რა ხდება – ხოლმე, როცა ჩვენ ორნი ვართ სახლში? როცა არც მე ვმუშაობ და არც ის მიდის სკოლაში? როცა ერთმანე- თისთვის გვცალია? როცა ყველაზე მეტად ერთად ყოფნა და ახალი თამაშების მოფიქრება გვინდა?
ფოიერვერკი და ალქიმია? უცხოსთვის შეიძლება არც ისე, მაგრამ ჩვენთვის ‒ ნამდვილად.
ჩემს ბიჭს იცნობთ? ისეთი ლამაზი შავ – შავი თვალები აქვს, ისეთი ტკბილი სუნი კისერში, ისეთი ჭკვიანი გამოხედვა, რომ ლათინურად დაწერილი ერთი სიტყვის სულაც არ გვეშინია.
აუტისტური სპექტრის აშლილობას მეტყველებისა თუ ქცევით თავისებურებებთან ერთად კვებითი სირთულეებიც ახლავს, რასაც სენსორული დარღვევები თუ ახალი საკვების გასინჯვის შიში განაპირობებს. აუტიზმის დროს გამოყენებული თერაპიები კვების მოწესრიგებასაც ისახავს მიზნად, ზოგიერთი მიდგომით, ამ დროს სპეციალური დიეტები გამოიყენება, პროდუქტების ზოგიერთი სახეობის აკრძალვითა და შემცირებით. ჩვენ ასეთი დიეტა არ გვაქვს, უბრალოდ ზედმეტ ტკბილეულს და გაზიან სასმელებს ვერიდებით, განსაკუთრებით დილით, როცა სკოლაში სრული მობილიზება და სიმშვიდე სჭირდება და საღამოს ‒ მშვიდი ძილისთვის.
როგორია ჩემი გამოცდილება? როგორ მეხმარება ჩემი მოფიქრებული თერაპია მისი კვებითი აკვიატებების, ახალი გემოებისა და კერძების გასინჯვის შიშის დამარცხებაში?
თანმიმდევრობით მივყვეთ!
ერთ რამეს მივხვდი, ნებისმიერი ჩაკეტილობისა და კომუნიკაციური სირთულის მოსაგვარებლად, იქნება ეს ხასიათის თავისებურებით გამოწვეული თუ კონკრეტული სინდრომით, ერთი დიდი და მთავარი საშუალება, იარაღი თუ ჯადოსნური ჯოხი არსებობს, ეს არის შთაბეჭდილება!
ნებისმიერი შეგრძნება იწვევს შთაბეჭდილებას, რომელიც გამახსოვრდება, სიტუაციას თუ ადამიანს გაყვარებს და მას- თან ურთიერთობის გაგრძელებას განდომებს, ასეთია ჩვენი, დედა – შვილის თერაპია ‒ რომელსაც მისი უდიდებულესობა შთაბეჭდილების მაგიურ ძალას დავარქმევ.
ეს თერაპია მრავალგვარია, მუსიკალური, ლიტერატურული, ქორეოგრაფიული თუ კულინარიული, ეს თერაპია ყველაზე, ყველაზე მეტად შედეგიანია, იმიტომ, რომ დედისა და შვილის ურთიერთობას ემყარება.
მუსიკა გინდათ სცადოთ? ჩვენ ასეთი თერაპია გვაქვს ‒ ერთად სიმღერის. ჯერ მელოდიას და სიტყვებს ვსწავლობთ, მერე ვცდილობთ ეს ჩვენი სიმღერა დიალოგად ვაქციოთ, ბოლოს ხმებში ვანაწილებთ და ისე ვღიღინებთ. გიორგის შემთხვევაში მისი კარგი მუსიკალური სმენა მეხმარება რთული სიმღერები ვისწავლოთ და ვიმღეროთ, თუმცა, ამგვარი კონტაქტისთვის, მერწმუნეთ, სიზუსტე და განსაკუთრებული მუსიკალური განათლება სულაც არაა საჭირო.
ზოგჯერ მარტივ ინსტრუმენტებსაც ვიყენებთ ხოლმე, მაგალითად, საბავშვო დრამს, ქსილოფონს, ელექტრონულ პიანინოს, ვეჩვევით, როგორ დაველოდოთ ერთმანეთს, როგორ მივყვეთ მელოდიას, როგორ შევახამოთ ხმები და განწყობები. ცოტა ხანში, ნოტების სწავლასაც ვაპირებთ, ჩემი ბავშვობის ფორტეპიანოსაც შევბედავთ. ეს ჩვენთვის ერთგვარი კომუნიკაციური თერაპიაცაა და საყვარელი გართობაც. ხოლო, რა დიდი სიამოვნებაა ეს ურთიერთობა, ამას აღარ მოგიყვებით, აუცილებლად თავად უნდა სცადოთ.
რასაკვირველია, ყოველდღე ფოერვერკების მოწყობა არ გამოდის, მეც და ჩემს შვილსაც რთული გრაფიკი გვაქვს: მე – სამსახური და ათასგვარი მოვალეობა, მას სკოლა, მეტყველების თერაპია, – მაგრამ კვირაში ორი დღე მაინც ჩვენია და სწორედ მაშინ ვცდილობ, მისი შთაბეჭდილება რაც შეიძლება მრავალფეროვანი გავხადო. სეირნობა, ახალი ადგილების ნახვა, გამოფენები, კინო, თეატრი, მუსიკა, თამაში, საყვარელი ადამიანების ღიმილი – ასეთი დღის ბოლოს ის ცდილობს, ყველაფერს მომიყვეს, ახალი სიტყვები გამოიყენოს, რაც მთავარია, ძალიან კმაყოფილი და ბედნიერია.
ახლა მთავარს, გემოებისა და კერძების თერაპიას მივადექი, რომელიც, უნდა ვაღიარო, ორივეს ყველაფერს გვირჩევნია, ამ პროცესში სხვა საშუალებებიც უნდა ჩართოთ, საბავშვო წიგნები, მათემატიკა, ასტრონომია – მოკლედ, ყველაფერი რაც თქვენს შვილს უყვარს.
როდესაც ბავშვი განსხვავებული ზედაპირის ან გემოს საკვებს არ მიირთმევს, მას შეხების პრობლემაც ექნება. ალბათ ბევრჯერ შეგხვედრიათ ადამიანი, ვინც თითსაც ვერ დააკარებს გაუფცქვნელ ატამს და გემოსაც ვერაფრით გაუსინჯავს, ამიტომ ჩემი და გიორგის კვებითი თერაპიული თამაშები გრძნობის სხვადასხვა სფეროს ეხება.
1 ბოსტნეულობანა და ფუდარტი
ბევრი ბავშვი იცით ბოსტნეული რომ უყვარს? ალბათ არა, ამიტომაც ბოსტნეულთან გაშინაურებისა და ვიტამინების მორჯულების საუკეთესო საშუალება ფუდარტია. ვიღებთ სულ ფერად-ფერად ბოსტნეულს, ვრეცხავთ, ვჭრით და ათასგვარ ფორმებად ვალაგებთ თეფშზე.
აუტისტური სპექტრის აშლილობებისთვის სენსორული თავისებურებაა დამახასიათებელი, ამიტომ, სანამ ბოსტნეულის დამუშავებას დავიწყებ, ვცდილობ, მისი ზედაპირი გავაცნო, შევაგრძნობინო, თუ აპროტესტებს, აცალეთ, ერთ დღეში ვინ მოშინაურებულა, სტაფილო და ფერადი კომბოსტო რომ მოშინაურდეს?
მერე ამ მთელ ბოსტნეულს სხვადასხვა ფორმებს ვაძლევ, აქ შეგვიძლია ფერებსა და ფორმებში ვიმეცადინოთ, გავა- რჩიოთ, რომელი ბოსტნეული ინახავს ნაყოფს მიწაში და მიწის ზემოთ, რომელს როგორი მოვლა უნდა, მოკლედ, კარგი თამაშია.
2 ცომი და მასთან გასაუბრებანი
ზოგჯერ დერმატიტი მწვავდება – ხოლმე, ამიტომ პლასტელინებსა და ათასგვარი ქიმიური შემცველობის მსგავს სათამაშოებთან ურთიერთობა გაიშვიათებული გვაქვს. ცომი საუკეთესო გამოსავალია, როგორც ხორბლის ფქვილისგან მომზადებული, ასევე, სხვა სახეობის ფქვილისგან.
მჭადის ფქვილის არაერთგვაროვანი სტრუქტურა მშვენიერი სენსორული სავარჯიშოა, ისევე, როგორც წიწიბურას ფქვილისა და სხვა მარცვლოვნების. თუ სიმინდის ფქვილისგან მომზადებულ ცომს მრავალფეროვანი სტრუქტურისთვის ცოტაოდენ ყველს, ან დანამცეცებულ ნიგოზს, თუნდაც მოწალულ ისპანახს გაურევთ, თამაშის პროცესშიც სასიამოვნო იქნება ეს სხვადასხვაგვარი სტრუქტურა და გამოცხობის შემდეგ ხომ მშვენიერ, გემრიელ შედეგს მიიღებთ.
ხორბლის ფქვილისგან მომზადებული ცომისგან ათასგვარი კაცუნას თუ ყვავილის გამოძერწვა შეიძლება, ვიყენებ ფენოვან ცომსაც, ტარტის ცომსა და სხვა სახეობებს.
3 ხილი და კოსმოსი
ამ მეთოდისთვის თქვენი ბავშვის ინტერესის სფერო აირჩიეთ, ჩვენს შემთხვევაში კოსმოსი და პლანეტებია აქტუალური, ამიტომაც, ხილის თამაშებისთვის, კოსმოსში ვმოგზაურობთ.
ჯერ მზის სისტემის პლანეტებად დავალაგებთ ფორთოხალს, ვაშლს, კივის, ბალს, ალუბალს – ზომის მიხედვით, თუ ზაფხულია ირმის ნახტომის გალაქტიკად ნაღები ანდა ოდნავ გამდნარი ნაყინიც გამოიყენება, მეტეორებად და თანამგზავრებად – თხილეული, ყველაფერი, რაც გემრიელია.
მერე ვცდილობთ გავიგოთ, არის თუ არა ამ პლანეტებზე სიცოცხლე, როგორი გემო აქვს ამ სიცოცხლეს, მოგვწონს თუ არა და ათასგვარ ვიტამინმომარაგებულები ვბრუნდებით დედამიწაზე – ანუ სამზარეულოს მაგიდასთან.
თქვენ როგორი თამაშები იცით? გამიზიარეთ.