ზამთარი იწურება. ჩავამთავრეთ, გავედით ბოლოში. უკვე იგრძნობა გაზაფხულის სუნი და გარშემო ყველაფერი ცოცხლდება. მიუხედავად იმისა, რომ მე ყველა სეზონი მიყვარს და ვთვლი, რომ ოთხივე სეზონს თავისი ხიბლი აქვს, გაზაფხული მაინც გაცოცხლების პერიოდია, – კარგ ფორმაში ყოფნის, სიახლის, ოპტიმიზმის. პარალელურად, ნელ-ნელა სეზონური პროდუქტებიც წამოვა და კიდევ მეტ სიახლეს შემოიტანს ჩვენს ყოველდღიურობაში.
გაზაფხულზე და ზაფხულში მსუბუქი კერძების მოთხოვნილება ჩნდება. ამიტომ ზამთარში აქტუალურ რამდენიმე კერძს დროებით ამოვიღებ მენიუდან. თუმცა იქამდე, ბოლო ცივ დღეებს ნამდვილად მოუხდება, მაგალითად, პოლენტა ქათმით.მე „ქეთის ბისტროში“ ამ კერძისთვის პატარა, 200-გრამიან ფრანგულ წიწილას ვიყენებ. გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელია მოსამზადებლადაც მოსახერხებელია – ერთი ადამიანისთვის განკუთვნილი პორციაა. თუმცა სახლში, ოჯახისთვის მზადებისას, ქათმის ზომას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და ფრანგული წიწილა უპრობლემოდ შეიძლება მოზრდილი ქათმით ჩავანაცვლოთ. გარნირი სხვადასხვა შეიძლება იყოს, მე პოლენტასთან კომბინაციაში მომწონს.
კრემიანი პოლენტა ბევრი პარმეზანით, ნაღებითა და კარაქით მზადდება და ძალიან გემრიელია. ზემოდან შებრაწულ ქათამს ვადებთ და სამი სახეობის სოკოს ვუმატებთ. ზამთრის კლასიკური კერძია, უფრო კალორიული, ვიდრე საგაზაფხულო მენიუს კერძები. მე ძალიან მომწონს ქათმის, სოკოსა და პოლენტას ეს კომბინაცია, ძალიან მიყვარს და მინდა ჩემი საყვარელი ჟურნალის მკითხველსაც გავუზიარო.
პოლენტა იტალიურ სამზარეულოშიც გვხვდება, ფრანგულშიც. მე ეს კერძი სამთო-სათხილამურო კურორტზე გავსინჯე საფრანგეთში და იქიდან ავიჩემე! ღომს წააგავს, თან განსხვავებულია და მრავალფეროვნება შემოაქვს, რადგან გარნირებში მაინც შეზღუდულები ვართ – კარტოფილის პიურე, ბრინჯი – ძირითადად, ესაა არჩევანი. პოლენტა ქათმით ძალიან საინტერესო და გემრიელი კერძია, „ქეთის ბისტროს“ მენიუშიც დიდი მოწონებით სარგებლობს. ვინც სინჯავს, არ არსებობს, გასამეორებლად არ დაბრუნდეს. ზამთრის ბოლოს, ჯერ ისევ ცივ დღეებს, ძალიან მოუხდება წითელ ღვინოსთან ერთად!
საჭირო ინგრედიენტები:
სოკო პორტობელო – 200 გრ.
ქამა სოკო – 200 გრ.
ხის სოკო – 200 გრ.
პოლენტა – 100 გრ.
პარმეზანი – 100 გრ.
კარაქი – 50 გრ.
ნაღები – 100 გრ.
ტრუფელის პასტა – 60 გრ.
ნიორი – 1 კბილი
მარილი
პილპილი
მომზადების წესი:
სამი სახეობის სოკოს ერთად ვთუშავთ კარაქში, ერთ კბილ ნიორს დაჭყლეტვის გარეშე ვაგდებთ სოკოში, რომ არომატი გაუშვას და მერე ამოვიღებთ. თუ გვაქვს საშუალება, რომ ტრუფელის ზეთი ან ტრუფელის პასტა დავამატოთ, ესეც ძალიან უხდება. მოთუშული სოკოს ნაწილს დავაბლენდერებთ. ქათამს დავამარილებთ, დაბლენდერებულ მასას წავუსვამთ და ასე გამოვაცხობთ ღუმელში.
პოლენტას მზადებას მაშინ ვიწყებთ, როცა ქათამი თითქმის შებრაწულია. წყალს ვადუღებთ, 100 გრამს ‒ 200-300 მლ. წყალი სჭირდება. დავამატებთ კარაქს, ნაღებს, მარილს, პილპილს, ცოტა ტრუფელის პასტას ან დაბლენდერებული სოკოს მასას მოვიტოვებთ. პარმეზანს წვრილად ვხეხავთ და ხარშვის დროს ვუმატებთ. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში უწყვეტად უნდა ვურიოთ. სიმინდის ფაფასავით ფუვდება, პრაქტიკულად იდენტური სტრუქტურისაა. თუ გაგისქელდათ, შეგიძლიათ ნაღებით გაათხელოთ და სასურველი კონსისტენცია მიიღოთ.
სასურველია ჩაღრმავებული ჭურჭელი შევარჩიოთ. ჯერ პოლენტას ჩავასხამთ, ზემოდან ქათამს დავადებთ, შემწვარი სოკოს მეორე ნაწილს ზემოდან მოვაყრით და პარმეზანს მოვახეხავთ. მარტივი მოსამზადებელი და, ამავდროულად, ძალიან საინტერესო კერძია.