მაია ჯიმშელეიშვილის არტ-ვოიაჟი

მაია ჯიმშელეიშვილის პერსონალური გამოფენა,სახელწოდებით „ვოიაჟი“  ზურა წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 15 მარტს გაიხსნა. 60-მდე ტილო მხატვრის უწყვეტი მოგზაურობის ილუსტრაციაა: მოგზაურობა ერთდროულად საკუთარ შინაგან და გარემომცველ სამყაროში;მოგზაურობა როგორც თვითგამოხატვის ფორმა ‒ დაზგური გრაფიკიდან დიდ ფერწერულ ტილოებამდე და აქსესუარების მაღაზია Ambience-მდე.

მაია ადგილობრივი სახელოვნებო სივრცეების გარდა, საერთაშორისო ფესტივალებისა და არტბაზრობების რეგულარული მონაწილეცაა. მისი ფერწერული ტილოები კერძო კოლექციებში თბილისში, მონაკოში, სენტ პოლში,ნიუ-იორკსა და ტალინშია დაცული.

მაია, პროფესიით მხატვარი ხართ, რა მიმართულებით გაქვთ განათლება მიღებული?

სამხატვრო აკადემიაში დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი დავამთავრე, შემდეგ ზეთში დავიწყე ხატვა. თუმცა ხანგრძლივი წყვეტა მქონდა შემოქმედებაში: მალევე გავთხოვდი,სამი შვილი მყავს და ოჯახის გამო დრო აღარ მრჩებოდა, რომ მეხატა. ამის გამო გულისწყვეტა და დანაკლისის განცდა სულ მქონდა. მუდმივად ვფიქრობდი, იდეებს ვიწერდი, წარმოდგენილი მქონდა, რა უნდა დამეხატა და რომ არ დამვიწყებოდა, პატარ-პატარა ესკიზებს ვაკეთებდი იმის იმედით, რომ ოდესმე განვახორციელებდი.

როგორ ფიქრობთ, როცა ადამიანი მისთვის საყვარელ სფეროში რეალიზებას ვერ ახერხებს, შეიძლება ამის სხვა რამით კომპენსირება?

ამის კომპენსირება არ ხდება და, სამწუხაროდ, არარეალიზებულობის განცდა ადამიანის ხასიათსა და განწყობაზე ყოველთვის უარყოფითად აისახება. ბოლო სამი წელია ინტენსიურად მივუბრუნდი მხატვრობას.ბავშვებიც გაიზარდნენ და უფრო მეტი დრო მრჩება. ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა სახელოსნოს არქონა იყო და სულ ველოდებოდი,სახელოსნო რომ მექნება, გემრიელად დავხატავ, თავისუფალი ვიქნები, უფრო მეტ დროს დავუთმობ ჩემს საქმეს-მეთქი,მაგრამ გარკვეული პერიოდი რომ გავიდა და სახელოსნოს პერსპექტივა არ გამოჩნდა, მივხვდი, რომ დროს ვკარგავდი და ამით ძალიან ვითრგუნებოდი. შესაბამისად, ერთ დღეს ავდექი,სახლში, მისაღებ ოთახში გავშალე მოლბერტი და დავიწყე ხატვა…

ხატვისთვის განწყობას აქვს მნიშვნელობა?

ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას. ცუდ ხასიათზე როცა ვარ, ვერასდროს ვხატავ. გარდა ამისა, რაღაც პერიოდი მარტო უნდა ვიყო. დღის გარკვეულ მონაკვეთში, როცა ბავშვები სკოლაში არიან, მაშინ ვხატავ და ღამით, როცა მათ სძინავთ. შეიძლება ღამე გავათენო,მაგრამ ყველაზე მეტად ამ საათებით ვტკბები ხოლმე. მხატვრობა არაა სამსახურივით, როცა იცი, რომ ამა და ამ საათიდან უნდა იმუშაო.

ამაღლებულ განწყობას რა გიქმნით?

ხანდახან არის ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებით დადებითი მომენტები. ამ დროს მინდება დავხატო და ემოცია ტილოზე გადავიტანო.

ზოგადად, გახსნილი ადამიანი ხართ თუ ხატვა თქვენთვის ამ ემოციებისგან დაცლის ერთგვარი საშუალებაცაა?

არც ისე გახსნილი ვარ. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, უფრო გახსნილი ვყოფილიყავი. მე ვფიქრობ, რომ შინაგან სამყაროს სწორედ ხატვით გადმოვცემ. თვითგამოხატვის საშუალებაა ხატვა.

პერსონალურ გამოფენაზე 60 ახალი ნამუშევარი წარადგინეთ. რა პერიოდში შეიქმნა ეს ტილოები?

ბოლო წლებში აქტიურად ვარ ჩართული ამ საქმეში, ბევრს ვხატავ, გამოფენებში ვმონაწილეობ და ძალიან ვცდილობ, რომ საზღვრებს გარეთაც გავიდე. გასულ წელს საერთაშორისო ბილენალეებსა და გამოფენებში მივიღე მონაწილეობა ‒ რომში, პარიზში, დუბაიში, ნიუ-იორკში, ნეაპოლში. ახლაც მაქვს რამდენიმე შემოთავაზება პარიზის გალერეებიდან და მადრიდის მუზეუმიდან. პერსონალური გამოფენისთვის, რომელიც ზურა წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა, ერთ წელიწადს ვემზადებოდი. შარშან დეკემბერშიც მქონდა პერსონალური გამოფენა „რუმსში.“ ამ დროს ძალიან ვნერვიულობ, იცით, როგორაა? ‒ ფაქტობრივად, შიშველი ხარ დამთვალიერებლის წინაშე; სამსჯავროზე გაგაქვს ის, რაშიც ამდენი ემოცია გაქვს ჩადებული. შესაბამისად, ღელავ, როგორ შეგაფასებენ, როგორ მიგიღებენ, რამდენად მოეწონებათ.

თუ არის მხატვარი, რომელიც ყველა ეტაპზე თქვენს ფავორიტად რჩება?
ღრმა ბავშვობიდან ძალიან, არანორმალურად მიყვარს ვან გოგი! 13-14 წლის ვიყავი, როცა მის ცხოვრებაზე დაწერილი წიგნი, ირვინგ სტოუნის „წყურვილი სიცოცხლისა“ წავიკითხე. იმის მერე კიდევ სხვანაირად დავინახე ეს მხატვარი, ამ წიგნმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იმდენად ამაღელვებლად მოქმედებს ვან გოგის ნახატების ენერგეტიკა ჩემზე, რომ ჰოლანდიაში, მის მუზეუმში ცრემლები ვერ შევიკავე, იმდენად ემოციური აღმოჩნდა ის სივრცე ჩემთვის! ვიდექი და ვტიროდი.

როდის გახსენით მაღაზია Ambience? საიდან გაჩნდა იდეა?

მეთერთმეტე წელია, რაც ვარსებობთ. ინტერიერის დიზაინითაც ვარ დაკავებული და სულ პრობლემური იყო, რომ აქ ვერ ვპოულობდი ამა თუ იმ ნივთს, რომელიც სხვადასხვა პროექტისთვის მჭირდებოდა. ათი წლის წინ განსაკუთრებით რთული იყო დეკორაციებისა და ლამაზ აქსესუარების შეძენა. მაშინ ცოტა სხვა აღქმაც იყო ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ე. წ. ევრორემონტი ფერად კედლებს გულისხმობდა, რაც ძალიან შორს იყო დიზაინისგან.შესაბამისად, ითვლებოდა, თუ ევრორემონტი და ფერადი კედლები გქონდა, დეკორი აღარ გჭირდებოდა. ბევრს ვმოგზაურობდი, ამიტომ დამებადა იდეა, გამეხსნა მაღაზია, რომლისთვისაც საკუთარი გემოვნებით შევარჩევდი ნივთებს. ეს ჩემთვისაც ხელსაყრელი იქნებოდა და სხვისთვისაც.

რამდენად მზად აღმოჩნდა მომხმარებელი ასეთი ალტერნატიული სივრცისთვის? იყო ეს გარკვეულწილად რისკი?
ძალიან დიდი რისკი იყო არამარტო გახსნა, სხვა ეტაპზეც ბევრჯერ გვქონია მნიშვნელოვანი რისკები, მაგრამ არასდროს შევშინებულვარ და, შესაბამისად, არც მინანია, რომ რაღაც გავრისკე. თუმცა გაგვიჭირდა, რადგან 10 წლის წინ ძალიან რთული იყო ამ კუთხით მაღაზიის განვითარება. დიდი სიყვარული და ძალისხმევაა ჩადებული ყველაფერში და რაღაცნაირად დაფასდა. არასდროს არ შემიხედავს აქაურობისთვის, როგორც ბიზნესისთვის. გატაცება იყო, რომელსაც დიდი აზარტით ვუდგებოდი. დღეს ესპანურ, ფრანგულ, ბელგიურ, გერმანულ,ჰოლანდიურ და იტალიურ ცნობილ ბრენდებთან ვთანამშრომლობთ.

როგორ ფიქრობთ, რის გამო ანიჭებენ უპირატესობას თქვენს მაღაზიას დღეს, როცა დეკორატიული ნივთების არჩევანი სხვაგანაც დიდია?

ჩვენთან, ფაქტობრივად, ყველანაირი თანხის ფარგლებშიაბშესაძლებელი ნივთების შეძენა. თავადარჩევანთან ერთად, მოსწონთ მომსახურების ხარისხი, ნივთის განსაკუთრებულად შეფუთვა. თითქოს დეტალია, მაგრამ აქ ნაყიდი და შეფუთული საჩუქარი ძალიან პრეზენტაბელურია.

რა არის, თქვენი აზრით, წარმატების გასაღები?

პირველ რიგში, ძალისხმევა. შრომის გარეშე არაფერი გამოდის.

ვინაა თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

ჩემი მეუღლე. გამიმართლა, რომ ყოველთვის გვერდში მედგა და ნებისმიერ წამოწყებაში ხელს მაქსიმალურად მიწყობდა. მისი ამ თანადგომის გარეშე, ალბათ, ვერც ვერაფერს გავაკეთებდი.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com