CHICOLLI-შიკოლი შოკოლადის სახელოსნო

ერთმანეთთან დიდი ხნის მეგობრობა, შოკოლადის სიყვარული და უკვე ბიზნესსაქმიანობაც აკავშირებთ. თეა ცქიფურიშვილი პროფესიით დიზაინერია, თამთა ბენაშვილი კი ‒ საჯარო მართვის სპეციალისტი. მათი საერთო წამოწყების ინსპირაციად პარიზი და ვიწრო ქუჩებში პოეტურად გაბნეული შოკოლადის მაღაზიები იქცა.

– როგორ გაჩნდა შოკოლადის ბრენდის შექმნის იდეა? 

თამთა: ზოგადად, კულინარია ორივეს გვიყვარს, ამ შემთხვევაშიც შოკოლადის დამზადების იდეა ერთად დაგვებადა. მაისში მეგობრები პარიზში წავედით, სადაც ბევრი შოკოლადის მაღაზიაა, თბილისში კი ამ ტიპის მაღაზიები პრაქტიკულად არ გვაქვს. საქართველოში ხელნაკეთი და ექსკლუზიური შოკოლადების დიდი არჩევანი არაა. 

თეა: „კულინარიუმში“ შოკოლადის მასტერკლასს დავესწარით. ერთდღიანი იყო, მაგრამ სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ უფრო მეტის გაგების სურვილი გაგვჩენოდა. სხვადასხვა ონლაინ კურსზე ჩავეწერეთ და თეორიული ცოდნა ასე გავიღრმავეთ.

– პირველად როდის და სად გაჟღერდა თქვენი კომპანიის სახელი? 

თამთა: ოქტომბერში თბილისობის ფარგლებში გამართულ საკონდიტრო ფესტივალში მივიღეთ მონაწილეობა. ორდღიანი გამოფენა-გაყიდვა იყო და ჩვენმა პროდუქციამ წარმოუდგენელი ინტერესი გამოიწვია. გვეკითხებოდნენ, სად შეეძლოთ შეძენა, გვქონდა თუ არა მაღაზია? ამან გვიბიძგა ჩვენი გატაცება უკვე სერიოზულ საქმიანობად გვექცია. 

თეა: შეკვეთები მივიღეთ და მალევე მივხვდით, რომ სახლის პირობებში შეუძლებელი იყო ამ საქმის კეთება. ამიტომ ფართი ვიქირავეთ და მოგვიანებით დამხმარეებიც ავიყვანეთ.

– სახელწოდება როგორ შეარჩიეთ თქვენი ბრენდისთვის? 

თამთა: „შიკოლის“ ბრენდინგზე ნიჭიერმა დიზაინერმა თათული ვათეიშვილმა იმუშავა. ის ლონდონის „სენ მარტინის“ კურსდამთავრებულია. ბრენდის კონცეფცია ქალაქში საკონდიტრო ბაზარზე სიახლის დანერგვას, ყველასთვის საყვარელი პროდუქტის შექმნას მოიაზრებს. ის გემოზე იქნება ორიენტირებული და არა გადაპრანჭულ შეფუთვაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში პროდუქტზე უფრო ძვირი ჯდება. 

თეა: სახელწოდება „შიკოლი“ შოკოლადის ეტიმლოგიის კვლევის შედეგად შეირჩა. ის თურმე მრავალი საუკუნის წინ წარმოიშვა ‒ აცტეკების იმპერიაში შიკოლი მოკაუჭებულ ჯოხს ერქვა, რომლითაც კაკაოს მარცვლებს ბერტყავდნენ.

– რამდენი სახის შოკოლადს ამზადებთ? 

თამთა: მაღაზიაში 7-8 სახეობის შოკოლადი მუდმივადაა. იქიდან გამომდინარე, რომ ორივე ვმუშაობთ, თავიდან გადაწყვეტილი გვქონდა ამ საქმისთვის მხოლოდ შაბათ-კვირა დაგვეთმო. გვინდოდა გვქონოდა შოკოლადის სახელოსნო, სადაც ხარისხიან შოკოლადს მცირე რაოდენობით დავამზადებდით. მაგრამ დიდი მოთხოვნა გაჩნდა და ამ მოთხოვნასთან ერთად გაჩნდა იდეაც ‒ სახელოსნოს წინ პატარა მაღაზია გაგვეხსნა, სადაც ახლად დამზადებულ შოკოლადს გასაყიდად გამოვიტანდით. ახლა „შიკოლი“ უკვე ყოველ დღე ღიაა. 

თეა: დიდი არჩევანი მომხმარებლის განსხვავებული გემოვნებითაა ნაკარნახევი. ზოგს თეთრი შოკოლადი უყვარს, ზოგს ‒ შავი, ზოგს ‒ ტრუფელი ან კარამელი, ზოგსაც ‒ სხვადასხვა შიგთავსით. დიდი მოწონებით სარგებლობს შავი შოკოლადი წიწაკითა და დარიჩინით. ძალიან საინტერესო და სპეციფიკური გემოა.

– რთულია შოკოლადის დამზადება? 

თამთა: რაც გამოგდის, ის რთული უკვე აღარაა, სასიამოვნო ხდება, უბრალოდ, დიდი დრო და რესურსი მიაქვს. თავიდან, როცა ორნი ვიყავით, ღამეებს ვათენებდით და ასე შევძელით საქმის აწყობა. კლასიკურად ვამზადებთ შოკოლადს, მაგრამ გემოები, სხვადასხვა შიგთავსი, დიზაინი ჩვენია. მუშაობის პროცესშიც ბევრი იდეა იბადება. ძალიან მნიშვნელოვანია ხელი გაიწაფო, რადგან საქმეს დიდი დრო მიაქვს, რა თქმა უნდა. თვითონ შოკოლადი იტალიურია, ყველა დანარჩენი ინგრედიენტი კი ‒ ქართული: თხილი, სხვადასხვა ხილი, ჩირი. ჩვენ არ გვაქვს დახლზე კვირაობით შემოდებული პროდუქცია. შეიძლება დილით დამზადებული გამოიტანო და ერთ საათში გაიყიდოს. 

თეა: თავისუფალი დრო აღარ გვაქვს, მაგრამ რასაც ვაკეთებთ, დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. მუდმივად ვმუშაობთ საკუთარ თავზე. ვეცნობით სპეციალიზებულ ლიტერატურას, ინტერნეტში მოვიძიებთ რეცეპტურას. თვითონაც ვაზავებთ, ვსინჯავთ, ვეძებთ, ‒ უწყვეტი პროცესია, ‒ რა რას უხდება და ხშირად საინტერესო მიგნებამდეც მივდივართ.

– როგორ ფიქრობთ, რა თვისებები გეხმარებათ ამ საქმეში? 

თეა: გამბედაობა, რისკი, შრომისმოყვარეობა, პირველ რიგში კი შოკოლადის სიყვარული. მე ხანდახან ვორჭოფობ ხოლმე, გამოვა თუ არა, თამთა კი ძალიან მიზანდასახულია, ‒ რასაც ჩაიფიქრებს, აუცილებლად გამოსდის. 

თამთა: რაღაცნაირად მჯერა ხოლმე, რომ გამოვა. თუ საქმეს თანმიმდევრულად მიყვები, ის ყოველთვის მიგიყვანს შედეგამდე. ოღონდ ძალიან უნდა გინდოდეს და დიდი შრომაც ჩადო მასში.

– სამომავლო გეგმები როგორია? 

თეა: გეგმები გვაქვს და „სტარტაპ საქართველოს“ დაფინანსებას ველოდებით. გვინდა სპეციალური დანადგარი გვქონდეს, რომელიც დროს მნიშვნელოვნად დაგვიზოგავს. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ შოკოლადი ხელნაკეთი აღარ იქნება. 

თამთა: ვფიქრობთ, რომ თუ კონკურენცია გაჩნდა, ეს კიდევ უფრო გაზრდის ჩვენს მოტივაციას. რაც არ უნდა ბევრი კონკურენტი გყავდეს, თუ წლების განმავლობაში ინარჩუნებ ხარისხს, ასორტიმენტს აფართოებ და არც კრეატიულობის პრობლემა გაქვს, ბაზარზე შენი ადგილი ყოველთვის გექნება.

აცტეკების იმპერიაში შიკოლი მოკაუჭებულ ჯოხს ერქვა, რომლითაც კაკაოს მარცვლებს ბერტყავდნენ.

ფოტო : ირა კურმაევა 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com