ლიკა ქორქიას საახალწლო ორცხობილები

ლიკა ქორქიასთვის ახალი წელი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. აცივდება თუ არა ნაძვის ხის მორთვას იწყებს. წელს, მაგალითად, ოქტომბერში უკვე სახლი ნამდვილ ლაპლანდიად გადააქცია, ორი დღე მოანდომა სამმეტრიანი ნაძვის ხის მორთვას და ეხლა ახალ წელს ელოდება. საახალწლო სუფრიდან კი გამორჩეულად გოზინაყი უყვარს, რომელიც ასევე ზაფხულშიც გაუკეთებია.

– ლიკა, რატომ მორთე ნაძვის ხე ოქტომბერში? 

– ჩემთვის ახალი წელი არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული. ბავშვობიდან მიჩნდებოდა პროტესტი, რომ ნაძვის ხე მხოლოდ განსაზღვრული დროით უნდა გვქონოდა სახლში. ბოლოს მითხრეს, რომ ეს წესი ასე არავის დაუდგენიაო, ამიტომ გადავწყვიტე, რომ როცა მოგვინდებოდა, მაშინ დაგვედგა. ყოველთვის მინდა სახლში დიდი და ლამაზი ნაძვის ხე მედგას, რადგან ვთვლი, რომ ძალიან ლამაზია და უხდება სახლს. ვრთავ, როგორც კი აცივდება. წელს ოქტომბრის ბოლოს ამოვიტანეთ. ეს ყველაფერი კარგ განწყობას მიქმნის. ყოველ წელს განსაკუთრებულად ვემზადები ახალი წლის დასახვედრად. 

– კულინარიული კუთხით, როგორ ხვდები ახალ წელს? 

– როცა ახალ წელს სტუმრად მივდივარ ოჯახში, სუფრა ყოველთვის სტანდარტულია. ყველგან გვხვდება საცივი, გოზინაყი, გოჭი და სხვა ტრადიციული კერძები. ჩემთვის გამორჩეული არის გოზინაყი. ახალი წლის სუფრაზე ჩემთვის ყველაზე სასურველია, თან ბებოს გაკეთებულს ვერაფერი შეედრება. 

– როდის ვნახავთ ლიკას სამზარეულოში? 

– ლიკა სამზარეულოში არის მაშინ, როცა სადმე წასასვლელი არაა. ზოგჯერ მაქვს მხოლოდ ერთი დღე, როცა სახლში ყოფნა შემიძლია. სოციალურ ქსელში კულინარიული გვერდების მიმდევარი ვარ. ხშირად ვცდილობ იქიდანაც რამე დავამზადო. ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ არა. 

– რა კერძს აკეთებ ყველაზე ხშირად? 

– ალბათ პასტას. ყველაზე კარგად გამომდის და მეც მისი დიდი მოყვარული ვარ. ქართულ სამზარეულოზე ვერ დავიკვეხნი. ბებო იმდენად კარგად ამზადებს ქართულ კერძებს, რომ მასთან შედარებით დაკომპლექსებული ვარ და მივხვდი, რომ ცოტა ხანი ხელი უნდა ჩავიქნიო. ტკბილეული მეტ-ნაკლებად კარგად გამომდის. რაც მიყვარს ალბათ იმას უკეთესად ვაკეთებ. ტკბილეულიდან არაერთხელ გამიკეთებია ნაყინი, ისიც ვიდეოდან ვისწავლე. ბრაუნის და ჩინური ტორტის გაკეთებაც ვცადე და ასევე ძალიან გემრიელი გამოვიდა. 

– დღეს რა მოგვიმზადე? 

– ჩემთვის ტრადიციული ტკბილეულობა ცოტა მძიმეა. გადავწყვიტე გამეკეთებინა ორცხობილები, რომლის გაკეთებაც ძალიან მარტივია, არ არის ზედმეტად ტკბილი და ძალიან გემრიელია. ვფიქრობ, კარგია წასახემსებლად, როცა ადამიანი დაღლილია და ჩაის ან ყავას მიირთმევს. გავაფორმე საახალწლოდ… მე ვთვლი, რომ ასეთი ნეიტრალური გემოც საჭიროა ჩვენს საახალწლო სუფრაზე.

საახალწლო ორცხობილა 

ინგრედიენტები:
• 1 კვერცხის გული
• 200 გრ. გამდნარი კარაქი
• 1 ჭიქა შაქარი
• 1 შეკვრა კრემისებური ყველი
• 1 ჩ.კ. ვანილი
• 3 ჭიქა ფქვილი
• მარილი

მომზადების წესი:
კრემისებური ყველი, კარაქი და შაქარი ათქვიფეთ. დააამატეთ კვერცხის გული და ვანილი. ბოლოს დაუმატეთ ფქვილი, მარილი და ათქვიფეთ. მიღებული მასა თქვენთვის სასურველ ფორმებად აქციეთ და შედგით ღუმელში 375 გრადუსზე. ორცხობილების ცხობას 10-12 წუთი დასჭირდება.

ფოტო: ირა კურმაევა

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com