FOODასოციაცია

კულინარიასთან არ მეგობრობს, ამბობს, რომ ძალიან ცუდი მჭამელია. დილას ფინჯანი ყავით იწყებს და დღის განმავლობაში, როცა მოუხერხდება, მაშინ მიირთმევს. ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძეს ყველაზე მეტად ხაჭაპური და შოკოლადი უყვარს, ეს უკანასკნელი კი მას ყველაზე დიდ ბედნიერებას ანიჭებს:

ნანიკო, თუ გახსოვთ პირველი დამოუკიდებელი დღე სამზარეულოში?

– პირველი დღე, მართალი რომ გითხრათ, არ მახსენდება, მაგრამ პატარა რომ ვიყავი, მაკარონი ძალიან მიყვარდა და ამიტომ ყველაზე ხშირად მაკარონს ვხარშავდი.

– დღეს რას ამზადებს ნანიკო?

– ტოსტი, შემწვარი ქათამი და შემწვარი კარტოფილი. ხშირად ვხარშავ „პელმენს“ და მაკარონს. რაც ჩამოვთვალე ამის გარდა სხვას არაფერს ვამზადებ.

– როგორ იწყება დილა?

– აუცილებლად ჭიქა ყავით. დილით არ ვიკვებები, ვიცი ძალიან ცუდია, მაგრამ ფაქტია, აქამდე მოვაღწიე ისე, რომ ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ მაქვს, ჩემი ორგანიზმისთვის ეს რეჟიმი მისაღებია. ვჭამ მოგვიანებით.

– საყვარელი კერძი?

– იმდენად ცოტა რამეს ვჭამ, რომ ძალიან მიჭირს საზოგადო ადგილებში გარკვეული კერძის არჩევა. მაგალითად, შეიძლება სალათი მომინდეს, მაგრამ იმ სალათს უნდა ჰქონდეს მაიონეზი, არ უნდა ჰქონდეს პომიდორი, ამიტომ საყვარელი საჭმელი არ მაქვს, თავად თუ რაღაცას მოვამზადებ, ის ხდება ჩემი საყვარელი საჭმელი.

– შვილს თუ უყვარს თქვენი მომზადებული?

– უყვარს შემწვარი ქათამი და როგორი რთული მოსამზადებელია, თან ღუმელში, ალბათ წარმოგიდგენიათ.

– მოგზაურობის დროს თუ გიჩნდებათ სურვილი გასინჯოთ იქაური ტრადიცული კერძები?

– არასოდეს მიჩნდება სურვილი გავზარდო ჩემი რაციონი. მიუღებლობა მაქვს ახალი პროდუქტების და რატომ არ ვიცი.

– ჯანსაღ კვებასთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

– მე, პირადად, ამდენი წლის ვარ და რძის პროდუქტი არ მიმიღია არასოდეს. ანუ კალცი, რაზეც მეცნიერული შრომები იდება, რომ ისე ვერ ჩამოყალიბდები და გაიზრდები თუ კალცი არ მიიღო ორგანიზმმა, ეს ჩემთვის ძალიან უცხოა. ასე არაჯანსაღად გავიზარდე, მაგრამ კბილიც ადგილზე მაქვს და ფრჩხილიც. მე, ვთვლი, რომ ორგანიზმი რასაც გთხოვს, ესე იგი მას სჭირდება, რადგან არ მთხოვს ე.ი. არც სჭირდება. მაგრამ მე არ ვარ მაგალითი.

ფოტო : ანა ბოკო

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com