ვენერა მილოსელი / ფუნთუშა და მოგონება წარსულიდან /

აბა, ფუნთუშა, ფუნთუშაა, ვანილით, დარიჩინით, ბულკი სეზამით, ბულკი, ბულკი – ქალი ძველებურ, საბავშვო ეტლს მიახრიგინებს, სადაც არითმეტიკული სიზუსტითა და ფარმაცევტული რუდუნებით აქვს ჩალაგებული ვანილიანი ფუნთუშები.

მე მას ვიცნობ, დილის შვიდიდან საქმეშია, სანამ ბავშვები სკოლაში წავლენ, სანამ, ასე ვთქვათ, მიზნობრივი აუდიტორია შემოიფანტება. ზოგჯერ მეც ვყიდულობ ხოლმე, ჩემს ბიჭს უყვარს კარაქიანი ფუნთუშები ჩაისთან.

– ქალოო, რა ადრიანად მოდიხარ, კვირაობით მაინც დაგვაყენე – ეჩხუბება მეზობელი მეორე სართულიდან.

– რა ვქნა, ქაა, ხვალ აღარ ივარგებს, გახმება – დარცხვენილი პასუხობს ხოლმე. ლამაზია, მაღალი კისერი და ბერძნული პროფილი აქვს, თმის დიდი ბულული სასაცილოდ ადგას თავზე, ულამაზესი სხეული რამდენიმე ზომით დიდ ტანსაცმელშიც ვერ იმალება.

– მაწვნის ქალს მაინც მოურიგდი, ერთად იყვირეთ, აბა, ბულკი და მაწონეე, მაწონეე – დაჰყვირის მოპირდაპირე სადარბაზოდან კაცი. – მარკეტინგის ცოდნა უნდა საქმეს, მარკეტინგის.

ქალი ყურადღებას არ აქცევს, პატარა ბიჭს ხურდას უთვლის, ყველაზე მეტი შაქრის პუდრი რომელსაც აყრია, ისეთ ფუნთუშებს ურჩევს.

ოცდახუთისაა, ქმარი ჰყავდა, უყვარდა, ის კი ხშირად სცემდა, ისე, რომ ერთხელ მუცელიც მოეშალა. გამოიქცა თავისი პატარა ქალაქიდან და ვიღაცისგან ნათხოვარი საბავშვო ეტლით ვანილიან ფუნთუშებს დაასეირნებს.

სულ მინდა დავუძახო, დილის ყავაზე შემოვიპატიჟო, თავისი ამბები მოვაყოლო, ჩემი ვუამბო. მინდა ვკითხო, როგორაა ასეთი სრულყოფილი, როგორ იმაგრებს თავს გაუხეშებულ, გაქვავებულ ქუსლებზე, ვის ჩასახუტებლად გაიწია, რომ ასე დაუნანებლად, შეუბრალებლად მოამტვრიეს ულამაზესი მკლავები.

მაგრამ ვერასდროს გავბედე და მხოლოდ ზემოდან, მეოთხე სართულის გისოსებიდან გადავყურებ.

– აბა, ფუნთუშა, ფუნთუშაა, ვანილით, დარიჩინით, ბულკი სეზამით, ბულკი, ბულკი – ქალი ძველებურ, საბავშვო ეტლს მიახრიგინებს, სადაც არითმეტიკული სიზუსტითა და ფარმაცევტული რუდუნებით აქვს ჩალაგებული ვანილიანი ფუნთუშები.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com