შობის კულინარია

იყო და არა იყო რა, იყო ერთი შეყვარებული წყვილი. და აი, ერთხელაც ქალი დაორსულდა და გაჩნდა ბავშვი, რომელმაც სახელი საუკუნეებით დატოვა. ალბათ გეცნობა ეს აბავი, ერთი დაბადების დღის ამბავი? იესო ქრისტეს დაბადების ამბავი ‒ შობის ამბავი. 

თითქოს მის დაბადების დღესაც ისევე აღვნიშნავთ, როგორც სხვა ჩვენთვის ახლობელი და საყვარელი ადამიანის დაბადების დღეებს: ვზრუნავთ საჩუქრებზე, სადღესასწაულო სუფრაზე. თითქოს ეს ყველაფერი ‒ ნაძვის ხის მორთვა, საშობაო საჩუქრებზე ფიქრი, საშობაო სუფრის გარშემო ფუსფუსი მისი დაბადებიდან დაახლოებით 2050 წლის განმავლობაში უცვლელად უნდა აღინიშნებოდეს, მაგრამ რა არის სინამდვილეში? 

სინამდვილეში კი, თურმე უძველესი ქრისტიანები საერთოდ არ ზეიმობდნენ შობას, მეტიც, ბიბლიაში არსადაა ნახსენები შობის თარიღად 25 დეკემბერი ან 7 იანვარი და მხოლოდ ქრისტეს შობიდან მე-3 საუკუნეში შეთანხმდა ქრისტიანული სამყარო, რომ ამიერიდან შობას 25 დეკემბერს (7 იანვარი ძველი სტილით) აღნიშნავდა. უკვე მე-8 საუკუნის ბოლოს შობა თითქმის მთელი ევროპის ტერიტორიაზე აღინიშნებოდა. შემდეგ იყო პერიოდები, როცა ხან იკრძალებოდა და ხან შობის აღნიშვნისთვის ფულადი გადასახადიც კი წესდებოდა, მოკლედ ბევრი ცვლილებებისა და სიახლეების შეტანის შემდეგ, მე-19 საუკუნეში უზენაესი წყვილის, გერმანელ პრინც ალბერტის და ბრიტანელი პრინცესა ვიქტორიას წყალობით მრავალწლიან ტრადიციად იქცა შობისა და ახალი წლის ჩვენთვის ნაცნობი სიმბოლოები: ნაძვის ხის მორთვა, საშობაო სუფრა, საჩუქრები და სიმღერები… ძალიან ახლობელი სანტა კლაუსიც კი საკმაოდ „ახალგაზრდა“ პერსონაჟია ამ ამბავში და არც შესახედაობაში და არც ჩაცმულობაში არაფერი აქვს საერთო თავის რეალურ პროტოტიპთან, წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედთან. 

ასევე იცვლება საშობაო-საახალწლო სუფრაც. იცვლება როგორც დროში ასევე ტერიტორიის მიხედვით. სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე, აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე კლიმატი განსაზღვრავდა არა მხოლოდ სადღესასწაულო სუფრას, კერძებს თუ რიტუალებს, არამედ თავად ამ ამბის ყველა გმირის ჩაცმულობას, შესახედაობას და მათი კანის ფერსაც კი. შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოს რეგიონებიც კი განსხვავდებიან საშობაო ტრადიციული კერძებითა და სუფრით. უფრო მეტიც, ერთ ქალაქში ოჯახები განსხვავდებიან რაღაც განსაკუთრებული კულინარიული შტრიხით. აბა გაიხსენე შენი ბავშვობის შობა-ახალი წელი, გაიხსენე კერძები. ყველას გვაქვს ჩვენი ახალი წელი. მსოფლიო საშობაო კერძებს რომ გადახედო, შეიძლება ვერც კი გაერკვე რა დღესასწაულზეა საუბარი. მაგალითად, ამერიკელებს ღუმელში დაბრაწული ინდაური უყვართ, საფრანგეთში ფრანგები შობას მოლუსკების გარეშე არ აღნიშნავენ, სწორედ ზამთრის ცივი თვეებია საუკეთესო ზღვის მოლუსკებისთვის. საფრანგეთში წარმოებული მოლუსკების თითქმის ნახევარი შობიდან ახალი წლის პერიოდში იჭმევა. ამ დროს იაპონელები, არც მეტი არც ნაკლები საშობაო კერძად KFC რესტორნების ქსელის დაბრაწულ, ხრაშუნა კანიან „ქათამი კენტუკიდან“ უკვეთავენ და ამას ხშირად დიდი რიგების გამო რამდენიმე თვით ადრე აკეთებენ. ჩეხებს თევზის სუპი აქვთ, ესპანელების ტრადიცია კი ყურძნის 12 მარცვლის გადაყლაპვაა საათის 12 დარტყმაზე, 12 სურვილის ჩაფიქრებით, შვედებს თიხის ჭურჭელში ღუმელში გამომცხვარი კარტოფილის და ნაღების მაცდუნებელი კერძი აქვთ საშობაოდ, მექსიკელები კი შობის წინა ღამეს მეგობრებთან ერთად სითბოში, ღია ცის ქვეშ ზეიმობენ ბოლოკის ფესტივალს, დიახ, საშობაოდ მორთული ბოლოკის ზეიმია 23 დეკემბერს მექსიკაში… სადღაც ღორის დაბრაწული ხორცი აქვთ მთავარ კერძად, სადღაც ტკბილი ეგზოტიკური ხილი, ან ბამბუკში ორთქლზე მომზადებული ბრინჯის კერძი, მაგრამ მთავარი აქ ისევ ზოგადად სუფრის ტრადიციის არსებობაა, რაღაც განსაკუთრებული კერძის არსებობაა, რომელიც ინგრედიენტებით შეიძლება ვერც კი დააკავშირო შობის ჩვენეულ წარმოდგენასთან. მაგალითად, ერთი ასეთი კერძი ვენესუელაში აქვთ შობაზე.

აიაკას (Hallacas) ვენესუელაში უძველესი კულინარიული ტრადიციაა და ყველაზე პოპულარული საშობაო კერძი. Hallaca ასევე ვენესუელის მულტიკულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია. როგორც მისი ევროპულ/ახლოაღმოსავლეთის ინგრედიენტებით (ქიშმიში, ღორის ხორცი, საქონლის ხორცი, თხილი და ზეთისხილი, ზეითუნი), ადგილობრივი ამერიკული ინგრედიენტით (სიმინდი, წიწაკა) და აფრიკული ინგრედიენტებით (ბანანის შებოლილი ფოთლები გამოიყენება შეფუთვისთვის). მიუხედავად იმისა, რომ მისი წარმოშობის შესახებ არსებობს ბევრი სხვადასხვა ლეგენდა, ყველაზე მეტად ეს მომწონს: კოლონიალურ პერიოდში ბატონების საშობაო დღესასწაულების ნარჩენებს მონები აგროვებდნენ და მეორე დღეს სიმინდის ცომში ახვევდნენ, შემდეგ ბანანის ფოთოლს შემოახვევდნენ, კანაფით კარგად შეკრავდნენ და ორთქლზე, შეშაზე აგიზგიზებულ ცეცხლზე მოთუხთუხე დიდი კათლების თავზე ამზადებდნენო. აიაკას სამი კულტურის გავლენა ეტყობა: ევროპული, ამერიკული და აფრიკული. ამავე დროს თითოეულ რეგიონში თავისი ორიგინალური დანამატი აქვს ადგილობრივ აიაკას. სწორედ ეს განსხვავებებია ერთგვარი პირადი ხელწერა თითო რეგიონისთვის და თუნდაც ხელმოწერა თითო ოჯახისთვის. „არც ერთი აიაკა არაა მეორეს მსგავსი“ ‒ ასე ამბობენ ვენესუელაში. ეს არა მხოლოდ საერთო გასაზიარებელი კერძია, არამედ მომზადების ტრადიციაც საერთო ოჯახურია. მთელი ოჯახია ჩართული. ეს ტრადიცია მათ ურთიერთობებს ამაგრებს. ზოგჯერ დიდი ხნის უნახავი წევრების შეკრების მიზეზია ხოლმე. მრავალშრიანი კულტურული ამბავია. შრომატევადი საქმეა, მაგრამ თან გართობაა ტრადიციულად მუსიკით და საშობაო სასმელით ეგნონით (eggnog).

აი, ასეთი მრავალფეროვანია შობის კულინარია და თუ რომელიმე ოჯახში შობის სუფრაზე მოხვდები, გადახედე მას და დარწმუნდები თუ რამდენად უსაზღვროა ზოგადად, კულინარიული კულტურა. გისურვებ საინტერესო და გემრიელ ახალ წელს!

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com