LEK L AND პრანჭია ბურთები

„ლეკლანდის“ ტკბილხმოვანებას დასავლეთევროპული ასოციაციებისკენ მიჰყავხარ, არადა სვანური სიტყვაა და „საახალწლოს“ ნიშნავს. და მართლაც, სხვა რა შექმნიდა უფრო ამაღლებულ სადღესასწაულო განწყობას, თუ არა ეს კომბინაცია: ფერადი ხავერდი, ბრჭყვიალა თვლები, ბუმბულები, ყვავილები, ფერების მთელი გამა, რომელიც ყველას აძლევს საშუალებას მთელი ამ უსასრულო გრადაციიდან არჩევანი ყველაზე სასურველზე შეაჩეროს. ლოგიკურია, რომ მეორე წელია ერთგვარ საახალწლო მოდად იქცა ლელა გიორგობიანის ნაძვის ხის სათამაშოები. „პრანჭია ბურთები,“ ‒ როგორც თავად უწოდებს, ‒ თითოეული ნაძვის ხის ინდივიდუალური და გამორჩეული შტრიხი. არც გიკვირს: მოსართავებიც ისეთივე გემოვნებიანი და რაფინირებულია, როგორც მათი ავტორი. 

ქალბატონო ლელა, ვინ არიან თქვენი მომხმარებლები? როგორ ფიქრობთ, რაზე აქვთ მათ პრეტენზია, როცა თავიანთი ნაძვის ხისთვის ხელნაკეთ და ინდივიდუალურ სათამაშოებს ირჩევენ? 

– ალბათ, ის ადამიანები, რომლებმაც ხელნაკეთის ფასი იციან. ვფიქრობ, აქედან გამომდინარე, შეიძლება გინდოდეს, განსხვავებული ხელით შექმნილი მოსართავი გქონდეს. მით უმეტეს, რომ არცერთი სათამაშო არაა ერთნაირი. ვისაც ხელნაკეთი აქსესუარები უყვარს, მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია ‒ როცა იცი, რომ ასეთი სათამაშო ერთია და მხოლოდ შენ გაქვს. 

რა გასწავლათ გამოცდილებამ? რა გზა გაიარეთ სათამაშოების დამზადების ტექნიკის კუთხით? 

– ერთი წლის განმავლობაში გამოცდილება დავაგროვე, რა თქმა უნდა: ფერებიდან დაწყებული, გამოფენებში მონაწილეობის მიღებით დამთავრებული. სტილი არ შეცვლილა, უბრალოდ, გამოცდილებიდან გამომდინარე, მორთვის ტექნიკა გაუმჯობესდა და დაიხვეწა. 

რა საერთო ნიშანი აქვს თქვენს სათამაშოებს, რომელიც მთლიანობაში ბრენდის ხელწერას ქმნის? 

– ყველა სათამაშო სამკაულებითაა მორთული, პრანჭია ბურთებია. სამკაულებს ვყიდულობ, მეგობრებიც მჩუქნიან სხვადასხვა მასალას. ფერებს რაც შეეხება, თავიდანვე ჩავთვალე, მრავალფეროვნება უნდა ყოფილიყო და ადამიანებს არჩევანი ჰქონოდათ თავიანთი საყვარელი ფერების მიხედვით. ამიტომ 14 ფერის კოლექცია გავაკეთე. წელს ოქროსფერი, ნაცრისფერი, ლურჯი, წითელი და გაცრეცილი ვარდისფერია ფავორიტი ფერები. 

– იდეა საიდან გაჩნდა? 

– ბებია რომ არ ვყოფილიყავი, ნამდვილად არ დამაინტერესებდა ამის კეთება. ეს კიდევ რაღაც სხვა შინაგანი განწყობაა. პირველად რომ ვცადე, ვთქვი, ამ სათამაშოებით მოვურთავ ჩემს გოგოებს ნაძვის ხეს და ჩემთან რომ მოვლენ, განსხვავებული დახვდებათ-მეთქი. მერე ორივეს გავუკეთე თავ-თავისი სათამაშო მათი ინიციალებით. წელსაც მიიღებენ ახლებს. გამოწვევასავით იყო ჩემთვის: შემეძლო თუ არა ამის კეთება. მერე, რაც უფრო ეშხში შედიხარ, აზარტი იმატებს. ვაკეთებდი და ვინახავდი, რომ არ მეყურებინა და მისი კოპირება არ მომეხდინა. დილის 6 საათზე ვდგებოდი, რომ სამსახურში წასვლამდე მომესწრო მუშაობა. 

პირველად ვინ შეგიფასათ ნამუშევრები? 

– პირველად ჩემმა უმცროსმა ბიჭმა ნახა, მისმა შეძახილმა წამაქეზა. მერე მეგობრებმაც ნახეს და შარშან დეკემბერში ძალიან ვიხალისეთ ყველამ: მე და ჩემმა მეგობრებმა, ალბათ, ყველა საახალწლო გამოფენა-გაყიდვაში მივიღეთ მონაწილეობა. ნაძვის ხის სათამაშოები, ჩვენი გამომცხვარი ნამცხვრები… უკვე ახალი წლის სუნი რომ ტრიალებს ჰაერში, ძალიან კარგი იყო! 

სათამაშოები პირველ ეტაპზე ჩემმა თანამშრომლებმა, ნაცნობებმა და ნაცნობების ნაცნობებმა იყიდეს. დიდი ნაწილი ახლობლებში დავარიგე, ნაწილი ონკოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვებთან წავიღე საჩუქრებად.

როგორ ფიქრობთ, რა თვისებები გაქვთ, რამაც ამ საქმემდე მიგიყვანათ? 

– ხელით რაღაცის კეთება მიყვარს. როგორც ჩანს, ამ ტიპის საქმეები შინაგან ჰარმონიას მიქმნის, როცა სათამაშოებზე ვმუშაობ, მარტო ამაზე ვფიქრობ. ნუცასაც ვაჩვევ, ჩემს შვილიშვილს. ერთი სათამაშო თვითონ გააკეთა, მერე მეგობართან ერთად გირჩებით საახალწლო დეკორაცია დაამზადა. ეს ისეთი პროცესი ყოფილა, სულ ვამბობ, ნეტავ მხატვრები ან მწერლები ღამე როგორ იძინებენ-მეთქი, იმდენად დიდი ემოციაა, რაღაცას რომ შექმნი. ახლა ვფიქრობ ხოლმე, რატომ ვდგებოდი დილის 6 საათზე, როცა შემეძლო 8-მდე დამეძინა, მაგრამ ამ საქმეს რაღაც სხვა მუხტი მოაქვს. ზაფხულშიც ვმუშაობდი, მერე ლაგოდეხში წავედი, სათამაშოები წავიღე და ხეებზე დავკიდე, რომ მენახა მწვანე ფერზე რომელი უფრო ეფექტურად ჩანდა. 

დამღლელი საქმეა? 

– თუ მოგწონს და სიამოვნებას განიჭებს რასაც აკეთებ, არც გბეზრდება და არც იღლები. სათამაშოების შემთხვევაში აქცენტი იმაზე გაქვს, რომ ორი ერთნაირი არ გამოგივიდეს. მრავალფეროვნება საინტერესოა მუშაობის თვალსაზრისით და არასოდეს-დამღლელი. 

რა არის ეს საქმე თქვენთვის ‒ თვითგამოხატვის საშუალება თუ განტვირთვა? 

– პირველ რიგში, განტვირთვაა. მედიცინა უმძიმესი საქმეა, ძალიან საპასუხისმგებლო და რთული სფეროა, თანაგრძნობის უდიდეს უნარს მოითხოვს, რომ ადამიანების პრობლემა გაითავისო და გულთან ახლოს მიიტანო. ამას კი ძალა და ენერგია მიაქვს, განიცდი. ამიტომ ეს საქმე უდიდეს სიამოვნებად იქცა. სახლში რომ ხარ შენთვის, რა უნდა გააკეთო? ‒ როცა სადილი მომზადებული გაქვს, ყველაფერი გარეცხილ-დალაგებულ-მოწესრიგებული, შვილები დიდები არიან და ყოველ წუთს „დედას“ არ იძახიან. წიგნს წაიკითხავ, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ რაღაც მსგავსიც გამოგდის, რატომაც არა?! 

კულინარია გიყვართ? 

– ვგიჟდები! ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მიყვარს რაღაცების კეთება, სიახლე, უცხო კერძებისა და დესერტების მომზადება. 

რომელ სამზარეულოს ანიჭებთ უპირატესობას? 

– ქართული სამზარეულო ძალიან მიყვარს, თუმცა ჩემი კვება, როგორც წესი, მსუბუქია. ხორციანი საჭმელები ნაკლებად მიყვარს. ხშირ-ხშირად და ცოტას მივირთმევ, გამონაკლისი მხოლოდ შოკოლადია.

ხშირად ამზადებთ? 

– ისეთი დღე არ არსებობს, რომ სახლში სადილი არ მქონდეს. ან ჩემი შვილები მოდიან, ან ‒ მეგობრები, ამიტომ მზადება სულ მიწევს, მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრიდან ცალკე გადმოვედი საცხოვრებლად და შესაბამისად, სხვა რეჟიმში ვარ ‒ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ახალ სამზარეულოში და ახალ კერძებზე ვეპატიჟები. ზოგადად, ძალიან მომწონს, როცა ქალი კარგად ამზადებს. ლამაზად გაწყობას, ესთეტიკურად მირთმევას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. 

როგორ ფიქრობთ, კულინარაშიც შეიძლება რეალიზდე როგორც ხელოვანი? 

– რა თქმა უნდა! აქსიომაა ეს. კულინარი ხელოვანიც არის და ჯადოქარიც, ჩემი აზრით. კერძის მომზადების პროცესს თუ შემოქმედებითად არ უდგები, არ გეხალისება მზადება. თუ გულითა და სულით ამზადებ, თან ინტერესიც გაქვს, რა გამოგივა და არც ექსპერიმენტებს უფრთხი, სულ სხვაა: ბოლოს რაღაც ოპტიმალურამდე მიდიხარ, რომელიც შენც მოგწონს და შენთან მოსულ სტუმრებსაც. ვგიჟდები, როცა სტუმრად მოდიან და გემრიელ კერძებს ვახვედრებ. არ მეზარება. 

ბებიობამ რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში? 

– უბედნიერესი გამხადა! მადლობელი ვარ ჩემი შვილების ‒ ეს არის ყველაზე დიდი და ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ცხოვრებაში. ორი ბიჭი მყავს და გოგო-შვილიშვილი, საოცრება აღმოჩნდა! ძალიან ვცდილობ ბებიაჩემისნაირი ბებია ვიყო. მან მასწავლა, როგორი უნდა იყოს კარგი ბებია: მას უნდა ესმოდეს შვილიშვილის, ანებივრებდეს… რაც შეიძლება მეტი უნდა მისცე, ანახო, წაუკითხო, ასწავლო, დაათვალიერებინო. მე და ნუცამ მთელი კახეთი, ბორჯომი-ბაკურიანი, აბასთუმანი, ვარძია მოვიარეთ, აღდგომას ნიკორწმინდაში შევხვდით და ასე ვაგრძელებთ. 

საახალწლოდ როგორი განწყობაა ხოლმე თქვენს სახლში? 

– ეს სახლი ახალია, წელს პირველ ახალ წელს ვხვდები აქ. ძალიან მიყვარს ეს დღესასწაული, მასთან დაკავშირებული ფუსფუსითა და სამზადისით, საჩუქრებით. დეკემბრის მოსვლას ყოველთვის თან ახლავს დაშაქრული ციტრუსისა და გლინტვეინის მზადება, მოხალული ნუშის სურნელი, რადგან ახალი წელი ჩემთვის ნუშის გოზინაყია, რომელსაც ბებია ამზადებდა და დღეს უკვე ჩემი ტრადიციაცაა. 

ფოტო : LIG Studio , ირა კურმევა 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com