მაია დარსმელიძის მუზა

მაია დარსმელიძე თვლის, რომ კულინარია ხელოვნების სრულფასოვანი დარგია და მას ისევე სჭირდება მუზა, როგორც მხატვრობას ან მუსიკას…

კულინარიას რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში?

დეგუსტაციის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, ‒ მიყვარს და მაინტერესებს ახალი კერძების დაგემოვნება, თუმცა როგორც კულინარი, მე თვითონ არ გამოვირჩევი.

როგორ ფიქრობთ, გასტრონომია ქვეყნის კულტურის ნაწილია?

რა თქმა უნდა, ქვეყნის, მისი კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად, ერთ ქვეყანას მეორისგან სამზარეულოც გამოარჩევს.

უცხო ქვეყანაში ახალი კერძების მიმართ თუ გაქვთ ინტერესი?

ახალი ქალაქის ზედმიწევნით დათვალიერება, ფეხით სიარულია ჩემთვის. მოგზაურობა, ადგილობრივი სამზარეულოს გაცნობა, ახალი კერძების აღმოჩენა, დეგუსტაცია ამ ყველაფრის მნიშვნელოვანი ნაწილია.

კულინარია ხელოვნებაა?

აუცილებლად! ხელოვნების სფეროდ მიმაჩნია იმიტომ, რომ როცა ადამიანი გენიალურად ართმევს თავს საქმეს, ეს ნებისმიერ შემთხვევაში ხელოვნებაა. ესაა მიზეზი, რის გამოც ადამიანები ამა თუ იმ კვების ობიექტს ირჩევენ: როცა იმის გამო მოდიან შენთან, რომ მაინცდამაინც შენი მომზადებული მიირთვან. კერძის ხარისხი შეიძლება ისეთი იყოს, რომ ის უყოყმანოდ შერაცხო შედევრად. აბსოლუტურად სრულფასოვანი ხელოვნებაა ჩემთვის კულინარია ‒ როგორც მხატვრობა ან მუსიკა.

უფრო მეტად რა ტიპის საკვებს ანიჭებთ უპირატესობას?

არ მაქვს ერთი კონკრეტული ხაზი, რომელსაც უცვლელად მივყვები კვების თვალსაზრისით. ერთ დღეს შეიძლება ხორცი მინდოდეს, მეორე დღეს ‒ ბოსტნეული. ყველაფერი მიყვარს, რაც გემრიელია, ამიტომ მიჭირს ასე გამოყოფა. რაზეც შემიძლია ვთქვა, რომ არ მიყვარს, ხილია. მხოლოდ წვენის სახით თუ მივიღებ.

ჯანსაღად იკვებებით?

მაქსიმალურად ვცდილობ. რა თქმა უნდა, არის მომენტები, როცა სადღაც გეჩქარება და ამ დროს გიწევს კომპრომისზე წასვლა, ‒ მთავარია რაღაც სწრაფად მიირთვა, მაგრამ, ზოგადად, ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო, იმიტომ, რომ ასეთი საკვები სასარგებლოცაა და გემრიელიც.

კულინარიაში ექსპერიმენტები გიყვართ?

დიახ, მიყვარს ექსპერიმენტები, მაგრამ, ზოგადად, იშვიათად მიწევს მზადება, ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო. ერთი ძალიან კარგი ქალბატონი მეხმარება ამ კუთხით, ფანტასტიკურ საჭმელებს გვიმზადებს.

თქვენი აზრით, რატომ ხდება, რომ ბევრი ამზადებს, მაგრამ ერთეულები ამზადებენ გამორჩეულად?

ზუსტად იმიტომ, რომ ხელოვნების დარგად მიმაჩნია კულინარია. ბევრი აკეთებს ბევრ რამეს, მაგრამ გამორჩეულები ქმნიან ხელოვნებას. ზუსტად ასეა სამზარეულოშიც. ამიტომ ვირჩევთ ჩვენ, მომხმარებლები, ამა თუ იმ ადგილს და მაინცდამაინც იქ დავდივართ ჩვენი ფავორიტი კერძის მისართმევად.

გაქვთ ასეთი გამორჩეულად საყვარელი ადგილები?

მხოლოდ ერთი კონკრეტული ‒ არა, რადგან ერთი და იგივე მოსაბეზრებელი იქნებოდა. ხანდახან გადაწყვეტილებას იმის მიხედვით ვიღებთ, ბავშვს რა უნდა იმ მომენტში. ვცდილობთ მაქსიმალურად მრავალფეროვანი საკვები შევთავაზოთ და ის იქიდან ირჩევს, რა მოსწონს, რა ‒ არა.

ამ ეტაპზე რით ხართ დაკავებული?

ამ ეტაპზე ვმუშაობ ძალიან საინტერესო, ცოტა სარისკო პროექტზე. ისეთ რაღაცას შევეჭიდე, ცოტა მეშინია, მარტო ვიქნები, ბენდი არ მეყოლება და სიმფონიურ ორკესტრს დავამატებ. ძალიან საპასუხისმგებლო გამოწვევის წინაშე დავაყენე საკუთარი თავი. ეს უკვე მესამე პროექტია. რაღაცნაირად სულ იმას ვისახავ ხოლმე მიზნად, რაც ჯერ არ გაკეთებულა. ასე იყო წინა ორი პროექტის შემთხვევაშიც.

ფიქსირებული სამუშაო რეჟიმის არარსებობის პირობებში რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვანი ადამიანებისთვის თვითორგანიზება?

მნიშვნელოვანია და რთულიც. სულ რაღაც მუშაობს შენში, რაღაც მოგდის აზრად, ეგრევე უნდა ადგე და ჩაიწერო, რომ არ დაგავიწყდეს. ემოციაა მთავარი. ყველაზე ნამდვილი ისაა, რაც ამ რეალურ ემოციას ეფუძნება. აი, როცა ვგრძნობ, რომ რაღაც „მოგაწვა,“ იმ მომენტს აქვს დიდი მნიშვნელობა. ეს შეიძლება იყოს ღამის 4 საათზე, დილის 8 საათზე, ნებისმიერ დროს… ძალიან რთულია, არაა ადვილი, ყველაფერი დროს ითხოვს, ბავშვს სჭირდება ყურადღება… ძირითადად, მაინც უფრო მაშინ ვმუშაობ, როცა ყველას სძინავს.

განწყობა აისახება მუსიკაზე?

რა თქმა უნდა, პირდაპირ: ხასიათის მიხედვით გამოდის ტრეკი. როცა ცუდ ხასიათზე ხარ, ან დეპრესიულად, სხვა მესიჯები იდება მუსიკაში, როცა კარგ განწყობაზე ხარ, პირიქით.

შეიცვალეთ? დროს რა მოაქვს, როგორ ფიქრობთ?

დრომ მოიტანა ის, რომ ყოველ დღე ვცდილობ რაღაც ახალი ვისწავლო, წინ წავიდე. ძალიან განვსხვავდები ძველი მაიასგან: სხვა ფასეულობები იყო, სხვა ინტერესები, იგივე მუსიკაში. იყო კომპრომისებიც. რაც გავიზარდე, მივხვდი, რომ კომპრომისი არ მაწყობს, მირჩევნია გავაკეთო ის, რაც მინდა და არა ის, რასაც სხვა ელოდება ჩემგან, იმიტომ, რომ ის, რაც მე მინდა, უფრო გულწრფელი იქნება, ვიდრე ის, რასაც სხვისთვის მოსაწონად გავთვლი, მით უფრო, რომ ეს არც გამომდის დიდად. იყო პერიოდი, როცა წავსულვარ ასეთ კომპრომისზე და დღეს მხოლოდ სინანული მაქვს იმ პერიოდთან დაკავშირებით ‒ ვფიქრობ, რომ არაფერი ღირებული არ კეთდება მსგავსი კომპრომისების პირობებში. ახლა რასაც ვაკეთებ, ჩემი შესაფასებელი არც ის არაა, მაგრამ ასე უფრო კომფორტულად ვარ: ესაა, რაც უნდა გამოვიდეს გარეთ. ესაა სათქმელი.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com