საახალწლო მიზანსცენა ქეთი დოლიძე და თამრი ბზიავა

ამ სახლში მთელ დეკემბერს საზეიმო და ამაღლებული განწყობა მოაქვს, ოთახების ყველა კუთხე-კუნჭული სადღესასწაულოდაა მორთული და გეჩვენება, რომ არტისტულობა ინტერიერისთვისაც ისეთივე ორგანულია, როგორც მისი ავტორებისთვის. 

– ზოგადად, ოჯახებს აქვთ ხოლმე საკუთარი ერთგვარი კულინარიული ხელწერა. თქვენს ოჯახს რა გამოარჩევს ამ მხრივ? 

ქეთი: საერთოდ, მგონია, რომ კულინარიაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა „ხელს“ აქვს. აი, ხელი თუ მოგყვება, ეგაა მთავარი. ასეთი იყო ჩემი ორი მამიდა, განსაკუთრებით, ვენერა – საოცარ რაღაცებს ამზადებდა, სამზარეულოს დედოფალი იყო! ვენერას ხაჭაპურზე ყველა გიჟდებოდა. რეცეპტების რვეული გვაქვს შენახული, ჩემი მამიდების შევსებული. ვგიჟდები, იმას რომ ვკითხულობ. ასეთივე იყო ჩემი ძიძა, რომელიც ფანტასტიკურ კულიჩებსა და კექსებს აცხობდა. საერთოდ, ჩვენთან ოჯახში, როცა მამა ცოცხალი იყო, ბებია და ბაბუაც, – თორმეტი ადამიანი ჯდებოდა ყოველდღე სუფრასთან. ეს კულტი იყო, რომ ყველა ერთად უნდა ყოფილიყო საღამოს 6 საათზე, თუ მამა თბილისში იყო და თუ გადაღებები არ ჰქონდა. 

თამრი: მე, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა რამ გამეგება კულინარიაში და რაც მიყვარს, მარტო იმას ვამზადებ. ზოგადად, კერძების მომზადება არ ვიცი. დედაჩემის მამიდები, ვენერა და მარიკა, აბსოლუტურად არ გაკარებდნენ იქაურობას. ვენერა აცხობდა ვაშლისა და დარიჩინის სასწაულ „ოლადიკებს.“ ვგიჟდებოდი! თან დარიჩინი მაშინ ასეთი პოპულარული არ იყო.

– ახალი წელი რამდენად მნიშვნელოვანი დღესასწაულია თქვენს ოჯახში? 

ქეთი: ძალიან მიყვარს და მიხარია, რომ წელს ადრე გავაწყვე ნაძვის ხე. მისი ასე დიდი ამბით მორთვა ნამდვილად ჩემი დამკვიდრებული ტრადიციაა. ნაძვის ხესთან ერთად, მთელ ოთახს ვრთავ სადღესაწაულოდ, უდიდესი სიამოვნებაა ეს ჩემთვის! უამრავი სათამაშო მაქვს, მათ შორის, ზოგიერთი 90 წლის წინანდელია. ჩვენს სახლში საახალწო განწყობა ისეთი აქცენტირებულია, რომ ამის გარეშე ვერავის წარმოუდგენია. 1 იანვარს ჩემთან მოდიან ხოლმე ჩემი ძმა, რძალი, ჩემი ძმიშვილები. დარწმუნებული ვარ, თამრი და თორნიკე და მერე უკვე ლუკაც გააგრძელებენ ჩემს საახალწლო ტრადიციებს. 

თამრი: მე იმდენად მიყვარს, როცა სახლში ვხვდები ახალ წელს, რომ ამაზე უარს მარტო იმ შემთხვევაში ვიტყვი, თუ საქართველოში არ ვარ. მთელი საახალწლო პერიოდი მიყვარს. მოდიან ჩვენი უახლოესი ნათესავები, რომლებიც შეიძლება წლის განმავლობაში საერთოდ ვერ ვნახო. ვფიქრობ, რომ ჩვენს სახლშიც და საქართველოშიც ეს საახალწლო მისვლა-მოსვლის ტრადიცია ასე თუ ისე შენარჩუნებულია, მაგრამ ადრე ბევრად მაღალ ხარისხში იყო 12 საათის მერე ერთმანეთის სახლებში სტუმრობაც და დღესასწაულის განცდაც.

– რა განსხვავებაა უცხოეთსა და საქართველოში ახალი წლის შეხვედრის ტრადიციებს შორის? 

თამრი: ნიუ-იორკში შევხვედრივარ ახალ წელს და ლოს-ანჯელესში. უცხოეთში ის მომწონს ამ კუთხით, რომ ნოემბერში იწყებენ მზადებას. ნიუ-იორკში მე, ქეთი და თორნიკე ვიყავით ერთად, ხუთ თვეს იქ ვხოვრობდით. ამერიკაშიც და ევროპაშიც უფრო 25 დეკემბერია აქცენტირებული, – ამ დროს ოჯახური გარემოა, 31 დეკემბერს კი უფრო ერთობიან. ნიუ-იორკში როკფელერის ცენტრში დგას მთავარი ნაძვის ხე და მის გარშემო ციგურებით სრიალი მთელი რიტუალია. ასე, ზღაპარივით ეს ქალაქი რომ მახსოვს, არ ვიცი! სამაგიეროდ, ლოს-ანჯელესში აბსოლუტურად ნული იყო ახალი წლის შეგრძნება. არაფერი არ ხდებოდა. განწყობა არ არის, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ თოვლი არაა და ძალიან თბილა, – 31 დეკემბერს ჯინსის ქურთუკები გვეცვა, – და პლუს, ქალაქიც საერთოდ არაა მორთული. 

ქეთი: ნიუ-იორკს აქვს ერთი უცნაურობა: ისეთი მყუდრო ხდება ეს უზარმაზარი ქალაქი, ის ადგილი, სადაც შენ ცხოვრობ, – ასე გგონია, ის სივრცე სულ შენია. მაშინვე გაიცნობ ახლომდებარე მაღაზიის თანამშრომელს, მეზობლებს, – ორ დღეში უკვე შენიანები ხდებიან. 

თამრი: ყველა აღნიშნავს, რომ ნიუ-იორკს არანორმალური ტემპი აქვს. ნამდვილად ასეა! ლოს-ანჯელესი სხვანაირაია, – იქ უნდა დაასრულო შენი კარიერა, დაწყებაზე ოცნებაც არ ღირს, – იქ ყველა არტისტია, ყველას მსახიობობა უნდა. 

– რა მზადდება განსაკუთრებული თქვენი საახალწლო სუფრისთვის? 

თამრი: ქეთი სასწაულ გოჭს წვავს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მისნაირად დედამიწაზე გოჭს არ წვავს არავინ! მე, რომელიც ვერ ვიტან, ზოგადად, გოჭის ხორცს და არასდროს არსად ვჭამ, მარტო იმ გოჭის ხორცზე ვგიჟდები, რომელსაც ქეთი ამზადებს ახალ წელს. 

ქეთი: წლების წინ ერთმა არაჩვეულებრივმა ბერძენმა ქალბატონმა მასწავლა ეს რეცეპტი, მაგრამ მერე მე ჩემებურადაც დავუმატე რაღაცები. გოჭის შეწვა მთელი რიტუალია ჩვენთან. უნდა იყოს ძალიან თოთო, ქონი საერთოდ არ ჰქონდეს. ძალიან კარგად ვრეცხავ, აფთიაქში ნახშირს ვყიდულობ და ოც-ოცდაათ ნახშირს დოლბანდში ვდებ და შიგნით ვტენი. ერთ-ორ საათს ვაჩერებ, მერე კარგად გამოვასუფთავებ. სულ გამოაქვს ის სპეციფიკური სუნი. ეს ბებიამ მასწავლა. მერე ერთ დიდ ქილა არაჟანს და ერთ მოზრდილ ქილა აჯიკას ერთმანეთში ვურევ; ვიღებ დარბილებულ კარაქს და შიგნიდან და გარედან ვუსვამ გოჭს, კარაქის შემდეგ კი არაჟნისა და აჯიკის ნარევით ვფარავ. ორ კონა ქინძს, 

ერთ კონა ოხრახუშს გოჭში ვტენი. ოღონდ ის არ უნდა იყოს მთლიანად გადახსნილი. ამ მდგომარეობაში მთელ ღამეს ვინახავ მაცივარში. 31 დეკემბერს, საღამოს 5-6 საათზე ვიწყებ შეწვას, რომ სუფრაზე ცხელი მივიტანო. ამავე დროს მარილიან წყალს ვაკეთებ: ერთ კოვზ მარილს ერთ ჭიქა წყალზე და შეწვისას თხუთმეტ წუთში ერთხელ ვასხამ ხორცს. ძალიან დაბალ ცეცხლზე ვწვავ, მწვანილები, შიგთავსი, არაჟანი დნება და დაახლოებით ოთხ საათში გამოდის რაღაც საოცრება!

– მზადება სიამოვნებას განიჭებთ? 

ქეთი: სანამ მამიდები მყავდა, თითქმის არ მიწევდა. ახლაც ყოველ დღე რომ მიწევდეს, ალბათ, გამიჭირდებოდა. ახლა მყავს არაჩვეულებრივი მეგრელი ქალბატონი, მანონი, რომელიც ხანდახან მეხმარება და სასწაულად გემრიელ კერძებს გვიმზადებს. 

თამრი: მანონის ყველაფერი უგემრიელესი გამოსდის და მე, რადგან ნახევრად მეგრელი ვარ, გადავწყვიტე მისგან ვისწავლო მეგრული საჭმელები. ზოგადად, ქართული სამზარეულო ძალიან მიყვარს და ასევე, იაპონურ სამზარეულოზეც ვგიჟდები. მე თვითონ ბლინები გამომდის კარგად და რუსული „სირნიკები,“ – მარტივი და უგემრიელესი დესერტი. 

ქეთი: მე ვამზადებ ძალიან კარგ ფლავს, ესაა ჩემი საფირმო კერძი. ახალი წლის სუფრაზე აუცილებლად მექნება ბაჟე, გოზინაყი, თავისთავად და „ხოლოდეცი,“ რომელსაც განსხვავებულად ვამზადებ. ღორის თავ-ფეხს არტალასაც ვამატებ, საქონლის ხორცსაც და სხვანაირი, ძალიან გემრიელი გამოდის. მამიდაჩემმა მასწავლა ასე მომზადება. 

თამრი: დედაჩემს ძალიან უყვარს ხორციანი კერძები, მე არ ვგიჟდები ხორცზე. ხშირად გვაქვს კატლეტი, ხორციანი მაკარონი, – ორივეს ძალიან კარგად ამზადებს ქეთი. ასევე ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი. მე და ქეთი რაზეც ვგიჟდებით, ესაა კარაქიანი პური. სულ რომ არაფერი იყოს სახლში, კარაქი და ყველი თუა, მორჩა!

თამრის „სირნიკები“ 

2 კვერცხს, 200 გრ. ხაჭოს ერთმანეთში ავურევთ, დავუმატებთ ერთ სუფრის კოვზ ფქვილს, სოდას, ვანილს და ძალიან ცოტა ცხიმში შევწვავთ. 

ფოტო: ირა კურმაევა 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com