ელენე ოთარაშვილი – შატო მუხრანის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი.
თბილისიდან 35 კილომეტრით დაშორებული ზღაპრული შატო მუხრანის ისტორია ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელთან, მე-19 საუკუნის ცნობილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწესთან, ივანე მუხრანბატონთანაა დაკავშირებული. მან ჯერ კიდევ 1876 წელს საფრანგეთში მოგზაურობისას შეისწავლა შატოს კონცეფცია, ასევე ღვინის დაყენების ევროპული ტექნოლოგია და გადაწყვიტა საქართველოში ისეთი საწარმო აეშენებინა, სადაც ღვინის ტრადიციული ქართული ტექნოლოგიისა და კლასიკური მეთოდის სინთეზი იქნებოდა შესაძლებელი.
იდეის სისრულეში მოსაყვანად ივანე მუხრანბატონმა ფრანგი არქიტექტორები, მევენახეები, მებაღეები მოიწვია და ქართლში, მუხრანის ვაკეზე ევროპული კონცეფციის შატოს შექმნა დაიწყო. სასახლის პროექტი ფრანგ არქიტექტორებს ეკუთვნით. მისი მშენებლობა 1873 წელს დაიწყო და 12 წლის შემდეგ დასრულდა. შენობის გარშემო განლაგებული ბაღი, რომელიც ყველა მნახველის აღტაცებას იწვევდა, ვერსალის მებაღემ დააპროექტა. მე-19 საუკუნეში ეს იყო ყველაზე მდიდრული სასახლე, რომელიც პარკეტით, მოოქროვილი ავეჯით, როიალით იყო შემკული. აქვე ნახავდით საქართველოში პირველ ბილიარდის მაგიდასაც. მუხრანბატონის უზარმაზარი მამული ქართული ელიტის თავშეყრის კულტურულ ეპიცენტრად იქცა. პირველ სართულზე თეატრი იყო განთავსებული. ივანე მუხრანბატონი უამრავ სტუმარს მასპინძლობდა, მათ შორის, ცნობილ ქართველ თუ უცხოელ საზოგადო მოღვაწეებს, მეცნიერებს, მწერლებსა და პოეტებს. აქაურობის ხშირი სტუმარი იყო ილია ჭავჭავაძე. მუხრანის მამულს რუსეთის იმპერატორიც ეწვია.
ბოლშევიკების პერიოდში გაპარტახებული და გაძარცვული შატო მუხრანის აღდგენის იდეა 2002 წელს გაჩნდა. დამფუძნებელთა ჯგუფის ‒ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და შვედი ინვესტორის ფრედერიკ პაულსენის ინიციატივით, შატოს ტერიტორიაზე ისევ გაშენდა ვენახები, აღდგა სასახლის ფასადი, ღვინის საწარმო, უნიკალური მიწისქვეშა მარნები და ეზო. სამშენებლო – სარეაბილიტაციო სამუშაოები 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გარემომ ნელ-ნელა პირვანდელი სახე დაიბრუნა, 2011 წლიდან კი შატო მუხრანში ტურიზმის განვითარებაც დაიწყო.
გადამწყვეტ ფაზაშია შატო მუხრანის სასახლის ინტერიერის აღდგენითი სამუშაოებიც, რაც პირვანდელ სახეს დაუბრუნებს ნაგებობას. პროექტზე საფრანგეთის წამყვან არქიტექტორთა ჯგუფი Moly-neux Studio მუშაობს. განახლებულ სასახლეში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თემატიკისა და შინაარსის მრავალფუნქციური დარბაზები – საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, მაღალი კლასის ევროპული რესტორანი, საცურაო აუზი, გოლფის მოედანი, რამდენიმე ლუქსნომერი შატოში ჩამოსული საპატიო სტუმრებისთვის და ა. შ
სასახლის სრული რეკონსტრუქციის ფარგლებში შექმნილია ახალი კულტურულ – ტურისტული ცენტრიც. 3000-კაციანი ამფითეატრი მასშტაბურ ფესტივალებს, პრემიერებსა და სხვა საზეიმო ღონისძიებებს უმასპინძლებს.
დედაქალაქთან სიახლოვე ხელს არაფერში უშლის იმ სიმშვიდესა და ზღაპრულ სილამაზეს, რაც შატო მუხრანს ათასობით ვიზიტორის ფავორიტ მიმართულებად აქცევს. ყოველ შაბათ-კვირას ტერიტორია სავსეა ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან ერთად დროის ბუნებაში გატარების მსურველებით. მომსახურე პერსონალი, პროფესიონალი მეგზურები, სომელიეები ტერიტორიაზე ფეხის შედგმის წამიდან ზრუნავენ იმაზე, რომ თითოეულმა ვიზიტორმა თავი კომფორტულად იგრძნოს და საუკეთესო მოგონებები გაიყოლოს მუხრანიდან.
ეთნოგრაფიული კუთხე
ქართული ეთნოგრაფიული კუთხე შატო მუხრანის ვიზიტორებს სხვადასხვა კულინარიულ აქტივობას სთავაზობს: ჩურჩხელების
ამოვლება, თონეში პურის გამოცხობა, ჭაჭის გამოხდა, მასტერკლასი ხინკლის მოხვევასა და ხაჭაპურის ცხობაში. რთველის პერიოდში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს თავადაც მიიღოს ყურძნის კრეფაში მონაწილეობა. ადგილობრივ სამზარეულოში პირველი ექსპერიმენტები შატოს უცხოელი სტუმრების გასტრონომიულ შესაძლებლობებსაც ცდის და მასპინძელი
ქვეყნის კიდევ უფრო ახლოს გაცნობაში ეხმარება მათ.
ღონისძიებები
შატო მუხრანის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქმიანი ტურიზმია. უკვე წლებია აქტიური მოთხოვნაა მასშტაბურ კონფერენციებზე, კორპორატიულ ღონისძიებებზე, ქორწილებსა და დაბადების დღეეებზე. აქაურობა ერთდროულად 3000-4000 სტუმარს იტევს. შატო მუხრანი, როგორც სადღესასწაულო სივრცე, არამარტო ქართველი ვიზიტორების საყვარელი ადგილია. აქაურობა სისტემატურად მასპინძლობს უცხოელი სტუმრების ღონისძიებებსაც, რომლებიც ხან ტურისტული სააგენტოების საშუალებით, ხანაც პირადად უკავშირდებიან შატოს ტურიზმის დეპარტამენტს და ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დღის ორგანიზებას თამამად ანდობენ მას. პროფესიონალი და გამოცდილი ივენთმენეჯერების გუნდი ზრუნავს, რომ ქორწილი ზღაპრების ყველა სტანდარტით წარიმართოს. ღია ცის ქვეშ დეკორირებულ სივრცეში თითოეულ ნიუანსზე ნაფიქრია. ერთადერთი,
ამინდი ვერ იძლევა სტაბილურობის გარანტიას, მაგრამ პრობლემას ცვალებადი მოღრუბლულობაც არ ქმნის. მეტიც, ტენტები ამბავს ზღაპრულობას სძენს და წარმოუდგენლად ფოტოგენურიცაა.
საცხენოსნო კლუბი
შატოს ტერიტორიაზე მუხრანელი ბავშვები სრულიად უსასყიდლოდ ეუფლებიან ცხონოსნობის ხელოვნებას. მწვრთნელი, მამუკა მახარაძე 12 წლის თეო ლაშხიას გვაცნობს, რომელიც 2016 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით ჯირითობს. მოედნიდან საჯინიბოში ვინაცვლებთ, სადაც ფოტოაპარატის მიმართ სრულიად გულგრილია შვიდი ცხენი და სამი კვირის კვიცი, სახელად ესტამპიც.
პარკი
გადმოცემის თანახმად, როცა ივანე მუხრანბატონს მნიშვნელოვანი სტუმრები ჰყავდა, პარკის ცენტრში განთავსებული შადრევნიდან ცქრიალა ღვინო გადმოედინებოდა. მის გაყოლებაზე კედრებისა და თეთრი ვარდების ბაღია; შემდეგ ფრანგულ ბაღს ვხვდებით, აქ მოყვანილი ბოსტნეული სამზარეულოში ინაცვლებს განთქმული მუხრანული ხორცისა და სხვა ნატურალური პროდუქტის გვერდით.
მარნები
მწვანე მოლის ქვეშ ისტორიაში შევდივართ, რომელიც 20 ფლიგელს აერთიანებს. ტემპერატურა 14-დან 16 გრადუსამდე მერყეობს. მარნების აღდგენა-რეკონსტრუქცია ძველი, ავთენტური აგურით მოხდა. იერსახე მაქსიმალურად აქვს შენარჩუნებული
მე-19 საუკუნის გვირაბსაც. კასრები, რომლებშიც მუხრანბატონის ღვინის საიდუმლო ინახება, კავკასიური, ფრანგული და ამერიკული მუხისგან საფრანგეთშია დამზადებული. ენოთეკაში თავმოყრილია ის, რაც ბაგრატიონთა მამულებში უკვე თანამედროვე ეპოქაში იქმნება. ყველაზე ძველი აქ 2007 წლის საფერავია, რომელიც სულ რამდენიმე ბოთლიღაა შემორჩენილი და უკვე ძალიან ძვირადაც ფასობს. თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი საუკეთესო საწარმო 17 სახეობის ღვინოს უშვებს. ყურძენი მხოლოდ შატოს ტერიტორიიდანაა, 100 ჰექტარზე გაშენებულ ვენახებში ქართული და ფრანგული ჯიშის ყურძენი მოჰყავთ. ლაბორატორიაში ჯერ დაკრეფილი ყურძენი მოწმდება, მოგვიანებით კი ღვინის ხარისხი. 2014 წლიდან შატოში ქვევრის ღვინის წარმოებაც დაიწყო.უცხოელი ვიზიტორების ყურადღებას იქცევს ღვინის ტრადიციული სასმისები. ყანწები,ფიალები, აზარფეშა. შემონახულია ივანე მუხრანბატონის დროინდელი ბოთლი, რომელზეც რომანოვების გერბია აღბეჭდილი. შატოს მეპატრონეებმა ეს ბოთლი კერძო კოლექციიდან შეისყიდეს და მარნის სამუზეუმო ნაწილში განათავსეს. აქვე ნახავთ ეტიკეტს, რომლითაც ივანე მუხრანბატონის ღვინომ ევროპასა და აშშ-შიც კი მიაღწია. მათთვის, ვისაც ღვინის სახეობებში, მისი მოხმარების ეტიკეტში გარკვევა სურს, სხვადასხვა სახის ღვინის ტური, ღვინის დეგუსტაციაში მასტერკლასია ხელმისაწვდომი.ჩვენც ვაგემოვნებთ მუხრანბატონის თეთრ და წითელ საიდუმლოს,რომელსაც სწორედ ასე ქვია:„საიდუმლო კოლექციიდან.“ ის ყურძნის ოთხი ჟიშისგან მზადდება,რომელთაგან სამი სახელწოდება ეტიკეტზეა დატანილი,მეოთხე კი საიდუმლოდ რჩება.
მწვანე მოლი
თუნდაც ერთი ფოტო ამ მწვანე მოლზე უკლებლივ ყველას აქვს, ვისაც შატო მუხრანში ცოტა ხნით მაინც შეუვლია. ეს უზარმაზარი დამრეცი მოლი, იგივე ამფითეატრი, საქორწინო წვეულებების დროს თუ უბრალოდ სიმწვანეში დასვენების დროს, საუკეთესო ფოტოსესიის გარანტიას იძლევა. გარედან შეუმჩნეველია, მაგრამ მოლი მის ქვეშ განლაგებულ მარნებსაც ფარავს. სამომავლოდ ამფითეატრის ათვისება მასშტაბური ფესტივალებისა და სხვა ღონისძიებების ჩასატარებლადაა დაგეგმილი, რაც ისტორიულ კონტექსტს დაუბრუნებს მუხრანის კულტურულ ეპიცენტრად ცნობილ შატოს.
რესტორანი
„სამეფო მარანი 1878“ – ამ სახელწოდების რესტორანში სრულდება შატო მუხრანის შემეცნებითი ტური. თარიღი ივანე მუხრანბატონის მიერ ბოთლში პირველად ჩამოსხმულ ღვინოს უკავშირდება. ისტორიული მუხრანისა და 21-ე საუკუნის, ქართული და ევროპული სამზარეულოს ეფექტურ სინთეზზე აქ პროფესიონალი მზარეულების გამოცდილი გუნდია პასუხისმგებელი. მენიუ რამდენიმე ტიპისაა: ა ლა კარტე, საბანკეტო და საფურშეტე. განსხვავებულ გემოს ვეძებთ, სახელწოდებებიც იძლევა გარკვეულ მინიშნებას: ხბოს ნეკნების გვირგვინი, სალათი „თავადური“, ალუბლის შეჭამანდი, ჭახრაგინი. სამეფო კარის ფუფუნების გემოც მოაქვს და ნოსტალგიასაც აღძრავს, ისევე როგორც მთელი ეს მოგზაურობა წარსულისა და მომავლის მიჯნაზე, ივანე მუხრანბატონის თამამი იდეით რომ დაიწყო.
რამდენიმე წლის წინ შატო მუხრანს საფრანგეთიდან ივანე მუხრანბატონის ძმის შვილთაშვილი, ღრმად მოხუცებული ქალბატონი ტატიანა ფაბერჟე ეწვია. ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ მან მასპინძლებს უამბო, რომ სასახლეში გაიზარდა და აქაურობა ღრმა სენტიმენტებს აღუძრავს. ვიზიტის დასასრულს, მან სურვილი გამოთქვა, რომ მემკვიდრეობით მიღებულ, საქართველოდან ჟენევაში წაღებულ ავეჯს, სასახლის ინტერიერის დასრულებისთანავე საჩუქრად გადასცემს თავისი ბავშვობისა და პოეტური სიზმრების შატოს.