23 წლის ვიყავი, თბილისიდან რომ წავედი. გამოყენებითი მათემატიკისა და ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე. მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროში ეკონომიკის განხრით დავიწყე ნახევარ განაკვეთზე. პარალელურად, 53-ე სკოლაში მათემატიკის მასწავლებელი ვიყავი, შაბათ-კვირას და საზაფხულო და ზამთრის არდადეგებზე კი ‒ თხილამურებისა და მთამსვლელობის მწვრთნელი.

ავსტრიაში წასვლის მიზეზი ის იყო, რომ იქ საქართველოს საელჩოში ტექნიკურ მრჩევლად დავიწყე მუშაობა. სამი წლის შემდეგ, მუშაობის ვადა რომ ამოიწურა, სწავლა მაგისტრატურაში ეკონომიკის განხრით გავაგრძელე, პარალელურად, მეგობართან რესტორანში დავიწყე მუშაობა. ამან ჩემში ზუსტად ის გრძნობა გააღვიძა, რომელიც, მგონი, ყველა ქართველს აქვს ‒ სტუმარმასპინძლობის სიყვარული და მოთხოვნილება. შევწყვიტე ეკონომიკის მაგისტრატურაში სწავლა და სასტუმროებისა და გასტრონომიის მიმართულებაზე გადავინაცვლე.

სხვადასხვა კურსი გავიარე: გასტრონომიის, სტუმრებთან ურთიერთობის, სამზარეულოში სისუფთავის. სპეციალური სერტიფიკატია ამ კუთით, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს რესტორნის ან სასტუმროს მფლობელს. მე და ჩემს პარტნიორებს ჩვენი საკუთარი ბარი გვქონდა, ვინტაჟური, ბერლინურ სტილში, სადაც სტუმრებს ქართულ სუფრასა და სასმელს ვაცნობდით. ეს ბარი სამი წლის შემდეგ დავხურეთ და უკვე კონკრეტულად ღვინის პროფილით გავაგრძელე მუშაობა.

ამჟამად ჩემი საქმიანობა სამ მიმართულებას მოიცავს: ივენთმენეჯმენტი, გასტრონომია და ღვინო. როცა სხვადასხვა კომპანიას დიდი მიღებების ორგანიზება სჭირდება, ყველაფერს ვუგეგმავ: ვინ იყოს სტუმრებს შორის, რა სახის ცერემონია ჩატარდეს, როგორი იყოს ღონისძიების გასტრონომიული მხარე, რომელზეც ასევე თავად ვზრუნავ. ვთანამშრომლობ იქაურ საელჩოებთანაც. წელსაც, როგორც ყოველ წელს, საქართველოს საელჩოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 300-კაციანი მიღება დავუგეგმე ქართული სუფრით, ღვინით და ა. შ.“

ავსტრიის ღვინის ექსპერტი

„ამჟამად ავსტრიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღვინის კომპანიაში Wine and Co-ში ვმუშაობ. მას ავსტრიის ტერიტორიაზე 27 ფილიალი აქვს, მე მთავარი მაღაზიის სომელიე ვარ- ღვინის მრჩეველი. კონკრეტულად, ავსტრიული ნატურალური ღვინოების ექსპერტი გახლავართ. სომელიეს კურსების დამთავრების შემდეგ იდეა დამებადა ქართული ქვევრის ღვინისა და თვითონ ქვევრის პოლულარიზაცია მომეხდინა ავსტრიაში. მინდოდა ეს ორი ქვეყანა ერთმანეთთან რამენაირად დამეკავშირებინა. სამი წლის წინ, კურსი რომ დავასრულე, საქართველოში ჩამოვედი, 7 სხვადასხვა მეღვინის დაახლოებით 20-მდე ღვინო შევარჩიე, ვიყიდე ქვევრები და ავსტრიაში წავიღე.

ავსტრია ღვინის ქვეყანაა. იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის გვერდით, მას ღვინის დიდი კულტურა აქვს. ყველაზე ძველი ავსტრიული ყურძენი 6000 წელს ითვლის. ჩვენი ქართული ქვევრის ისტორია კი 8000 წლის წინ დაიწყო. ვენის მთელ ტერიტორიაზე სულ ვაზია გაშენებული. ღვინის მაღალი კულტურა ძალიან გვამსგავსებს ერთმანეთს. რადგან ავსტრიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციას ვეწევი, ბევრ ადგილობრივ მეღვინეს ვიცნობ. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარია ვინცენტ ბრუნდელმაიერი, მსოფლიოში ცნობილი მეღვინე. მან მომცა საშუალება, რომ მის ვენახებში, მისსავე ქარხანასთან ახლოს, ჩაგვეყარა ქვევრები და ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინო დაგვეყენებინა.

სამომავლოდ ქვევრების რაოდენობის გაზრდას ვგეგმავთ. იქ დაყენებული ღვინის გარდა, უკვე სამი წელია საქართველოდან ევროპაში ადგილობრივი ღვინო მიმაქვს, რომელსაც იქ პოპულარიზაციას ვუწევ და, პირიქით, წელიწადში ერთხელ იქნება თუ ორჯერ, როცა საქართველოში ჩამოვდივარ, იქაური ღვინოები მომაქვს, რომ ქართველ მეღვინეებსა და ღვინით დაინტერესებულ პირებს ავსტრიული ღვინის სტილი გავაცნო: როგორ აწარმოებენ, რა გემოები აქვთ, რითი განსხვავდება ქართული ღვინისგან მათი სხვადასხვა ღვინო. წელს ორი დიდი სემინარი გვქონდა თბილისში ამ საკითხებზე.“

ქარვისფერი ღვინო

„ჩვენი, ქართულ ჭაჭაზე დაყენებული ქვევ- რის ღვინო თეთრი არაა, მას ქარვისფერი (Amber) უწოდეს. 1995 წელს ლონდონ- ში ღვინის ერთ დიდ ფესტივალზე ადგი- ლობრივმა სომელიეებმა აღმოაჩინეს, რომ ქართული ქვევრის ღვინო სულ სხვა, ახალ ფერს შეესაბამება, რომელიც მოგ- ვიანებით ქარვისფრად მოიხსენიეს. ეს ღვი- ნო შედარებით ძვირია თეთრ და წითელ ღვინოსთან შედარებით. მცირე რაოდენო- ბიდან და ტექნოლოგიიდან გამომდინარე, რთული მისაღებია, ნატურალურ ბაზაზეა დაფუძნებული, მის დასაყენებლად არ გა- მოიყენება ბევრი საფუარი, გემოსა და სუნის სხვადასხვა გამაძლიერებელი. ღვინო? მიყვარს, რა თქმა უნდა! ჩემს ფავორიტ ღვინის ქვეყნებში კი პირველ ადგილზე საქართველოა.“

ქართული სული ავსტრიაში

„ავსტრია საცხოვრებლად მშვიდი ქვეყა- ნაა, ძალიან ინტერნაციონალური. რითიც ადგილობრივებს ვხიბლავ, ალბათ, პირ- ველ რიგში, ქართული მასპინძლობის კულტურაა. ხალისი, მეგობრებთან ურთიე- რთობის იმისგან განსხვავებული ფორმა, რასაც ისინი არიან მიჩვეულები. ჩემთან არ აქვთ ის მომენტი, რომ სამი თვით ადრე შემითანხმდნენ შეხვედრაზე. სამჯერ-ოთხ- ჯერ გამოვიცვალე ბინა, ქირით ვცხოვრობ და რამდენჯერაც ახალ ბინაში გადავედი, გავიცანი ყველა მეზობელი, დავპატიჟე ჩემთან სახლში, თან უკვირთ თან მოსწონთ… ქართული სული შევიტანე იქაურ დაგეგმილ კალენდარში და ამან შეცვალა ჩვენი ურთიერთობები, წაახალისა.“

გასტრონომია

„ბავშვობიდან მახსოვს დედაჩემი რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდა სოფლის ნობათს, ნატურალურ საჭმელს. დღეს მეც ანალოგიურად ვარ- სუპერმარკეტში ნაკლებად ვყიდულობ რამეს, ძირითადად, გლეხებისგან ვიძენ პროდუქტს.

მე თვითონაც ვამზადებ, პროფესიონალი მზარეული არ ვარ, მაგრამ გასტრონომიის კურსი მაქვს გავლილი და კარგად მესმის კულინარია. ქართული სამზარეულო ზედმიწევნით ვიცი. ნებისმიერ კერძს, იქნება ეს ხინკალი, ჩახოხბილი, ჩანახი, ჩაშუშული თუ ფხალეული, უპრობლემოდ ვამზადებ. შეკვეთები მაქვს, თვეში ორჯერ მაინც უნდა ვიღაცას 50-კაციანი ქართული სუფრა. მყავს პარტნიორი რესტორნები, რომლებიც დღის პირველ ნახევარში არ მუშაობს. შემიძლია ამ დროს მივიდე დამხმარე მზარეულთან ერთად, ყველაფერი გავამზადო, ჩავალაგო ჭურჭელში და დამკვეთს გავატანო.

მე თვითონ როგორც დეგუსტატორი სეზონურობის მიხედვით ვყოფ ფავორიტ სამზარეულოებს: ზაფხულს იტალიური სამზარეულო უხდება, ზამთარს- ავსტრიული- გარეული ხორცი, ცომეული, გაზაფხული და შემოდგომა კი ქართული კერძებისაა.“

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com