ქეთა შათირიშვილის სცენის სურნელი

ამბობს, რომ კომედიურ ჟანრში უნდა ძალების მოსინჯვა, არადა სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარების პირველივე წლიდან, ძირითადად, დრამატული როლებისთვის მოიაზრებენ. ლოგიკურიცაა ‒ გოგო, რომელსაც ჟღალი თმა და თითქმის გამჭვირვალე კანი აქვს, სცენაზეც და კინოშიც ზედმიწევნით დამაჯერებლად თამაშობს სევდას, ნოსტალგიას, ყველაზე დიდ ადამიანურ ტრაგედიებს… რეალური ქეთა შათირიშვილი კი სულ სხვანაირია ‒ მისი დახასიათებისას პირველად სიტყვა „სილაღე“ გახსენდება. კიდევ ‒ გულწრფელობის მაღალი ხარისხი და ის, რომ მსახიობობის შემდეგ მისი ყველაზე დიდი აზარტი ‒ კულინარიაა.

ქეთა, მსახიობობა რა ასაკში და ვისი გავლენით გადაწყვიტეთ?

ფაქტობრივად, დედაჩემმა მომცა მიმართულება, ეტყობა რაღაც დაინახა ჩემში. სულ სადღაც  მატარებდა – თეატრალურ სტუდიებში, ცეკვაზე, მუსიკალურ ათწლედში, ბალეტზე… სახელოვნებო გზით მივყავდი. დაახლოებით 11-12 წლის ასაკში თეატრალურ სტუდიაში შევედი, სამ სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა და სკოლის დამთავრებისას უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ აუცილებლად თეატრალურში უნდა ჩამებარებინა სამსახიობოზე. პრინციპში, პირველივე კურსიდან ვთამაშობ ‒ მარჯანიშვილის თეატრში, სამეფო უბნის თეატრში, თუმანიშვილის თეატრში.

გქონდათ რაღაც გამორჩეული, რამაც თუნდაც დედათქვენს მიანიშნა, რომ სწორედ ამ მიმართულებით უნდა ებიძგებინა?

დედა სულ ხუმრობს ხოლმე, ბავშვობიდან ძალიან მარტივად შეგეძლო რაღაც მოგონილ თემაზე ტირილიო. სხვათა შორის, ამას მეც ვამჩნევდი საკუთარ თავს და მერეც ისე აეწყო, ბევრ სპექტაკლში მიწევს ტირილი. დედაჩემი, ალბათ, ატყობდა, რომ სმენა, პლასტიკა მიწყობდა ხელს, არ ვიცი.

გიფიქრიათ სხვა პროფესია რომ აგერჩიათ, ვინ იქნებოდით?

სხვათა შორის, როცა ვაბარებდი, მეორე პროფესიად არქეოლოგია მეწერა. ბოლო დროს კი ვფიქრობ ხოლმე, რომ ძალიან მიზიდავს მაღაზიის ვიტრინების მორთვა. ალბათ, საინტერესო საქმე იქნებოდა, თუმცა, საბოლოოდ, მსახიობობის გარდა სხვა ვერაფრის კეთება ვერ წარმომიდგენია.

როგორ დაახასიათებდით თქვენს პროფესიას?

თავგადასავლებით სავსე პროფესიაა. თეატრალური სამყარო სულ სხვაა, გადაღებები, კინო, ტელევიზია, რეკლამები ‒ კიდევ სულ სხვა. მუდმივად ავითარებ საკუთარ თავს, სულ რაღაცას სწავლობ, საინტერესო ადამიანებს ხვდები… ყველაფერ ამას ახლავს მოგზაურობაც. მე მგონი, იდეალური პროფესია ავირჩიე. თუმცა სირთულეც ბევრია. ღამეებიც მითენებია, ზაფხულებიც ჩამიგდია ისე, რომ საერთოდ არ დამისვენია და ისიც მიფიქრია, ღირს თუ არა ასეთ მსხვერპლზე წასვლა-მეთქი. ოჯახთან, ბავშვთან ურთიერთობის დეფიციტი გაქვს, მაგრამ მთავარი, ალბათ, მაინც ისაა, რაღაც საინტერესოს რომ შეეჭიდები ‒ პიესას ან სცენარს ‒ და ყველაფერი გავიწყდება. ეს პროფესია საოცარ გამძლეობას მოითხოვს. თუ რკინის ნერვები არ გაქვს, გამორიცხულია რამე კარგად გააკეთო. ყველას ჰგონია, რომ ერთობი ამ პროფესიით. რა თქმა უნდა, ვერთობით კიდეც და ბევრსაც ვიცინით, მაგრამ მსახიობობა ამავე დროს საოცრად დამღლელი, საპასუხისმგებლო და შრომატევადი პროფესიაა.

კომპლექსები გაქვთ?

კი, მაქვს ჩემი სულელური კომპლექსები. ერთ-ერთი ისაა, რომ ტუშის გარეშე სახლიდან არ გავდივარ. ძალიან სასაცილოა, მაგრამ ჩემს ცხოვრებას ორ ნაწილად ვყოფ: პერიოდი, სანამ აღმოვაჩენდი, რომ ტუში უნდა წამესვა და ტუშის მერე. როცა ტუში არ მისვია, საერთოდ სხვა ვარ, 12 წლის გოგოს ვგავარ.

თქვენი სამუშაო განრიგი მუდმივად დატვირთულია?

არის პერიოდები, როცა ყველაფერი ერთად მოეყრება და საერთოდ არ მაქვს დრო. ხან ისეც ხდება, რომ დღისით საქმე არ მაქვს და საღამოს სპექტაკლია. აი, როცა ყველაფერი ერთადაა, მაშინ ნამდვილი ქაოსი იწყება. გასტროლები, საღამოს სპექტაკლები, რეპეტი- ციები… ორსულად რომ ვიყავი, ორი თვის განმავლობაში ყოველ დღე დილის 9 საათზე კახეთში მივდიოდი გადაღებებზე და საღამოს 8 საათზე თბილისში სპექტაკლისთვის უნდა ჩამომესწრო.

თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

საღამოს სადმე გასვლაა განტვირთვა. აქტიური დასვენება მიყვარს, კლუბები, გართობა. მოგზაურობაც დიდი სიამოვნებაა, რა თქმა უნდა. როგორც წესი, სამუშაო გრაფიკით ვარ ხოლმე უცხოეთში, მაგრამ მაგ დროსაც ვისვენებ და სიამოვნებას ვიღებ.

თუ არის ქალაქი, სადაც იყავით და სულ გინდათ დაბრუნება?

კი, ბერლინია ასეთი. ახლა მეოთხედ ვიყავი. მსგავსი თავისუფლება, როგორიც ბერლინს აქვს ყველა მიმართულებით, არსად არ მინახავს. კომპლექსებისგან თავისუფალი ხალხი, გარემო, რომელიც თავიდან ბოლომდე ისეა მოწყობილი, რომ ჩვეულებრივმა ადამიანმა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს თავი. პარკები, ტრანსპორტი, ცხოვრების წესი ყველა პირობას გიქმნის, რომ მშვიდი, დასვენებული და ბედნიერი იყო.

შვილმა რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში?

4 წლის ბიჭი მყავს. შეგუება უწევს ჩემს პროფესიასთან, გასტროლების პერიოდში განშორება რთულად გადააქვს. ახლახანს 12 დღით ვიყავი წასული ბერლინში, თეატრიდან. ბოლო დროს კატეგორიულად გადავწყვიტე, რომ ყველგან უნდა ვატარო ‒ მინდა თეატრის გარემოს შეეჩვიოს და პროტესტი არ გაუჩნდეს, რომ ეს სფერო ართმევს დედას. ბავშვთან ურთიერთობა ენერგიის ყველაზე დიდი წყაროა. როცა მგონია, რომ ძალიან დაღლილი ვარ და აღარ შემიძლია, საოცარ ძალას მაძლევს, მაცოცხლებს!

როგორ ფიქრობთ, სიყვარული რას ცვლის ჩვენს ცხოვრებაში?

ყველაფერს. მგონია, რომ საქმესაც სხვანაირად უდგები, როცა შეყვარებული ხარ. ცხოვრება სხვანაირი ხდება! სულ მეგონა, რომ რაღაც დროის მერე განელდებოდა გრძნობა, მაგრამ პირიქით მოხდა ‒ მე და ჩემი ქმარი უკვე 10 წელია ერთად ვართ და წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება ეს სიყვარული. რაღაცნაირად ვაბალანსებთ ერთმანეთს ‒ ის ძალიან მშვიდია, მე ‒ აქტიური, ტემპერამენტიანი. ის იმას მაძლევს, რაც მე არ მაქვს და პირიქით. აქამდე ისე მოვედით, არც ვჩხუბობთ პრაქტიკულად.

რა თვისებები მოგწონთ საკუთარ თავში, რაც გინდათ შვილსაც განუვითაროთ?

ალბათ, პასუხისმგებლობის გრძნობა. ის, რომ რა საქმესაც დავიწყებ, აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანო და სხვას იმედი არ გავუცრუო, მარტო საკუთარ თავზე არ ვიფიქრო. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ჩემს შვილსაც ვასწავლი ბუნების სიყვარულს. მგონია, რომ ეს პატარაობიდან უნდა ჩაუნერგო შვილს, გარემოზე ზრუნვას მიაჩვიო. კიდევ, მგონია, რომ ბავშვს ხშირად უნდა უმეორო ის, რა მოლოდინიც გაქვს მასთან დაკავშირებით. სულ ვეუბნები: შენ როგორი კეთილი ხარ, როგორი ჭკვიანი ხარ! ვცდილობ შევაქო, მგონია, რომ ეს მოტივაციას მატებს ადამიანს.

თბილისის გარდა სად იცხოვრებდით?

ქალაქგარეთ. ესაა ჩემი ოცნება და რამდენიმე წლის შემდეგ, თუ შევძელი, აუცილებლად გადავალ საცხოვრებლად. ბუნება სულ მიყვარდა, ლაშქრობებში დავდიოდი, მაგრამ რაც დრო გადის, ბუნებასთან სიახლოვის უფრო და უფრო დიდი მოთხოვნილება მიჩნდება. ახლა ბერლინში რომ ვიყავი, 12 დღიდან 8 დღე, ალბათ, პარკში გავატარე, სიმწვანეში, ბალახზე, ხეების სუნში. ამან წარმოუდგენელი ენერგია მომცა. ჩამოვედი და ისევ ეს ქაოსი დამხვდა, სადაც არანაირი ადგილი არ გაქვს განსატვირთად ‒ ცოტა ხანს ტვინი რომ დაასვენო, ჰაერი ისუნთქო და ჩიტების ჭიკჭიკს მოუსმინო.

რას ეძებთ ადამიანებში?

საერთო ინტერესები აიოლებს ურთიერთობას. მიყვარს ადამიანები, ვისაც ხელოვნება უყვარს. სიხარულისგან ვგიჟდები, თუ ისეთ ადამიანს აღმოვაჩენ, რომელსაც გულით უყვარს, მოსწონს და ესმის თეატრი.

რა გზრდით პროფესიულად?

საბაზისო ემოცია და შთაგონება კარგი კინო, კარგი სპექტაკლია, რა თქმა უნდა. მე და ჩემი მეგობრები, რომლებიც „სამეფო უბნის თეატრში“ ვთამაშობთ ხშირად ვსაუბრობთ, რომ რომ დათა თავაძისგან, ჩვენი რეჟისორისგან, წარმოუდგენლად ბევრს ვსწავლობთ. მასთან მუშაობა გვაძლევს იმ სტიმულსა და მუხტს, რაც ასე აუცილებელია მსახიობისთვის. როცა ახალ მასალაზე ვმუშაობთ, დათა ყველა რეპეტიციაზე ახალ-ახალი იდეებით მოდის და ისეთ ნიუანსებს გვაწვდის, რაც თითქოს ვიცით, მაგრამ არ დავფიქრებულვართ. ამიტომ ყველაზე მეტად მიყვარს მასთან მუშაობა.

შესრულებული როლებიდან ყველაზე ემოციური რომელია თქვენთვის?

ალბათ, „ტროელი ქალები.“ დოკუმენტური სპექტაკლია, რეალურ ისტორიებზე აგებული. მოგვითხრობს ქალებზე, რომლებმაც ომი გამოიარეს და ცოცხლები და სიცოცხლით სავსენი დარჩნენ. ბერლინში 109-ედ ვითამაშეთ ეს სპექტაკლი. გარეთ რომ გამოვედით, ამერიკელი სტუდენტები ‒ მომავალი მსახიობები, რეჟისორები, სცენოგრაფები დაგვხვდნენ და როცა გაიგეს, რომ ამდენჯერ გვქონდა ნათამაშები სპექტაკლი, განცვიფრდნენ, როგორ შეძელით, რომ ემოციური მუხტი ამ ხარისხით შეგენარჩუნებინათო. განსაკუთრებულად მიყვარს „ტროელი ქალები,“ სხვანაირი შეგრძნება მაქვს მის მიმართ და ეს ემოცია არ ნელდება.

კულინარია გაინტერესებთ?

სანაცნობო წრეში განთქმული მაქვს სახელი როგორც კარგ მზარეულს. უკვე წლებია კულინარიულ შოუებს ვუყურებ, უამრავი რეცეპტი ვიცი ზეპირად, მზადებაზე! უკვე ისეთ დონეზე ვარ, დილით რომ ვიღვიძებ, უბრალოდ პური და ყველი არ მაკმაყოფილებს, რაღაც საინტერესო უნდა მოვიფიქრო, გამოვაცხო…

ახალი კერძების გასინჯვა გიყვართ?

ძალიან! ყველას ვეჩხუბები ხოლმე, იმიტომ, რომ ჩემი მეგობები, თეატრალები, როცა კაფეში შედიან, მარტო პიცას, პასტას და ცეზარს უკვეთავენ. მე და ჩემი კოლეგა ნატუკა კახიძე გამონაკლისები ვართ ‒ სულ რაღაც ახალს დავეძებთ, ყველაფერს ვსინჯავთ. მოგზაურობა ამ თვალსაზრისითაც დიდი სიამოვნებაა.

თქვენი ფავორიტი სამზარეულო რომელია?

ქართულ სამზარეულოზე ვგიჟდები, ჩემთვის პირველ ადგილზე დგას. აზიური სამზარეულოც ძალიან მიყვარს – ვიეტნამური, ტაილანდური, იაპონური, ჩინური.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com