კომპანია “თელიანი ველი” ეძიე და მოყევი ღვინოს

„თელიანი ველი“, ქართული ღვინის კომპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მსხვილი კომპანიაა. „თელიანი ველი“ გამოირჩევა, არა მარტო ხარისხით, ტექნოლოგიებით, წარმატებით, არამედ ასევე საინტერესო და ხანგრძლივი ისტორიით: სააქციო საზოგადოება „თელიანი ველი“ 1997 წელს „თელიანის სამარკო ღვინოების მარნის“ ბაზაზე დაარსდა. სწორედ ამ ტერიტორიაზე 1886-1887 წლებში თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ღვინის ქარხნის ადგილზე, რუსეთის იმპერატორის ძმის, მიხეილ რომანოვის, განკარგულებით აშენდა 2 სართულიანი, 150 ათას „ვედროიანი“ ღვინის სარდაფი. 

წელს საიუბილეო 20 წლისთავზე „თელიანმა ველმა“ ახალი კამპანია „ეძიე და მოყევი ღვინოს“ წამოიწყო, რომელიც ბრენდის მიერ, წლების განმავლობაში განხორციელებულ ყველა აქტივობას აერთიანებს. კამპანიაში გამოკვეთილია 4 ძირითადი მიმართულება: 

• ღვინის ცოდნის ამაღლება 

• ღვინისა და კერძის შეხამება 

• ღვინო, როგორც საქართველოს ელჩი 

• ქართული ღვინის ისტორია 

20 წლისთავის აღსანიშნავად კომპანიას მანიფესტის გაკეთება სურდა, თუ რას წარმოადგენს და რას საქმიანობს „თელიანი ველი“, სწორედ ასე დაიბადა იდეა, შეექმნათ 4 ახალი ეტიკეტი და ბრენდის ლიმიტირებული 4 ბოთლიანი საკოლექციო შეფუთვა, რომელშიც თითოეული ღვინო, თითო მიმართულებას გამოხატავს. 

უნიკალური შეფუთვის შესაქმნელად „თელიანმა ველმა“ 4 კრეატიული სააგენტო მოიწვია, რომელთაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეხვდათ 4 მიმართულებიდან ერთ-ერთი. სამუშაო პროცესის განმავლობაში თითოეულმა სააგენტომ შეარჩია ღვინო, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება კონკრეტულ მიმართულებას, სწორედ ამ საუკეთესო კომბინაციების საფუძველზე შეიქმნა თითოეული ღვინის ეტიკეტის დიზაინი. 

• სააგენტო „კოლეკტივი“ ‒ ღვინის ცოდნის ამაღლება, „ახაშენი“ 

• სააგენტო „მორ სტუდიო“ ‒ ღვინისა და კერძის შეხამება, „წინანდალი“ 

• სააგენტო „აბეკა გრაფიკსი“ ‒ ღვინო, როგორც საქართველოს ელჩი, „საფერავი“ 

• გიორგი პოპიაშვილი ‒ ქართული ღვინის ისტორია, „რქაწითელი ქვევრი“ 

ღვინო „წინანდალი“ იდეალურად მოუხდა ღვინის და კერძის შეხამების პლატფორმას. ვინაიდან და რადგანაც, „წინანდალი“ თითქმის ყველა კერძს ამშვენებს, თავისუფლად შეგვიძლია ვაღიაროთ ქართული სუფრის ნაწილად. 

ქართული ღვინის ისტორიის პლატფორმისთვის კომპანიამ ქვევრის ღვინო ‒ „რქაწითელი ქვევრი“ არჩია, რადგან არა მარტო კომპანიებს, არამედ ყველას შეუძლია სახლის პირობებშიც ამ ღვინის დამზადება. ქართული ჯიშის ყურძნებიდან ყველაზე ძლიერ და ყველაზე მეტი შესაძლებლობის მქონე ღვინოდ, „საფერავი“ ითვლება. საზღვარგარეთ, ქართული ღვინოებიდან, ყველაზე მეტად წითელი ღვინოები მოსწონთ, სწორედ ამ ყველაფრის გამო „საფერავი“, როგორც ქართული ღვინის ელჩი, საუკეთესო არჩევანი იყო. ღვინო „ახაშენი“, მხოლოდ მეტი ჩაღრმავებისა და დაინტერესების შემდეგ ხდება თვალსაჩინო, სწორედ ამიტომ კომპანიამ იგი ღვინის ცოდნის ამაღლების პლატფორმისთვის შემოინახა. 

პროექტის მსვლელობისას ქართული მეღვინეობა კვლავ პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. საქართველო აღიარეს, როგორც ღვინის მწარმოებელი უძველესი ქვეყანა. 

სააგენტო „კოლეკტივმა“ „ახაშენის“ შეფუთვაში აქცენტი, სწორედ ამ მოვლენებზე გააკეთა და დიზაინად პრესის ხმამაღალი სათაურები გამოიყენა. 

„წინანდალის“ დიზაინი „მორ სტუდიომ“ ძველი კულინარიული რეცეპტებისა და ვიზუალური მასალის გამოყენებით შექმნა, რაც საუკეთესოდ ასახავს ქართული სუფრის მრავალფეროვნებას. ქართული სუფრაც ხომ ღვინის, კერძების და ემოციების ერთობლიობაა. 

„აბეკა გრაფიკსის“ „საფერავისათვის“ შექმნილ ეტიკეტში, მთელი საქართველო ფანქრით არის ჩახატული, მისი მთავარი ელემენტი კომპასია, რომელიც მსგავსად ელჩისა მოგვასწავლის გზას საქართველოსკენ. 

გიორგი პოპიაშვილის „რქაწითელი ქვევრი“ ქვევრის იმიჯს წარმოადგენს. დიზაინი შექმნილია 8000 წერტილისგან, თითოეული წერტილი კი სიმბოლურად საქართველოში ღვინის წარმოების ერთ წელს გამოხატავს.

წინანდალი  თეთრი მშრალი 2015 

ეს ყველაზე სახელოვანი ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო ტრადიციულად რქაწითლიდან და მწვანე კახურიდან, კლასიკური წესით დგება. ჩალისფერია, ღვინო მუხაში არაა დავარგებული, შესაბამისად სურნელებში მეტ ციტრუსებსა და ხილის ტონებს იგრძნობთ. ცინცხალი, ხალისიანი ღვინოა, მაღალმჟავიანი და ენერგიული. 

დალიეთ ახალგაზრდა. შესაძლებელია 2-4 წლით მისი ბოთლში დავარგება. მიაყოლეთ თევზეულს, სალათებს და ფრინველის მოხარშულ ხორცს. 

ახაშენი წითელი ნახევრადტკბილი  2015 

ახაშენი ადგილწარმოშობის დასახელების ნახევრადტკბილი ღვინოა. იგი საფერავისთვის საუკეთესო მიწებზე გაშენებულ ვენახებში დაკრეფილი ყურძნიდანაა დაყენებული. საკმაოდ ინტენსიური შეფერვა აქვს და ძალზე ეფექტური პირველი სურნელება, სადაც პირველ რიგში ტკბილი შავი ბალი, მწიფე ალუბალი და შავი კენკრა იგრძნობა. ამ ღვინის მთავარი ნიშანი სიტკბო და ძლიერი ტანინებია. 

დალიეთ ახალგაზრდა, თუმცა 3-5 წლის მანძილზეც შეგიძლიათ დაავარგოთ. მიაყოლეთ შოკოლადიან ან შავ ნამცხვრებს, თუმცა ჯერ ტკბილ სოუსში ჩაწყობილ ხორცთანაც კარგია. 

საფერავი  წითელი მშრალი  2016 

კახეთში მოყვანილი საფერავიდანაა დაყენებული ეს კლასიკური ღვინო. შინდისფერია, სასიამოვნო და ეფექტური პირველი სურნელებით, სადაც წინა პლანზე ალუბლის, მაყვლისა და კვრინჩხის სურნელები გამოდის. გემოზე კი ახალგაზრდა ღვინისთვის დამახასიათებელი ტანინები და ხალისიანი სიმწკლარტე გამოარჩევს. 

დალიეთ ახალგაზრდა, თუმცა 3-5 წლის მანძილზეც შეგიძლიათ დაავარგოთ. მიაყოლეთ ხბოს მწვადს და ჩაშუშულს, ჩახოხბილს, კატლეტს. 

რქაწითელი ქვევრი  თეთრი მშრალი  2016 

ეს ქარვისფერი, ქვევრში, ტრადიციული წესით დაყენებული კახური ღვინო ამ სტილის კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს. პირველივე სურნელებში იგრძნობთ კარგად ნაცნობ არომატებს ‒ ქართული სუნელები, გამხმარი ყვავილები, გახუხული პური. ღვინოს სასიამოვნო, გემრიელი ტანინები აქვს და დაბოლოებაში მოტკბო ტონები ახლავს (დაშაქრული თხილი). 

ახალგაზრდაც შეგიძლიათ დალიოთ, თუმცა 5-6 წლით დავარგებაც ძალიან მოუხდება. მიაყოლეთ ხაშლამას, შემწვარ თევზს და შემწვარ ქათამს. 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com