სტუმრად სამზარეულოში – ნიკოლოზ წულუკიძე

ახალ წლამდე, რამდენიმე დღით ადრე, სტუმრად სამზარეულოში ნიკოლოზ წულუკიძეს ვესტუმრეთ. სახლში ნამდვილი ახალი წლის განწყობა იდგა. დიდი დათოვლილი ნაძვის ხე, ლამაზი სათამაშოები და საახალწლო სუფრის სამზადისი, სადაც მამასთან ერთად მონაწილეობას პატარა სესილიაც იღებდა. ნიკა კარგი კულინარია, მაგრამ დროის უქონლობის გამო ხშირად ვერ ამზადებს, მაგრამ სამზარეულოში თუ შევიდა აუცილებლად კულინარიულ შედევრებს აკეთებს. „კულინArt“-ისთვის ნიკამ სპეციალურად, მისი ოჯახის ტრადიციული საახალწლო კერძი „გოგრის ბარაქა“ მოამზადა.

– როდის იყო პირველი შეხება კულინარიასთან? 

– ყველა ბავშვს აქვს ოცნება. ზოგს უნდა ბიზნესმენი იყოს, ზოგს მსახიობი, ხოლო მე მთელი ბავშვობა ვოცნებობდი ბაზარში გამყიდვლად მემუშავა. მაშინ ჯერ კიდევ იყო საბურთალოს ბაზარი. მახსოვს მამამ სიურპრიზი გამიკეთა და წამიყვანა ბაზარში, გადამსვა დახლის იქით, დამიწყო პომიდვრები და მწვანილი, მომიგზავნა ხალხი და გავყიდე პროდუქტები. ამის შემდეგ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა კულინარიის მიმართ. შვიდი წლის წინ კი სატელევიზიო ეთერში გადაცემა „კულინარიული დუელი“ დავიწყე და ძალიან მიხარია, რომ პოპულარობითა და მაღალი რეიტინგით სარგებლობს მაყურებელში. მიყვარს კეთება, კარგადაც გამომდის, მაგრამ მხოლოდ ქართული კერძების. დაწყებული სამეგრელოდან ელარჯით, დამთავრებული ხორცეულით და მჟავეებით. 

– ვისგან ისწავლეთ მზადება? 

– ადამიანს, რომელსაც უყვარს გემრიელად ჭამა, არ სჭირდება მასწავლებელი, ის თვითონ სწავლობს. ყველა კარგ მზარეულს აქვს თავისი ინტერპრეტაცია, რომ რაღაცით გამორჩეული კერძი მოამზადოს. რეცეპტი ერთია, მაგრამ ყველა მაინც თავისებურად აკეთებს და ყოველთვის განსხვავებული გამოდის. მეც მაქვს ჩემი ინტერპრეტაციები. ვფიქრობ, ასე უფრო გემრიელია. გოზინაყი, გოჭი, ბატი, ინდაური და ასე შემდეგ. ერთადერთი რამ, რაც ჩემთვის დისკომფორტია არის უდროობა. არასოდეს მცალია კეთებისთვის. 

– პირველად რა ასოციაცია მოგდით, როცა კულინარიაზე საუბრობთ? 

– ეს არის ერთ–ერთი უდიდესი სიამოვნება. ადამიანი, რომელსაც არ უყვარს გემრიელად ჭამა, ჩემთვის უცხოა. 

– რას ვერ გასინჯავდით? 

– ალბათ ღორის ქონს, სალას. 

– ყველაზე ხშირად რომელ კერძს ამზადებთ? 

– სახლში ღომი და სულუგუნი სულ გვაქვს. 

– რას დაარქმევდით ბავშობის გემოს? 

– „ყიყლიყო“. ბებო და დედა სხვადასხვანაირს ამზადებდნენ. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა. 

– საყვარელი დესერტი? 

– ყოველთვის ვთქვეფდით გოგლიმოგლს და არასოდეს ვჭამდით. დღეს ჩემი უსაყვარლესი დესერტი ნამდვილი ტირამისუა. 

– ტრადიციული თუ თანამედროვე სამზარეულო? 

– ტრადიციული, ცალსახად. თანამედროვე ჩემთვის არის ეკლექტიკური გემოთი სავსე, არ მიყვარს. 

– ქართული სამზარეულოდან, რომელ კერძს გამოყოფდით? 

– იმერული წიწილა მაყვალში. თხელი, ხრაშუნა მჭადი და იმერული ჭყინტი ყველი. 

– გახსენდება თუ არა რამე ნაწარმოები ან თეატრალური სცენა კულინარიულ მოტივებთან ასოცირებული? 

– მახსოვს რეზო გაბრიაძის „ჩვენს პატარა ქალაქში“ ‒ მატა ბალანჩივაძის ქვრივის გაბზარულ თეფშზე შემოწყობილი მოხარშული მსხლის სურნელი დატრიალდაო. 

– მოგზაურობის დროს თუ ეძებთ სხვა ქვეყნის კულინარიულ გემოებს? 

– ყველა ქვეყანაში მაქვს აღდგომა პასკით და წითელი კვერცხებით აღნიშნული. როცა ალპებში ვცხოვრობდით, იტალიელებს, ფრანგებს და გერმანელებს უნდა გაეკეთებინათ მათი ტრადიციული სამზარეულოს კერძები. ქართველებმა კი გავაკეთეთ ხაჭაპური, ნიგოზი ვაშლში და კომშში, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ღომი და სულუგუნიც წაღებული გვქონდა. გავაგიჟეთ! 

– ყველაზე უცნაური რა გაგისინჯავთ? 

– მაქვს გასინჯული ქოქოსის ღომი და თუთიყუშის საცივი. სუნელებითა და გემოთი ნამდვილ საცივსაც ჰგავდა. 

– რომელ კერძს ვნახავთ თქვენ საახალწლო სუფრაზე? 

– ჩვენს ოჯახში ყოველ ახალ წელს უცვლელი ტრადიციაა – გოგრის მომზადება.. მთლიანი გოგრა იწვება და იხარშება ორთქლში. გოგრის ნაფხეკში ირევა ნიგოზი, თაფლი, ვანილი, ქიშმიში. როგორც ამბობენ, მას მოაქვს ხვავი და ბარაქა. ამ კერძს შეიძლება „გოგრის ბარაქა“ დავარქვათ. წელს თურმე სუფრაზე გოგრა აუცილებელია. ზოგჯერ ახალ წელს სხვადასხვა ადგილას ვხვდებით. მთავარია, ერთად იყოს ოჯახი, ადგილს არ აქვს მნიშვნელობა. 

ფოტო : ირა კურმაევა 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com