FOOD TEST

დათა თავაძე და ნატუკა კახიძე

კვირაა. სამეფო უბნის თეატრში სპექტაკლი დანიშნული არაა და, შესაბამისად, ფოტოგადაღებისთვის ვანათებთ სცენას, სადაც წლებია დათა სპექტაკლებს წარმატებით დგამს, ნატუკა კი ასეთივე წარმატებით თამაშობს. პროფესიული ჩვევა თუა, ‒ შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს კულინარიაზე საუბრის დროსაც კი ინსტინქტურად ერთგვარ დრამატურგიულ ხაზს მიჰყვებიან. ეს თხრობას ისეთ იშვიათ თანმიმდევრულობას სძენს, რომ გაშიფრულ ინტერვიუს პრაქტიკულად კორექტირებაც აღარ უნდა. და ყველაზე საინტერესო ‒ წყვილის გასტრონომიული ხედვაც ისეთივე ინდივიდუალურია, როგორიც მათი თეატრალური არტი.

რომელია გემო, რომელიც ერთმანეთის პოვნის პერიოდთან ასოცირდება თქვენთვის?

დათა: ჩვენ რეპეტიციაზე გავიცანით ერთმანეთი, ამიტომ ნაცნობობის დასაწყისი სწრაფ და მარტივ გასტრონომიასთან ასოცირდება, შესვენებაზე გაქცევასა და უცებ ჭამასთან; ყავასთან. ნატუკას რეპეტიციაზე ყოველთვის რძიანი ყავის უზარმაზარი ჭიქა უდგას გვერდით და იქვე ‒ ბევრი შოკოლადი. 

ნატუკა: ესაა ჩემი ერთგვარი ენერგეტიკული მარაგი, იმიტომ, რომ როცა მშივდება, თანახმა ვარ გავაჩერო რეპეტიცია, იმდენად ცუდად ვხდები. შოკოლადი მარტივი გამოსავალია, თან ძალიან მიყვარს. დათა კი არაფერს არ მიირთმევს რეპეტიციის დროს. გამორიცხულია. 

დათა: მსახიობებს აქვთ ხოლმე ნახევარსაათიანი შესვენება ჭამისთვის, მაგრამ მე დადგმის დროს შიმშილს ვერ ვგრძნობ. 

ნატუკა: ეს ნახევარსაათიანი შესვენებაც ჩვენი დიდი ძალისხმევის შედეგია, იმიტომ, რომ დადგმის პერიოდში დათას აბსოლუტურად დაკარგული აქვს ადამიანური შეგრძნებები და მოთხოვნილებები, როგორიცაა, ჭამა, მაგალითად. ჩვენ, მისგან განსხვავებით, უბრალოდ, არაპროდუქტიულები ვხდებით ხოლმე შიმშილის ფონზე.

დათა: მე საღამოს მაქვს ხოლმე ძალების აღდგენის მომენტი, რეპეტიციის შემდეგ. 

ნატუკა: ტრადიციასავით ჩამოგვიყალიბდა, ‒ არა მარტო მე და დათას, მთელ იმ კოლექტივს, ვინც ერთად ვმუშაობთ, რომ რეპეტიციის ან სპექტაკლის მერე უმეტეს შემთხვევაში ერთად მივდივართ სადმე კაფეში სავახშმოდ.

ზოგადად, წყვილის ერთად სადილობის რიტუალი მოგწონთ?

ნატუკა: ლამაზი რიტუალია. მით უმეტეს, მაშინ, როცა რაღაც განსაკუთრებულს მოამზადებ. თუ მცალია იმისთვის, რომ სამზარეულოში ვიდგე, პლუს, დათასაც რეპეტიცია არ აქვს და შეუძლია რასაც მოვამზადებ, ის ჩემთან ერთად დააგემოვნოს, მაშინ ძალიანაც მოგვწონს. რაღაცნაირად ათბობს სიტუაციას. 

დათა: ეს იშვიათად ხდება, ჩვენი რეჟიმიდან გამომდინარე, მაგრამ როცა ნატუკა რაღაცას ამზადებს, ძალიან ლამაზად აფორმებს ხოლმე.

მოგზაურობისას ადგილობრივი კერძების დაგემოვნება გიყვართ?

დათა: ბოლო რამდენიმე წელია ძალიან ბევრი მოგზაურობა გვიწევს თეატრთან ერთად. ამ დროს ვცდილობთ, ადგილობრივ კერძებს გავეცნოთ. თავისუფალი დრო გასტრონომიულ ტურიზმსაც ითვალისწინებს. მაგალითად, საფრანგეთში რომ ვიყავით, ყველაფერი დავაგემოვნეთ. მე ხშირად მიწევს შვედეთში ყოფნა, სადაც ყავის კულტია და ძალიან კარგი ტკბილეული აქვთ. ალბათ, კლიმატი განაპირობებს ყავის აუცილებლობას ‒ წარმოუდგენლად ყინავს და ცხელი სასმელი გინდება, თან ძალიან ადრე ღამდება, სულ გეძინება. 

ნატუკა: უცხოეთში ძალიან კარგი პარტნიორი მყავს ჩვენი დასის წევრის, ქეთო შათირიშვილის სახით. ერთად რომ ვმოგზაურობთ, მთელი ცერემონიაა ჩვენთვის სად, რომელ კაფეში დავსხდებით, რა რაკურსით და ა. შ.

ერთად საუზმობთ?

დათა: ძირითადად, ერთად ვსაუზმობთ და ერთადვე მივდივართ ხოლმე რეპეტიციაზე, მაგრამ სულ ვჩქარობთ.

ნატუკა: გემოს ჩატანება და ის, რომ წყნარად, მშვიდად ვისაუზმოთ, არ გამოდის, გაქცევაზე ვართ ხოლმე. 

ეგზოტიკური კერძების დაგემოვნება გიყვართ?

დათა: მე, მაგალითად, შვედეთში დავაგემოვნე მათი ცნობილი უმი თევზი, რომელსაც, კონსერვის ქილაში ჩადებულს, მიწაში ინახავენ დიდხანს და საშინელი სუნი აქვს. გემო საინტერესო ჰქონდა, თან ნამდვილი ეგზოტიკაა. ამის ჭამა დიდი გამბედაობა იყო ჩემი მხრიდან. უმი ხორცი სხვა დროსაც მიცდია, მაგრამ დიდად არ მიყვარს. უფრო მაინც კლასიკური გემოვნება მაქვს.

ნატუკა: მე ინდოეთში მქონდა შემთხვევა, როცა მწერების შემოპარების მცდელობა ჰქონდათ და იქ მივხვდი, რომ არაფრით არ შემიძლია. არის რაღაცები, რასაც ვერასდროს გავსინჯავ. საერთოდ, იმ კატეგორიას მივეკუთვნები, ვისთვისაც შიმშილის დროს სულ ერთი არ არის, რას შეჭამს. თუ უშუალოდ ის არ არის იმ მომენტში, რისი მოთხოვნილებაც მაქვს, მირჩევნია საერთოდ არ ვჭამო.

კულინარიას ხელოვნებად თვლით?

დათა: რასაკვირველია! ძალიან ცნობილი გერმანელი რეჟისორი, ოსტერმაიერი, გურმანია და მიყვებოდა, რომ როცა სტუდენტებთან პირველი ლექცია აქვს, მათ საკუთარ სახლში ეპატიჟება და კულინარიული საღამოს ორგანიზებისთვის თავის სამზარეულოს უთმობს. ვიღაც ძირითად კერძზეა პასუხისმგებელი, ვიღაც ‒ დესერტზე. თვითონ ამბობს, მე ამას პრინციპულ მნიშვნელობას ვანიჭებ რეჟისორებისთვის, ერთგვარი სავარჯიშოს სახე აქვსო. მეც ვფიქრობ, რომ სუფრას უშუალო კავშირი აქვს თეატრთან. ხშირად ვამბობ, რომ ქართული სუფრის ტრადიცია, თავისი თამადითა და ალავერდობით, ადგილობრივი თეატრალური ფორმაა. იაპონიაში, მაგალითად, თეატრი ჩაის ცერემონიიდან იწყება. ამიტომ ჩვენც თავისუფლად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ სრულიად რეალურია ქართული თეატრი ამ მიმართულებიდან განვითარებულიყო: როგორც ურთიერთობის პოეტური ფორმიდან, სადაც მაყურებელიცაა და სანახაობის წამყვანიც. კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია კულინარია და ძალიან ბევრ ქვეყანაში ის ხელოვნების ცალკე დარგად მიიჩნევა. მაგალითად, პარიზში ჩემზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენს სერვირების ფორმები, ნებისმიერ რესტორანში ოფიციანტის ფუნქციები. ძალიან ცერემონიულია ეს ყველაფერი. სადაც რიტუალი ჩნდება, იქ ჩნდება ხელოვნებაც ‒ თეატრიც, მათ შორის, და ყველაფერი დანარჩენიც, რა თქმა უნდა.

სახლში კვება გირჩევნიათ თუ გარეთ?

დათა: მგონია, რომ სახლში მაინც უფრო არაფორმალურად ხდება ეს ყველაფერი, თითქოს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებ.

ნატუკა: გარეთ კვება უფრო კომფორტულია, მაგრამ იმდენად მსიამოვნებს ჩემი მომზადებული კერძის დათასთვის მირთმევა, რომ ღირს სახლში მონდომებად. 

ოჯახური სადილების ტრადიცია თუ გაქვთ?

დათა: გვაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ, ძირითადად, დღესასწაულების დროს ხდება ეს. თუმცა არის ხოლმე ისეთი შემთხვევებიც, როცა მთელი ოჯახი ყოველგვარი თარიღების გარეშე, უმიზეზოდ მივდივართ ერთად სავახშმოდ. 

ნატუკა: როცა დედაჩემი რამეს ამზადებს, ჩვენც გვეპატიჟება: მოდით, დავსხდეთ, თან მოგვენატრა ერთმანეთი და თან მე გაგიმასპინძლდებითო. დათასთან სახლში ღამე გვიან ვიძინებთ, ნატოს ჩაი უყვარს ძალიან და ფართო ასორტიმენტიც აქვს. გვიმასპინძლდება ხოლმე. სამზარეულოში ტრიალზე არც ის გიჟდება, მაგრამ აბსოლუტურად უკონკურენტოა სალათების მომზადებაში. თვითონ იგონებს, ორ-სამ ისეთ ინგრედიენტს შეურევს, რომლებსაც საერთოდ ვერ წარმოიდგენ კომბინაციაში, მაგრამ უგემრიელესი გამოდის.

საახალწლო სუფრას ვინ ამზადებს?

ნატუკა: ახალი წელი მთლიანად მაკასია, დათას ბებიის. ყველა კერძს ის ამზადებს. თავისი განსაკუთრებული რეცეპტები აქვს: მაგალითად, ქათმის სალათი ანანასით, ქიშმიშითა და ორცხობილით, რომელიც ძალიან გემრიელია. ტრადიცია აქვს, რომ მონეტას აგდებს თავის გამომცხვარ ღვეზელში და ვისაც შეხვდება, დიდი ამბავია. სახლის საახალწლოდ მორთვა მთლიანად ნატოს ხელშია. თუკი არსებობს ზღაპრული, მაკნატუნას შობა და ახალი წელი, შემიძლია ვთქვა, რომ ზუსტად ეს გარემოა ჩვენთან ყოველ წელს. ძალიან ლამაზი ნაძვის ხე გვაქვს ხოლმე.

დათა: მედიკოს უყვარდა მზადება, მეგრული სამზარეულოს ელფერი დაკრავდა მის ნახელავს ‒ ბევრი ყველი, ცოტა ცხარე.

ნატუკა: დღემდე მაოცებს, როგორ ასწრებდა ის თაობა ამდენს. ზუსტად ვიცი, რომ ჩემზე გაცილებით მეტს მუშაობდნენ, ‒ კინო იყო მაშინ, თეატრი, ‒ პლუს, ბაზარში თვითონ დადიოდნენ, რეპეტიციის შემდეგ სახლში მოდიოდნენ, ამ ყველაფერს ამზადებდნენ და არ მახსოვს ჩემს სახლში საღამოს თხუთმეტკაციანი სუფრა არ ყოფილიყო გაშლილი. არ ვიცი რას გრძნობდა პირადად ბებიაჩემი, მაგრამ ძალიან მომწონდა ეს როგორც ბავშვს, თუმცა დღევანდელი ცხოვრების რიტმით ამის კეთება ვერაფრით წარმომიდგენია. ჩემთან სახლში ყოველთვის დიდი ყურადღება ეთმობოდა საჭმლის მზადებას, დაკავებულობის მიუხედავად, რვა ადამიანი აუცილებლად ერთად ვსხდებოდით და ვსადილობდით.

დათა: ამგვარი ურთიერთობის ტრადიცია უფრო ძლიერი იყო. ერთმანეთთან სტუმრადაც თითქმის აღარავინ დადის სახლში. 

ნატუკა: მე და ჩემმა მეგობარმა გოგოებმა სამ-ოთხჯერ ვცადეთ ერთგვარი ტრადიციის დამკვიდრება: თითო-თითო განსაკუთრებული კერძი მოვამზადეთ და ჩვენს მეწყვილეებთან ერთად ვისადილეთ. 

დათა: ნატო ვეგეტარიანელია, ხორცს არ ჭამს, და, შესაბამისად, მსუბუქ კვებას ანიჭებს უპირატესობას. მე ძალიან ბევრ ხორცს ვჭამ, მაგრამ ნატოს მაგალითი ჩემზე იმ კუთხით აისახა, რომ, ზოგადად, კვებას მაინცდამაინც დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. 

რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ხელოვანი ადამიანისთვის სისტემატურ მუშაობას? თუ არის პერიოდები, როცა მუზა მოდის და თავად განგაწყობს მუშაობისთვის?

დათა: მუზა ეგრე არ მოდის. ძალიან მნიშვნელოვანია ფორმაში იყო ადამიანი, რადგან პრაქტიკის დროს უფრო აქტიურდება იმპულსები, რასაც მერე მუზას ან ინსპირაციას ვეძახით. სინამდვილეში გარკვეული ტრენაჟის შედეგად მოდის, მე მგონი, ყველაფერი და არამარტო თეატრში. ჩვენ შეიძლება ველოდოთ რაღაც მუზას, რომელიც არასოდეს მოვა. მე მგონია, რომ როცა ადამიანი გარკვეული პრიზმიდან უყურებს სამყაროს, მაშინ მოდის ეს მუზები. როცა მუშაობ, რაღაც თემით ხარ მოცული და იმ თემაზე ბევრს ფიქრობ, მაშინ აგნებ რაღაცას. დაახლოებით არქეოლოგიის მსგავსი რამაა ‒ თუ არ ამოთხარე, ვერ იპოვი. მუდმივი პრაქტიკაა საჭირო, ოღონდ ეს არ ნიშნავს გამუდმებით რეპეტიციის მდგომარეობაში ყოფნას, ‒ რასაც არ უნდა აკეთებდე ცხოვრებაში, გარკვეულწილად, მაინც იმას ემსახურება, რის დადგმას, თამაშს თუ დაწერას გეგმავ. მე არ ვდგამ ხშირად, შეიძლება ორწლიანი პაუზა მქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორი წელი საქმისგან ვისვენებ. რეალურად, მთელი ეს დრო სპექტაკლისთვის მზადებაა. შეიძლება რაღაცები გარშემო გქონდეს და ვერ ამჩნევდე, მაგრამ როგორც კი, მაგალითად, იმ მასალის კონტექსტიდან უყურებ, რასაც დგამ, მომენტალურად ამჩნევ რაღაცებს. ეს ინსპირაციაც, ალბათ, მხოლოდ პრაქტიკიდან გამომდინარე მოდის, ამიტომ მე მუდმივი მუშაობის მომხრე ვარ. დაღლილობის შედეგად, რაღაცები თითქოს აღარ გამოდის ხოლმე, მაგრამ სულ პირიქითაა. 

ნატუკა: სრულიად ვეთანხმები დათას. დაღლილობისგან ზოგჯერ გეჩვენება, რომ იმის იქით არაფერი აღარ არსებობს, მაგრამ ამ დროს იწყება ყველაზე საინტერესო ‒ რასაც შენი თავისგან არ ელოდები. რეპეტიციების პროცესში, მუშაობისას გაცილებით უფრო პროდუქტიული ვარ. უწყვეტია ეს პროცესი.

ფოტო: ირა კურმაევა

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com