დადუნას ბლოგი

ძალიან ცოტა დრო დარჩა ახალი წლის მოსვლამდე. უკვე ყველაფერი საახალწლოდაა მორთული… ჰაერში კი საზეიმო განწყობისა და მანდარინების არომატია… ზოგისთვის ეს წელი ძალიან კარგი იყო, ზოგისთვის არც ისე, მაგრამ მთავარია გვჯეროდეს, რომ წინა წელთან შედარებით მომავალი წელი გაცილებით უკეთესი და წარმატების მომტანი იქნება! 

ახალ წელს რომ კარგად შევხვდეთ და საღამო კარგად გავატაროთ, უმჯობესია საახალწლო სუფრის მენიუ წინასწარ დავგეგმოთ. მე, ჩემი მიდგომა და წესები მაქვს საახალწლო სუფრის მომზადებასთან დაკავშირებით. მთავარია, ისე არ უნდა გადავიღალო, რომ 12 საათზე არც ჭამა მინდოდეს და არც ახალი წელი :). არც სამზარეულოში მინდა გავატარო მთელი დღე. წინა დღეს მაქსიმალურად ვემზადები და ვაკეთებ თითქმის ყველაფერს, რომ 31-ში ბევრი საქმე არ მქონდეს და გაპრანჭვაც მოვასწრო. კერძებს ვარჩევ მსუბუქს, მაგიდიდან ადგომა რომ არ დამეზაროს :). 

არც რთული რამის მომზადებას გირჩევთ! მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი ექსპერიმენტებისთვის მაინცდამაინც კარგი დრო არ არის, მე მაინც მინდა, რომ ტრადიციულ საცივთან და შემწვარ გოჭთან ერთად რამე ახალი კერძიც იყოს სუფრაზე! ახალი, იმიტომ რომ, ახალი წელია. 

დღევანდელ ნომერშიც ტრადიციულად ჩემს ვარიანტებს შემოგთავაზებთ! ყველაფრის გაკეთება, რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ ერთი ახალი და უცხო კერძიც კი გაალამაზებს ტრადიციულ სუფრას! 

პ.ს. ხო მართლა, ძაღლსაც გაუმასპინძლდით, განსაკუთრებულად, რა თქმა უნდა, თუ გყავთ 🙂

ქათამი ტკბილ ვაშლთან ერთად 

დაგვჭირდება:
• 1 საშუალო ზომის ქათამი
• ვაშლი – 1 კგ.
• შაქარი 1 ჭიქა
• წიწაკა დაღერღილი – 30 გრ.
• კეტჩუპი – 30 გრ.
• ტომატ-პასტა – 30 გრ.
• თაფლი – 1 ს. კ.
• მარილი – 1 ს. კ.
• ზეთი – 1 ს. კ.
• მდოგვი – 1 ს. კ.

მომზადების წესი: 

ქათამი კარგად გავრეცხოთ და გავამშრალოთ. მდოგვი, თაფლი, ზეთი, კეტჩუპი, ტომატ პასტა და 20 გრ. დაღერღილი წიწაკა ერთმენთს შევურიოთ და ქათამს კარგად წავუსვათ. გამოვაცხოთ თავიდან დაბალ ტემპერატურაზე და შემდეგ მაღალზე! დროდადრო ვასხათ თავისივე წვენი. 

ვაშლი დავჭრათ, ტაფაზე დავყაროთ შაქარი და რომ გადნება დავაყაროთ ვაშლი, მარილი და წიწაკა. ვაშლი როგორც კი დარბილდება გამოვრთოთ ცეცხლი! 

ბოსტნეული პესტოთი 

დაგვჭირდება:
• მოხარშული სტაფილო
• კუბიკებად შემწვარი ბადრიჯანი
• მოხარშული კარტოფილი
• შემწვარი ცუკინები

ყველაფერი ავაწყოთ გრძელ ჩხირებზე და შევასუნელოთ პესტოთი.

პესტოსთვის დაგვჭირდება:
• ოხრახუში – 1 დიდი კონა
• ნიგოზი – 200 გრ.
• ძმარი – 40 გრ.
• ზეითუნის ზეთი – 50 გრ.
• ხმელი ქინძი – 20 გრ.
• უცხო სუნელი – 10 გრ.

ეს ინგრედიენტები კარგად დააბლენდერეთ და წაუსვით ბოსტნეულს.

საშობაო ფერადი ღვეზელი 

დაგვჭირდება:
• ფენოვანი ცომი – 1 დიდი შეკვრა
• კომბოსტო – 1 თავი
• მოხარშული ჭარხალი – 2 ც.
• მოხარშული სტაფილო – 5 ც.
• ტომატ-პასტა – 2 ს. კ.
• ხახვი – 2 თავი
• ისპანახი – 1 კგ.
• 5 ც. კარტოფილის პიურე

მომზადების წესი: 

საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ გაბრტყელებული ფენოვანი ცომი და ფენა-ფენა ჩავალაგოთ დაჭრილი ჭარხალი, სტაფილო, ხახვთან და ტომატთან ერთად მოშუშული კომბოსტო, ცოცხალი ისპანახი და ბოლოს დავადოთ კარტოფილის პიურე. გადავაფაროთ ისევ ფენოვანი ცომი და კარგად შევუკრათ კუთხეები. აუცილებლად დავჩხვლიტოთ ჩანგლით, რომ ცომი არ გასკდეს. ვაცხოთ სანამ კარგად არ შეიცვლის ცომი ფერს. სასურველია 180 გრადუსზე. 

საახალწლო ცომის გუფთები 

დაგვჭირდება:
• ფქვილი – 500 გრ.
• ისპანახი – 1 კგ.
• ხაჭო – 300 გრ.
• ხახვი – 1 თავი
• ხმელი ქინძი – 10 გრ.
• დაღერღილი წიწაკა – 10 გრ.
• მარილი გემოვნებით
• ცოცხალი ჭარხლის წვენი

მომზადების წესი:
მოვზილოთ მაგარი ცომი ჭარხლის წვენით შეღებილი წყლით. მოვთუშოთ ხახვი და როცა გახდება ოქროსფერი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ისპანახი, ვთუშოთ 2 წუთი; დავამატოთ ქინძი, წიწაკა და ხაჭო. კარგად გადავურიოთ ერთმანეთში და გამოვიყენოთ ცომის გულსართისთვის! სოუსისთვის დაგჭირდებათ მაწონთან ერთად დაბლენდერებული ტარხუნა და ნიორი!

გოგრის ფლავი 

დაგვჭირდება:
• გოგრა – 1 კგ.
• ხახვი – 2 თავი
• ნიორი – 3 კბ.
• ქონდარი – 5 გრ.
• ხმელი ქინძი – 10 გრ.
• ძმარი – 2 ს. კ.
• მიწის თხილი მოხალული და დაბლენდერებული – 200 გრ.
• ყავისფერი ბრინჯი – 1 კგ.

მომზადების წესი: 

მოვხარშოთ გოგრა და დავჭრათ კუბიკებად. შემდეგ შევაგდოთ ღუმელში, ცოტა რომ გამოშრეს. მოვთუშოთ ხახვი, ნიორი და ქონდარი ერთად, დავუმატოთ ხმელი ქინძი, მოხალული მიწის თხილი და ძმარი და ამ მასით შევასუნელოთ გოგრა. ბრინჯი მოვხარშოთ მარილიან წყალში, რომელსაც მე ვუმატებ წიწაკას და ცოტა შაქარს (1 კგ. ბრინჯზე დაახლოებით 1 ს.კ. წიწაკა). 

ტორტი 

ბისკვიტისთვის დაგვჭირდება:
• კვერცხი – 10 ც.
• შაქარი – 2 ჭ.
• ფქვილი – 2 ჭ

კრემისთვის დაგვჭირდება:
• რძე – 500 მლ.
• ფქვილი – 3 ს. კ.
• შაქარი – 100 გრ.
• კარაქი – 200 გრ.
• 1 კვერცხის გული
• ვანილი – 1 პ.
• მოხალული მიწის თხილი
• ცოცხალი ჟოლო – 100 გრ.

მომზადების წესი:
ერთმანეთში შერეული შაქარი და ფქვილი ჩავყაროთ ადუღებულ რძეში. შესქელებამდე ვურიოთ და როგორც კი შესქელდება გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცხელშივე ჩავაგდოთ ერთი ცალი კვერცხის გული და კარგად ავურიოთ მიქსერით!

ცალკე ავთქვიფოთ კარგად დარბილებული კარაქი და ამ კარაქს ნელ-ნელა შევათქვიფოთ მიღებული მასა! დავუმატოთ ვანილი. ტორტის ბისკვიტი უნდა დავნამოთ ალკოჰოლით და მასთან შერეული გამდნარი შოკოლადით.

• გამდნარი შოკოლადი – 100 გრ.
• რძე – 200 მლ.
• შესქელებული რძე – 50 მლ.
• კონიაკი – 30 მლ.

ტორტის აწყობისას ფენა-ფენა კრემს მოვაყაროთ მოხალული მიწის თხილი. გაფორმებისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ რამის ყიდვა, რომ ტორტი სადღესასწაულოდ გამოიყურებოდეს!

ფოტო: ირა კურმაევა

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com