– რა გავატანოთ ბავშვებს სკოლაში?
უკვე დიდი ხანია გვპირდებიან, რომ მოსწავლეთა ჯანსაღ კვებას უფრო დიდი ყურადღება მიექცევა, რომ სკოლის ტერიტორიაზე გაზიანი სასმელებისა და ჩიპსების გაყიდვა აიკრძალება, რომ სკოლის ბუფეტები უფრო ჯანმრთელ და სასარგებლო საკვებს გაყიდიან.
თუმცა, როგორც ყველა სასარგებლო ინიციატივა, ჯანსაღი კვების თემის სისტემატიზაცია და კონკრეტული, საჭირო ქმედებები იგვიანებს. ამიტომ, ისევ მშობლებმა უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი შვილებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო, მათი გონებრივი და ფიზიკური განვითარების ყველაზე აქტიური ფაზა გაუგებარი ფენოვანი ხაჭაპურების თუ უხარისხო სწრაფი კვების პირობებში არ მიმდინარეობდეს.
რასაკვირველია, ძალიან რთული გამოწვევაა ‒ საკვები უნდა იყოს მარტივი, გემრიელი, ჯანსაღი, სატარებლად ადვილი, არ სჭირდებოდეს გაცხელება, ცივიც გემრიელი იყოს, მოსწავლეს შეეძლოს ადვილად ჭამა.
ძირითადად ასეთი საკვები შეიძლება იყოს სენდვიჩების ან სალათების ტიპის, სასურველია, დესერტიც, ოღონდ ჯანმრთელი და რაციონალური.
შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს და მინიშნებას იმისთვის, რომ თქვენი შვილების ყოველდღიური წახემსება გემრიელი და მრავალფეროვანი იყოს, პროფესიონალის რჩევებსაც დავიხმარებ.
ილია ბენაშვილი გამოცდილი შეფმზარეულია, რჩევა მას ვკითხე.
პირველი, რაც სასკოლო კვებაზე ახსენდება ისაა, რომ საკვები, რომელიც ჩვენი შვილების ზურგჩანთებში დაიდებს ბინას, გზას, რამდენიმე გაკვეთილს, მგზავრობას უნდა უძლებდეს, ფორმას არ უნდა კარგავდეს და ისევ ისეთი მადის აღმძვრელი იყოს რამდენიმე საათის მერე, როგორც მომზადებისას.
მარტივი გამოსავალია სხვადასხვა სახის ვრეპი ‒ ლავაშში გადახვეული ომლეტი ბოსტნეულით, იმისათვის, რომ ვრეპი მშრალი არ იყოს, მაწვნის ან არაჟნის სოუსს ვიყენებთ, რომელსაც თქვენი შვილის გემოვნების მიხედვით, ცოტაოდენი პიტნით, სანელებლებით, ლიმონით შეაზავებთ. თუ მზა, ქარხნულ ლავაშს სიმინდის ფქვილის ტორტილათი ან თუნდაც წიწიბურის ან ბრინჯის ფქვილის თხელი ბლინით შეცვლით, ის კიდევ უფრო სასარგებლო გახდება. შეგიძლიათ ფრანგული კრეპებიც მოამზადოთ, რომელიც, რძისა და კვერცხის შემცველობის გამო კიდევ უფრო ნოყიერია, კრეპისთვის შიგთავსად ხორცის, ყველის, ხაჭოს, ჩაშუშული ბოსტნეულის, ტკბილი კრემის თუ თაფლის გამოყენება შეგიძლიათ. ჩვენს „ლანჩბოქსში“ ანუ ხემსის ყუთში ადგილი ბოსტნეულის ან ხილის სალათისთვის, შინაური ორცხობილისა თუ კექსისთვისაც მოინახება, არც თქვენი მომზადებული ლაზანიის ნაჭერი იქნება ზედმეტი, რომელსაც ხორცისა და ყველის ნაცვლად ფერად-ფერადი ბოსტნეულის რაგუთი მოამზადებთ.
ყველი, არავითარ შემთხვევაში არ დავივიწყოთ ყველი, ცილოვანი საკვები აუცილებელია სკოლის მოსწავლეთათვის, განსაკუთრებით რძის პროდუქტები ‒ კალცის საბადო. აქვე სხვა რა უნდა გამახსენდეს, თუ არა ყველის მეგობარი ‒ მჭადი, პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ მჭადში მრავალი ისეთი პროდუქტის დამალვა შემიძლია, რაც ბავშვებს არ უყვართ, ცომს რძით ვზელ და ჭვიშტარს ვამზადებ, რომელსაც ყველთან ერთად ბლომად ხაჭოც აქვს.
ბავშვებს ძალიან მოსწონთ ხრაშუნა სტრუქტურის საკვები, ამიტომ თქვენს სალათებს შეგიძლიათ მზესუმზირა, გოგრის თესლი ან თხილი დაუმატოთ, ოღონდაც მცირე რაოდენობით. თხილეული და მშრალი ხილი საუკეთესო გამოსავალია მაშინ, როდესაც ბავშვი ჭამას ვერ ასწრებს, ამ ფუნქციით გამორჩეული ქართული დესერტის ‒ ჩურჩხელას მრავალ ს-ხეობის გამოყენება შეგიძლიათ.
სენდვიჩები? რასაკვირველია, გარეთ ნაყიდ საკვებს ჯობია თქვენი ხელით მომზადებული ბუტერბროდები და სენდვიჩები გაატანოთ შვილებს. მრავალფეროვნებისთვის ცვალეთ როგორც პურის სახეობა, ასევე შიგთავსი. შინგამომცხვარი პური საუკეთესო არჩევანია, მაგრამ ცხობის დრო ნაკლებად გვაქვს, ამიტომ აირჩიეთ ნაკლებსაფუარიანი პური სენდვიჩებისა თუ ბუტერბროდებისათვის. ხოლო ხორცის კატლეტს ცოტაოდენი ყაბაყი, ჭარხალი, სტაფილო ან სხვა ბოსტნეული გაურიეთ.
გოგრა ‒ ახლა ამ სასარგებლო პროდუქტის სეზონი იწყება ‒ გოგრის ნამცხვარი თუ თაფლით შეზავებული მოხარშული გოგრის ერთი ნაჭერი შესანიშნავი წასახემსებელი იქნება მოსწავლეთათვის ‒ სასარგებლო ნივთიერებათა თაიგული. ვითომ რატომ უნდა ჭამოს ბავშვმა სკოლაში უცნაური ნივთიერებებით გაძეძგილი შოკოლადის ბატონი და არა აირღუმელში გამომცხვარი კომში, თაფლით ან კარამელით, ნუშით ანდა ნიგვზით? ვითომ ნაკლებად გემრიელია?
კიდევ, ძალიან ბევრი რამ მახსენდება, მაგრამ არჩევანს და ფანტაზიას თქვენ მოგანდობთ. მთავარია, რომ არ დავიზაროთ და ბავშვებს ყოველთვის გავატანოთ საკვები, საკვებთან ერთად ჩვენი მზრუნველობა და სიყვარული.
ჰო, ზოგჯერ ერთი ულუფით მეტი ჩადეთ, იქნებ თქვენმა შვილმა რომელიმე კლასელსაც გაუნაწილოს?!