COCO’S ARTISAN CHOCOLATE

როგორც თავად ჰყვება, შოკოლადების დამზადებამდე გამასპინძლების სიყვარულმა და მოთხოვნილებამ მიიყვანა. ოჯახში, სადაც სამზარეულო ყველას უყვარს და ყველაფერს თავად ამზადებენ, მდოგვისა და მაიონეზის ჩათვლით, მაინც იყო რაღაც, რასთან შეჭიდებაც არასდროს უცდიათ ‒ შოკოლადი. ის ქოქოს, იგივე ქეთი მეშველიანის საავტორო მიგნებად იქცა. ჯერ მშობლებმა დააგემოვნეს, შემდეგ ‒ მეგობრებმა და სრულიად უცნობმა ადამიანებმა. ყველამ იპოვა თავისი ფავორიტი გემო. ვიღაცას მდოგვისფერი კანფეტები მოსწონს სენაკის თხილითა და დარიჩინით, სხვას ‒ ლურჯი, ნუშის არომატით, ზოგსაც მწვანე ‒ ყავის შიგთავსით. ერთმანეთზე უფრო გემრიელია ყველა! თუმცა, მეც მაქვს ჩემი აჩემებული გემო ‒ ტრუფელი ‒ რძიანი შოკოლადი შინაური ალუბლის ლიქიორით ‒ უბრალოდ გასაგიჟებელი კომბინაცია!

– შოკოლადის დამზადების იდეა საიდან გაგიჩნდათ?

დაახლოებით წელიწად-ნახევარია დავიწყე. თავიდან ჩემ გარშემო არავინ იცოდა, რომ შოკოლადს ვამზადებდი. საერთოდ, სულ მაშაყირებენ, რომ მუდმივად რაღაცას ვსწავლობ, სულ რაღაც ახალი მაინტერესებს. აი, შოკოლადის სწავლასაც რომ მივადექი, არავის ვუთხარი, ოჯახის წევრების გარდა. ბოლოს ჩემი მეგობრები რომ გაგიჟდნენ, რას აკეთებ სულ სახლშიო, მომიწია მეთქვა, ვმეცადინეობ, შოკოლადებს ვამზადებ-მეთქი. დაიწყეს გასინჯვა და სანამ ყველამ საკუთარი თვალით არ ნახა, არაფრით სჯეროდათ. ახლა სულ მთხოვენ, გაგვიკეთე, გაგვასინჯე, ხელცარიელი არ მოხვიდეო. მათი დამსახურებაა, თუ დღეს ვინმე მიცნობს როგორც მეშოკოლადეს. თავიდან არც მიფიქრია ამისთვის ბიზნესის სახის მიცემა, ჩემთვის ვაკეთებდი. სტუმარს ვიღაც კექსს რომ უცხობს, მე შოკოლადს ვუმზადებდი. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მიყვარს ეს საქმე და სხვას ამ ეტაპზე მართლა არაფერს ვაკეთებ, ბოლოს მეც ვიფიქრე, რომ რატომაც არა.

– რთული საქმეა?

უპირველეს ყოვლისა, პრაქტიკას მოითხოვს. რაც უფრო დიდხანს ამზადებ, მით უფრო გიადვილდება. პირველად რომ ვცადე, სახლი ლამის სარემონტო გახდა და ვთქვი, შეუძლებელია ნორმალურმა ადამიანმა ეს სახლში აკეთოს-მეთქი. მაგრამ მეორედ, მესამედ რომ ცდი, დროც ნაკლები გჭირდება და აღარც ისე ჭუჭყიანდები. ახლა უკვე გაიოლდა ჩემთვის მისი მზადება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შრომატევადი პროცესია. დიდ დროსა და ყურადღებას მოითხოვს. კაკაოს მარცვლებიდან თვითონ შოკოლადი რომ დაამზადო, სულ მცირე ორი დღეა საჭირო. მიღებული შოკოლადიდან, რომელსაც ფორმა ჯერ არ აქვს, უკვე კანფეტების ან ფილების დამზადებას იწყებ. მთელ პროცესს ხელსაყრელი გარემო სჭირდება ‒ არ უნდა ცხელოდეს, არ უნდა ციოდეს, ახლოს არ უნდა ენთოს გაზქურა, ფანჯარა არ უნდა გაიღოს; გარდა ამისა, გვერდით არ უნდა მზადდებოდეს არანაირი საჭმელი, რადგან შოკოლადი სუნს ძალიან იოლად იღებს. მე ხელს ის მიწყობს, რომ მარტო ვცხოვრობ და ოკუპირებული მაქვს აქაურობა. როცა სახლში ხალხი მიდი-მოდის, შეუძლებელია ამის კეთება. 

– თითქმის სულ სახლში ვარ. მეგობრებსაც აქ ვეპატიჟები. შოკოლადის დამზადება სამსახურივითაა ჩემთვის. დილით იოგაზე მივდივარ, მერე მოვწესრიგდები და საქმეს ვიწყებ, რომელსაც საღამოს 7-8-ზე ვრჩები. წინა საღამოს ვარჩევ ნუშს, ვხალავ თხილს, ვამზადებ შიგთავსს. ეს წესრიგი მიყვარს. ამიტომ სულ ვფიქრობ, ბევრი შეკვეთა რომ ავიღო და ვიღაც დავიხმარო, ალბათ, ძალიან გამიჭირდება. თითოეულ დეტალს დიდ ყურადღებას ვაქცევ. როცა ვიცი, რომ 241 გრამი უნდა იყოს, აუცილებლად ასე უნდა იყოს. 

– ყველაფერს მარტო აკეთებთ თუ გეხმარებათ ვინმე?

– თავიდან ბოლომდე თვითონ ვაკეთებ ყველაფერს, იმ საღებავებსაც მე ვამზადებ, რითიც შოკოლადებია დაფერილი. მზა ორგანული საღებავები იყიდება, მაგრამ ძალიან ძვირი ღირს და დროც დიდი უნდა ჩამოტანას, ამიტომ უცებ წითელი რომ დამჭირდეს, ან მწვანე, შემიძლია ერთ დღეში თვითონ დავამზადო კაკაოს ცხიმით. შესაფუთი კოლოფებიც ზუსტად ისეთი შევუკვეთე, როგორიც მინდოდა ‒ სადა და მინიმალისტური. მთელი თბილისი მოვიარე და ყველაზე უბრალო კოლოფიც კი ძალიან ძვირი მიჯდებოდა. ბოლოს ერთ ვებ-გვერდს მივაგენი, რომელიც გადამუშავებული მასალისგან ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვას ამზადებს. აღმოჩნდა, რომ მომხმარებელსაც მოეწონა. ლოგო მე თვითონ დავხატე. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ცოტამ იცის, ვინ ვარ და რას ვაკეთებ, ყველაფერი უნდა ყოფილიყო ლოგოზე: სახელიც, პროდუქტიც და ხელნაკეთი რომაა, ისიც. ამიტომ ასე დავარქვი: Coco’s Artisan Chocolates. საერთოდ, არ მიყვარს თავიანთ სახელს რომ არქმევენ პროდუქციას, მაგრამ მეგობრები დაჟინებით მირჩევდნენ, ისეთი სახელი გაქვს, რომ არ შეიძლება არ გამოიყენოო. თან რადგან ქოქო ზედმეტსახელია, ბოლოს მაინც ეს ვერსია გადაწყდა. 

– სად ისწავლეთ შოკოლადის დამზადების ტექნიკა?

წელიწადზე მეტხანს იტალიაში ვცხოვრობდი. სულ ვმოგზაურობდი, რომ მაქსიმალურად ბევრი აღმომეჩინა ამ უდიდესი კულტურის ქვეყანაში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრების საუკეთესო წელი გავატარე იტალიაში იმ მხრივაც, რომ მათ არაჩვეულებრივ სამზარეულოს გავეცანი. სიცილიაზე ყოფნისას დავაგემოვნე ქალაქ მოდიკაში დამზადებული შოკოლადი, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება ევროპაში. ყველგან გხვდება ამ შოკოლადის ნაწარმი ბომბონების სახით, საშოკოლადეებში კი მასტერკლასები ტარდება, რომლებსაც შეგიძლია დაესწრო. ჯერ სიცილიაზე, შემდეგ კი რომში მქონდა საშუალება საკუთარი თვალით მენახა შოკოლადის დამზადების პროცესი. 

– მერე ნელ-ნელა გავერკვიე, რა ხელსაწყოები გჭირდება, რა რეცეპტურა. რთული არაა, უბრალოდ, დანახარჯია დიდი. ამიტომ ის ადამიანები, რომელთაც ხელნაკეთი კანფეტების ინდუსტრიალიზაცია უნდათ, სულ არაა გასაკვირი, რომ თვითონ შოკოლადს არ ამზადებენ. უკვე გამზადებულ მასალას იყენებენ შოკოლადის კანფეტების დასამზადებლად.

– ბიზნესის კუთხით რამდენად წარმატებული საქმეა?

ამ წუთას რა მოთხოვნაცაა, ვაკმაყოფილებ. ბევრი ადამიანი მიკვეთავს კორპორატიული თუ პირადი წვეულებებისთვის. დიდი ბიზნესმენი არ ვარ და სულ ვცდილობ, რაც შეიძლება დაბალი ფასი დავადო ჩემს შოკოლადებს, იმდენად მერიდება. დედაჩემი და მამაჩემი ფიქრობენ, რომ მე, ალბათ, არასდროს გავფართოვდები. დანახარჯს ვფარავ, რა თქმა უნდა, და თუ რაღაც თანხა დამრჩება, ვცდილობ ისევ საქმეში ჩავდო. ახლაც რეცეპტების ახალ წიგნს და ფორმებს ველოდები. დიდ მოგებაზე ორიენტირებული ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ, როცა ქუჩაში ნაცნობი თუ უცნობი მხვდება და მეუბნება, შენი შოკოლადი გავსინჯე და ძალიან გემრიელიაო. ამ დროს უბედნიერესი ვარ! იმდენად მიყვარს და მეხალისება ეს საქმე, არ მინდა ვალდებულებაში არ გადაიზარდოს. ჯერჯერობით ესაა ყველაზე ბედნიერი რამ, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა! მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო მიაქვს, ესაა ფანტასტიკა! იმას ვადარებ, ვიღაცები თიხაზე რომ მუშაობენ და ტალახიდან სილამაზეს ქმნიან. საოცარ შემოქმედებით აღმაფრენას განიცდი.

– რა არის თქვენი შოკოლადის მთავარი მახასიათებელი?

სიჯანსაღე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იმის ცოდნაა, რომ არავის ვავნებ ჩემი პროდუქციით. შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ ცუდს მაინც არ ვუკეთებ ‒ არანაირი დანამატი და ესენცია არაა შიგნით. შემიძლია ყველას თამამად შევთავაზო ჩემი შოკოლადი. ინგრედიენტებს, ძირითადად, ქართულს ვიყენებ ‒ ნუშს, გოგრის თესლს, თხილს… ვიზუალი მინიმალისტურია. კანფეტების გალამაზება ბევრნაირად შეიძლება: თუნდაც დაახატო ზემოდან, სპეციალური გადამყვანი ქაღალდები დაიტანო. მე რატომღაც ერთი ფერის კანფეტები მიყვარს. როგორც ჩანს, სხვებსაც მოსწონთ.

ფოტო : ირა კურმაევა 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com