ელენე კალანდაძესთან

ამბობს, რომ სახლი მისი სიმშვიდე და მყუდროებაა, სადაც არაფერი ეზარება. თუმცა სიმღერა, სცენაზე დგომა, რეპეტიციები და პროფესიული ცხოვრების უამრავი ნიუანსი სამზარეულოსთვის დიდ დროს არ უტოვებს. ამის მიუხედავად, ესაა სივრცე, სადაც ელენესაც და მის მეგობრებსაც ყველაზე მეტად უყვართ ყოფნა. ამბობს, რომ სტუმრების გამასპინძლება და ამით სიამოვნების მიღება მისი ოჯახის მთავარი ტრადიციაა.

სამზარეულოს, კვებას, გასტრონომიას თქვენს ცხოვრებაში რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია?

არ მოგატყუებთ და, ყოველდღიურად მზადება არ მიწევს, მაგრამ სასტიკად გურმანი ვარ, ძალიან მიყვარს ახალი კერძების დაგემოვნება. მომწონს ტკბილი, ცხარე, მჟავე გემოების კომბინაცია.

როგორ ფიქრობთ, ოჯახი აჩვევს ადამიანს გასტრონომიულ მრავალფეროვნებას? მშობლები ხშირად შტამპავენ ხოლმე შვილებს თავიანთი გემოვნებით.

მართალი ხართ. ამ თვალსაზრისით განებივრებული ვარ. ბებო მყავს სასწაული კულინარი, ‒ ყველაფერს და, განსაკუთრებით, ქართულ კერძებს შეუდარებლად ამზადებს. ჩემი ფავორიტი კულინარი ბებიაჩემია და მერე ‒ დედა. ოღონდ დედამ მაინც გადაუხვია ქართული სამზარეულოდან, აზიური და ევროპული კულინარიის სინთეზით ამზადებს, აბსოლუტურად სხვა შტრიხები შეიტანა თავის კერძებში. იმანაც დიდი როლი ითამაშა, რომ საზღვარგარეთ ვცხოვრობდით მრავალი წელი და ჩემი მშობლები ახლაც ისრაელში არიან. ბოლოს რომ ვიყავი ჩასული, დედამ ისეთი საოცარი კერძი მოამზადა, რომლის მსგავსიც არსად შემხვედრია. ეს იყო ყველის, სოკოსა და ისპანახის ღვეზელი, რომელიც ცომით ნამცხვარს ჰგავდა და სასწაულად გემრიელი იყო! დედა გიჟდება გამასპინძლებაზე, უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს მზადების პროცესი. არც იღლება, არც წუხდება, პირიქით, ამაში პოულობს სიმშვიდეს. ერთგვარი ჰობია მისთვის. მამაც სასწაულად ამზადებს, განსაკუთრებით, ხორციან კერძებს.

თქვენს რაციონში რა უფრო ჭარბობს?

ბოლო რამდენიმე წელია მაქსიმალურად შევზღუდე ხორცის მოხმარება. ქათმის ფილესა და თევზზე უარს არ ვამბობ, მაგრამ ყველაზე მეტად სალათები მიყვარს. ზოგადად, ჯანსაღ საკვებს ვანიჭებ უპირატესობას. მით უმეტეს, რომ შვილი მყავს და მის გამო ორმაგად მნიშვნელოვანია პროდუქტის სიჯანსაღეზე ზრუნვა.

შვილის კვებაზე თქვენ ზრუნავთ თუ გეხმარებიან?

ლილის კვებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ ჩემი ოჯახის წევრები: ბებიაჩემი და ჩემი შვილის ბებო. მე არც მაძლევენ ზრუნვის საშუალებას, რა თქმა უნდა, ამ სიტყვების საუკეთესო მნიშვნელობით. ისინი მაქსიმალურად ორიენტირებულები არიან იმაზე, რომ ლილის ყოველდღიურად ჯანსაღი კვება ჰქონდეს. საუზმეს და ვახშამს, რაც ყველაზე იოლია, მეც ვართმევ თავს, მაგრამ სადილის მომზადებას მაინც დრო უნდა, რომლის გამონახვაც მიჭირს, ჩემი ცხოვრების სტილიდან და გრაფიკიდან გამომდინარე

რომელი პროდუქტები გაქვთ სახლში მუდმივად?

ყველი, რძე, კვერცხი, ხილი და ბოსტნეული.

კულინარიას ხელოვნებად მიიჩნევთ?

რა თქმა უნდა! და ძალიან ვამაყობ იმით, რომ მუსიკასთან, ხელოვნების ნებისმიერ დარგთან ერთად, კულინარია ის დარგია, რომელიც დღითი დღე ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. თუნდაც მიწოდების ფორმა, ან გემოების შეზავება. ძალიან მიხარია, რომ აქამდე მივედით, იმიტომ, რომ დროა სხვანაირად წარვდგეთ თუნდაც ჩვენი უცხოელი სტუმრების წინაშე. კულინარია მუსიკასავითაა ჩემთვის, ‒ ექსპერიმენტების არ უნდა შეგეშინდეს, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა იყო. უნდა გაბედო ახალი გემოების ძიება, მაგრამ გარკვეული წესების დაცვით.

ბავშვობის მთავარი გემო რომელია?

9 წელი ისრაელში ვცხოვრობდი, შემდგომ 5 წელი ‒ ბელგიაში. ისრაელთან და ბავშვობასთან ჰუმუსი, პიტა და ფალაფელი ასოცირდება. ორი წლის ვიყავი, როცა ისრაელში წავედით, იქ გავიზარდე. წლების მერე რომ ჩავედი, ფალაფელის გემომ იქ გატარებული ბავშვობა სრულყოფილად გამახსენა. ბელგიიდან ასე მკვეთრად არაფერი დამამახსოვრდა. ითვლება, რომ ბელგიური ვაფლია სასწაული, მაგრამ მე არ მიყვარს. ზოგადად, დიდად არ ვარ ტკბილის მოყვარული.

თქვენი საუზმე როგორია?

მსუბუქი. ძირითადად, რძის პროდუქტი ‒ ხაჭო და არაჟანი ან მაწონი. ბავშვი ძალიან მეხმარება კვების რეჟიმის დაცვაში. ერთი პერიოდი ჩემი შვილი დასასვენებლად გავუშვი და მარტო რომ ვიყავი, არც საუზმე არ მქონდა, არც ვახშამი. ამაზე ზრუნვის აუცილებლობას ვერ ვგრძნობდი და არც მინდებოდა.

გვიან მიირთმევთ?

თუ ღამე მომინდა რამის წაცმუცნავება, შეიძლება ჭვავის პური ან ბოსტნეული მივირთვა. რა თქმა უნდა, არის დღეები, როცა შეიძლება გაგიჟდე და ღამის სამ საათზე შოკოლადი მოგინდეს, მაგრამ, ძირითადად, მაინც ვცდილობ ცხოვრების ჯანსაღ წესს მივყვე.

გასტრონომიული სიახლეების მიმართ გახსნილი ხართ?

აბსოლუტურად, მაგრამ არის ისეთი რამეები, რასაც არასდროს გავსინჯავ, მაგალითად, ბაყაყს, გველს, ხოჭოს. ზოგადად, ახალი გემოები მიყვარს, ისევე, როგორც ახალი ადამიანები, ახალი მუსიკა და ყველაფერი ახალი.

ქართული სამზარეულო მოგწონთ?

რა თქმა უნდა. ახლა ბელგია რომ ვახსენე, იქაური სამზარეულოდან განსაკუთრებული არაფერი გამახსენდა. შეიძლება ეს ჩემი მინუსია, მაგრამ არ არსებობს საქართველოდან ვინმე ისე წავიდეს, რომ საკვების მხრივაც მკაფიო მოგონებები არ გაჰყვეს. გარდა იმისა, რომ გეოგრაფიული თვალსაზრისით ფანტასტიკურ ადგილზე ვართ, ‒ აზიასა და ევროპას შორის, არაჩვეულებრივი ბუნება გვაქვს, ‒ გემოებია ისეთი, რომ ცხოვრების ბოლომდე მიგყვება.

რომელიმე ქვეყანას გამოარჩევდით როგორც ერთმნიშვნელოვან ფავორიტს გასტრონომიული თვალსაზრისით?

აზიური ყველაფერი მიყვარს! ჩინური, ინდური, ტაილანდური. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთანაც ძალიან გემრიელად ამზადებენ მათ კერძებს, ადგილზე მაინც სულ სხვაა. შრი-ლანკა დამამახსოვრდა სასწაული ხილით, ფერებიც და გემოც არაჩვეულებრივი იყო.

თუ არის რომელიმე კერძი, რომელიც განსაკუთრებით კარგად გამოგდით?

ასეთია სალათი, რომელსაც ახლა სპეციალურად „კუ- ლინArt“-ისთვის მოვამზადებ. პირველად ჩემმა მეგობარმა გამასინჯა, გავგიჟდი, ისე მომეწონა და ვთხოვე ესწავლებინა. ხშირად ვამზადებ და ყველას ვაწონებ თავს ამ კერძით.

მსხლის სალათი რუკოლათი და ლურჯი ყველით

ინგრედიენტები:

  • მსხალი – 2 ც.

  • ნიგოზი – 1 ჭიქა

  • ლურჯი ყველი – 200 გრ.

  • მარილი

  • შავი პილპილი

  • შაქარი – 3 ს. კ.

  • ზეითუნის ზეთი – 2 ს. კ.

  • თაფლი – 1 ს. კ.

    მომზადების წესი

  • რუკოლას გავრეცხავთ, გავაშრობთ, მსხალს მოზრდილ ნაჭრებად დავჭრით და ზეითუნის ზეთში მოვბრაწავთ. გადმოვიღებთ, იმავე ტაფაზე დავყრით ნიგოზს, დავამატებთ შაქარს და ვურევთ, სანამ ბოლომდე გადნება. რუკოლას, მსხალსა და კარამელიზებულ ნიგოზს ჯამში გადავიტანთ, მარილსა და შავ პილპილს დავუმატებთ. ზემოდან მოვასხამთ ზეითუნის ზეთისა და თაფლის სოუსს.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com