ლუკას სამზარეულო – მიზანსცენა ოჯახი ინტერვიუ გიორგი ბოჭორიშვილთან

გიორგი ბოჭორიშვილი პრაქტიკულად მეორე დღესვე პოპულარული გახდა, როგორც კი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩნდა. თუმცა თვლის, რომ ყველაზე მთავარი, რაც ამ სერიალმა მისცა საკუთარ თავზე მუშაობის შესაძლებლობაა. ქაოტური და არაპროგნოზირებადი რეჟიმი აქვს, როგორც საკუთარ სფეროში რეალიზებული მსახიობების უმრავლესობას. პროფესიული საქმიანობა ხშირად უკომპრომისოდ იწირავს მთელ დღეებსა და კვირებსაც კი. თუმცა ბალანსი პროფესიულ და ოჯახურ ცხოვრებას შორის მაინც დაცულია და ამას ყველაზე ფაქიზი დეტალების მიმართ სწორი, შეიძლება ითქვას, სამართლიანი დამოკიდებულება განსაზღვრავს. 

– გიორგი, როგორია მსახიობების სამუშაო რეჟიმი? ვფიქრობ, ქაოტური და არანორმირებული უნდა იყოს. 

– მსახიობის მუდმივი სამუშაო ან თეატრია, ან ტელევიზია, ‒ სერიალი, პირობითად. სერიალის გადაღება, მართალია, ყოველ დღე არ არის, მაგრამ შეიძლება ერთი-ორი დღით ადრე გაიგო, როდის იგეგმება. ამიტომ სხვა გეგმების დასახვა ჭირს. სამაგიეროდ, სერიალმა ‒ „ჩემი ცოლის დაქალები“ ‒ ბევრი რამ მომცა. პირველ რიგში, გამოცდილება და მერე ის, რომ მუდმივად ვაკვირდები საკუთარ თავს, შეცდომებს ვხედავ. ეს პრაქტიკის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთან ბევრ ფილმს არ იღებენ. დრამისა და კინოს მსახიობი მიწერია დიპლომში, მაგრამ თეატრალური ინსტიტუტი ისე დავამთავრე, კინოსთან არანაირი შეხება არ მქონია. 

– რა ხდება მაშინ, როცა ფილმში გიღებენ და კიდევ უფრო დატვირთული ხარ? როგორ ახერხებ ბალანსის დაცვას პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შორის? 

– მაგ დროს ვერაფერს ვერ დააბალანსებ. თუ ფილმის გადაღებაა, იმდენად დატვირთული რეჟიმია, რომ სხვას ვერაფერს გააკეთებ. შარშან, მაგალითად, ფილმის გადაღებაზე ერთი თვით ფოთში ვიყავი წასული. დილის რვა საათზე გადასაღებ მოედანზე მივდიოდი და გვიან ღამე ვამთავრებდი. ტელეფონითაც კი ვერ ვკონტაქტობდი ვერავისთან. ამ დროს შეუძლებელია რაიმე ბალანსის დაცვა. ერთადერთი ის რჩება, რომ უნდა ესმოდეთ შენი. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეუღლე გყავს თუ შეყვარებული,-გგულშემატკივრობდეს და ორივეს გინდოდეთ, იქ რაღაც კარგად გამოვიდეს. თუ მას უხარია შენი წარმატება და პროდუქტიულობა, მაშინ ყველაფერი თვითონ ლაგდება. პრიორიტეტების თანხვედრა უნდა იყოს. ზოგადად, მსახიობობა ისეთი პროფესიაა, თუ არ გიყვარს და შეპყრობილი არ ხარ ამით, მაშინ აზრი არ აქვს. ბოლოს რაღაცნაირად მაინც ფასდება ხოლმე ეს შრომა. მაგალითად, შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანის ერთმა სიტყვამ, დადებითმა შეფასებამ შეიძლება ისე გაგაბედნიეროს, დახარჯული დროისა და ენერგიის სრული კომპენსირება მოხდეს. 

– უფროსი შვილი 9 წლის გყავთ და პატარა ახლახანს შეგეძინათ, დიდი ინტერვალით. შეიცვალა რამე ამ წლებში? მაგალითად, პასუხისმგებლობის ხარისხი. 

– დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ განსხავავება, ალბათ, არის ამ კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ როცა პირველი შვილი გამიჩნდა, მაშინაც ძალიან დიდი დროის გატარება მიწევდა მასთან. მაინც ისეა, რომ ახლა, რაც ანა გაჩნდა, ცოტა გული მწყდება, რომ თომას ისე ვერ აღვიქვამდი, როგორც ახლა ანას აღვიქვამ. თავიდან, ალბათ, ეს სიფაქიზე არ გაქვს ბავშვთან მიმართებაში, ‒ შენს თავთან წინააღმდეგობაში მოდიხარ, უფრო გღლის, ნერვები არ გყოფნის, გინდა რომ დროზე დაიძინოს, მიუხედავად იმისა, რომ უსაზღვროდ გიყვარს! ამ ასაკში კი აბსოლუტურად სხვა ცნობიერება გაქვს და სხვა მასშტაბის აღქმა აი, ამ პატარა ადამიანის, რომელიც აბსოლუტურად შენზეა მონდობილი და შენ უნდა გააცნო ამ სამყაროს. ვერც ვხვდები, სიტყვებით როგორ უნდა ავხსნა შეგრძნებები, რომელიც მიჩნდება და თან ყოველდღე ახლდება და ძლიერდება ბავშვის ზრდასთან ერთად. ყოველდღე სხვანაირია და ყოველდღე გაოცებს, თუ საკუთარ თავში იმის ძალას იპოვი, რომ კონცენტრაცია მოახდინო შენს შვილზე და თითოეული წამი აღიქვა. 

– საოჯახო ვალდებულებები როგორ გაქვთ განაწილებული? 

– ერთნაირად ვაკეთებთ. როცა მარტო ვცხოვრობდი, საჭმლის მზადება ხშირად მიწევდა. არ მიყვარს, მირჩევნია არაფერი ვჭამო, ვიდრე რამე მოვამზადო, თუ ძალიან არ მშია. ძირითადად, ერთად ვსაუზმობთ და ერთადვე ვამზადებთ დილით. ახლა ბავშვმა ცოტა შეცვალა ჩვენი რეჟიმი, მაგრამ, ზოგადად, დღის განმავლობაში თაკოც სამსახურშია და მეც გარეთ ვარ. შუადღეზე სახლში არ ვართ. ამდენად, სადილების მზადება არ გვიწევს. 

– არის თქვენთვის რაიმე საქმე, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად ქალის ან კაცის გასაკეთებლად მიიჩნევთ? 

– არა, თუმცა ხშირად მიფიქრია მაგაზე, ‒ შეიძლება რაღაც წინააღმდეგობაში მოდიოდე მსგავს რამეებთან, სიამოვნებას არ განიჭებდეს სახლის საქმის კეთება, მაგრამ აი, რას მივხვდი: ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში ყველაზე მთავარი ‒ ბუნებრიობაა. თუ სახლში ხარ, საქმე არ გაქვს და სხვა ადამიანს ზედმეტი ძალისხმევა სჭირდება კონკრეტული საქმის გასაკეთებლად, ჯობია, შენ გააკეთო. ეს, ელემენტარულად, ერთმანეთის პატივისცემა და დაზოგვაა. მე თუ შემიძლია რაღაც გავაკეთო და შენ ამის დამსახურებით ნაკლების გაკეთება მოგიწევს, რატომ არ უნდა გავაკეთო. ეს ერთი, და მეორე: ვხვდები, რომ ჯობია ფუნქციური იყო და არა უფუნქციო ‒ რაღაც ღირსების სადარაჯოზე, რომელიც არ არსებობს! თუ გადაღება მაქვს, სამწუხაროდ, ვერანაირად ვერ გავაკეთებ ვერაფერს სახლში, მაგრამ თუ სახლში ვზივარ, ჭურჭელია გასარეცხი, გავრეცხავ, საჭმელსაც გავიკეთებ და ბავშვსაც გამოვუცვლი. 

– ალბათ, რთულია და არარეალურიც წინასწარ ამ კუთხით რაიმეს დაგეგმვა, მაგრამ მაინც თუ არის რაღაც, რაც იცით, რომ ერთმნიშვნელოვნად უნდა ჩადოთ თქვენს შვილებში?

– ალბათ, ის, რომ საყრდენი და ყველაზე დიდი ძალა ‒ სიმართლეა. ძალიან მარტივად რომ ვთქვა, ტყუილი არასდროს არაა გამოსავალი. ამიტომ სიმართლით ნებისმიერი პრობლემის მოგვარება, გადალახვა შეიძლება. შეიძლება გეტკინოს, წაიქცე, ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდე, მაგრამ საბოლოოდ, სიმართლეა ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის. ჩემს შვილებთან მიმართებაში მინდა, რომ არასდროს მოვიტყუო მე თვითონ, არასდროს მოვატყუო ისინი, ‒ ამ შემთხვევაში ვიქნები მათთვის სიმართლის მაგალითი და მერე, დროთა განმავლობაში, ისინი იგივეს უფრო კარგად აღმოაჩენენ თავიანთ თავში. როცა საკუთარ თავში ამ ძალას პოულობ, მთელი დედამიწა რომ დაგიპირისპირდეს, ვეღარაფერი მოგერევა. 

– რა არის თქვენთვის ოჯახი და რაზე დგას მისი სიმყარე?

– ოჯახი ‒ ვიღაცასთან ერთად ყოფნის სურვილია, ერთმანეთის პატივისცემა და ტყუილთან უკომპრომისობა. სიყვარულიცა და ურთიერთობაც, ალბათ, იქამდე ნარჩუნდება, სანამ ადამიანებს შეუძლიათ თავიანთ თავში იპოვონ ძალა, რომ თუნდაც მწარე სიმართლე ამჯობინონ ტყუილს; როცა ორი ადამიანი ახერხებს თანაცხოვრებას ისე, რომ არც თავიანთ თავს ღალატობენ და არც ერთმანეთს.

კამპანიისთვის „კაცები ზრუნავენ“. კამპანია ხორციელდება „გაეროს“ ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ.

ფოტო: ირა კურმაევა

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com