მაქსიმე ჩარკვიანი კულინარიული ჯადოქრობა

მსახიობობა უნდოდა, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, შეე­შინდა და იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. შემთხვევით აღმოჩნდა სფეროში, რომელიც იმდენად არ აინტერესებდა, რომ დიპლომის აღებამდე ნახევარი წლით ადრე იმპულსუ­რად არჩეულ სპეციალობაზე უარი თქვა და ორწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს რომ გადარჩენოდა, კინოსტუდიაში მუშაობა „ნულიდან“ დაიწყო: „ვაკეთებდი ყველაფერს, რასაც დამავალებდნენ ‒ სკამებს, მაგიდებს ვეზიდებოდი, საჭმელი მიმქონდა მსახიობებისთვის… რთული იყო, მაგრამ ვერავის დავადანაშაულებდი.“ მოგვიანებით ჯერ რეჟისორის ასისტენტი გახდა, შემდეგ ‒ რეჟისორი და ათ წელიწადს იმუშავა ტელევიზიაში, რომელიც უკიდურესად დატვირთული გრაფიკის გამო, დროს, ფაქტობრივად, არაფრისთვის უტოვებდა.

მომდევნო ეტაპზე მეგობრებთან ერთად სცენარებს წერდა, სარეკლამო რგოლებს იღებდა და პარალელურად, როგორც თვითონ ამბობს, სულ ჰქონდა ამბიცია, რაღაც უფრო მაგარი ეკეთებინა: „ძალიან მაღიზიანებს, როცა ადამიანებს არ აქვთ ამბიცია. რა თქმა უნდა, ჯანსაღ, ადეკვატურ ამბიციას ვგულისხმობ. სექტემბერში საკუთარი სარეკლამო კომპანია გავხსენი იმ ადამიანებთან ერთად, ვინც დაიჯერა, რომ წარმატება რეალურია, თუ თვითონ ირწმუნე რაღაცის. პირ­ველივე ნამუშევრებმა დაამტკიცა ეს.“

ვსაუბრობთ იმაზე, რომ საკუთარმა საქმემ მონატრებულ თბილისში ჩამოსასვლელი დრო გამოუთავისუფლა; დრო გამოუთავისუფლა სხვა საყვარელი აქტივობებისათვისაც ‒ იმ ყველაფრისთვის, რისთვისაც წლების განმავლობაში ვერ იცლიდა. ერთადერთი გამონაკლისი ყველგან და ყოველთვის, ნებისმიერი საქმისა და დატვირთვის პირობებში, კულინარია იყო ‒ ერთდროულად ყოველდღიური აუცილებლობაც, განტვირთვისა და თვითგამოხატვის ფორმაც.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის სამზარეულოს კულტურა, კულინარია?

მთელი ცხოვრება თვითონ ვიმზადებ საკვებს, რადგან ბავშვობიდან ხშირად მიწევდა სახლში მარტო დარჩენა. დედა მსახიობია, სულ დაკავებული იყო, მამასაც კონცერტები ჰქონდა. შვიდი წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები დაშორდნენ და დედასთან ერთად მოსკოვში გადავედი საცხოვრებლად. დედა იქაც სულ სპექტაკლებით იყო დაკავებული, გვიან ბრუნდებოდა. იმ პერიოდში დავიწყე ბრიტანელი ძალიან ცნობილი კულინარის, ჯეიმი ოლივე- რის შოუს ყურება. სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს ამზადებდა სასწაულად! მისი მაგალითით თვითონაც მომინდა რაღაცების მომზადება. ასე ნელ-ნელა გამიტაცა კულინარიამ, ძალიან შემიყვარდა ეს სფერო.

პირველი კულინარიული ექსპერიმენტი თუ გახსენდებათ?

პირველივე ცდით გამომივიდა და თან ძალიან მაგარი გამომივიდა პასტა ბოლონეზე. ერთადერთი ის იყო,რომ რაოდენობა ვერ გავთვალე და ძალიან ბევრი მოვამზადე. ჯეიმი ოლივერი კერძებს დიდი ოჯახისთვის ამზადებდა და, შესაბამისად, ყველა ინგრედიენტის რაოდენობა ამ დიდ ოჯახზე იყო გათვლილი. მე ამდენი აღარ მიფიქრია, მაგრამ გემო ნამდვილად კარგი გამოვიდა. აქედან დაიწყო ჩემი გზა კულინარიაში, მეგობრებს ძალიან მოსწონდათ ჩემი გატაცება და სულ მთხოვდნენ, ‒ წვეულებებზე იქნებოდა თუ ისე, ‒ რომ რაღაც მომემზადებინა. სხვას არც არავის ეხერხებოდა ეს ჩემს გარემოცვაში, თუმცა მოგვიანებით ჩემმა ახლო მეგობრებმაც აიტაცეს საჭმლის მომზადების კულტურა. ჩემთვის ეს უკვე ცხოვრების წესია, ვგიჟდები მზადებაზე და ეს პროცესი ისეთივე სიამოვნებას მანიჭებს, როგორსაც გემრიელი კერძის დაგემოვნება.

რას ამზადებთ ყველაზე ხშირად?

თავიდან ხორცისა და სალათების მომზადება მომწონდა ძალიან, კულინარიულ წიგნებს ვკითხულობდი. ჯეიმი ოლივერის მერე ჩინელი მზარეულების ყურება დავიწყე. საუზმეს ყოველ დღე ვამზადებ, თუმცა ჩემი დღის განრი- გიდან გამომდინარე, დილა პრაქტიკულად არ მაქვს, ‒ ძალიან გვიან ვიძინებ და, შესაბამისად, ძალიან გვიან ვიღვიძებ. შესაბამისად, საღამოს 6 საათზე მიწევს საუზმის მომზადება. ძალიან მიყვარს ფაფები და ამ კუთხით ექსპერიმენტირება. ყოველ ჯერზე ვცდილობ, რომ რაც არ უნდა ბანალური მოსამზადებელი იყოს კერძი, რაღაც განსხვავებული დავუმატო და ამით გავამრავალფეროვნო. ომლეტსაც ხშირად ვამზადებ, ერთი ძალიან მაგარი რეცეპტი ვისწავლე, რთული კი არაფერია, უბრალოდ, კვერცხს, რძესთან ერთად, ცოტა ფქვილი ემატება, რომ უფრო ფაფუკი გამოვიდეს.

გამორჩეულად რომელი სამზარეულო გიყვართ?

იყო პერიოდი, როცა ქართულ სამზარეულოს საერთოდ არ ვეკარებოდი, ვგიჟდებოდი ჩინურ კერძებზე ‒ ტკბილისა და ცხარეს სინთეზზე, შემდეგ ერთი პერიოდი ბერძნული სამზარეულო მომწონდა. ახლა ქართულს ვაღმერთებ! თუ, დავუშვათ, ბავშვობაში ფხალეული მძულდა, დღეს ნებისმიერ ქართულ რესტორანში სამზარეულოს იმის მიხედვით ვაფასებ, თუ როგორ აქვთ ფხალი მომზადებული. ქართული სამზარეულოა ერთმნიშვნელოვნად ჩემი ფავორიტი. მასში შემადგენლობის სიმარტივე და მიღებული შედეგის ეფექტურობა მხიბლავს. როცა გებჟალია პირველად გავსინჯე, შოკში ჩავარდი. ზოგადად, ყველაზე მეტად ბოსტნეულის შემადგენლობა მომწონს. ხორცს ვჭამ, მაგრამ ნაკლებად. ამ მხრივ იტალიური კერძები ძალიან ახლოსაა ჩემს გემოვნებასთან. იყო პერიოდი, როცა ტიბეტური, ინდური სამზარეულო მომწონდა, მაგრამ ახლა ქართულია პირველ ადგილზე.

ექსპერიმენტები გიყვართ?

თუკი არავის ვავნებ და თვითონაც არაფერი დამემართება საკუთარი ექსპერიმენტის შედეგად, მაშინ თამამად ვრისკავ. საერთოდ, ექსპერიმენტები ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ შორის, საკუთარ თავთან დაკავშირებულიც, მენტალური თვალსაზრისით. ძალიან მიყვარს ტკბილეული და დიდხანს არ გამომდიოდა ნამცხვარი „ნაპოლეონი.“ ამაზე ვბრაზდებოდი. ახლა კარგად ვამზადებ. კიდევ სტაფილოს ღვეზელს ვაცხობ, რომელიც გემოთი ძალიან ჰგავს ნესვის ნამცხვარს. გოზინაყი მიყვარს ძალიან, ახლა რომ ჩამოვედი, მამიდაჩემს ვთხოვე თავისი რეცეპტი ესწავლებინა, იმიტომ, რომ საოცარს ამზადებს. ისე გამოვიდა, რომ რამდენჯერაც გოგოსთან ერთად მიცხოვრია, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მათ მომზადება არ ეხერხებოდათ და ამიტომ თვითონ ვცდილობდი მათ გაოცებას ამ კუთხით. მოსკოვში ერთ გოგოსთან ვცხოვრობდი, ძალიან დაბალი ხელფასი მქონდა იმ პერიოდში. მახსოვს, ერთ დღეს საერთოდ არაფერი არ გვქონდა საშინელი სოსისის, პურისა და სუნელების გარდა და ისეთი გემრიელი რაღაც მო- ვამზადე, მერე, როცა ფინანსურ პრობლემებს თავი დავაღწიეთ, ხშირად ვიმეორებდით ხოლმე ამ კერძს. ამბობენ, რომ კინოშიც კი ასეა და როცა შეზღუდული ბიუჯეტი გაქვს, მაშინ იწყებ კრეატიულობის ჩართვას და შეიძლება ამ დროს ძალიან მაგარი რაღაც მოიფიქრო.

ჯანსაღი კვება რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის?

ჩემი რუსი ბებია მიკრობიოლოგია, ამიტომ ჯანსაღი კვება ჩემთვის ბავშვობიდან აქტუალური იყო. ვიღვიძებდი თუ არა, ბიფიდობაქტერიებს მასმევდნენ. მტკიცედ მაქვს გამჯდარი, რომ არასდროს ვსვამ წყალს ჭამის შემდეგ, ვცდილობ ყოველთვის ცალცალკე მივიღო ის პროდუქტები, რომლებიც რთულად შესათავსებელია ერთმანეთთან. დღეს მოსკოვში სწორი კვების ბუმია, პლუს, უამრავი რესტორანია ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის.

სასმელებიდან რას ანიჭებთ უპირატესობას?

მეგობრებთან ერთად ბარი მქონდა მოსკოვში, ამიტომ ალკოჰოლთან ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება მაქვს. რამდენიმე კოქტეილი მიყვარს, სუფთა ალკოჰოლს არ ვსვამ ‒ არც არაყს, არც ლუდს, არც ღვინოს. სუფრის მოყვარულიც არ ვარ, არ შემიძლია დიდხანს ჯდომა. ეს იმით არაა გამოწვეული, რომ, ზოგადად, სუფრის კულტურა არ მომწონს, უბრალოდ, ტიპი ვარ ისეთი, დიდი დრო რომ იკარგება, არ მომწონს, მენანება. ამის მიზეზი, ალბათ, ისაა რომ მოსკოვში, სადაც გავიზარდე, არასდროს მქონია დიდხანს ერთ ადგილზე ჯდომის ფუფუნება.

თბილისში ხშირად ჩამოდიხართ?

ბოლო სამი წლის განმავლობაში იშვიათად ვახერხებდი სამსახურის გამო. ახლა საკუთარი სარეკლამო კომპანია მაქვს და, შესაბამისად, ჩემს თავზე გავხდი დამოკიდებული ამ კუთხით. საქართველოში ვგეგმავ საცხოვრებლად გადმოსვლას. ჩემი ნაცნობების უმრავლესობა ბრუნდება საქართველოში სხვადასხვა მიზეზით.

რომელი ქალაქი უფრო ახლოსაა თქვენთან ‒ თბილისი თუ მოსკოვი?

თბილისი აბსოლუტურად ყოველთვის ჩემი ნაწილი იყო. აქაური ატმოსფერო გაცილებით ახლოსაა ჩემთან, ვიდრე მოსკოვის. რამეს კი არ ვუწუნებ მოსკოვს ‒ გადასარევი, ძალიან ლამაზი ქალაქია, მაგრამ ის უცხოა შენი ბინის იქით, შენი საწოლის იქით, ‒ რამდენი მეგობარიც არ უნდა გყავდეს ან რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეს. ასეთი ქალაქია. იქ სულ მაკლია ის, რაც ენერგეტიკით, განწყობით ასე ჩემია – ფუფუნება.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com