იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული

ატილიო ალბაკიარა

პიცის მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულმა ატილიო ალბაკიარამ, რომელმაც მსოფლიო რეკორდი მოხსნა და ყველაზე გრძელი (1853 მეტრი) პიცა დაამზადა, თბილისში, 21 ნოემბერს, სასტუმრო „IOTA“-ში პიცის წვეულება გამართა. 

კულინArt-ის რამდენიმე კითხვას თვით ატილიო ალბაკიარა პასუხობს: 

– როდის აღმოაჩინეთ კულინარიისკენ ინტერესი და რატომ აირჩიეთ ეს პროფესია? 

– პიცის ცხობა დავიწყე 1992 წელს, 12 წლის ასაკიდან. მე, ფაქტობრივად, ჩემს ოჯახში მესამე თაობის პიცის მცხობელი ვარ. ყველაფერი ბაბუაჩემისგან დაიწყო, შემდეგ მამაჩემმა გააგრძელა, ახლა კი მე ვარ დაკავებული ამ საქმით და უკვე საკუთარი რესტორანიც მაქვს. 

– როცა ამ პროფესიაში პირველ ნაბიჯებს დგამდით, წარმოგედგინათ რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდით? 

– როცა პატარა ხარ, ბუნებრივია ყოველთვის მაღლა იყურები. როცა ადამიანი ასე, გახელილი თვალებით ოცნებობს და აკეთებს საქმეს, ბუნებრივია ეს ოცნებები ხდება ხოლმე. მსგავსი ვიზიტით, ამჟამად, საქართველოში ვარ, თუმცა რამდენიმე წლის წინ მალტაშიც ვიყავი. 

– როგორ თვლით კულინარია ხელოვნებაა? 

– დიახ, რა თქმა უნდა, ხელოვნებაა! კულინარია დაკავშირებულია სიყვარულთან და გატაცებასთან; დღევანდელ დღეს ყველას შეუძლია მზარეულად და პიცის მცხობლად მუშაობა, თუმცა სიყვარული, გატაცება და ლტოლვა თუ არ გაქვს, ვერ იქნები კარგი მზარეული, შესაბამისად, შენი საქმე ხელოვნებად ვერ ჩაითვლება. 

– რამდენად ხშირად ამზადებთ ოჯახში? 

– კვირაში შვიდი დღე პიცას ვაცხობ, რაც ძალიან დამღლელია, ამიტომ პიცას სახლში არ ვამზადებ, მაგრამ სხვა კერძებს ვამზადებ ხოლმე. 

– რა თვისებების ერთობლიობა ქმნის საუკეთესო შეფ-მზარეულებს? 

– რა თქმა უნდა, საქმის სიყვარული და გატაცება. აუცილებელია სიყვარული და იმ პროდუქტების გათავისება, რომლებთანაც მუშაობ. 

– ქართული სამზარეულო თუ დააგემოვნეთ და რომელ ქართულ კერძს გამოარჩევდით? 

– სამწუხაროდ ვერ მოვასწარი ქართული სამზარეულოს დაგემოვნება, მაგრამ გავსინჯე ქართველი შეფის მიერ დამზადებული სტეიკი და ნამდვილად ძალიან გემრიელი იყო. 

– რომელია თქვენი ფავორიტი ინგრედიენტები და როგორ რწმუნდებით მათ ხარისხში? 

– უპირატესობას არცერთს არ ვანიჭებ, რაც შეეხება ინგრედიენტების ხარისხს, მე ყოველთვის თავად მივდივარ საყიდლებზე პროდუქტების შესარჩევად. ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები არიან პიცერიაში, არ უნდა ანდო პროდუქტის შერჩევა, თავად უნდა შეარჩიო და დარწმუნდე მის ხარისხში. 

– როგორ დაიბადა მსოფლიოში ყველაზე გრძელი პიცის დამზადების იდეა? 

– ეს იდეა გაჩნდა ნეაპოლელი პიცის მცხობელების ასოციაციის მიერ. რეკორდი უკვე დამყარებული იყო ერთ-ერთ აზიურ ქვეყანაში, თუმცა პირველი რეკორდის შემთხვევაში პიცა ელექტროღუმელში გამოაცხვეს. ჩვენ კი გადავწყვიტეთ ნამდვილი ნეაპოლური პიცა ცეცხლის ღუმელში დაგვემზადებინა. 

გინესის რეკორდი დამყარდა კალიფორნიაში და პიცის სიგრძე წარმოადგენდა 1853 მეტრს. 

– თქვენი აზრით რა არის საჭირო იდეალური პიცის დასამზადებლად? 

– იმისათვის, რომ იდეალური პიცა დამზადდეს, საჭიროა უმაღლესი ხარისხის საუკეთესო ინგრედიენტები: ფქვილი, მოცარელა, ზეთი და ბაზილიკო. 

ფოტო : მერაბ ნიკოლაიშვილი

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com