ბასა ფოცხიშვილი ვაგონი მიქრის

ჩვენ ყველამ ვიცხოვრეთ იმ საქართველოში, სადაც სიბნელე, უმოქმედობა და ცაზე მძიმე ღრუბელივით ჩამოწოლილი სევდა იყო. არც შემოქმედება გვაკლდა და არც ნიჭიერი ადამიანები, მაგრამ მაინც ყველა დღე ერთმანეთს ჰგავდა. მერე უცებ ბასა გამოჩნდა, გაარღვია ეს სივრცე და ყველაფერი ბედნიერების ფერებში გადაღება. მან მიაგნო ჯადოსნურ ხერხს, რომელსაც ქართულ რეჟისურაში ბასა ფოცხიშვილის ხელწერა ჰქვია და სხვა ეპოქაში გადაგვიყვანა. თითქოს, იქამდე ჩვენს ცხოვრებას ხმის რეჟიმი ჰქონდა გამორთული და მდუმარედ დავბორიალობდით შენელებულ, შავ-თეთრ კადრებად. ჰოდა, დაიწყო ახალი ეპოქა: ამღერებული ადამიანები, მოძრაობა უმოძრაობის ხანაში, ხმაური სიჩუმის წინააღმდეგ და სილამაზე ერთფეროვნების პასუხად. ვაგონიც გაივსო მომღიმარი სახეებით და მას მერე მიქრის… არ ვიცი ეს როგორ მოახერხა, იმ დროს დაბადებულ თაობას ამდენი სიმღერა, რომ დაგვაზეპირებინა. თითქმის 20 წელი გავიდა, მის მიერ გადაღებულ კლიპებს კი კადრებად მოვყვებით და ხმასაც ავაყოლებთ, თუ საჭიროა. ეს ბასას სამყაროა! თავად სჯეროდა და ჩვენც დაგვაჯერა, რომ ცხოვრება ისეთი ბედნიერი და ლამაზი იყო, როგორიც ‒ მის ნამუშევრებში.

ინტერვიუს კულინარიაზე საუბრით ვიწყებთ. აქაც ის ბასა ფოცხიშვილია, რომელიც არავის ჰგავს, გამორჩეული ხედვით და ზომიერების შეგრძნებით. დედის ქართულ-იტალიური წარმომავლობა მის კულინარიულ გემოვნებაზე საგრძნობლად აისახა. როგორც ყველაფერში, მისთვის ამ სფეროშიც მთავარია სილამაზე, სილამაზე და კიდევ ერთხელ სილამაზე!

„მიყვარს გემრიელი და რაც მთავარია, ლამაზი კერძები. მე არასდროს ვამზადებ საჭმელს, მაგრამ ერთხელ რომში სხვა გამოსავალი არ მქონდა და ვისწავლე პასტა რუკოლათი; რეცეპტი ძალიან მარტივია. ვიკეთებ ხოლმე სმუსებსაც, სულ ეს არის.

ჩემი აზრით, საკვები უნდა იყოს ნატიფი, დახვეწილი, მსუბუქი და ლამაზი. კულინარია ჩემთვის ყოველთვის შემოქმედება იყო. თუ კერძი არ არის ფაქიზი, თუ ლამაზ თეფშზე და კარგად გაწყობილ მაგიდაზე არ დევს, შემიძლია საერთოდ არ მივირთვა. მხოლოდ შოკოლადის, ყავის და ფორთოხლის ფრეშის გარეშე არ შემიძლია ცხოვრება.

საყვარელ კულინარზე ყველას თავისი დედა ახსენდება, ეს ის იშვათი შემთხვევაა, როცა მე უმრავლესობაში ვარ. დედაჩემი საოცრად ნაზად, ნატიფად და ევროპულად ამზადებდა. ის ნახევრად ‒ იტალიელი, ნახევრად ქართველი იყო, ჰქონდა დახვეწილობის და ზომიერების შეგრძნება, რაც ევროპულ სამზარეულოს ახასიათებს. ხორცს არ ვჭამდით და ახლაც ნაკლებად გვიყვარს, ჩვენი ოჯახის მენიუ მაქსიმალურად მსუბუქი საკვებისგან შედგებოდა.“

მისი აზრით, მსოფლიოში საუკეთესო სამზარეულო იაპონელებს აქვთ. ამბობს, რომ იქ კულინარია ხელოვნების დონეზეა აყვანილი ‒ სერვირება, კერძები, ყველაფერი ერთად თითქოს იკებანასავით არის.

ქართული სამზარეულოდან კი უყვარს ის საკვები, რომელიც ვიზუალურადაც დახვეწილია: ხაჭაპური, სამეგრელოში გაკეთებული ღომი, ყველი და ჩურჩხელა. კერძების ეკრანზე გამოჩენას ყოველთვის ერიდება. მაგალითად, მწვადს, საცივს და ფხალს კადრში არასდროს მოახვედრებს.

„თუ აუცილებელია, შეიძლება ღვინის ჭიქა დავაჭერინო ვინმეს ხელში. ზოგადად, პირდაპირ იმის ჩვენება რასაც რეკლამას ვუკეთებ, სწორხაზოვანი იქნება. ვფიქრობ პროდუქტის განზოგადებული, პოეტური და ამაღლებული კუთხით დანახვა, უფრო ყიდის მას.

ლუკინო ვისკონტის ფილმები საოცრად მიყვარს, მისი ნამუშევრები კულინარიული კუთხითაც გამორჩეულია. ყველა კადრში, სადაც სუფრაა ნაჩვენები ხელოვნების ნიმუშები დევს ჭურჭლის სახით. მსახიობები იხსენებდნენ, თითოეული ჭიქა რაც გვეჭირა სხვადასხვა ფილმში, ძალიან ძვირფასი იყო და რეჟისორს თავად მოჰქონდა სახლიდანო. მახსოვს, მამაჩემს ძალიან უყვარდა ჩაის დალევა და თუ შემთხვევით არც ისე კარგი ჭიქით მივუტანდით, არ სვამდა.“

„უამრავი კულინარიული კრახი მქონია ცხოვრებაში. ერთხელ, წყნეთში, ჩემი დისშვილი, დათო, მყავდა დატოვებული, მაშინ პატარა იყო. რატომღაც, გადავწყვიტე ბლინების გაკეთება, გამომივიდა რეზინა და არა ‒ ბლინი. მთელი წყნეთის ტერიტორიაზე დავსდევდი ბავშვებს, რომ იქნებ ვინმეს ეჭამა. არ ვარ ამ საქმის დიდოსტატი და ვგიჟდები ქალებზე, რომლებიც საკუთარ საქმეშიც გამორჩეულები არიან და თან სახლში საოცარ კერძებს ამზადებენ. კულინარიას ისეთივე ნიჭი სჭირდება, როგორიც ‒ არქიტექტურას, მედიცინას, რეჟისურას და სხვ.”

დასაწყისი დასასრულიდან

საქმიანობა 17 წლის ასაკში, სტუდენტობის დროს ფილმებზე მუშაობით დაიწყო და საკმაოდ თავდაჯერებულიც იყო. სადიპლომოს „დასასრული“ ერქვა და ეს ერთგვარად სიმბოლური აღმოჩნდა. სწავლა რომ დაამთავრა, სწორედ მაშინ ქართულ კინემატოგრაფიაში კრიზისული პერიოდი დადგა და შემოქმედება ამ მიმართულებით აღარ გაუგრძელებია. ამბობს, კლიპებზე ისე ვმუშაობდი, თითქოს პატარა ფილმები იყო, თავს ვიტყუებდიო.

გადაღებებეზე, განსაკუთრებულად ნიჭიერებას და შრომისმოყვარეობას ითხოვს. მისი აზრით, კადრში ძალიან ცუდად ჩანს ტყუილი და ხელოვნურობა, სწორედ ეს არის უგემოვნობა. ფიქრობს, რომ ყველაზე დიდ საგიჟეშიც, კულტურა უნდა იყოს შენარჩუნებული.

„საქართველოში, ყველა სფეროს საუკეთესო წარმომადგენლებს შევხვედრივარ გადასაღებ მოედანზე, როგორც საუკეთესო მსახიობებს, მოჭადრაკეებს, მხატვრებს, ასევე ‒ მწერლებს და სხვ. ისინი მომყვებოდნენ იმ თამაშში, რასაც მე ვთავაზობდი. ვამაყობ, რომ ჭაბუა ამირეჯიბი, რობერტ სტურუა, ნონა გაფრინდაშვილი, სოფიკო ჭიაურელი, ელდარ შენგელაია და კიდევ უამრავი დიდი ადამიანი გადავიღე, ამის ძალიან მადლობელი ვარ.

როდესაც ჩემს ნამუშევრებს ვუყურებ, თუ ის კარგია ვამბობ, ეს მე როგორ გავაკეთე-მეთქი და თუ ცუდია, იმაზეც ვამბობ ეს მე როგორ გავაკეთე-მეთქი.

ჩემთვის, გადაღების პროცესი საოცარი ადრენალინია. თუ კარგი ნამუშევარი გამომდის, ღამე მონტაჟის დამთავრებისთნავე ოჯახის წევრებს ვაღვიძებ და ვანახებ ვიდეოს. ვცდილობ, ყველა თემას პოზიტიური მხარე ვუპოვო, როცა ეს არ გამომდის, ვამბობ კარგი იყო, რომ ცუდი გამოცდილება მივიღე-მეთქი.“

ადექი იცეკვე

სინქრონული ქორეოგრაფია, იშვიათი კრეატივი, ლამაზი ქალაქი ბედნიერი ხალხით და სათქმელი, რომელიც თითოეული ჩვენგანის ამოძახილს წარმოადგენდა. ეს ბასას პლანეტა იყო, სადაც ცოტა ხნით ყველა ჩაგვასახლა. მთელ საქართველოს ვაგონშიც მოუყარა თავი და სადღაც შორს გააქროლა. ზოგისთვის ეს მატარებელი აფხაზეთში მიემგზავრებოდა, ზოგისთვის კი მაშინ სიყვარული დაფრინავდა…

„ზოგადად, ქორეოგრაფიაზე ვგიჟდები. მოძრაობა მიყვარს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, გაჩერებული და დაძველებული არაფერი მომწონს. თავიდან დავიწყე მაიმუნობით და მერე უკვე ილიკო სუხიშვილი ამყვა.

ცხოვრება არც მაშინ იყო ისეთი ბედნიერი და არც ახლაა. თუ შენ თავად არ გაალამაზე ის, არაფერი გამოვა. მამაჩემი სულ მასწავლიდა, რომ ყველაფერი უნდა იყოს ლამაზი, ყველაზე ცუდიც კი. მეც ვცდილობდი 90-იანი წლები გამელამაზებინა. შეძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს ტყუილი იყო, მაგრამ მე ამ ყველაფერს ისე ვხედავდი, ეს მექანიკურად ხდებოდა. 

ჩემი გადაღებული პირველი კლიპი იყო ჯგუფ ქუჩის ბიჭების ,,ადექი იცეკვე''. იმ პერიოდში არაფერი ხდებოდა, კინოსტუდია გაჩერებული იყო. ხალხი სიხარულით  ტიროდა, იქიდან ტექნიკა რომ წამოვიღთ და ადამიანები წამოვიყვანეთ.

ჩემთვის, ყველაზე დასამახსოვრებელი კლიპი ყოველთვის იქნება ,,ვაგონი მიქრის''. მახსოვს, რამდენიმე დღით გაგვიჩერეს მატარებელი, ყველა მოგვყავდა გადასაღებად ვისაც ვიცნობდით, უცნობი ადანიანებიც მოდიოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟები იყვნენ ვიდეოში, ერთიანობა, სიყვარული იყო და ვაგონი მიქროდა. ვაგონი უჩვენოდაც  მიქრის, მაგრამ…

ის დრო რომ დაბრუნდეს, რამდენიმე ადამიანს დავამატებდი ვაგონში. ჩემი სკოლის (53-ე სკოლა) დირექტორმა ლამარა მარგველაშვილმა ვერ მოახერხა მოსვლა, თავისი ბავშვებით უნდა გადამეღო. მერე მითხრა, ძალიან ვნანობ, რომ ვერ მოვედი გადაღებაზეო.

ახლა, რომ ის დრო იყოს, უამრავ რამეს შევცვლიდი. დღეს ჩემს ზოგიერთ ნამუშევარს ვერც ვუყურებ. ბევრი პროფესიონალი ადამიანი აღარ არის, რომლებთან ერთადაც ვმუშაობდი, ისინი შეუცვლელები არიან. მე მათთან ერთად ვიწყებდი ამ საქმეს და ჩემთვის საკმაოდ მძიმეა ამაზე საუბარი. დღეს მაინც ვცდილობ, მათ გარეშე გადავიღო, დავამონტაჟო, შევქმნა ახალი, რამდენად გამომდის არ ვიცი.

 დრო გავიდა, მაგრამ მე ჩემებურად ვმუშაობ, ძველებურად. დღეს, სარეკლამო ბაზარი ძალიან ერთნაირი და საშუალოა, რთულია დაიმახსოვრო და ერთმანეთისგან განასხვავო ნამუშევრები.

კონკრეტულ თემაზე ფიქრს, რომ ვიწყებ მაშინვე მოდის იდეები. დალაგებული არც სახლი მაქვს, არც ცხოვრება, შესაბამისად იდეებიც წინასწარ არ მაქვს განსაზღვრული, წამიერად მიჩნდება. იმდენად მიყვარს ეს პროფესია, ჩემი ნება რომ იყოს სულ გადაღებაზე და მონტაჟის პროცესში ვიქნებოდი. ეს არის ყველაზე დიდი გართობა და სიამოვნება.“

ამ ეტაპზე ერთ-ერთი ღვინის, რეკლამაზე მუშაობს. ინტერვიუს პარალელურად, მონტაჟი მინდინარეობს – ბრჭყვიალა კადრებითა და ბგერებით სათუთად აკინძულ ვიდეოში ერთ ამოსუნთქვაში სიხალისე, დახვეწილობა და სიბზინვარე იშლება თვალწინ. ვიდრე მას ნახავთ, აზრი გაგიჩნდებათ, რა შეიძლება იყოს იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე ბასას გაუკეთებია. ბოლოს, კი განცდა დაგრჩებათ, რომ ფანტაზია უსაზღვროა და დასასრულს ვერსად მოუძებნით.

„აქ ქორეოგრაფია არ არის, ან შეიძლება არის და მე ვერ ვხვდები, ეს იმდენად მექანიკურია. ადამიანი ზოგჯერ მეორდება.

ერთხელ, გადაღებაზე ერთმა არაჩვეულებრივმა ოპერატორმა გიორგი ბერიძემ ყურში ჩამჩურჩულა ‒ ეს უკვე გადაღებული გვაქვსო.”

ხმას არ იღებს. გულში ფიქრობს,

ერია თუ ბერია,- 

,,მაშინ რაღაც მაინც იყო,

ახლა არაფერია!''   მ.ფ 

,,გამარჯობა, მე მორის ფოხიშვილის შვილი ვარ ''

„ყველაზე ფასეული რაც ცხოვრებაში გამაჩნია არის ის, რომ ვარ ჩემი მშობლების შვილი, ჩემი დის და, ჩემი დისშვილის დეიდა, ჩემი მეგობრების მეგობარი და ა.შ. ბავშვობაში ყველგან ვამბობდი ‒ გამარჯობა, მე ვარ ბასა ფოცხიშვილი! არ მინდოდა ეთქვათ ეს მორის ფოცხიშვილის შვილიაო. წლები გავიდა და ახლა სულ ვამბობ ‒ გამარჯობა, მე მორის ფოცხიშვილის შვილი ვარ!

ჩემს შემოქმედებაში, ყველაზე მეტად ოჯახის წევრების აზრს ვითვალისწინებ, ახლა ცოტანი დავრჩით, მაგრამ არუშავს.

მე და ჩემი და, თამრიკო, ყოველთვის ერთად ვმუშაობთ გადაღებებზე. ის ობიექტურად პროფესიონალი მხატვარია, ყველას სიამოვნებს მასთან მუშაობა, ჩემთვისაც გადამწყვეტია მისი აზრი.''

ამბობს, რომ რამდენიმე ნამუშევარი კარგი გამოუვიდა, მაგრამ მთავარი ჯერ წინ აქვს. ბევრი წლის შემდეგ საკუთარი თავის წარმოდგენა არ უნდა, პირიქით, უკან დაბრუნებაზე ოცნებობს. იმედი აქვს, დროსთან ერთად შეინარჩუნებს სიხალისეს, რაც გენეტიკურადაც მოსდევს.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com