წინასწარმეტყველება მურაბით

ერთი წელი გავიდა, რაც ჩემი პატარა წიგნი „წინასწარმეტყველება მურაბით“ გამოვიდა. მას მერე გერმანულადაც ითარგმნა და სულ ცოტა ხნის წინ ვენის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზეც წარვუდგინე მკითხველს. 

მშვენიერი პრეზენტაცია გამოვიდა.

ეს ჩემი პირველი ფეხის დადგმა იყო ვენაში, ამ დესერტებისა და დესერტივით ქალაქში. მართლა, მართლა, მუზეუმების, ოპერისა და თეატრების ფანტასტიკურ ქალაქში დავაბიჯებდი, ვტკბებოდი გრანდიოზული, ოდნავ ზედმეტად მონუმენტური არქიტექტურით და თავი დიდ, ბეზეებით მორთულ ტორტში მეგონა. როგორია, წარმოიდგინო, რომ მარციპანის ფიგურა ხარ, ამ მშვენიერი ქალაქისთვის ოდნავ შეუფერებელი, რამდენჯერმე მოხვეული თბილი კაშნეთი და უზარმაზარი ფოტოაპარატით. 

წიგნის ფესტივალზე რა ხდებოდა? სანამ ამას მოვყვები, ჩემს გამომცემელზე მინდა გიამბოთ, ლოიზე ვიზერზე, პოეტსა და მწერალზე, Wieser Verlag-ის დამაარსებელზე და საერთოდ, ძალიან საინტერესო ვინმეზე. ის წარმოშობით სლოვენიელია და ერთ-ერთ ცნობილ ავსტრიულ გამომცემლობას ხელმძღვანელობს, თან კულინარიული გადაცემების ციკლს და ჟურნალს ამზადებს ევროპულ გემოებზე, პოეტური და პროზაული, მათ შორის, კულინარიული წიგნების ავტორია.

პრეზენტაციაზე საბაზო კერძისა და სოუსების საშუალებით ჩემი ქვეყნის მწარე ისტორიას ვყვები, ჩემს პირად გამოცდილებას. ჩემი ოჯახისა და სიყვარულის, ქართული და მსოფლიო ლიტერატურის შესახებ ვლაპარაკობ, იმაზეც, რომ ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია და იმაზეც, რომ საქართველო ევროპის ნაწილია.

გერმანულში სიტყვებს „ლექსი“ და „გემო“ სულ მცირე ფონეტიკური ნიუანსი განარჩევს, რაც ძალიან გამომადგა, ლინგვისტიკა ‒ ჩემი ცხოვრების მეცნიერება კიდევ ერთხელ მეხმარება, რომ პოეზიასა და კულინარიაზე ‒ ჩემს ორ დიდ სიყვარულზე ვილაპარაკო.

ყველაფერი კარგად მიდის, ვღელავ, მაგრამ მოდერატორი და მთარგმნელი მეხმარებიან, დარბაზში აქა-იქ ქართულ სახეებსაც ვხედავ ‒ ავსტრიელი ქართველები არიან.

მერე ავტოგრაფები, მოსაზრებების გაზიარება, ბევრი ღიმილი ‒ მშვენიერი, ნათელი დღეა, მიუხედავად იმისა, რომ ამინდის პროგნოზი უკვე მკაცრ, ავსტრიულ ზამთარს მოასწავებს,

მერე ღამის ვენაში ვსეირნობ, ზოგჯერ ისეთი კარგია საკუთარ თავთან დაბრუნება, თუნდაც უბრალო, მარტივი კითხვის დასმა ‒ დიანა, როგორ ხარ? დიანა, რა გინდა? და ა.შ. რა თქმა უნდა, რამე ტკბილს გასინჯავდა, წავიყვან, დაიმსახურა, ორი საუკუნის სანამცხვრეში საკუთარ თავთან საუბარი კიდევ უფრო საინტერესოა.

ბოლოს სასტუმროში ვბრუნდები, ლეპტოპს ვხსნი და ისე, ძველ ტექსტებში ვიქექები, უცებ, ფაილს ვპოულობ, „წინასწარმეტყველება მურაბით“ ჰქვია და მართლა წინასწარმეტყველებებია ჩამოწერილი, ზოგი სასაცილო, ზოგიც ‒ ნაღვლიანი, ზოგი ‒ ძალიან ტკბილი.

არ მახსოვს, როდის დავწერე, მაგრამ ზოგიერთი ამიხდეს, რა უჭირს?

ესეც წინასწარმეტყველებები:

ვარდის მურაბა ნიშანი არის და დრო ახალი პაემანისა

თუ თეთრი ბლის მურაბაში მატლი იპოვე, იცოდე, რომ ის ცოცხალი აღარ არის

თუ შენს თქვენს ლამბაქზე კაკლის მურაბაა, დაბრკოლებებს წარმატებით გადალახავ.

თუ ქილები სავსე გაქვს საზამთროს მურაბით – 12 ქორწილს გადაიხდი.

ქლიავის მურაბა – ბევრი არ მოგივიდეს.

ნესვის მურაბა ეგზოტიკურ მოგზაურობას ნიშნავს.

კომშის მურაბას თუ შეჭამ, კროსვორდში მინიმუმ 1 შეკითხვას გამოიცნობ.

შინდის მურაბა ჭამო – მჟავე, მაგრამ საყვარელი მეგობარი გესტუმროს.

ჟოლოს მურაბის ჭამა საქმეს არ უშველის. ანტიბიოტიკები მიახმარე. 

ლეღვის ნახარშიც წასმას ლეღვის მურაბის ჭამა გერჩიოს. 

მანდარინის მურაბის გასინჯვა ზაფხულში ქობულეთის სანაპიროზე ცივი სიმინდისა და ცხელი სასმელების დაგემოვნებას ნიშნავს.

სამოთხის ვაშლის გასინჯვა საცხოვრებელი ადგილის შეცვლას ნიშნავს.

გოგრის მურაბა 12 საათის შემდეგაც გოგრის მურაბად დარჩება.

თუ გარგრის მურაბას ჭამ, ფანჯარასთან პროპელერის ხმას მიაყურადე.

მკვახე პომიდვრის მურაბა ნაბახუსევს არ უხდება.

მარწყვის მურაბა კოცნას ნიშნავს. 

ველური მარწყვის მურაბა – დაუგეგმავ კოცნას.

მოცხარის მურაბა გაცხარებულ გულზე რეკომენდებული არ არის.

წყავის მურაბა არსებობს. 

გირჩის მურაბა = მარიხუანას დეკრიმინალიზაციას. 

ყველაფერი რაც ბრწყინავს, ფორთოხლის მურაბა არ არის.

ზოგჯერ მანდარინიცაა, ლიმონიც, ლაიმიც…

ხშირად მურაბა უბრალოდ მურაბაა.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com