ანა ხერხეულიძე ბექა გოჩიაშვილი

ერთმანეთი 2014 წლის 11 ნოემბერს ამსტერდამში გაიცნეს. ბექას მაშინ პირველი ტურნე ჰქონდა სტენლი კლარქსონთან ერთად. ანას კი კონცერტზე მისვლა მეგობარმა ურჩია. კონცერტის შემდეგ საერთო მეგობარ ლევან ცხადაძესთან წავიდნენ სტუმრად. იქ ბექამ ანას ნომერი გამოართვა და ანას ნომრიდან თავის ტელეფონზე გული გააგზავნა, ‒ ეს იმისთვის, რომ მერე მე მეპასუხაო. იმ დღიდან დაიწყო მათი ამბავიც.

დღეს ბექა და ანა ერთად ცხოვრობენ, ოჯახურ ცხოვრებას ნელ-ნელა ეჩვევიან და სამზარეულოშიც როლებს თანაბრად ინაწილებენ.

თქვენი პირველი რომანტიკული ვახშამი თუ გახსოვთ?

ბექა: ეს იყო ლონდონში, სადაც გაცნობის შემდეგ პირველად შევხვდით ერთმანეთს. ანა ლონდონში ჩამოვიდა, მე იქ კონცერტი მქონდა და იმ საღამოს პირველად ვივახშმეთ ერთად.

დღეს ერთად ვახშმობთ / სადილობთ?

ბექა: აუცილებლად ერთად. აქამდე არ მითქვამს და ანა ნამდვილად საუკეთესო კომპანიონია. მასთან ერთად ვახშმობა დიდი სიამოვნებაა, მისი გემოვნებაც საინტერესოა ამ კუთხით. ანას შეუძლია გირჩიოს, რა მიირთვა და მისი გემოვნური რეცეპტორები ყოველთვის ამართლებს.

საყვარელი ადგილი თუ გაქვთ სადაც ყველაზე ხშირად დადიხართ?

ანა: ამსტერდამში გვაქვს ამოჩემებული ადგილი ‒ ტაილანდური რესტორანი, სადაც ერთი კერძია „ფათაი“ და იმას მივირთმევთ ყველაზე ხშირად, ხანდახან ყოველდღეც; უკვე გვცნობენ კიდეც და ზუსტად იციან რა უნდა მოგვიმზადონ… მე, მაგალითად, სტაფილო არ მიყვარს და იციან, რომ სტაფილოს გარეშე უნდა გამიკეთონ კერძი.

სახლში ვინ ამზადებს?

ბექა: სახლში ხშირად არ ვამზადებთ. ახლა დავიწყეთ, რაც ერთად გადავედით… ანა აკეთებს სპაგეტს, მე ‒ ბურგერებს. 

სახლში გირჩევნიათ სადილი თუ გარეთ? 

ბექა: ხასიათზეა დამოკიდებული. მე უფრო გარეთ, ანასაც გარეთ უყვარს.

ყველაზე ხშირად რას მიირთმევთ?

ანა: ტაილანდური კერძები გვიყვარს ყველაზე მეტად.

ერთმანეთის კულინარიულ გემოვნებას კარგად იცნობთ?

ბექა: კი. ანას უყვარს ზღვის პროდუქტები.

ანა: ბექა ხორცისტია, სტეიკი უყვარს და ზღვის პროდუქტები. დაახლოებით ერთნაირი გემოვნება გვაქვს.

რას არ გასინჯავთ არასოდეს?

ბექა: მე არ გავსინჯავ ჭვიშტარს, ყველი აქვს და მე ყველი არ მიყვარს.

ანა: მე მიყვარს ახალი გემოების ძებნა. ამიტომ თითქმის ყველაფერს ვსინჯავ.

როცა აქ არ ხართ, რა გენატრებათ?

ანა: ხინკალი. ამსტერდამში გახსნა ჩვენმა მეგობარმა ხინკლის სახლი, იქ მივდივართ და ვიკლავთ ნოსტალგიას.

რომელი სამზარეულო გიყვართ?

ანა: იტალიური და ქართული.

ბექა: იტალიური, ქართული, ტაილანდური, ჩინური, იაპონური.

სამზარეულოში ექსპერიმენტებს თუ მიმართავთ ხოლმე?

ანა: სადაც ჩავდივართ, ვცდილობთ დავაგემოვნოთ იქაური კერძები და ექსპერიმენტების არ გვეშინია.

ბექა: მე, კი, ყოველთვის. მიყვარს იმპროვიზაციები, შემიძლია სალათი გავაკეთო ბევრნაირად. მგონია, რომ ასე უფრო გემრიელია.

ბექა, კულინარია ხელოვნებაა?

კი, ხელოვნებაა პირდაპირი გაგებით.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com