სამზარეულო და რესტორანი სასტუმრო GOLDEN TULIP BORJOMI

ბორჯომის მინერალური წყლების პარკის შესასვლელიდან, სულ რაღაც 30 მეტრში, ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და უძველესი შენობა-ნაგებობა მდებარეობს, სადაც დღეს სასტუმრო „ფირუზაა“ განთავსებული.

შენობა 1892 წელს, რუსეთში ირანის კონსულის მირზა-რეზა ხანის მიერ აშენდა და დღემდე უნიკალურ და კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. შენობის დიზაინში გაერთიანებულია სპარსული, ქართული და ამავდროულად, ევროპული სტილი. „ფირუზას“ წინხედის დიზაინი მთლიანად სარკეებითაა აწყობილი და მსოფლიოში მისი მსგავსი მხოლოდ 3 შენობა არსებობს. მიუხედავად რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისა, შენობას შეუნარჩუნდა პირვანდელი იერსახე და სტილი.

სასტუმრო Golden Tulip Borjomi შედგება 17 კომფორტული ოთახისაგან, აქედან 2 ლუქსი, 2 ერთადგილიანი და 13 დელუქსის კატეგორიის ორადგილიანი ნომრებია. ლუქსები განლაგებულია სასტუმროს პირველსავე ბლოკში და ცნობილია თავისი ისტორიული აივნით, რომელიც ამშვენებს სასტუმროს წინხედს. ექსტერიერი გაფორმებულია დეკორატიული მოხატულობით, თაბაშირის ნაძერწით და სარკის ინკრუსტაციით – რაც სპარსული სამოქალაქო არქიტექტურისათვისაა დამახასიათებელი.

სასტუმროს მომსახურეობებში შედის რესტორანი „არფაიე“, ბაღის კაფე, ლობი, ბარი, ფიტნეს დარბაზი, Golden Tulip Borjomi Spa: ფინური და ორთქლის საუნები, ჯაკუზი, შხაპი კასრიდან, საპროცედურო ოთახი, სადაც სხვადასხვა სახის სარელაქსაციო თუ გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებაა შესაძლებელი.

Golden Tulip შედის ლუვრის სასტუმროების ჯგუფში (Louvre Hotels Group) და მინიჭებული აქვს 4 ვარსკვლავი. ლუვრ სასტუმროების ჯგუფი მსოფლიოს წამყვან სასტუმროებთა ქსელებს შორის სიდიდის მიხედვით მერვე ადგილზეა, ხოლო მეორე ადგილზე ევროპის მასშტაბით. თვით Golden Tulip-ს 140-მდე სასტუმრო აქვს 34 ქვეყანაში და ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და ზრდადი ბრენდია მსოფლიოს ბაზარზე.

ეთუკა ძაბირაძე – სასტუმრო Golden Tulip Borjomi-ს გენერალური მენეჯერი

– როგორია კვების მიმართულება სასტუმრო „ფირუზაში”?

– სასტუმრო „ფირუზას“ რესტორან „არფაიეს“ ჩანასახშივე იდო იდეა, ყოფილიყო კომფორტული საკვების, ქართული სამზარეულოს ტრადიციებისა და საქართველოზე მრავალსაუკუნოვანი ინტერნაციონალური გასტრო კულტურების ზემოქმედების სინთეზი. მენიუ არის მორგებული, როგორც ინდივიდიუალურ პორციებზე, ასევე გასაყოფ კერძებზე, რადგან დიდი წილი ჩვენი მიზნობრივი ჯგუფისა ტურისტები არიან, ამიტომ მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება, რომ მრავალფეროვანი ქართული კერძები დააგემოვნონ.

– ჯანსაღ კვებაზე თუ აკეთებთ აქცენტს?

– რადგან ბორჯომში ვართ, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ ადგილობრივი ნატურალური პროდუქტი გამოვიყენოთ და ამასთან ერთად, გარემოს და სეზონურობას მოვერგოთ. საჭმელი ჩვენს სამზარეულოში დიდი ზრუნვითა და სიყვარულით კეთდება. ზოგადად, ვცდილობთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის პროდუქტი გამოვიყენოთ, ყოველ შემთხვევაში, იმდენად კარგი, რამდენსაც საქართველოს გასტრო-ბაზარი საშუალებას გვაძლევს.

– როგორ მენიუს სთავაზობს შეფ-მზარეული თქვენს სტუმრებს?

– ჩვენი მენიუ შედგება ტრადიციული ქართული კერძების თანამედროვე ვარიანტებისგან, ამასთან ერთად, როგორც ჩვენს სასტუმროში, ასევე რესტორანშიც იგრძნობა სპარსული გასტრო კულტურის ზემოქმედება, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად, რადგან ბორჯომში არ არის ბევრი თანამედროვე ევროპული რესტორანი, მენიუში შევიტანეთ კლასიკური ევროპული კერძებიც.

– ქართულ სამზარეულოს ანიჭებთ უპირატესობას თუ ევროპულს?

– ძირითადი აქცენტი ქართულ კერძებზეა, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ბორჯომის გარემოებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია რომ აუცილებელია ასევე, ევროპული კერძების შეთავაზება მომხმარებლისთვის.

– როგორი დესერტები გაქვთ?

– დესერტებში შემოვიფარგლებით კლასიკური დასავლური ტკბილეულით, მაგრამ სეზონიდან გამომდინარე ვურევთ ქართული გემოთი ინსპირირებულ არომატებსაც, კარამელიზებულ ხილს, ღვინის სოუსებითა და ქართული ნუგბარით.

– სამომავლოდ რაიმე ცვლილებებს ხომ არ გეგმავთ რესტორნის მენიუსთან დაკავშირებით?

– რესტორანი სეზონურობიდან გამომდინარე იცვლის მენიუს, ველოდებით ახალი წლის დადგომას, რომ კერძებს საშობაო ხასიათი შევძინოთ და გემო უფრო „ზამთრის გავხადოთ“. რადგან წელს ტურისტული სეზონის მიწურულს გავიხსენით, ამიტომ, ჩვენი რესტორნისთვის მთავარი მისიაა, რომ ახალ სეზონს შევხვდეთ განახლებული და ბორჯომის გარემოზე სრულყოფილად ადაპტირებული.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com