ია სუხიტაშვილი
ია სუხიტაშვილი, მსახიობების უმრავლესობის მსგავსად, კვების მოწესრიგებული რეჟიმით არ გამოირჩევა. არც მზადების მიმართ აქვს განსაკუთრებული ინტერესი. სამაგიეროდ, კარგი დეგუსტატორია და გასტრონომიაზეც არტისტულად საუბრობს.
– ია, ზოგადად, კულინარიას, გასტრონომიას რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში? რამდენად აღიქვამ მას როგორც კულტურის ნაწილს; როგორც ხელოვნების ერთგვარ ფორმას?
– ალბათ, ძალიან პატრიოტულად გამომივა, მაგრამ რამდენი კუთხეცაა ჩვენს ქვეყანაში, იმდენივე სამზარეულოა და, ბუნებრივია, ეს დიდ მრავალფეროვნებას ქმნის. თითქმის ყველაფერი მაქვს დაგემოვნებული საქართველოში და ვთვლი, რომ უკიდურესად საინტერესო და მდიდარი სამზარეულო გვაქვს. აქვე დავამატებ, რომ ძალიან გამიმართლა მეუღლეშიც, რომელიც არაჩვეულებრივად ამზადებს, მით უმეტეს, ხორცეულს, რომელიც მე განსაკუთრებულად მიყვარს. ამით ძალიან მანებივრებს. რაც ყველაზე მთავარია, მას თავად მოსწონს ეს პროცესი.
– თქვენ გიყვართ მზადება?
– არა, მე ნამდვილად ვერ ვიამაყებ, რომ კარგად გამომდის საჭმლის მომზადება. ეს ცოტათი, ალბათ, დედაჩემის ბრალიცაა, ‒ სულ იმას ამბობდა, შენ ისწავლე და მე გავაკეთებ ყველაფერსო. ამან იქამდე მიიყვანა საქმე, რომ კარტოფილის შეწვის, წიწიბურისა და მაკარონის მოხარშვის მეტი არაფერი ვიცი. ეტყობა, ინტერესიც უნდა გქონდეს. მე მყავს უახლოესი ნათესავი, რომელსაც იმდენად სიამოვნებს მზადება, იმპროვიზირება, როგორც მე მსიამოვნებს როლზე მუშაობის პროცესი. მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ რაიმე მსგავსს სამზარეულოშიც განვიცდი. ერთი პერიოდი ვშაყირობდი, ძალიან მინდა, ჩემი შვილი კარგი შეფ-მზარეული გახდეს და პატარა რესტორანი გახსნას, რომ წლების შემდეგ მე ჩემს დაქალებთან ერთად საღამოობით ვესტუმრო-მეთქი.
– რომელი სამზარეულო გიყვართ?
– უფრო იტალიური. ძალიან მიყვარს პიცა, მაკარონი, რომელიც საშუალებას იძლევა უამრავი სხვადასხვა სოუსით მოამზადო. ვენეციაში კინოფესტივალზე რომ ვიყავით, უსაზღვრო რაოდენობის პიცა და სპაგეტი მივირთვი.
– რამდენად ჯანსაღად იკვებებით?
– კინოგადაღება 18-19 საათს შეიძლება გაგრძელდეს. ამ დროს ისე არ ხდება, რომ მოგშივდეს, ადგე, გახვიდე და ჭამო, ამიტომ ვერაფრით დავიბრალებ, რომ ზედმიწევნით ვიცავ კვების განრიგს, კალორიებს ვითვლი ან სიჯანსაღეს მკაცრად ვაკონტროლებ. თუმცა მაინც არის რაღაცები, რაც ზუსტად ვიცი, რომ მავნეა და არასდროს გავეკარები.
– ახალი კერძების დაგემოვნება გიყვართ? თამამად სინჯავთ?
– დელიკატესებზე თუ ვსაუბრობთ, ძალიან მიჭირს ასეთი ექსპერიმენტები. შეიძლება ისე გავიდეს ჩემი ცხოვრება, რომ ბაყაყები და ქვეწარმავლები არასდროს დავაგემოვნო, დიდად არ მაქვს ინტერესი და ზიზღის მომენტიც მაქვს.
– სუფრის ესთეტიკურ მხარეს ანიჭებთ მნიშვნელობას?
– დიახ, მაგიდის ლამაზად გაშლას დიდ ყურადღებას ვაქცევ. მახსოვს, ერთ ახალ წელს ზედმეტადაც კი მოვინდომე, ახალშეძენილ სახლში სუფრა ისე გავაწყვე ‒ ფერებში, ლამის მილიმეტრებში გათვლილი პროპორციებით, რომ მეგობრებმა მითხრეს, ისე გაქვს გაფორმებული, გვეუხერხულება დავშალოთო.
ფოტო: ირა კურმაევა