საახალწლო დღესასწაული „ჰილსაიდიდან“

გაზაფხულზე აქაურობის მთავარ უპირატესობად ერთიანად გადამწვანებულ ეზოს ჩაუთვლიდით – იმ ფერისა და განწყობის გამო, ასე რომ აკლია თვალს. თუმცა თავად დარბაზის მინიმალისტური, დახვეწილი დიზაინი გაფიქრებინებთ, რომ არა – თითოეული დეტალის ჰარმონიულ სინთეზშია მთელი საიდუმლო.

ახლა, დეკემბრის ბოლოს, როცა ოქროყანაში თბილისთან შედარებით ტემპერატურის სხვაობა საგრძნობია, როცა ყოველ საღამოს ისეა მობურული, თითქოს ეს-ესაა მოთოვს, „ჰილსაიდი“ სრულიად განსხვავებულ ესთეტიკას იძენს. ბრჭყვიალა, საზეიმო, ელეგანტური და დახვეწილი სივრცე ზამთრის წვეულებების სამზადისშია.

თეონა გაბუნია „ჰილსაიდის“ თანადამფუძნებელი

აქაურობის იდეის ავტორიც და შემქმნელიც ჩემი მეუღლეა. მისი აქტიური ჩართულობით განხორციელდა პროექტის ყველა ეტაპი. მას აბსოლუტურად თვალნათლივ წარმოედგინა საბოლოო შედეგი, ზუსტად იცოდა, რა უნდოდა და ის მიიღო, რაც თავიდანვე ჩაიფიქრა. სწორედ ასეთი სივრცე სურდა ‒ თავისი მდებარეობით, ხედით, ეზოთი და შინაარსით.

ჰილსაიდი არის იმ ტიპის რესტორანი, რომელიც დამკვეთს არა მხოლოდ ლამაზ სივრცეს სთავაზობს, არამედ ხარისხიან და გემრიელ კერძებსაც. გამოცდილი მზარეულების გუნდში ქართული ტრადიციული კერძებისა და ფურშეტის მომზადებას სხვადასხვა პროფესიონალი შეფი ხელმძღვანელობს. ასევე დიდი ყურადღება ეთმობა სერვირებასა და კერძის ლამაზად მიწოდებას. გაგიკვირდებათ და, ამ პროცესს ცალკე პერსონალი უძღვება.

ვფიქრობ, საინტერესო შედეგი მივიღეთ. აქაურობა ორ სივრცეს მოიცავს: ძალიან ლამაზ ეზოს ხედით მთელ თბილისზე და დახურულ დარბაზს, სადაც დიდი წვეულებების გამართვის საშუალებაა, ‒ 150-დან 800-მდე ადამიანზეა გათვლილი. არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც ქორწილი იყოს, შეიძლება ნებისმიერ კორპორაციულ წვეულებას ან მასშტაბურ კონფერენციას დაეთმოს ეს სივრცე. დიდ უპირატესობად მიმაჩნია ჩვენი ადგილმდებარეობა და გამწვანებული ეზო. ყველას ხიბლავს ის ფაქტი, რომ „ჰილსაიდი“ ქალაქგარეთ მდებარეობს, თუმცა ქალაქიდან მხოლოდ 7-10 წუთის მანძილზეა.

დარბაზის ინტერიერი სადაა და ამავე დროს დახვეწილი, რაც პრაქტიკულად ყველანაირი ტიპის ღონისძიებისთვის ხდის ამ სივრცეს მიმზიდველს. ღონისძიებების ორგანიზატორთათვის ეს ძალიან ხელსაყრელი ფაქტორია, რადგანაც აქ ნებისმიერი ჩანაფიქრის განხორციელება მარტივია ‒ მინიმალისტური დიზაინი იმპროვიზაციის საშუალებას იძლევა, შედეგი კი ყოველთვის განსხვავებული და შთამბეჭდავია.

ქორწილის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ნაწილი ‒ ხელისმოწერის ცერემონია შესაძლებელია ძალიან ლამაზი დეკორაციებით ღია სივრცეში მოეწყოს (რაც არაერთხელ გამართულა „ჰილლსაიდის“ ეზოში). მოგეხსენებათ, საქორწილო წვეულების ორგანიზებას თან ახლავს მღელვარება. ასეთ დროს პატარ-პატარა ნიუანსებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ცხადია, მთელი წვეულების განმავლობაში შიდა და გარე სივრცე დამკვეთის განკარგულებაშია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ძირითადი ინვენტარი და საბაზისო ატრიბუტიკა წვეულების ორგანიზატორს ადგილზე ხვდება. ეს დამკვეთს საქმეს უმარტივებს, რადგანაც დანარჩენი მის გემოვნებასა და ფანზატიაზეა დამოკიდებული.

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ტერიტორიაა, სამომავლო გეგმებში გაფართოებაც შედის: ასათვისებელია სივრცე კიდევ უფრო კარგი ხედით, სადაც უფრო მცირე მოცულობის დარბაზის მშენებლობა იგეგმება მისი დამოუკიდებელი ეზოთი და მისასვლელით. ახალი დარბაზი 100-დან 150-მდე ადამიანს დაიტევს და აბსოლუტურად იზოლირებული იქნება უკვე ცნობილი სივრცისგან.

ღონისძიებების ორანიზატორი კომპანიების გარდა, ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც სივრცეს სხვადასხვა დეკორაციით აფორმებენ. მიხარია, რომ საქართველოში ფეხი მოიკიდა ამ ტიპის კომპანიებმა, რადგანაც ნებისმიერი საქმე იმ სფეროს პროფესიონალის მიერ უნდა გაკეთდეს. მაგალითად, წელს ჩვენი რესტორანი საახალწლოდ კომპანია F-Lovers-მა გააფორმა. ვფიქრობ, პროფესიონალთა მუშაობის შედეგი სახეზეა ‒ „ჰილსაიდის“ საახალწლო დეკორაციები სპეციალურად ჩვენთვის დამზადდა, რაც საახალწლო განწყობას გამორჩეულს ხდის. გემოვნებაზე არ დავობენ, ამიტომ შეფასება თქვენთვის მომინდია.“

სოფო ჯაფარიძე – ივენთმენეჯერი

„ნებისმიერი ღონისძიების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული ადგილი. წვეულებისთვის ხელსაყრელი სივრცე მისი სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა იქნას შერჩეული: ის, რაც იდეალურია კორპორაციული წვეულებისთვის ან ქორწილისთვის, კონფერენციის ჩასატარებლად შეიძლება არ გამოგვადგეს. თუმცა, არსებობს უნივერსალური ვარიანტიც ‒ „ჰილსაიდი“ სწორედ ასეთ სივრცეს გვთავაზობს. ასევე ჩვენთვის, ივენთმენეჯერებისთვის, მნიშვნელოვანია ის, თუ რა შესაძლებლობებს იძლევა სივრცე მოწყობის თვალსაზრისით. ჩვენი მიზანია თითოეული ღონისძიება განსაკუთრებული და განსხვავებული იყოს, ამიტომაც ადგილის შერჩევისას ახალ და განსხვავებულ სივრცეს ვანიჭებთ უპირატესობას.

„ჰილსაიდის“ მთავარი უპირატესობა სწორედ ეს არის, რომ ერთი და იგივე სივრცე შეგვიძლია მრავალჯერ გამოვიყენოთ, რამდენადაც თავისუფლად შესაძლებელია ინტერიერი რადიკალურად შევცვალოთ და ადამიანებს სიახლის განცდა გავუჩინოთ.

რა თქმა უნდა, ყველა სახის ღონისძიებას აქვს თავისი ეტიკეტი, მათ შორის, საახალწლო წვეულებასაც. ასევე, არსებობს ტენდენციები, რომელსაც დამკვეთის სურვილების პარალელურად ვითვალისწინებთ.

ჩემი აზრით „ჰილსაიდი“ ერთ-ერთი იდეალური და უნივერსალური სივრცეა ღონისძიებების ჩასატარებლად. ამას აქ გამართული არაერთი წარმატებული ღონისძიება მოწმობს. ერთ-ერთ პირველ წვეულებაზე აქაურობამ 2500 ადამიანს უმასპინძლა.

სივრცის შერჩევისას დიდ როლს თამაშობს „ჰილსაიდის“ ადგილმდებარეობა და არაჩვეულებრივი ხედი. ეს სივრცე იმით გამოირჩევა, რომ საშუალებას იძლევა ერთდროულად გამოვიყენოთ როგორც დახურული, ასევე ღია ტერიტორია. უნივერსალური ტყუილად არ მიხსენებია: აქ თითქმის ყველა სახის ღონისძიების გამართვაა შესაძლებელი. სივრცე იდეალურ გარემოს ქმნის როგორც ქორწილების, ასევე კორპორატიული სხვადასხვა სპეციფიკის ღონისძიებებისთვის.“

მაკა ყუბუსიძე – „ჯორჯიან ივენთსის“ აღმასრულებელი დირექტორი

„ჯორჯიან ივენთსი“ ღონისძიების მართვის კომპანიაა სრული მომსახურებით. ის 1998 წლიდანაა ბაზარზე. ამასთან, არა მარტო საქართველოში ვახორციელებთ ღონისძიებების ორგანიზებას, არამედ საზღვარგარეთაც. წარმატებას, ალბათ, ევროპულ განათლებაზე დაფუძნებული გამოცდილება და კრეატიულობა განსაზღვრავს.

ჩვენი მიმართულებებია როგორც კორპორატიული ღონისძიებები, ასევე კონფერენციები. რა თქმა უნდა, ყველა ღონისძიებას განსხვავებული სივრცე სჭირდება. კონფერენცია და ქორწილი შეიძლება ვერ ჩაატარო ერთსა და იმავე სივრცეში, თუმცა, ვფიქრობ, რომ ყოველთვის შესაძლებელია საქმეში კრეატივი ჩართო. პირადად ჩემთვის ხელსაყრელი სივრცე სულაც არ გულისხმობს გაკრიალებულ ადგილს, მეტიც, ‒ ეს არაა მომხიბვლელი. ყველა ჩვენი პროექტი იმით გამოირჩევა, რომ, პირიქით, არაორდინალურ სივრცეებს ვირჩევთ და მერე მას დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად გადავაკეთებთ ხოლმე.

რაც შეეხება „ჰილსაიდს,“ მგონია, რომ ამ სივრცემ თავისი ნიშა თავიდანვე დაიკავა. ესაა კერძო და კორპორაციული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი არაჩვეულებრივი, ძალიან საინტერესო კომპლექსი. ძალიან ლამაზი ადგილია ქორწილებისთვის. ერთდროულად გაძლევს საშუალებას დახურული და ღია სივრცე აითვისო. კარგი ადგილმდებარეობა აქვს ‒ ქალაქგარეთაცაა და თან ქალაქთან ძალიან ახლოსაც. კარგია, რომ აქ ბევრი ქორწილი იმართება, მაგრამ სხვა ღონისძიებებსაც ძალიან წარმატებულად ჩავატარებდი. ეს შეიძლება იყოს დაჯილდოების ცერემონია, კონფერენცია. მომსახურებაც ძალიან მაღალი დონისაა, ინვენტარიც თავისი აქვს ‒ ხარისხიანი და გემოვნებიანი. დიდ წარმატებას ვუსურვებ ამ სივრცის მეპატრონეებს, რომლებმაც ქალაქს ღონისძიებების ჩასატარებლად ახალი სივრცე გაუჩინეს.“

თიკო ნიჟარაძე – "Vannila Events"

„ჩვენი კომპანია უკვე 10 წელია არსებობს და სხვადასხვა ტიპის კორპორაციული თუ კერძო წვეულების, პრეზენტაციის, ფესტივალის, დაბადების დღის ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი. ნებისმიერ ღონისძიებას უზრუნველვყოფთ ჩვენივე თანამედროვე, მსოფლიოს უახლესი სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით.

ბოლო წლებში საქართველოში იმდენად განვითარდა ღონისძიებების ორგანიზების პროფესიონალებზე მინდობა, რომ ჩვენი და მსოფლიო ტენდენციები პრაქტიკულად თანხვედრაშია ‒ ის, რაც აქტუალური ხდება მსოფლიოში, ‒ ღონისძიებების მოწყობის სტილისტიკის, დეკორირების კუთხით, ‒ ერთგვარ ტენდენციად მკვიდრდება საქართველოშიც.

სივრცეს იმის მიხედვით ვარჩევთ, თუ რა უნდა დამკვეთს. რამდენიმე ვარიანტს ვთავაზობთ მას. რა თქმა უნდა, კარგ სამსახურს გვიწევს მრავალფუნქციური დარბაზები, სადაც ნებისმიერი ტიპის ღონისძიების ორგანიზებაა შესაძლებელი. ამ ტიპის დარბაზის ხსენებას ავტომატურად მიყავხარ „ჰილსაიდის“ ასოციაციამდე. აქაურობამ უკვე რამდენჯერმე უმასპინძლა ჩემ მიერ ორგანიზებულ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული შინაარსის ღონისძიებებს: ქორწილს, კონფერენციას, ოფიციალურ მიღებას, პროექტის პრეზენტაციას.

ისეთი სივრცეა, რომ საშუალებას გაძლევს ნებისმიერი ჩანაფიქრი განახორციელო. ძალიან დიდი დარბაზია, მინიმალისტური, დახვეწილი ინტერიერით. ძალიან გვეხმარება ის ფაქტი, რომ დარბაზს არ აქვს ტიხრები ‒ მთლიანი, გაშლილი სივრცე ყველაზე ხელსაყრელია ღონისძიებებისთვის. ამას ემატება არაჩვეულებრივი ხედი მთელ თბილისზე, ეზო, კარგი სამზარეულო, თბილისთან სიახლოვე და პარკირების შესაძლებლობა.“

სალომე აბესაძე,  ნესი წიკლაური და  ეკა გელოვანი კომპანია F-lovers

„ჩვენი კომპანია წვეულებების, მაღაზიების ვიტრინების, ტელესტუდიების ყვავილებით გაფორმებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ვაფორმებთ დაბადების დღეებს, კორპორაციულ წვეულებებს, სახელმწიფო ფორუმებს, მიღებებს ‒ ყველაფერს, სადაც კი შეიძლება დეკორაცია გამოიყენო. იდეა, შთაგონება მოგზაურობისას, სიახლეების გაცნობისას ჩნდება. პრაქტიკასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ‒ გამოცდილებას მოაქვს ის, რომ უკვე ზუსტად იცი, რა რას უხდება, რა იქნება ეფექტური. ადრე არავინ ცდილობდა დღესასწაულის ყვავილებით გალამაზებას, ძირითადად, მენიუზე იყვნენ კონცენტრირებულები. უკვე რამდენიმე წელია საქართველოში ნელ-ნელა დამკვიდრდა ტრადიცია, რომ ქორწილი ყვავილებითაც უნდა იყოს გალამაზებული. ძალიან სასიხარულოა ის, რომ ესთეტიკურმა მხარემ ამხელა მნიშვნელობა შეიძინა.

ჩვენი ღონისძიებებისთვის, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, გარემოს, ინტერიერს ვარჩევთ. „ჰილსაიდი“ დაარსების დღიდან ძალიან ახლოსაა ჩვენს გემოვნებასთან. როცა „ჰილსაიდის“ გუნდთან ვთანამშრომლობთ, არაფერში ვართ შეზღუდული, პირიქით, ენდობიან ჩვენს ხედვას. შესაბამისად, საბოლოო შედეგი ყოველთვის კარგი გამოდის. როგორც წესი, ერთმანეთისას ემთხვევა ჩვენი გემოვნება და სილამაზის აღქმა. ცოტა ხნის წინ, ამ სივრცეში სარკის საახალწლო დეკორაციაზე ვიმუშავეთ, ხოლო ახლა, „კულინარტის“ საახალწლო პროექტისთვის მაგიდა გავაფორმეთ სარკის შესაფერისად.

ზოგადად, ძალიან გემოვნებიანი სივრცეა, ინტერიერიც საუკეთესო: თავისუფალი, მარტივი და შეგიძლია ყველანაირი დეკორი მოარგო. დარბაზი იმდენად სადა და დახვეწილია, რომ მარტივად შეიძლება კიდევ უფრო გაალამაზო აქაურობა.“

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com